დავით იგნატუსი
4 სექტემბრი 2008
რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ, მთელ მსოფლიოს საშუალება მიეცა საგარეო პოლიტიკისადმი მაკკეინისა და ობამას განსხვავებული მიდგომები შეედარებინა. მათ გამოსვლებში ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ ირეაგირებენ კანდიდატები კრიზისზე.
ჩვენ დავინახეთ კონტრასტი ცხელსა და ცივს, სწრაფ მოქმედებებსა და ფრთხილ განსჯას შორის. ერთი მათგანი სამხედრო და სტრატეგიული ქმედებების მომხრეა, მეორე - დიპლომატიური სვლების.
მაკკეინის მოსმენისას, ისეთი შეგრძნება გიჩნდებოდა, რომ ცივი ომი უკვე დაწყო. ობამას გამოსვლებიდან კი ჩანდა, რომ ის ამ ომის თავიდან აცილების მომხრე იყო. მაკკეინის რეკომენდაციები ასე შეიძლება შეჯამდეს - აგრესორის შესაჩერებლად ხისტი პოზიცია გვჭირდება. ობამას ტონი იმაზე მიგვანიშნებდა, რომ ის კრიზისის გადაწყვეტისკენ ნელი ნაბიჯებით ივლიდა იქამდე, ვიდრე არ გაირკვეოდა, რომელი სვლა მოიტანდა უკეთეს შედეგს.
როგორც წესი, პოლიტიკაში ხისტი პოზიცია იმარჯვებს და რუსეთის კრიზისმა მაკკეინს დიდი სამსახური გაუწია. მაგრამ ჩემის აზრით, საქართველოს ომმა, ობამას აწონ-დაწონილ მიდგომების უპირატესობა დაგვიდასტურა. რამ გამოიწვია ეს კრიზისი? ცხადი ნიშნების არასწორმა ინტერპრეტაციამ, იმან, რომ მოახლოვებულ კონფრონტაციასთან დაკავშირებით ღია კომუნიკაცია ვერ შედგა. მაკკეინის ტიპის რიტორიკა უხვად გვქონდა, ობამას ყაიდის დიპლომატიური მიდგომები - ნაკლებად.
კონფლიქტის პირველივე საათებში, 8 აგვისტოს, მაკ-კეინი ხმამაღლა გამოხატავდა თავის აღშფოთებას, რუსეთისგან საომარი ოპერაციების უპირობო შეჩერებას და ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა. სამი დღის შემდეგ ის შეტევისკენ მოგვიწოდებდა: "ეს შემთხვევა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისათვის". რუსეთის შესაჩერებლად მაკკეინი ზომების მთელი სერიის გატარებას ითხოვდა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი აზრით , ნატოს აპრილის გადაწყვეტილების გადახედვა და საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით მიღება იქნებოდა. შემდეგ კი ალიანსს, საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში ომში ჩაბმა დაევალებოდა.
ობამას პირველი რეაქცია ზომიერი იყო: "რუსეთსა და საქართველოს თავშეკავება სჭირდებათ" - განაცხადა მან 8 აგვისტოს. 11 აგვისტოდან ტონი გაამკაცრა, მაგრამ მაინც პრობლემის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტის მომხრე დარჩა. "ნება მომეცით განგიმარტოთ: ჩვენ მომავალში რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა გვჭირდება" - ამბობდა ობამა.
რომელი მიდგომა მოეწონება ამერიკის მოსახლეობას? თითქოს პასუხი ასეთი უნდა იყოს - მაკკეინის აგრესიული პოზიცია. ვლადიმერ პუტინის რუსეთმა ისეთი ბოროტება ჩაიდინა და საქართველო ისეთ მამაც, მიმზიდველ მსხვერპლად აქცია, რომ მაკკეინის მკაცრმა პოლიტიკამ, ფართო მხარდაჭერა ჰპოვა, მათ შორის დემოკრატებშიც.
მაგრამ ამერიკა უკვე დაიღალა. დაიღალა ერაყში ომით, იმით, რომ ბუშის ადმინისტრაცია ამერიკელთა სიცოცხლეს და რესურსებს ისე განაგებს, რომ შედეგებზე არც კი ფიქრობს. ამიტომ იქნებ ადამიანებმა იმ კანდიდატს უფრო მიუგდონ ყური, ვინც კავკასიაში კონკრეტული ქმედებების განხორცილებამდე, დაფიქრებას არჩევს.
ამერიკის მგზნებარე სურვილმა ოკეანის გადაღმა "გაიღოს ნებისმიერი საზღაური, ზიდოს ნებისმიერი ტვირთი" , როგორც ეს JFK-მ გვაჩვენა, აღარ არის ძველებურად პოპულარული.
სიმართლე რომ ვთქვათ, საქართველოს კრიზისმა, სახტად არავინ დატოვა. ის დიდი ხანია ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა. რუსეთი არასდროს მალავდა თავის ზრახვებს და მუდმივად გვაფრთხილებდა, რომ აშშ-ს მცდელობები, შეეყვანა საქართველო ნატოში, მისთვის მიუღებელია და შესაბამის შედეგებს გამოიღებდა. ბუშის ადმინისტრაციამ ვერ მოიძია ისეთი პასუხი, რომელიც რუსეთის გაცხადებულ ინტერესებს ადეკვატურად უპასუხებდა და შედეგად მის შეჩერებას შეძლებდა. მან არც ის დააზსუტა, რით უპასუხებდა რუსეთს თავდასხმის შემთხვევაში. სანაცვლოდ ის ორივე მხარეს ეთამაშებოდა - საქართველოს ნატოში მიღებას ჰპირდებოდა, მაგრამ არა ახლავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსულ დათვს მუდმივად უჩიჩხინებდა, ბოლოს სამხრეთ ოსეთს შეუტია, რამაც რუსეთს დამანგრეველი პასუხის გაცემის საბაბი მისცა. ადმინისტრაციამ იცოდა, რომ სააკაშვილს ხაფანგში იტყუებდნენ -ოფიციალური პირები პრივატულ საუბრებში ეუბნებოდნენ კიდეც, მაგრამ ეტყობა არასაკმარისად მტკიცედ, რომ ფართო მასშტაბიანი ინტერვენცია დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევდა.
იმის განცხადება, რომ ჩვენ ახალ ცივ ომში აღმოვჩნდით, ყველაზე სახიფათო შეცდომაა. ეს პუტინს კიდევ უფრო ახელებს: მას ეშინია, რომ ნატოს ალყაში აღმოჩნდება, არადა ნატოს მოსკოვის მიმართ მტრული მისწრაფებები სულაც არ აქვს. იმის ნაცვლად, რომ მის მარშს უკან, ცივი ომისკენ მივუერთდეთ, აშშ-მ თავის მოკავშირეებთან ერთად პროცესი ფრთხილად, მაგრამ მტკიცედ უნდა შეაჩეროს. უნდა ვიცოდეთ, რომ ის, რასაც წამოვიწყებთ რეალისტური და მდგრადია და თუ დაპირებებს გავცემთ, მათი შესრულებაც უნდა შეგვეძლოს.
თუ პუტინი ცივი ომის ტერმინებში აზროვნებას განაგრძობს, მაშინ მომავალი პრეზიდენტი რუსეთთან დაკავშირებული რთული პრობლემების პირისპირ აღმოჩნდება. როგორი პრეზიდენტი სურს ამერიკას, აგრესიული და კონფრონტაციული, თუ ფრთხილი და დიპლომატიურ სვლებზე ორიენტირებული? სწორი პასუხი ჯერ არ არსებობს, ამიტომ დებატები საკითხის გარშემო ნაადრევია.
No comments:
Post a Comment