Tuesday, September 4, 2007

ისრაელი კავკასიაში?

washington_times
არნო დე ბორჩგრეივი
Washington Times-ის და United Press International-ის რედაქტორი
4 სექტემბერი 2008

ნატოს პირობამ, რომ ალიანსის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა ავტომატურად მის ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს, დამაჯერებლობა დაკარგა. საქართველო ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, მასზე თავდასხმას ბევრი ევროპული ქვეყანა საკუთარ ტერიტორიის ხელყოფად ვერ აღიქვამდა.

რუსეთს იდეალური გეოპოლიტიკური ჰოროსკოპი აღმოაჩნდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ძალები უკვე იმდენად გამოფიტა, რომ მკაცრ განცხადებებს ვეღარ აკეთებს. ამერიკის რესურსები ერაყის და ავღანეთის ომებში, ასევე ტერორიზმთან ბრძოლაში გაიხარჯა. ევროკავშირის სამხედრო პოტენციალი კი იმდენად მცირეა, რომ კრემლზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. ქართული ხელისუფლების არაკომპეტენტურობამ რუსეთის ლიდერებს ახალი, კოლოსალური შანსი მისცა.

8 აგვისტოს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა სამხრეთ ოსეთზე შეტევის ბრძანება გასცა, მას როგორც ჩანს იმედი ჰქონდა, რომ თუკი რუსული ჯარები უკუაგდებდნენ, ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო ძალით დაეხმარებოდა, მაგრამ როდესაც რუსულმა კონტრშეტევამ ქართულ არმიას დამანგრეველი დარტყმა მიაყენა, სასოწარკვეთილი სააკაშვილი განრისხდა. საქართველომ ორი პროვინცია დაკარგა – არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთი, არამედ აფხაზეთიც.

საქართველოს ისრაელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს, მაგრამ ამის აფიშირება არ ხდებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც ადრე ისრაელში ცხოვრობდა, ყველანაირად ცდილობდა, როგორმე შეთანხმებების გზით, აშშ-ს სახსრებით ისრაელის იარაღის შეძენის პროცესი დაეჩქარებინა. "ახლა ჩვენ დიდ რუსეთს ვებრძვით – განაცხადა მან, ზოგიერთი წყაროს მონაცემით, - და თეთრი სახლის იმედი გვაქვს, რადგან საქართველო მარტო ვერ გადარჩება".

12 აგვისტოს Jerusalem Post-მა დაწერა: "საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გურგენიძემ ორშაბათს დილით ისრაელში საგანგებოდ დარეკა, რათა ლოცვა-კურთხევა მიეღო ერთ-ერთი თემის სულიერი ლიდერისა და ყველაზე პატივცემული რაბინის აირონ ლეიბ შტეინმანისგან. "მე მინდოდა, რომ მას ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ელოცა" – განაცხადა მან".

ისრაელმა საქართველოსთვის იარაღის მიყიდვა 7 წლის წინ დაიწყო. ეს გარიგებები, ამერიკის მიერ მოწოდებული გრანტების საშუალებით ხორციელდებოდა. ისრაელიდან საქართველოში ჩადიოდნენ Elbit Systems-ის წარმომადგენელი, ყოფილი მინისტრი და თელავივის ყოფილი მერი რონი მილო და მისი ძმა შლომო, Military Industries-ის ყოფილი გენერალური დირექტორი. Elbit Maarahot Systems-ის წარმოებული ისრაელის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები, ფრენებს აწარმოებდნენ რუსეთის სამხრეთ ტერიტორიებთან, ასევე მეზობელი ირანის თავზე.

არსებობს საიდუმლო შეთანხმება ისრაელსა და საქართველოს შორის, რომლის თანახმადაც ისრაელს, საჭიროების შემთხვევაში, ირანის ბირთვულ ობიექტებზე პრევენციული დარტყმების განსახორციელებლად, საქართველოს სამხრეთით არსებული ორი სამხედრო აეროდრომი უნდა გამოეყენებინა. ამით, ისრაელის ბომბდამშენებისთვის მანძილი ირანის ობიექტებამდე საგრძნობლად მცირდებოდა. ისრაელის ავიაციას საქართველოს აეროდრომებამდე თურქეთის საჰაერო სივრცის საშუალებით უნდა მიეღწია.

რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელის მიერ საქართველოთვის გაწეული სამხედრო დახმარება შეიცავდა "რვა ტიპის სამხედრო სატრანსპორტო საშუალებას, ბომბებს, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს, ასევე სპეციალურ ბომბებს დანაღმული ტერიტორიების გასაწმენდად". სხვადასხვა შეფასებებით საქართველოს არმიაში მივლინებული იყო ასიდან ათასამდე ისრაელელი ინსტრუქტორი. გარდა ამისა, საქართველოში ინსტრუქტრად 100 ამერიკელი სამხედროც მუშაობდა. ივლისში საქართველოში ჩავიდა 2 000 ამერიკელი ინსტრუქტორი, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ერთობლივ სწავლებებში, სახელწოდებით "დაუყოვნებელი რეაქცია – 2008".

ისრაელის მედია ცდილობს იგნორირება გაუკეთოს ისრაელის კავშირს საქართველოს არმიის შეიარაღებასთან. ისინი შიშობენ, რომ ამ ფაქტის ინტერპრეტირება ისრაელის სამხედრო ძალების კონტექსტში მოხდება, და მის ძლევამოსილ იმიჯს ზიანს მიაყენებს, მით უფრო, რომ ორი წლის წინ, ლიბანში "ჰეზბოლასთან" ომში, ისრაელის არმიის რეპუტაცია სერიოზულად შეილახა. თელავივში საქართველოს ელჩმა ჩივილით წარმოთქვა, რომ ისრაელი არასაკმარისად გამოეხმაურა მისი ქვეყნის ომში დამარცხებას და მოუწდა მას "მოსკოვზე ზეწოლა დიპლომატიური გზებით მოეხდინათ". Jerusalem Post-ის ცნობით ამ განცხადებაზე საქართველოს წარმომადგენელს უპასუხეს, რომ "ამგვარი ზეწოლის მოთხოვნით, ვაშინგტონისთვის უნდა მიემართა".

გაზეთ Haaretz-ის ცნობით, საქართველოს მთავრობის მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა (გაზეთის ცნობით ის ებრაელია) ისრაელის არმიის რადიოსადგურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ისრაელი უნდა ამაყობდეს თავისი სამხედროებით, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს წრთვნიდნენ", და არადამაჯერებლად განმარტა: "ისრაელელთა გაკვეთილების წყალობით ჩვენი ჯარისკაცების მცირე ჯგუფმა რუსეთის არმიის მთელი დივიზია გაანადგურა".

"თელავივი – თბილისი"-ს სამხედრო ქსელზე შეთანხმება უმაღლეს დონეზე, ბუშის ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოხდა. ორ სახელმწიფოს შორის ოფიციალური ემისრის როლს, ბრიგადის გენერალი, ამჟამად რეზერვში მყოფი გალ გირში ასრულებდა, რომელიც ისრაელის არმიას 2006 წლის ივლისში ლიბანის საზღვარზე ხელმძღვანელობდა. იგი მას შემდეგ გადადგა, რაც "ვინოგრადის" კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა ისრაელის ძალთა ქმედებები, მეორე ლიბანურ ომში.

ეჭვს არ იწვევს, რომ რუსეთი ისრაელელი ინსტრუქტორების მისიებს საქართველოში, აშშ-ს მიერ სანქცირებულ ქმედებად აღიქვავდა. პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატები, შეწუხებული იყვნენ იმით, რომ მათი ჯაშუში-თანამგზავრები ერაყსა და ავღანეთში ისედაც უზარმაზარი დატვირთვით მუშაობდნენ. არც ამერიკულმა და არც ქართულმა დაზვერვამ არ იცოდა, რომ რუსული ძალები მზად იყვნენ მომენტალური და მასირებული პასუხისთვის, თუკი ქართული მხარე თავდასხმას გადაწყვეტდა. არადა, ამ საფრთხის მოახლოებაზე მოსკოვში ინფორმაციას ფლობდნენ. რუსეთის ორმაგი აგენტები, რომლებიც თითქოს საქართველოზე მუშაობდნენ, როგორც ჩანს ზედმეტად აღვივებდნენ პრეზიდენტ სააკაშვილის მილიტარისტულ ფანტაზიას, რომელის თავდასხმის გეგმაც მოულოდნელობის ეფექტზე იყო გათვლილი.

სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ ერთგულება დაუფასდებოდა - ორი ათასი ქართველი სამხედრო ხომ ერაყში მსახურობს (სხვათაშორის, როგორც კი რუსეთი მასირებულ კონტრშეტევაზე გადავიდა და საზღვარი გადმოლახა, ამერიკელებმა ისინი სასწრაფოდ დააბრუნეს საქართველოში). საკაშვილს ვერ წარმოედგინა, რომ ბუში, რომელთანაც მას პირადი მეგობრობა აკავშირებდა, განსაცდელში მიატოვებდა. საქართველო ხომ, სააკაშვილის ხედვით, კავკასიაში ისრაელს წარმოადგენს.

ისრაელის ინტერნეტ გამოცემის YNet-ის ცნობით, სამხედრო ღერძი "თელავივი – თბილისი", როგორც ჩანს უმაღლეს დონეზე ჩამოყალიბდა. მაგრამ დღეს უკვე გაურკვევლია, შეიძლება კი ისრაელის ავიაციას, ირანის ბირთვული ობიექტების დასაბომბად, საქართველოს ავიაბაზების იმედი ჰქონდეს.

ქართული კრიზისი ირანის ინტერესებშია. დასავლეთის თხოვნა, თეირანის მისამართით უფრო გაფართოვებულ და მკაცრ სანქციებს მიმართონ, არც რუსეთი და არც ჩინეთი არ იზიარებს. ირანზე ზეწოლა არ სურთ არც მის ევროპელ სავაჭრო პარტნიორებს. მომავალი წლის დასაწყისში, ბუშერში, ათასი მეგავატის სიმძლავრის ირანის ბირთვული რეაქტორი ამუშავდება, რომელიც რუსმა სპეციალისტებმა ააშენეს.

ორი ფაქტორის თანხვედრამ - ვლადიმერ პუტინის ფიგურამ და ნავთობმა – რუსეთი გეოპოლიტიკურ არენაზე დააბრუნა. ვარაუდობენ, რომ მოსკოვის მიერ ნავთობის და გაზის ვაჭრობით მიღებული შემოსავალი წელს 201 მილიარდ დოლარს შეადგენს – რაც 13 ჯერ აღემატება 8 წლის წინანდელ შემოსავლებს, როდესაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა.

კრემლიც და მისი მეგობრების მნიშვნელოვანი ნაწილი თვლიან, რომ ბუშის ადმინისტრაციის ამ დემოკრატიული ჯვაროსნული ომების უკან, იმპერიული ამპარტავნება იმალება. ამის პასუხად, პუტინ-მედვედევის ტანდემმა ახალი ხუთ პუნქტიანი დოქტრინა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ამერიკა არამხოლოდ ყოფილი საბჭოთა იმპერიის, ანუ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიას, არამედ, ყოფილი სატელიტი-ქვეყნების და კლიენტი სახელმწიფოების საზღვრებსაც უნდა გაეცალოს.

ამ ნაბიჯში, ბრეჟნევისეული დოქტრინის აღორძინება და ყოფილი სოც-სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის უფლების კონცეფცია (მაგალითად, 1968 წლის ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის უფლება), მხოლოდ ცივი ომის სტაჟიანმა მეომრებმა დაინახეს. საქართველო დიდი მეზობლის გაღიზიანებას შეეცადა, მაგრამ ამ უკანასკნელის რეაქციამ ცხადყო, რომ რუსული დათვის გახელება დაუსჯელად არ ჩაივლის.

ორიგინალი

No comments: