Tuesday, September 4, 2007

"მხოლოდ საკუთარ ძალებზე გათვლა"


die_tageszeitung

კლაუს-ჰელგე დონატი
4 სექტემბერი 2008

ახალი რუსეთი უარს ამბობს მოკავშირეებზე, აცხადებს პოლიტოლოგი თეოდორე ლუკიანოვი (ჟურნალის "რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში" მთავარი რედაქტორი). თუმცა დასავლეთთან კონფრონტაციით ის მხოლოდ წააგებს. ინტერვიუ

- ბატონო ლუკიანოვ, მსოფლიოს ახალი ცივი ომის ეშინია. თქვენ ამტკიცებთ, რომ ცივ ომზე შეგვიძლია მხოლოდ ვიოცნებოთ. როგორ ფიქრობთ, რუსეთ-დასავლეთის დღევანდელი კონფრონტაცია, უარესს საფრთხეს შეიცავს?
- XX საუკუნეში საბჭოთა კავშირს და ამერიკას შორის კონკურნცია მკაფიოდ სტრუქტურირებული იყო. ყველა კონფლიქტი ერთსა და იმავე ლოგიკას ექვემდებარებოდა. დღეს სხვა სამყაროა. სისტემა უფრო დახლართული და მრავალდონიანი გახდა.

- რუსეთს სურდა ე.წ. შანჰაის კოალიცია ანტი-ნატოს ტიპის ორგანიზაციად გარდაექმნა. თუმცა ამ ორგანიზაციამ მოსკოვის ქმედებებს საქართველოში მხარი არ დაუჭირა. მრავალპოლარული მსოფლიო არარეალურია, არადა ბოლო დროს ეს რუსული საგარეო პოლიტიკის საყვარელი თემა იყო. რუსეთი მარტო დარჩა...
- მესამე სამყაროს ქვეყნებმა ამ კონფლიქტთან მიმართებაში პოზიცია არ გამოხატეს. მათთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ - საკუთარი პოზიციების გამყარებაა. ჩინეთი ძალიან პრაგმატულია და კატეგორიულად სულაც არ გამორიცხავს, რომ მომავალში დომინანტები ის და ამერიკა გახდნენ. რუსეთისთვის ეს არცთუ სახარბიელო პერპექტივაა.

- აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება, საერთაშორისო ურთიერთოებების არქიტექტურის მოძველებულ სისტემაზე მიუთითებს. რამ აიძულა რუსეთი ასეთი ნაბიჯი გადაედგა?
- რუსული საზოგადოების დიდი ნაწილი და პოლიტიკური ხელმძღვანელობაც შოკირებული იყვნენ, როდესაც სააკაშვილისადმი დასავლეთის ასეთი მხარდაჭერა დაინახეს. ჩვენთან ვერავის გაუგია, რატომ აქვს დასავლეთს ასეთი შემწყნარებლური დამოკიდებულება იმის მიმართ, ვინც სამხედრო დანაშაულშია მხილებული და ფეხქვეშ თელავს ყველაფერს, რაც ასეთი ღირებულია "ცივილიზებული სამყაროსთვის".

- თუმცა, გენოციდის ბრალდება, რომელსაც მოსკოვი ქართველებს უყენებს, არც გამოძიებულია და არც დადასტურებული. სამაგიეროდ, რუსეთმა შეცბუნებულმა შეცვალა სამხრეთ ოსეთის მსხვერპლთა თავდაპირველი მონაცემი.
- ეს არაფერს არ ცვლის დასვლეთთან დამოკიდებულების კუთხით. მასთან დიალოგი რუსეთში ამ ეტაპზე შეუძლებლად მიაჩნიათ, რამაც განსაზღვრა კიდეც ქმედებების რადიკალიზაცია და ამ რესპუბლიკების აღიარება სწრაფად და ფორსირებულად მოხდა.

- და საქმე ის არ არის, რომ რუსეთს მიღწეული წარმატებების სამუდამოდ შენარჩუნება სურს?
- მალე გამოჩნდა, რომ იმის შენარჩუნება, რაც სამხედრო ძალით მოვიპოვეთ, პოლიტიკური გზებით გაგვიჭირდებოდა. გაეროს უშიშრობის საბჭოც კი ამხედრდა რუსული მხარისთვის მისაღებ რეზოლუციაზე. თავის მხრივ, რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხაზგასმული იქნებოდა, რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებზე ზეწოლას გააძლიერებდა და როგორც ეს კოსოვოში იყო, კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას მოახდენდა. სამხედრო წარმატება ფუჭი აღმოჩნდებოდა და რუსეთს პროცესიდან გარიყავდა. რუსი მშვიდობისმყოფელების როლი ხომ დასავლეთმა ეჭქვეშ დააყენა. ამიტომ დააწესა რუსეთმა კონტროლი რეგიონზე.

- რუსეთი ურა-პატრიოტიზმის ტალღამ მოიცვა. დათმობებზე წასვლით, კრემლი გარისკავდა, საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით?
- კონტროლირებადი ტელევიზიების მიუხედავად, რუსული საზოგადოებისთვის გართულდებოდა იმის ახსნა, თუ რატომ წავედით დათმობებზე. როგორც ჩანს რეგიონების აღიარება გააზრებული ნაბიჯი იყო, იმისთვის, რომ ვითარება შეუქცევადი გამხდარიყო და უკანდახევის არანაირი შესაძლებლობა არ დაგვეტოვებინა.

- რამდენად შეეძლო ამ ომს შიდა სახელისუფლო პრობლემების გადაწყვეტაზე ემოქმედა?
- მე ამ საქმეს ასე არ ვუყურებ. რადიკალური გადაწყვეტილება თავდაჯერებულობაზე არ მიუთითებს. თუმცა, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს ძალიან დიდ რისკზე წასვლის მზადყოფნა.

- რატომ თქვა რუსეთმა ასეთი უარი დიპლომატიური არხების გამოყენებაზე?
- დასავლეთი არ აღიარებს რუსეთის უფლებას ჰქონდეს მისი გავლენის სფეროები. რუსული კურსის ცვლა საფუძვლიანია. ამიერიდან, საკუთარი ქმედებების ლეგიტიმაციის გარედან მიღებას არავინ შეეცდება. გათვლა მხოლოდ საკუთარ ძალებზე კეთდება, რადგან მოკავშირეები უკვე აღარ არსებობენ. ახლა ყურადღება იმაზეა გამახვილებული, რამდენად გაიგეს ეს გაკვეთილი მეზობლებმა.

- შემდეგი მსხვერპლი უკრაინა იქნება?
- მე არ მიმაჩნია, რომ ხელმძღვანელობას იმპერიის აღდგენა სურს. მაგრამ სიტუაცია უკრაინაში საკმაოდ სახიფათოა. მოსკოვი არასდროს მალავდა, რომ არსებობდა წითელი ხაზი, რომლის გადალახვასაც არ ურჩევდა დასავლეთის პოლიტიკურ და სამხედრო ორგანიზაციებს. საქართველო და უკრაინა სწორედ ეს წითელი ხაზია. ახლა ამერიკა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას უფრო ენერგიულად შეეცდება. რუსეთის რეაქცია მკვეთრი იქნება. ასე შეიძლება, კატასტროფამდეც მივიდეთ.

- და რა ეშველება ასეთ იზოლირებულ რუსეთს მომავალში?
- რუსეთი დასავლეთთან კონფრონტაციას ვერ გაუძლებს. ეს ძალიან რისკიანი თამაშის დასაწყისია, რომლის ფასიც შეიძლება ძალიან ძვირი დაჯდეს. სულერთია - გამარჯვება თუ მარცხი – შედეგები თავბრუდამხვევი იქნება. თუმცა, არსებითად, აქ საქმე ეხება ყველა იმ ინსტიტუტის ქმედითუნარიანობას, რომლებიც ასე თუ ისე ევროპის პოლიტიკასა და უსაფრთხოებასთან არიან დაკავშირებულნი: ეუთო, ნატო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო. მათი გადაგვარება დიდი ხანია დაწყებულია.

ორიგინალი

No comments: