მაიკლ ევანსი
5 სექტემბერი 2008
საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ნატოს წინასწარი ამოცნობის სისტემას მიუერთდა. ეს იმის პირველი ნიშანია, რომ ალიანსი, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, დამარცხებული ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ეხმარება.
ალიანსის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ გადაწყვეტილებამ ნატოს სარადარო სპეციალისტებს საშუალება მისცა საქართველოს სარადარო სისტემას დაკავშირებოდნენ. "ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ნატო შეძლებს დაინახოს ის, რასაც ქართველები საკუთარი რადარების საშუალებით ხედავენ. ამით ალიანსი შეძლებს, ადგილზე სამხედრო აქტივობის არ არსებობის მიუხედავად, საქართველოს საჰაერო სივრცეს დააკვირდეს” – განაცხადა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ომი გადაიტანა და რუსეთის არმია განაგრძობს მისი ტერიტორიების ოკუპაციას, ამ ნაბიჯით ნატომ ხაზი გაუსვა საკუთარი გადაწყვეტილების სიმტკიცეს, დაეხმაროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.
ნატოს წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ საერთო სისტემის შექმნის პირობები, ჯერ კიდევ კრიზისის დაწყებამდე იხილებოდა. ამ კვირაში მხოლოდ ტექნიკური მიერთება მოხდა, რამაც ქართული რადარები ნატოს სისტემას დაუკავშირა.
"ერთობლივი სისტემის შექმნის საკითხი სქემის "პარტნიორობა მშვიდობისთვის" ფარგლებში განისაზღვრა. ეს პროგრამა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში შედის, მაგრამ ახლა ახალი გარემოებები გაჩნდა” – ამბობს წარმომადგენელი.
მართალია, ქართული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რადიოლოკატორები რუსეთშია დამზადებული, მაგრამ ალიანსის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნატოს ტექნიკურმა ექსპერტებმა მისი ალიანსის სისტემაზე მიერთების საშუალებები მაინც გამოძებნეს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ რადარების ნატოს თვითმფრნავების სისტემასთან Awacs მიერთება შესაძლებელია.
ბრძოლების დროს ზოგიერთი ქართული რადარი დაბომბვის გამო დაზიანდა. თუმცა, ქართულ სამხედრო ძალებს გააჩნიათ მობილური სისტემები, რომელთა დიდი ნაწილი რუსების საჰაერო დარტყმებს გადაურჩა.
რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე სამხრეთ ოსეთის დაკავების სამხედრო ოპერაცია დაიწყებოდა, რუსული საბრძოლო თვითმფრინავები რამდენჯერმე შეფრინდნენ საქართველოს საჰაერო სივრცეში.
ნატოსთან მიერთებული რადარები, საქართველოს საჰაერო სივრცის 24 საათიანი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. მუშაობის პრინციპი ისეთივეა, როგორც ეს ხდება იტალიურ ან ესპანურ რადარებთან დაკავშირებით. ისინი ნატოს საჰაერო დაკვირვების სისტემას ავტომატურად უკავშირდებიან.
ალიანსის წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე რეგიონში ნატოს თვითმფრიავების Awacs გაგზავნის შესაძლებლობა იხილება, თუმცა იქვე ხაგზგასმით აღნიშნეს, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელსაც რუსეთი პროვოკაციად აღიქვამს, ჯერ არ მიუღიათ.
საქართველოსთან კიდევ უფრო მეტი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატები ნდობის ფონდის შექმნას გეგმავს, სადაც ალიანსის წევრები საქართველოს სამხედრო ძალების მხარდასაჭერად ფულად შენატანს გაიღებენ "ნატო ფაქტობრივად ყულაბას დაატრიალებს" – აღნიშნა წარმომადგენელმა.
ნატოს სპეციალისტების ჯგუფი თბილისშიც იმყოფებოდა და გაარკვია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მოდერნიზაცია ესაჭიროება. ვაშინგტონმა უარყო მოსკოვის ბრალდება, თითქოს ამერიკულ სამხედრო გემებს, რომლებზეც ტონობით ჰუმანიტარული ტვირთია, საქართველოში იარაღი შეჰქონდათ.
"მოცემულ მომენტში ნატოს ძირითადი ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ საქართველოს ზამთრის გადატანაში დავეხმაროთ და რუსეთს არ მივცეთ ამ ქვეყნის გაგუდვის საშუალება. ჩვენ მოწოდებული ვართ, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელი შევუწყოთ, მაგრამ ამ ეტაპზე საუბარი საქართველოს განაცხადის დაკმაყოფილებაზე, გახდეს ნატოს წევრი, არ მიმდინარეობს” – ამბობს წარმომადგენელი.
ლონდონის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა: "ბოლო დროინდელ ამბებს თუ გავითვალისწინებთ, საქართველოს დრო სჭირდება, რომ მომავალში მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ჩვენ მზად ვართ საქართველოს დასახმარებლად და ჩვენს პარტნიორებთან, ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დისკუსიის დროს განვიხილავთ ამ თხოვნებს დახმარებასა და თანამშრომლობაზე”.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment