Sunday, September 16, 2007

ამერიკულად არ გინდათ? მაშინ ხელები დაგვიბანია

guardian

მაიკლ დოუგერთი
16 სექტემბერი 2008

მოემზადე, მსოფლიოვ, მასობრივი დემოკრატია და საბაზრო კაპიტლიზმი კარს მოგადგა. შენთვის ასე აჯობებს, ამას ჩვენ გპირდებით.

განა არ ოცნებობთ იმ დღეზე, როდესაც ერაყელებს, ან ოსებს, ან იქნებ აფრიკელებს დემოკრატიის მადლი მიეცემათ? მე, მაგალითად ვოცნებობ. ის კი არადა მესიზმრება, როგორ ატარებენ ინტერნაციონალური მედია კონგლომერატები საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ერაყში და სადღაც ანბარის პროვინციაში ნური ალ-მალიკის მორიგ სისულელეზე მოსახლეობის აზრს არკვევენ. განა ეს თავისუფლება არ იქნება? მძინავს და ვხედავ, რომ Fox News კავკასიაში ფილიალს ხსნის იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთში აქაურებს გააგებინოს, რას ფიქრობენ აქაურები მიხელ სააკაშვილის ჰალსტუხებზე. მე ვიღვიძებ და ვფიქრობ: ამ საცოდავ, შავტუხა ადამიანებს ერთხელ მაინც რომ აგემინა სარა პელინის პომადა, მაშინვე მიხვდებოდნენ, რა ცუდი რამაა ტოტალიტარიზმი.

ამიტომაც მახარებს ორივე ამერიკული პარტიის გამაოგნებელი და შთამაგონებელი ერთიანობა საგარეო პოლიტიკის საკითხებში. საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის ორივე მთავარმა იდეოლოგმა, ორივე პარტიამ დემოკრატია სიმართლეზე მაღლა დააყენა. მემარცხენე-ცენტრისტი რესპუბლიკელი დევიდ გრინბერგი მოსთქვამდა: "ბევრმა ლიბერალმა ორივე მხარის ბრალეულობის ძიება დაიწყო იმის მაგივრად, რომ რუსეთის აგრესიაზე ემსჯელა". მემარჯვენე ცენტრისტმა რობერტ კოგანმა იგივე უკეთესად ჩამოაყალიბა: "იმ დეტალებს, თუ რამ დააჩქარა რუსეთის ომი საქრთველოს წინააღმდეგ, მნიშვნელობა არ აქვს. განა გახსოვთ, რა უსწრებდა წინ ჩეხოსლოვაკიაში ნაცისტური გერმანიის შეჭრას? რა თქმა უნდა არა". მართალია. ფაქტების გამო ნუ შეშფოთდებით, უბრალოდ გახსოვდეთ ჰიტლერი და მორჩა.

ეს ერთიანობა თანდათან ვრცელდება და ახლო აღმოსავლეთამდეც აღწევს. ბუშმა ერაყში მოახლოებული გამარჯვება გამოაცხადა და დაგვპირდა, რომ ამერიკის შეიარაღებულ ძალებს იქ 5% -ით შეამცირებს. "აშშ! აშშ!". მერე კი ავღანეთში "ჩუმად ახალი ტალღის" შეშვება შემოგვთავაზა. ბარაკ ობამა უფრო ომახიანი აღმოჩნდა: "იქ ჯარების ნაკლებობას განვიცდით, რესურსების ნაკლებობას, სწრაფად ვერ ვრეაგირებთ" - აი, ეს განაცხდა ომის მოძულე ობამამ. ყოჩაღ ბარაკ, მართლაც და რაღა ტალღაა სწრაფი რეაგირების გარეშე?

შესაძლოა ასეთი კითხვა გაგიჩნდეთ, მუშაობს კი ეს ტალღები? და როგორც კი ამ კითხვას დასვამთ, ეგრევე მოღალატედ მოინათლებით, მოღალატედ, რომელსაც უნდა, რომ დიქტატორებმა პატარა ბავშვები და ლეკვები დახოცონ. უნდა გაგაცინოთ და დონალდ რამსფელდის სიბრძნე გაგახსენოთ: რაღაც ცნობილია და რაღაც - უცნობი - გსმენიათ, ალბათ. ერაყის მთავრობა ლეგიტიმურია? - უცნობია. გაერთიანდებიან სუნიტები? -უცნობია. ფიქრობენ ორივე პარტიის კანდიდატები, რომ "ტალღები" გვიშველის? - ცნობილია. "ახალი ტალღის" ერთ-ერთი დანიშნულება ისაა, რომ ქვეყნის შიგნით ომის მხადაჭერა უზრუნველყონ. ამ თვალსაზრისით "ტალღებმა" მართლაც იმუშავა.

ასე რომ, მოემზადე, მსოფლიოვ, მასობრივი დემოკრატია და საბაზრო კაპიტალიზმი კარს მოგადგა. უბრალოდ დაელოდე და ბინათმშენებლები ბულდოზერებით მოგადგებიან, საშინლად დაამახინჯებენ შენს ლანდშაფტს და ყველა ოთახში საკაბელო ტელევიზიას შემოგიყვანენ. შენ კი, რა თქმა უნდა, მადლიერების ნიშნად შენს უცნაურ და ძველებურ რელიგიურ ჭმუნვებზე უარს იტყვი. ჩვენ იმ რელიგიას ვანიჭებთ უპირატესობას, ტელეეკრანებიდან რომ ქადაგებენ. უფრო სწორედ, ტელევიზიაა თვითონ რელიგია. მოგებაც გელით: როცა ანკესზე წამოეგებით, თქვენს ელიტას მარშალ მაკლუენის ციტირების და ამავე დროს მის მიერ წარმოთქმულის იგნორირება შეეძლება.

ერთ რამეს პირდაპირ გეტყვით: თქვენ თავისუფალი ბაზარი გექნებათ, ის მართლაც თავისუფალი იქნება, თუ გაცვლა თავისუფლებაა. მერე ათასგვერდიან შეთანხმებას მოვაწერთ ხელს და ორივე ქვეყანაში ბიზნესის წარმოება შეგეძლებათ. მერე თქვენს ბუნებრივ რესურსებს გაყიდით და ჩვენ თქვენს ახალ სპეკულანტებს ჩვენს ვალებს მივყიდით. თუ ცქვიტ ბავშვებს გაგვიჩენთ, ისინი მერე ჩვენ ფეხსაცმელებს შეგვიკერავენ. თქვენ მაკდონალდსი გექნებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარასდროს დაგესხმებით თავს. ჰო, თუ რა თქმა უნდა რუსეთი არ ხართ.

ხანდახან თავისუფალი ეკონომიკის "ფარული ხელი" მოგიფათურებთ... იძალადებს. ასეთი რამ გარდამავალმა ასაკმა იცის. მოდუნდით, თქვენი კომპლექსები და ადგილობრივი ეკონომიკა უნდა დაივიწყოთ. ღრმად ჩაისუნთქეთ. თუ რამე გეტკინათ, უბრალოდ ზურგზე დაწექით და ინგლისზე იფიქრეთ. აბა ჩაყლაპეთ ეს აბი. ახლა მოდით, როლები მოვირგოთ. მაგრად ვიხალისებთ. მე ამერიკა ვიქნები და მე დავიწყებ: "აბა, გახსენი შენი ბაზრები, ძუკნავ, ისე გაგათავისუფლებ, რომ მეტი არ მოგინდება".

ორიგინალი

No comments: