დენ ბილეფსკი და ს. ჯ. ჩივერსი თბილისიდან, თომ შენკერი ვაშინგტონიდან, მაიკლ შვირტცი მოსკოვიდან. სტატია დაწერა ჩივერსმა
16 სექტემბერი 2008
თბილისი, საქართველო - საქართველომ და რუსეთმა ახალი ფრონტი გახსნეს. იბრძვიან იმის გასარკვევად, თუ რომელი მხარე იმსახურებს აგრესორის წოდებას და ვისმა სამხედრო აქტივობამ განაპირობა ხუთდღიანი ომის დაწყება. ახალ ინფორმაციას ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე ვერ მივყავართ, მაგრამ, ომამდე რამდენიმე საათით ადრე განვითარებული მოვლენების ბევრად უფრო რთულ სურათს გვთავაზობს.
საქართველომ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. მისი მიზანია იმის დადასტურება, რომ რუსული ჯარის შენაერთმა სეპარატისტული ანკლავის, სამხრეთ ოსეთის საზღვარი, 7 აგვისტოს მიწურულს, ქართველთა ცხინვალზე შეტევამდე ერთი დღით ადრე გადალახა.
საქართველო ცდილობს უარყოს ბრალდებები, რომელთა თანახმადაც სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული ხანგრძლივი დაპირისპირება ომში ქართველთა ცხინვალზე შეტევის შემდეგ გადაიზარდა. საქართველო ოსეთს თავისი სუვერენული ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს.
ეს ჩანაწერი, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში ცირკულირებს აშშ-სა და ევროპის სადაზვერვო სამსახურებში, დასავლეთისთვის და ქართული ოპოზიციისთვის იმის დასტური უნდა გახდეს, რომ თბილისი შეტევაზე თავდაცვის მიზნით გადავიდა და რომ უკვე იმ მომენტისთვის, რუსული ჯარები საქართველოში შემოიჭრნენ. საქართველო ირწმუნება, რომ "ის როგორც პატარა, დაუცველი ქვეყანა, რომელიც დასავლეთისკენ ილტვის, ძლიერ პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას იმსახურებს".
საქართველომ აუდიოჩანაწერებთან ერთად ნიუ-ორკ ტაიმსს საუბრის ინგლისური თარგმანიც მიაწოდა, რომელიც შემდეგ დამოუკიდებლად ითარგმნა ოსურიდან რუსულად, ხოლო შემდეგ ინგლისურად.
რუსეთი, რომელსაც "ცივი ომის" შემდეგ დასავლეთთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია, დაჟინებით უარყოფს საქართველოს ბრალდებებს. გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრმა პუტინმა გაოცება ვერ დამალა იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთი ასე ერთსულოვნად იზიარებს მოვლენათა განვითარების ქართულ ვერსიას.
კრემლში გამართულ ინტერვიუში რუსმა სამხედროებმა სამხილის მნიშვნელოვნება არასერიოზულად მიიჩნიეს და განაცხადეს, რომ რუსული ჯარების გადაადგილებები რეგიონში განთავსებული სამშვიდობო შენაერთების როტაციას ისახავდა მიზნად და ჩვეული პროცესის ნაწილი იყო.
მაგრამ საუბრები, რომლებიც ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსნებმა შეისწავლეს, და თუ ერთმნიშვნელოვან მტკიცებულებად არა, სარწმუნოდ მაინც მიიჩნიეს, როგორც მინიმუმ იმაზე მიუთითებს, რომ რუსული ჯარების გადასროლა საქართველოს ტერიტორიაზე – რუტინული მოქმედება, თუ მტრული ზრახვებით მოტივირებული – ადრეც ხდებოდა, რასაც რუსები არ აღიარებდნენ, ვიდრე სიტუაცია არ გამწვავდა, რომელიც საბოლოოდ ომში გადაიზარდა.
ეს მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ ბრძოლის საკვანძო ტერიტორიების თვალთვალის მაღალტექნოლიგიურ მეთოდებსაც კი უჭირთ ნათელი მოფინონ ბურუსით მოცულ ომის მოვლენებს.
თემაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, უკვე ამერიკის საპრეზიდენტო მარათონშიც კამათობენ. ალიასკის გუბერნატორმა სარა პელინმა, რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, განაცხადა, რომ რუსული ინტერვენცია საქართველოში "პროვოცირებული არ ყოფილა", სხვებს მიაჩნიათ, რომ ქართველების მხრიდან ცხინვალის მისამართით ცეცხლის გახსნა პროვოკაცია იყო. ქართველები ამტკიცებენ, რომ მათი მთავარი მტკიცებულება – 7 და 8 აგვისტოს დაზვერვის მიერ მოპოვებული რამდენიმე სატელეფონო ჩანაწერიდან ორი საუბარია, რომლებიც ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ 7 აგვისტოს გამთენიისას რუსული ტანკები და ჯავშანტექნიკა უკვე როკის გვირაბში მოძრაობდნენ.
რუსეთის ვერსიით, ომი დაიწყო 7-დან 8 აგვისტოს ღამით 23:30 საათზე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცხინვალისკენ რუსულ პოზიციებზე შეტევის ბრძანება გასცა. მოსკოვის თქმით, რუსულმა ნაწილებმა საზღვარი მხოლოდ ამ მომენტიდან გარკვეული დროის შემდეგ გადალახეს.
რუსეთი არ უარყოფს სატელეფონო საუბრების ნადვილობას, სადაც ოსი მესაზღვრეები ერთმანეთს ქართული კერძო სატელეფონო ქსელის საშუალებით ესაუბრებიან "მომისმინე, ჯავშანტექნიკა მოვიდა თუ არა?" – ეკითხება სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო შტაბიდან უფროსი მესაზღვრე მეორე მესაზღვრეს, გვარად გასიევს, რომელიც გვირაბთან პატრულირებს. ქართული მხარის თქმით, ამ საუბრის დროა 7 აგვისტო 03:52 საათი.
"ჯავშანტექნიკა და ხალხი" – პასუხობს მესაზღვრე. კითხვაზე გაიარეს თუ არა მათ გვირაბი, გასიევი პასუხობს: "დიახ, 20 წუთის წინ. მე რომ დაგირეკეთ, უკვე აქ იყვნენ".
შოთა უტიაშვილმა, დაზვერვის მონაცემთა ანალიზის ჯგუფის ხელმძღვანელმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, განაცხადა, რომ საუბრები რუსული ჯარების შემოჭრის ფაქტს ადასტურებენ. "კამათი იმის თაობაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, მთელ ამ კონფლიქტს უკანა პლანზე წევს – თქვა მან – ეს ჩანაწერები ადასტურებენ, რომ რუსეთმა ჯარები პირველმა გადმოისროლა, ჩვენ კი თავს ვიცავდით".
თუმცა ჩანაწერებში არაფერია ნათქვამი ჯავშანტექნიკის ერთეულების რაოდენობაზე და არც რუსული ძალების მონაწილეობაზე საბრძოლო მოქმედებებში.
კონკურენტული ვერსიები
რუსი გენერალ-ლეიტენანტი, წარსულში გაეროში სამხედრო ატაშე ნიკოლაი უვაროვი, რომელიც ომის დროს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი იყო, ამტკიცებდა, რომ ქართველების შეტევა რუსებისთვის მოულოდნელი იყო და რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ საპასუხო ზომების მიღება გადაწყვიტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის სამშვიდოებოებს ცეცხლი გაუხსნეს. პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მდინარე ვოლგაზე კრუიზში ბრძანდებოდა, ხოლო პუტინი – პეკინის ოლიმპიადაზე.
"სხვათაშორის, თავდაცვის მინისტრი სადღაც შავ ზღვაზე ისვენებდა - თქვა უვაროვმა. – ჩვენ საერთოდ არ ველოდებოდით, რომ ისინი შეტევას დაიწყებდნენ".
რაც შეეხება 7 აგვისტოს რუსული ჯარების ანკლავში შესვლას, უვაროვმა განაცხადა, რომ სამხედრო ტექნიკა იქ განთავსებული სამშვიდობოების აღსაჭურვად რეგულარულად ხან შედიოდა, ხანაც ტოვებდა სამხრეთ ოსეთს.
"რადგან იქ ჩვენი ერთი ბატალიონი იდგა, მას მუდმივად სჭირდებოდა საწვავი და პროდუქტი. რა თქმა უნდა, სამხედროები რეგულარულად გადაადგილდებოდნენ – თქვა მან. – მაგრამ ეს მოქმედი სამხედროები არ იყვნენ, რომლებსაც იქ კონკრეტული დავალებით, საომრად აგზავნიდნენ". უვაროვმა დასძინა: "ეს რომ დიდი დანაყოფები ყოფილიყო, 15 მშვიდობისმყოფელს არ დავკარგავდით".
საქართველომ გააბათილა რუსული მხარის არგუმენტები. მათი განცხადებით, სამშვიდობო მისიასთან დაკავშირებული შეთანხმებების თანახმად, რომელსაც 2004 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს, რუსული სამშვიდობო ბატალიონის როტაცია მხოლოდ დღის საათებში უნდა განხორციელებულიყო და ისიც, ქართული მხარის წინასწარ, ყველაზე ცოტა ერთი თვით ადრე, გაფრთხილების შემდეგ. უტიაშვილის თქმით მათ ასეთი შეტყობინება არ მისვლიათ.
მაშინ რამ გააკვირვა როკის გვირაბთან მდგომი ოფიცერი, თუკი როგორც რუსული მხარე ამბობს, ეს სამშვიდობოების რუტინული გადაადგილება იყო? – კითხულობს უტიაშვილი.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გასულ კვირას ეს მასალები ამერიკის შეერთებულ შტატებს და საფრანგეთს გადასცა, რომელიც მოცემულ მომენტში ევრკავშირს თავმჯდომარეობს, ასევე ჩვენი გამოცემის ორ რეპორტიორს. ჩვენ ჩანაწერების სათარგმნელად რუსეთში ოსური ენის დამოუკიდებელი სპეციალისტი დავიქირავეთ.
ვანო მერაბიშვილმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გვაცნობა, რომ ჩანაწერების შესახებ, მათი მოპოვებიდან რამდენიმე საათში შეატყობინეს. მინისტრის თქმით, ინფორმაცია სააკაშვილს მიაწოდეს, რომელმაც ის რუსეთის შემოჭრის სიგნალად აღიქვა.
კითხვაზე, რატომ გამოქვეყნდა საუბრები თვეზე მეტი ხნის დაგვიანებით, მერაბიშვილმა გვიპასუხა, რომ ჩანაწერის ფაილი ომის დროს დაიკარგა, როდესაც თვალთვალის სამსახური სამუშაოდ თბილისიდან გორში გადავიდა. მოგვიანებით, საქართველოს დაზვერვის თანამშრომლებმა, ასლის ძებნაში 6 ათასი ფაილი ხელახლა ნახეს – ამბობს მერაბიშვილი.
ჩვენმა გამოცემამ დამოუკიდებელი თარგმანის ეგზემპლიარები ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებს და სამხედროების ნაწილს კომენტარისთვის გადასცა. მათ გვითხრეს, რომ მართალია, დიალოგები როგორც ჩანს ნამდვილია, მაგრამ სრული ან ოფიციალური ანალიზის ჩატარება, ქართული მხარის მიერ მოპოვებული ჩანაწერების სრული დოსიეს შესწავლის გარეშე, შეუძლებელია. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ვაშინგტონში კონფლიქტის პროცესში პროვოკაციის საკითხისა და საპასუხო ქმედებების დეტალურ შესწავლას განაგრძობენ.
"ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხის შესწავლას, როგორც ჩვენი სადაზვერვო სამახურის ანალიზის კონტექსტში, ასევე იმ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, რომლებსაც ადგილებიდან ვიღებთ – განაცხადა ერთ-ერთმა მაღალი რანგის ამერიკელმა სამხედრომ, რომელიც საქართველოს სიტუაციას სწავლობს; მან ამ საკითხზე საუბრისას ანონიმურობა ითხოვა, რადგან საქმე დაზვერვის მუშაობას ეხება. – ჩვენ ვერ დავადგინეთ "ვინ ესროლა ჯონს" ანუ "პირველმა ვინ ისროლა".
ჯავშანტექნიკა გვირაბში
ქართული მხარის განცხადებით, მისი ვერსიის უტყუარობაზე 7 აგვისტოს ორი ჩანაწერი მიუთითებს, რომლებშიც გასიევი, რომელიც გვირაბთან პატრულირებს შტაბში მის უფროსს ესაუბრება.
პირველ საუბარში, რომელიც 03:41 საათზე დაფიქსირდა, გასიევი თავის უფროსს ატყობინებს, რომ რუსმა პოლკოვნიკმა ოს მესაზღვრეებს სამხედრო ტექნიკის ინსპექტირება სთხოვა, რომლითაც "სავსე" იყო გვირაბი. გასიევმა თქვა: "მეთაური მოგვიახლოვდა და გვითხრა: "შენთან ერთად რომ ბიჭები არიან ტექნიკა უნდა შეამოწმონ? ასე გაწყობთ?"
კითხვაზე "ვინ არის ეს პოლკოვნიკი, გასიევი პასუხობს: "არ ვიცი. მათი უფროსია, ის ვინც აქ მთავარია. ჯავშანმანქანა და სხვა მანქანები აქეთ წამოვიდნენ და აქ ყველაფერი გაავსეს. ბიჭებიც გარშემო დგანან. მან თქვა, რომ ტექნიკა უნდა შევამოწმოთ. არ ვიცი. და გავიდა". მუხლუხა ჯავშანმანქანა, ოდნავ ტანკს მოგაგონებთ. ის რუსული სამხედრო ტექნიკის ერთ-ერთი ძირითადი მოდელია. სწორედ მათ ნახავდით ომის დროს და სამშვიდობო კონტიგენტის აღჭურვილობაში.
03:52 საათზე გასიევმა უფროსს შეატყობინა, რომ ჯავშანტექნიკა პოლკოვნიკის მეთაურობით, რომელსაც მან "კაზაჩენკო" უწოდა, გვირაბი დატოვა. პოლკოვნიკის სახელი არ უხსენებია. რუსული პრესის ომის შემდგომ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზემოთაღწერილი მოვლენებისგან დამოუკიდებლად, პოლკოვნიკი ანდრეი კაზაჩენკო 135-ე მოტომსროლელ პოლკში მსახურობდა. გენერალი უვაროვის თქმით, ეს პოლკი სამხრეთ ოსეთისთვის სამშვიდობოებს გამოყოფდა, ხოლო ომის დროს ცხინვალის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. გენერალმა განაცხადა, რომ პოლკოვნიკ კაზაჩენკოზე არაფერი იცის.
რუსული არმიის გადაადგილებაზე საქართველოს მტკიცებულებები, როგორც ჩანს, ნაწილობრივ მაინც დასტურდება სხვა ინფორმაციით, რომელიც ცოტა ხნის წინ გაჩნდა. დასავლეთის დაზვერვამ დამოუკიდებლად დაადგინა, რომ 135-ე პოლკის ორი ბატალიონი როკის გვირაბის გავლით სამხრეთ ოსეთში შევიდა ან 7 აგვისტოს ღამით, ან 8 აგვისტოს გამთენიისას – გვაცნობა ამერიკის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
ასევე გასულ კვირას ცნობილი გახდა დასავლეთის დაზვერვის ახალი მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ, რომ რუსეთის ტერიტორიის მხრიდან სამხრეთ ოსეთის საზღვრის გარნიზონს მისცეს მოტომსროლელი ქვედანაყოფი – რომელსაც გვირაბის ჩრდილოეთ ბოლოს კონტროლი ჰქონდა დავალებული. ან 7 აგვისტოს ღამით, ან 8 აგვისტოს გამთენიისას ის შესაძლოა გვირაბის მთლიანად გასაკონტროლებლად გადაისროლეს, გვატყობინებს ამერიკის ადმინისტრაციის რამდენიმე წყარო, რომლებიც ამ ინფორმაციას ფლობენ.
3 სექტემბერს, გაზეთმა "კრასნაია ზვეზდამ", რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა ორგანომ, სტატია გამოაქვეყნა, სადაც 135-ე პოლკის კაპიტნის დენის სიდრისტის სიტყვებია მოყვანილი. ის ამბობს, რომ 7 აგვისტოს მის ნაწილს უბრძანეს შეეწყვიტა სწავლება და ცხინვალში გამგზავრებულიყო.
მას შემდეგ რაც ჩვენმა რედაქციამ სტატია გამოითხოვა, გასულ პარასკევს "კრასნაია ზვეზდა"-ში გაჩნდა პუბლიკაცია, სადაც კაპიტანი სიდრისტი ამტკიცებს, რომ ცხინვალში მისი ნაწილის გადასროლა სინამდვილეში 8 აგვისტოს მოხდა. თავად კაპიტან სიდრისტისთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვერსია
მეთ ბრაიზამ, სახელმწიფო მდივნის მოდაგილის თანაშემწემ, რომელიც კავკასიის საკითხების კოორდინატორია, შეგვატყობინა, რომ საუბრის ჩანაწერები 7 აგვისტოს, ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ქართული მხარის მოსაზრებას ადასტურებენ, როდესაც მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტის პროცესი ჩაიშალა.
"მთელი ამ მოვლენების პროცესში, როდესაც მე ტელეფონით ვესაუბრებოდი საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს, აშკარად რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ რუსული ჯავშანტექნიკა როკის გვირაბში შევიდა და შემდეგ გამოვიდა იქიდან ცეცხლის შეწყვეტის წუთიდან და მისი მოქმედების პერიოდში – ამბობს იგი. – მე მათ შესაბამისი ინსტრუქციები გადავეცი: "ჩვენ მოგიწოდებთ არ შეხვიდეთ პირდაპირ კონფლიქტში ამ რუსეთის ჯარის ნაწილებთან".
ბრაიზას თქმით, 7 აგვისტოს ღამით, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი შეტევაზე გადასვლის ბრძანებას გასცემდა, იგი საგარეო საქმეთა მინისტრს ეკა ტყეშელაშვილს ესაუბრა. "ის ადამიანურად, თითქოს აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის ჯარები უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ. "ასეთ დროს ჩვენ ჩვენი სოფლები უნდა დავიცვათ" - მითხრა მან".
გენერალმა უვაროვმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე, რომელმაც საკუთარი დაზვერვის მონაცემები წესიერად ვერ გაიაზრა, უგუნურად მოქმედებდა.
ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების პირობების მიხედვით, რომელსაც ხელი მოეწერა პირველი ქართულ-ოსური ომის შემდეგ, 1990-იან წლებში, რუსეთს ამ რაიონში 500 კაციანი სამშვიდობო კონტიგენტის განთავსების საშუალება ეძლეოდა – ამბობს უვაროვი "განსაკუთრებულ სიტუაციებში კი ნებადართული იყო რეზერვიდან 300 სამშვიდობოს დამატება".
უვაროვის თქმით, როდესაც ქართულმა მხარემ შეტევის განხორციელება დაიწყო, 135-ე არმიის რეზერვიდან 100 მშვიდობისმყოფელი საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანეთ და გვირაბის მიდამოებისკენ გადავისროლეთ. 8 აგვისტოს გამთენიისას მათ მიიღეს ბრძნება ქალაქის გამაგრებისთვის გვირაბის გავლით ცხინვალისკენ დაძრულიყვნენ.
უვაროვი ამბობს, რომ რუსეთის მოქმედი არმიის პირველი ნაწილი – 135-ე პოლკის პირველი ბატალიონი – როკის გვირაბისკენ მხოლოდ 8 აგვისტოს 14:30 საათზე გადაადგილდა, ქართული მხარის მიერ ცხინვალისკენ ცეცხლის გახსნის მომენტიდან 14 საათის შემდეგ.
უვაროვის თქმით, ბატალიონმა ცხინვალში მხოლოდ მეორე დღის, საღამოს ჩააღწია, რადგან ქართული მხარის გააფთრებულ წინააღმდეგობას შეხვდა. საქართველო ამ ვერსიას უარყოფს და ამტკიცებს, რომ რუსეთის ძალებთან გააფთრებულ ბრძოლას გვირაბთან გათენებამდე ბევრად უფრო ადრე აწარმოებდა. მაგრამ იმ მომენტისთვის ერთი რამ ცხადი გახდა: ომი დაიწყო.
No comments:
Post a Comment