თვალსაზრისი
16 სექტემბერი
ევროპის კავშირის ახალი პოლიტიკა კავკასიასთან მიმართებაში ევროპისა და რეგიონის მოთხოვნილებებისა და საჭიროებების ბალანსს უნდა დაეფუძნოს. ამავე დროს, ევროპა რუსეთის მიმართ ვაშინგტონის კონფრონტაციულ პოზიციას უნდა გაემიჯნოს.
ამ თვის დასაწყისში ევროკავშირის ლიდერთა სამიტმა საქართველოში რუსეთის სამხედრო აქციებს ერთობლივი პასუხი გასცა, რაც მართლაც პოზიტიური ნაბიჯი იყო, რადგან ფეთქებადი სიტუაცია ვერ გადაწყდება ევროკავშირის გონივრული პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რეგიონში ბევრია ისეთი ქვეყანა, მაგალითად უკრაინა, სადაც კონფლიქტის საფრთხე აშკარაა.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთში სახედრო მოქმედებებისთვის მიემართა, როგორც ჩანს, ძირითადად იმით იყო განპირობებული, რომ სჯეროდა, აშშ და ევროკავშირი საქართველოს მხარს დაუჭერდა და დაიცავდა. მოვლენებმა ცხადყო, რომ ის ცდებოდა. რა თქმა უნდა რუსეთის პასუხი, სხვათა შორის გასაოცრად კარგად ორგანიზებული, სრულიად არაპროპორციული იყო.
ევროპა, სანამ კავკასიაში კრიზისი მწიფდებოდა, დისტანციას ინარჩუნებდა, რაც სერიოზულ შეცდომად უნდა ჩაითვალოს. ის, როგორც მედიატორი, საქართველოს კონფლიქტში ბევრად უფრო ადრე უნდა ჩარეულიყო. ახლა კი ევროპამ რუსეთის მიმართ შეერთებული შტატების კონფრონტაციული პოზიციისგან დისტანცირება უნდა მოახერხოს.
ადამიანის უფლებები
ევროპამ თავი უნდა აარიდოს ისეთ რიტორიკასა და ქმედებებს, რომელიც გააღრმავებს ძალთა ისედაც არასტაბილურ ბალანსს. სანაცვლოდ ევროკავშირმა ისეთი საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა განავითაროს, რომელიც გააწონასწორებს მის ეკონომიკურ ინტერსებსა და რეგიონის ხალხებისა და სახელმწიფოების სპეციფიკურ მოთხოვნილებებს.
ძალისმიერ ნაბიჯებს უნდა მოვერიდოთ. ამის მაგიერ ევროკავშირმა თავისი ფრთხილი მიდგომების არსენალი უნდა აამოქმედოს: ღია დიალოგი, დიპლომატია და კოოპერაციის ახალი ფორმები. უფრო მეტიც, გადამწყვეტია, რომ ევროპის სტრატეგია ნათელია და საქართველოთან გულწრფელ დიალოგს ეფუძნება, დიალოგს, რომელიც ადამიანის უფლებათა და გარემოს დაცვის საკითხებზე ზრუნვას კონკრეტულ ქმედებებთან აერთიანებს.
რეგიონში ევროკავშირის გონივრული პოლიტიკური კურსი იმის დასტური იქნება, რომ ჩვენს ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სერიოზულად ვეკიდებით. სხვათა შორის, 2008 წელს ადამიანის უფლებათა დეკლარაციას, სადაც ეს ღირებულებებია აღიარებული, 60 წელი უსრულდება. მაგრამ ჩვენ უფრო შორს უნდა წავიდეთ და უნდა მოვითხოვოთ, რომ ევროპული პოლიტიკა საქართველოში ”დედამიწის ქარტიაში” დეკლარირებულ ეთიკურ პრინციპებს დაეფუძნოს, ისეთებს , როგორიცაა მშვიდობიანი და მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბების აუცილებლობა. ამ ქარტიაში ფორმულირებული უმნიშვნელოვანესი პრინციპები ევროკავშირს საქრთველოს კონფლიქტის გადასაწყვეტაში დაეხმარება, ესენია: უმცირესობათა უფლებების დაცვა, გარემოსდაცვითი აქტივობები, სამართლიანი მართვა და საზოგადოების როლის გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში.
ყველა ეს საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბოლოდროინდელ მოვლენათა ფონზე: მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, გაუპატიურების ფაქტები, საკუთრების ხელყოფა, წითელი ჯვრის წარმომადგენელთათვის წინააღმდეგობების გაწევა, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ორივე მხარე იყენებდა ნაღმებსა და კლასტერულ ყუმბარებს.
კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები კოპლექსურია, ქართველები და რუსები და მასთან ერთად სეპარატისტები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან, დიამეტრალურად განსხვავებულ პოზიციებზე დგანან.
შეცვლილი გეოპოლიტიკა
ევროპამ ბრალდებებით ოპერირების ცდუნება უნდა დაძლიოს. მაშინაც კი, როდესაც ცხადია, რომ რუსეთი სულაც არ არის უცოდველი, მაგალითად ჩეჩნეთში, რეალობას თავლი უნდა გავუსწოროთ: ძალთა გლობალური ბალანსი რადიკალურად შეიცვალა. რუსეთის წინააღმდეგ ჯვაროსნული ომის დაწყება არ გვმართებს, უნდა შევინარჩუნოთ სიფრთხილე და გვახსოვდეს რომ რუსეთი თავს დამცირებულად აღიქვამს.
სხავათა შორის, არა მხოლოდ რუსეთის პოზიციაა ამგვარი, დანარჩენ სამყაროსაც მიაჩნია, რომ დასავლეთი ძალიან ქედმაღლურად იქცევა. მოსკოვი მართლაც ყველაფერზე მტკივნეულად რეაგირებს. მაგრამ ფაქტი ერთია - ნავთობით მიღებულმა შემოსავლებმა და ქვეყნის მზარდმა ეკონომიკამ გეოპოლიტიკური რეალობა უკვე შეცვალა. რუსეთი ევროკავშირისა და აშშ-ს ორმაგ სტანდარტებს დღეს უფრო ხმამაღლა აპროტესტებს, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა.საქმე მხოლოდ ისრაელისა და პალესტინის ურთიერთობებში როდია-კონფლიქტი ერაყში და ტერორიზმთან ომიც ამ კონტექსტში განიხილება. რუსეთი დაჟინებით ამტკიცებს, რომ როდესაც მოძალადე მოქმედებს, ადამიანთა უფლებების პრიორიტეტი უკანა პლანზე გადადის. უნდა ითქვას, რომ ხშირად რუსეთიც ისევე თვალთმაქცობს, როგორც ყველა დანარჩენი.
აღმოსავლეთ ევროპის პოსტსაბჭოთა ქვეყნები რუსეთისადმი სრულიად გასაგები ანტიპათიით არიან განწყობილნი, ისიც გასაგებია, რომ ევროპა კავკასიის კრიზისმა გააღიზიანა, მაგრამ ზევით ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, ის, საქართველოს კრიზისზე რეაგირების დროს, დომინირების დემონსტრირებას უნდა მოერიდოს. ბოლო წლებში მსგავს სტრატეგიას ამერიკა ზედმეტად ხშირად მიმართავს და სავალალო შედეგებსაც იღებს. მსოფლიო ნელ-ნელა მრავალპოლარული ხდება. სწორედ ამიტომ ევროპამ ძალთა ახალი ბალანსის ძიებაში, status quo-ს ჭეშმარიტი პოლიტიკური ალტერნატივა უნდა მოუნახოს.
ახალი სტაბილური მსოფლიო წესრიგი ახლად გაჩენილი ეკონომიკური სუბიექტების პატივისცემას უნდა დაეფუძნოს, იქნება ეს რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, თუ ბრაზილია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ უმცირესობათა უფლებების დაცვას, საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა მოვთხოვოთ რეაგირება დემოკრატიის პრინციპების შელახვაზე და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებისადმი რაციონალური მიდგომები უნდა შევიმუშავოთ. კონფლიქტის გადაწყვეტისას კონფრონტაცია თანამშრომლომლობამ უნდა შეცვალოს, ხოლო მსოფლიოს დიდმა ქვეყნებმა, ძლევამოსილმა აქტორებმა სხვების მხილების ნაცვლად, პირველ რიგში, საკუთარი ქმედებების კრიტიკულად შეფასება უნდა ისწავლონ.
კონკრეტული ნაბიჯები
მაგრამ როგორი უნდა იყოს ევროკავშირის გონივრული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში?
1.ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ნატოს მონაწილეობაზე საქართველოს კონფლიქტის მოგვარებაში. ნატომ უკან უნდა დაიხიოს იმისთვის, რომ კონფლიქტის დეესკალაცია მოხერხდეს. ევროპის კავშირმა და ყველა მისმა წევრმა სახელმწიფომ რუსეთთან პარიტეტული ურთიერთობა უნდა დაამყაროს. ამისთვის კი საჭიროა, რომ აშშ-მ პოლონეთსა და ჩეხეთში სარაკეტო დანადგარების განთავსებაზე ცალმხრივად მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედოს. საკითხს უფრო ღრმა გააზრება სჭირდება.
2.ჩვენ უნდა შევძლოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტირებულად დაცვა ნატოს მონაწილეობის გარეშე. შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯებით რუსეთს უნდა მოვუწოდოთ, რომ აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და გაიყვანოს ჯარები. ევროკავშირი უნდა დაეხმაროს საქართველოს რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ალიანსის შექმნაში, რომელიც ბუფერული ზონების როლს შეასრულებს და მოგვიანებით საგარეო პოლიტიკური კურსის მასშტაბებს შეიძენს.
3.რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში ევროკავშირმა პრიორიტეტულად ეკონომიკური განვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებული პრობლემები და კულტურულ თავისებურებათა მნიშვნელოვნება უნდა დაასახელოს.
4.ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მოთხოვნა უნდა გაძლიერდეს და უმაღლეს პრიორიტეტად უნდა გამოცხადდეს; ევროკავშირმა ხელი უნდა შეუწყოს ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონების გაფართოვებას შუა აზიაში. დანარჩენი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო და უკრაინა ამ ზონასთან მიერთებაზე უნდა დავითანხმოთ.
5.ევროკავშირმა უნდა იკისროს მედიატორის როლი საქართველოს, რუსეთსა და ორ სეპარატისტულ რეგიონს შორის. უნდა მოხერხდეს შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:
- რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების სანაცვლოდ, საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომია.
- გარანტირებული უნდა იყოს ასობით და ათასობით ქართველისა და სხვა ლტოლვილის დაბრუნება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.
- სამშვიდობო შეთანხმება ოფიციალურად უნდა სცნოს და მას ხელი უნდა მოაწეროს უშიშროების საბჭომ.
- შეთანხმება უნდა შეეხოს საქართველოს მთელ ტერიტორიას, ორივე რეგიონის ჩათვლით
- შეთანხმებაში აქცენტი უნდა გაკეთდეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. დედამისწის ქარტიის მოთხოვნათა შესაბამისად, ხაზი უნდა გაესვას მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს, კულტურულ თავისებურებათა და იდენტობის პატივისცემას,
6.ევროკავშირმა საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა აღმოუჩინოს. მაგალითად, მას შეუძლია ხელის შეწუყოს კლასტერული ბომბებისა და ნაღმების გაუვნებელყოფის პროცესს საქართველოსა და ორივე სეპარატისტულ რეგიონში. ”წითელ ჯვარს” უნდა მიეცეს თავისუფალი და შეუფერხებელი მოქმედების საშუალება, ევროკავშირის წარმომადგენელთა მუდმივმა მისიამ უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და შეთანხმების პირობების შესრულება.
7.ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავება, რომელიც შეამცირებს მის დამოკიდებულებას რუსეთის გაზსა და ნავთობზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებულ დემოკრატიას აშენებს, ევროპის ინტერესები რეგიონში მხოლოდ საქართველოს დაცვით არ შემოიფარგლება. ევროპული პოლიტიკა კავკასიაში უნდა უზრუნველყოფდეს სტაბილური და დაცული გარემოს შექმნას მილსადენისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ევროკავშირს შეუძლია საქართველოსთან და რუსეთთან ადრე დადებულ შეთანხმებებს დაეყრდნოს, ასეთია მაგალითად 1989 წლის ევროპული ენერგეტიკული ქარტია. ეს ქარტია ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას და ენერგეტიკული უსაფრთხოების (განსაკუთრებით ბირთვული ენერგიის) დაცვას ისახავს მიზნად. მაგრამ ისეთი ნიშვნელოვანი ელემენტები, როგორიცაა ალტერნატიული ენერგეტიკული ტექნოლოგიების განვითარება (low-carbon energy) აუცილებლად უნდა განიხილებოდეს.
საქართველოს კრიზისთან დაკავშირებით რუსეთთან დიალოგში შესვლა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ფუძემდებლურ დემოკრატიულ პრინციპებზე ვამბობთ უარს. პირიქით, ჩვენ უნდა განვაგრძოთ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობა. ეს სულაც არ მოითხოვს ჩვენგან რუსეთთან კონფრონტაციის ესკალაციას ისე, როგორც ამას ზოგიერთი ქვეყანა აკეთებს. საბედნიეროდ, ევროკავშირმა გონივრული პასუხის არტიკულირება მოახერხა. ამ პასუხის კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნა უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას მივაღწიოთ.
No comments:
Post a Comment