Sunday, September 9, 2007

არა, ჩვენ ყველანი ქართველები არ ვართ

guardian

ლაიონელ ბიჰნერი
9 სექტემბერი 2008

სოლიდარობის აღთქმა, რომელიც ჩეინიმ საქართველოსთან მიმართებაში დადო, არაფერია, თუ არა რუსეთთან წაკიდების მორიგი მეთოდი, ნავთობის მიწოდებაზე გარანტიების შექმნა და რესპუბლიკური პარტიის დახმარება.

მისი თითქმის ყველა ვიზიტი უცხოეთში საგარეოპოლიტიკურ წრეებში ქარიშხლის პროვოცირებით სრულდება. ჩეინის ცოტახნის წინანდელმა ვიზიტმაც აზერბაიჯანში, უკრაინასა და საქართველოში მოლოდინი გაამართლა. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინა და საქართველო ნატოში დაპატიჟა, საქართველოს კი დამატებით ერთი მილიარდი დოლარის დახმარებას შეპირდა – რუსეთთან ომის შემდეგ აღდგენითი სამუშაოებისთვის.

როდის გახდა საქართველო ამერიკის 51-ე შტატი? მე მივესალმები ჰუმანიტარულ დახმარებას, მაგრამ როდესაც ქვეყანას, რომელსაც ოთხ მილიონიანი მოსახლეობა ჰყავს, მილიარდ დოლარს გამოუყოფენ??? მე მაგიჟებს ის, რომ ამერიკა ამას კეთილი გულის გამო არ აკეთებს: საუბარია ცივ, კარგად გათვლილ ნაბიჯზე, რომელიც პირდაპირ რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. მეტიც, ეს არის საქართველოს მთავრობის დაჯილდოვება მისი უგუნური ქმედებებისთვის: სეპარატისტულ პროვინციაში შეჭრა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წყაროს ცნობით, ამერიკა ამ ნაბიჯის გადადგმას არ იწონებდა, და შედეგად კატასტროფული მორალურ-ეთნიკური პრობლემები.

ვიზიტის დროს ჩეინიმ ქართველებს "მამაცები" უწოდა, ასევე განაცხადა, რომ ამერიკელები "ქართველებს სოლიდარობას უცხადებენ". სერიოზულად? სანაძლეოს დავდებ, რომ ამერიკელების უმრავლესობამ, არათუ იცის სად მდებარეობს სამხრეთ ოსეთი, არამედ მის სახელწოდებასაც ვერ წარმოთქვამს.

ამრიკელების მოულოდნელი სიყვარულის მიზეზი ყველაფერი ქართულის მიმართ, სხვადასხვა მიზეით აიხსნება. ჯერ ერთი, უკვე რამდენიმე წელია, რაც რუსეთთან ცივი ომის მსგავსი კონფრონტაცია მწიფდებოდა. "იუკოსი"-ს საქმე, რუსეთის ჰაკერული ომი ესტონეთთან და ჩხუბი ბრიტანეთის საბჭოს ირგვლივ – გამოკვეთილი ტენდენციის სიმპტომებია. რამდენჯერაც ვლადიმერ პუტინი პირს გააღებს, იმდენჯერ მისგან გაისმის ანტიდასავლური განცხადება.

მეორე, საქართველო მნიშვნელოვან დერეფანშია, რომელზეც ენერგომატარებლები გადის. საქართველოს ტერიტორიაზე გადის მიწისქვეშა ნავთობსადენი ბაქო-ჯეიჰანი, მიმართული აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ეს მილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ირანმა და რუსეთმა ვერ შეძლონ კასპიის ნავთობზე გავლენის მოპოვება. ჩეინიმ ეს ფაქტი ყველაზე კარგად იცის და ხელისუფლებიდან წასვლამდე ჩქარობს მომავალი კლიენტების ენერგეტიკულ პროექტებზე მოლაპარაკებას – პენსიაზე ყოფნისას თავს შენახვა ხომ უნდა. საქართველოსაც არ ენანება და იხდის. ეს, ალბათ კარგად იცის რენდი შეინემანმა, რომელმაც ამ წლის აპრილში თბილისს დახმარებაზე 200 ათას დოლარად მოელაპარაკა, იმავდროულად კი ჯონ მაკკეინის საგარეო პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.

მესამეც, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, აჰმედ ჩალაბის გაქანებით, საქმეში მთელი თავისი მომხიბვლელობა ჩართო. ეს პრეზიდენტი - ახალგაზრდა, ელეგანტური, ინგლისური იცის – ვაშინგტონელ ნეოკონსერვატორებს სუფრებით უმასპინძლდებოდა. საპასუხოდ მთელმა ვაშინგტონმა თვალი დახუჭა, როდესაც სააკაშვილმა გასული წლის ნოემბერში საკუთარ ჯარს ბრძანება მისცა ესროლათ უიარაღო დემონსტრანტების მისამართით და რამდენიმე ოპოზიციური ტელეარხი დახურა, რასაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყვა.

და ბოლოს, რუსეთთან ცივი ომი რეპუბლიკელებს აწყობთ. რაც მეტს ნერვიულობს ამერიკული ელექტორატი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მით უფრო მარჯვნივ იხრება. პუტინმაც მინიშნება გააკეთა, რომ ქართული ოპერაცია ვაშინგტონში მაკკეინის დასახმარებლად ჩაიფიქრესო. მართალია ეს იდეა, ცოტა არ იყოს ძალით მოთრეულია და კონსპიროლოგიის სუნი ასდის, მაგრამ მაკკეინს რომ რუსულ-ამერიკული ურთიერთობის გაუარესება აწყობს, ფაქტია (ხოლო სარა პელინი, რა თქმა უნდა კრემლის საკითხებში გამოცდილი ექსპერტია, მისი შტატიდან რუსეთამდე ხომ ერთი ნაბიჯია!).

ამ ყველაფერს, იმიტომ კი არ ვამბობ, რომ რუსეთის დაცვა მსურს. ძალიან რთულია გაამართლო ის, რასაც გასული ათწლეულების მანძილზე რუსეთი თავის მეზობელ ქვეყნებს უკეთებდა. მაგრამ ასევე უგუნურია, ყველა იმ სახელმწიფოს გვერდით დგომა, ვინც რუსეთს აგინებს, ან გაუაზრებლად ცდილობს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოვებას – ეს არც გონიერი პოლიტიკაა და არც სტრატეგიული პრიორიტეტი იმ სიტუაციაში, როდესაც ირანი ბირთვულ გადამუშავებაში აქტიურად წინ მიიწევს, ხოლო ავღანეთი სულ უფრო მეტად ემსგავსება ერაყს. ამ საკითხებზე რუსეთთან თანამშრომლობა აუცილებელია, რაც რა თქმა უნდა არ გულისხმობს იმას რომ მოსკოვს არ გავაკრიტიკებთ, მაგრამ რუსი დათვის გაღიზიანებით, ჩეინი მომავალ პრეზიდენტს უკვე მომწიფებულ საგარეო-პოლიტიკურ კრიზისს მემკვიდრეობით დაუტოვებს.

საქართველო რესპუბლიკელების შავ-თეთრ ილუზორულ წარმოდგენებში კარგად ეწერება, ეს იცით რომელი ისტორიაა, აი, ჩვენს სამყაროში რომ მხოლოდ სიკეთე და ბოროტებაა, და რომ რუსეთი უპირობოდ ამ ბოროტებას წარმოადგენს. რუსულ-ქართული ომის გაანალიზება და ნიუანსების გამოკვლევა – ეს დემოკრატების საყვარელი საქმეა, რაც ბოროტებასთან მოლაპარაკების ტოლფასია – ეს შედარება გასულ კვირას ხშირად ისმოდა სენტ-პოლში.

ჩეინის უგუნური საგარეო პოლიტიკის შეჩერება აუცილებელია. ის რომ, საქართველოს, უკრაინას და აზერბაიჯანს ათასგვარ ნასუფრალს შეპირდები, თანმიმდევრულ კურს სულაც არ ნიშნავს, ეს მხოლოდ რეფლექტორული, გაუაზრებელი რეაქციაა რუსეთის აგრესიაზე, რაც მხოლოდ ცეცხლზე ნავთის დასხმაა, მეტი არაფერი.

საინტერესოა: თუკი საკაშვილი მართლაც "პოლიტიკური გვამია", როგორც მას განრისხებულმა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უწოდა, მაშინ ჩეინის ცოტახნისწინანდელი შეხვედრა საქართველოს ლიდერთან ყოფილა ორი პოლიტიკური გვამის საუბარი.

ორიგინალი

No comments: