ტარა ბაჰრამპური
9 სექტემბერი 2008
თბილისი, საქართველო, 8 სექტემბერი - საქართველოსა და რუსეთს შორის ატეხილი ომი ნელ-ნელა მსოფლიოს ხელისუფალთა დაძაბულმა დაპირიპისრებამ ჩაახშო. ამასობაში კი ქართველები, როგორც ხელისუფლებაში ასევე ხელისუფლების გარეთ შემდეგ კითხვებზე ეძიებენ პასუხს: ღირდა კი კონფრონტაციაში ჩაბმა და ვინ იყვნენ ისინი, ვინც ამ ნაბიჯის გადადგმა ითავა.
შეკითხვებს სვამენ ფრთხილად, რადგან არავის უნდა კრემლის მხარდამჭერად მონათლონ. რუსების ერთ-ერთი მოთხოვნა, ხომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის გადაყენება იყო. მაგრამ ომის პირველ დღეეში უკმაყოფილოთა ძლივს გასაგონი ჩურჩული ნელ-ნელა ძალას იკრეფს და სულ უფრო მკაფიოდ გაისმის.
ოპოზიციის ლიდერები, პრეზიდენტის ზოგიერთი ძველი მხარდამჭერი გარემოებათა გამოძიებას ითხოვენ - გასარკვევია, ვინ უნდა აგოს პასუხი სამხედრო და დიპლომატიურ მარცხზე. ვარაუდობენ იმასაც, რომ ომი, რომელსაც სააკაშვილის აზრით, მისთვის დიდება უნდა მოეტანა, მისივე ხელისუფლებიდან წასვლის მიზეზი გახდება.
საქართველოში ჯერ კიდევ დგას რუსული ჯარი, ჯერ კიდევ მოქმედებს შესაბამისი შეზღუდვები. მაგრამ მიუხედავად ამისა, უკვე ხუთშაბათს კრიტიკული წამოძახილები აშკარად გაისმა.
დავით უსუფაშვილის, ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ლიდერის აზრით, რუსეთის უზარმაზარ არმიასთან შეჭიდება, არასწორი იყო. "მე არ მჯერა, რომ შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოს ხელისუფლებამ წამოიწყო, მაგრამ ვგმობ იმას, რომ ჩემმა ხელისუფლებამ პასუხად სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედება აირჩია" - გვითხრა მან -"ყველაზე მთავარი კითხვა ასე ჟღერს... რატომ არ იფიქრა სააკაშვილმა და მისმა ადმინისტრაციამ, რომ რუსეთი ტანკებით და ქვემეხებით, საერთოდ, მთელი მისი ძლევამოსილებით დაგვიპირისპირდებოდა”.
ოპოზიციური პარტიის "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ გვითხრა, რომ რუსეთს საქართველოს "დასჯა" დამოუკიდებლობისთვის უკვე კარგა ხანია უნდა . სააკაშვილის "არადაბალანსებულმა და აგრესიულმა პოლიტიკამ" კრემლს კარგი სამსახური გაუწია. "მილიტარისტული რიტორიკით, პროვოკაციული ნაბიჯებით, სააკაშვილი იმის დემონსტრირებას ცილობდა, რომ შეუძლია ტერიტორიების დაბრუნება ომით, რომ მას აქვს ამის შესაძლებლობა, ამის ძალა”.
ტერიტორიები, რომლებზეც ვლაპარაკობთ, ორი სეპარატისტული წარმონაქმნი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთია. ოფიციალური პირები, რომლებიც წინა საომარ ვითარებაში საკითხის რამდენიმე განხილვას დაესწრნენ, ამბობენ, რომ სააკაშვილი და მასთან დაახლოებული პირები მშვიდად იყვნენ, სჯეროდათ, რომ ქართული ჯარი ოსეთის დაბრუნებას რამდენიმე საათში ან დღეში შეძლებდა. საპირისპირო მოსაზრებები არ აინტერესებდათ.
"თავისი ვიწრო წრის გარდა მას კონტაქტი არავისთან ჰქონდა. ამანაც განაპირობა, რომ სამხრეთ ოსეთზე შეტევა გადაწყვიტა" - გვითხრა მაღალი თანამდებობის პირმა, რომელიც სააკაშვილის მთავრობაში მისი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მუშაობს. მისი აზრით, სააკაშვილი ახლა იმედგაცრუებულია. სააკაშვილს "უნდოდა გმირი ყოფილიყო და არა ჩვეულებრივი პრეზიდენტი, რომელიც რუტინული საკითხებითაა დაკავებული".
ალექსანდრე რონდელმა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა, განგვიცხადა, რომ სააკაშვილის გარემოცვა "პატრიოტულია" და აქვე დაამატა” შესაძლოა გამოცდილება აკლიათ, ალბათ, უფრო რევოლუციონერები არიან, ვიდრე გამოცდილი მმართველები".
ოფიციალური პირები საქართველოში ამბობენ, რომ ყოველთვის იცოდნენ - რუსეთის არმიას, რომელიც ბევრად აღემატება საქართველოსას, ვერასდროს დაამარცხებდნენ.
სააკაშვილის თქმით, ის გარედან სამხედრო დახმარებას არ ელოდა, მაგრამ ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად რუსეთის ჯარზე შეტევა უნდა მიეტანა. "სულაც არ ველოდით, რომ ჩვენს დასახმარებლად" აშშ-ს ბატალიონები შემოვიდოდნენ - გვითხრა სააკაშვილმა ინტერვიუში - "მაშინ ნორმალურები არ ვიქნებოდით. არც იმას ველოდით, რომ ევროპელები ჩვენს გამო რისკზე წავიდოდნენ”.
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამო რუსეთთან კონფლიქტი უკვე დიდი ხანია მწიფდება. 2003 წლიდან, მშვიდობიანი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სააკაშვილი მუდმივად იმეორებდა, რომ ამ ორი რეგიონის დაბრუნება მისი უმთავრესი მიზანია.
მის პროდასავლურ ხელისუფლებას პრეზიდენტი ბუში "დემოკრატიის შუქურას" უწოდებდა. თუმცა აქ, საქართველოში ბევრს მიაჩნია, რომ დემოკრატიული პრინციპების შელახვას, საკონსტიტუციო ცვლილებებს სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ, პრობლემებს სასამართლო ხელისუფლებაში, ზეწოლას მედიაზე სააკაშვილი სწორედ სეპარატისტული რეგიონების არსებობით ამართლებდა. შარშან ნოემბერში ზემოთ დასახელებულ მიზეზთა გამო მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. ეს გამოსვლები ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო, რამაც საქართველოს იმიჯი შელახა. სააკაშვილმა კრიზისის დასაძლევად ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა და გაიმარჯვა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბალი ჰქონდა, ვიდრე 4 წლით ადრე, პირველ არჩევნებში და ამჯერად გაყალბებაშიც ადანაშაულებდნენ.
სუსტმა ოპოზიციამ სააკაშვილს და მის სახელისუფლებო უმრავლესობას ისეთი განცდა გაუჩინა, რომ კიდევ ხუთ წელიწადს მშვიდად დარჩებოდნენ თავის ადგილებზე. მაგრამ წნეხი ძლიერდება: პოპულარულმა ოპოზიციონერმა პარლამენტარმა საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, 80-მა ორგანიზაციამ და კერძო პირმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელშიც "დებატებს" ითხოვენ, ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობა არ დაეთანხმა დოკუმენტს, რომელიც ერს ხელისუფლებასთან ერთიანობისკენ მოუწოდებდა - იტყობინება ადგილობრივი ონლაინ გაზეთი.
ოპონენტები იმასაც ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება არასწორად აფასებს ომის შედეგებს. ბევრნი აღაშფოთა მთავრობის მიერ ორგანიზებულმა ზეიმებმა.
"ჩვენ მხოლოდ ის გვესმის, რომ დამნაშავეა ყველა, ხელისუფლების გარდა" - გვითხრა უსუფაშვილმა. "მათ იმის მტკიცება დაიწყეს, რომ გასული წლის მოვლენებმა შეაჩერა არმიის სრულყოფის პროცესი, რომ ოპოზიციაში ყველა რუსეთის აგენტია. მაგრამ საკუთარ შეცდომებს ვერ ხედავენ - საინტერესოა, ვინ დაარწმუნა პრეზიდენტი, რომ რუსეთი არ გვიპასუხებდა".
არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ ომმა პრეზიდენტი არალეგიტიმური გახადა. "მას აღარ აქვს მთავარსარდლობის მორალური და პოლიტიკური უფლება, ის უნდა გადადგეს" - გვითხრა გამყრელიძემ, რომელიც იანვრის საპრზედინეტო არჩევნებში სააკაშვილის ერთ-ერთი კონკურენტი იყო. დღეს ის ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.
ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი თანაავტორი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ნინო ბურჯანაძე ის პოლტიკოსია, რომელიც სააკაშვილის რეალურ ალტერნატივად შეიძლება განიხილებოდეს. ბურჯანაძემ, რომელიც ამჟამად ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, განაცხადა, რომ ჯერ საკააშვილს საჯაროდ ჯერ ვერ გააკრიტიკებს, მაგრამ ისიც თქვა, რომ წლების მანძილზე აფრთხილებდა მას რუსეთიდან მოსალოდნელ საფრთხზე - მოსკოვი აუცილებლად გამოიყენებდა სამხედრო ძალას, თუ სააკაშვილი სეპარატისტულ რეგიონებში ჯარებს გაგზავნიდა. "მე ყოველთვის ვამბობდი ამას, ეს ბოლო შეხვედრაზეც ვუთხარი, ომამდე რამდენიმე დღით ადრე" - გვითხრა ბურჯანაძემ.
მისთვის დამახასიათებელი თავდაჯერებულობით სააკაშვილმა შეკითხვაზე, შეძლებს თუ არა კრიზისის პოლიტიკური გზებით მოგვარებას, განგვიცხადა "აუცილებლად" .
პრობლემა ბევრია, მაგრამ ადგილობრივი ამომრჩეველი მას უკვე იცნობს, ისევე, როგორც მისი მოკავშირენი დასავლეთში. ამიტომ ბევრს მიაჩნია, რომ სააკაშვილი ამოწურავს თავის მეორე საპრეზიდენტო ვადას, თუმცა შესაძლოა უფრო შეზღუდული უფლებებით.
რონდელს მიაჩნია, რომ სააკაშვილის დარჩენის შანსები ხელისუფლებაში "საკმაოდ მაღალია".
"მე ვფიქრობ, რომ გამოჩნდება პოლიტიკური ძალები, რომლებიც მომენტით სარგებლობას გადაწყვეტენ და მისგან გათავისუფლებას მოინდომებენ, მაგრამ არ მგონია, იმდენად სუსტი პოზიცია ჰქონდეს, როგორც ეს ზოგიერთს ეჩვენება".
სააკაშვილის ზოგიერთი ოპონენტი შიშობს, რომ ნაადრევად დაწყებულმა კრიტიკამ შესაძლოა ხელისუფლებაში მისი დარჩენის შანსები გაზარდოს. "უამრავ ადამიანს ეშინია, რომ ღალატში დასდებენ ბრალს" - გვითხრა ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელმაც ყველაფერი გვიამბო სახელისუფლებო წრეებში მიმდინარე დისკუსიებზე. კაფესთან, რომელსაც "სუკი ჯერ კიდევ გითვალთვალებს" ქვია, მან ტელეფონი მაგიდის მეორე ბოლოს გადადო: "ახლა ყველას ხმა აქვს ჩაწვეტილი და მობილურებს ერიდებიან". ჩინოვნიკმა ისიც გვითხრა, რომ არ ჰგონია სააკაშვილმა ერთ წელიწადზე მეტხანს გაძლოს, მაგრამ იმას, რაც შემდეგ მოხდება, შიშით შესცქერის.
"თუ მას ძალის გამოყენებით გადააყენებენ, მაშინ ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ: გზები, პოლიციის რეფორმა, ევროატლანტიკური კოოპერაცია, ყველაფერს დავკარგავათ. ამიტომ ძალიან ფრთხილად, დელიკატურად, მშვიდად უნდა ვიმოქმედოთ". თუ არადა, ჩვენს ნაცვლად შესაძლოა უფრო ავტორიტარული ხელისუფლება მოვიდეს.
არავის აღარ უნდა კიდევ ერთი რევოლუცია. ხელისუფლების შეცვლის ერთ-ერთი სცენარი ასეთი შეიძლება იყოს, სააკაშვილი დარჩება, მაგრამ შეზღუდული უფლებებით. არიან ისეთებიც, რომელთაც მიაჩნიათ, რომ აშშ-ს მიერ გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარი მთავრობამ თავის უპირობო მხარდაჭერად შეიძლება აღიქვას და ისევ ძველებურად იმოქმედოს.
"უპირობო დახმარება შეცდომა იყო" - გვითხრა გამყრელიძემ, "ეს დახმარება სასამართლო, საკანონმდებლო, საკონსტიტუციო და მედია სივრცის რეფორმებისთვის უნდა გამოყოფილიყო." "მის გამო კინაღამ ახალი "ცივი ომი" ან მესამე მსოფლიო ომი დაიწყო. ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მოკავშირეების ინტერესებში უნდა იყოს, რომ საქართველო დემოკრატიული, პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანა გახდეს”.
No comments:
Post a Comment