Thursday, September 6, 2007

"რუსული რულეტკა" კიევში

newsweek

დიმიტრი ტრენინი
6 სექტემბერი 2008 წელი

იუშენკო უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთთან გაერთიანებას პირდება.

ოთხი წლის წინ უკრაინის "ნარინჯისფერმა რევოლუციამ" მთელი სამყაროს ყურადღება მიიპყრო. სადღესასწაულო განწყობა კარგა ხანია იმედგაცრუებამ შეცვალა: ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება მჩქეფარე, მაგრამ ზედმეტად ქაოტურია. გასული თვის ბოლოს კიევის პოლიტიკური თეატრი ახალმა სკანდალმა შეაზანზარა - პრეზიდენტის ოფისმა პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო "ნარინჯისფერი რევოლუციის" პრინცესა, რომელიც დღესაც ფორმალურად იუშენკოს მოკავშირედ ითვლება, ოფიციალურად დაადანაშაულა სახელმწიფო ღალატში და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება სთხოვა. პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს კრემლის აგენტობაში სდებდა ბრალს. რეზულტატი: ქაოსი პარლამენტში, მმართველი კოალიციის დაშლა და ახალი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საფრთხე, თუმცა ასეთივე არჩევნები სულ რაღაც ერთი წლის წინ ჩატარდა.

ქაოსის ახალი ტალღა იმ განხეთქილებას ასახავს, რომელიც უკრაინაში დიდი ხანია არსებობს. ამ დაპირისპირებამ საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ ავანსცენაზე გადმოინაცვლა. როგორც გაზეთი "სეგოდნია" იუწყება, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ შემდეგი სურათი გამოავლინა: დასავლეთ უკრაინის მოსახლეობის 51 პროცენტი თბილისს უთანაგრძნობს, ხოლო აღმოსავლეთ უკრაინის 56 პროცენტი - მოსკოვს. პარლამენტში სანამ ერთი ფრაქციის წევრი ამაყად აღმართავდა საქართველოს დროშას, მეორე ფრაქციის ლიდერი აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვდა. ასეთი კონტრასტები გასაკვირი სულაც არაა მშფოთვარე ქვეყნისთვის, სადაც სამი დამოუკიდებელი მართლმადიდებლური ეკლესიაა და კიდევ ერთი ბერძნული, რომელიც მხოლოდ თავისი წინამძღოლის ავტორიტეტს აღიარებს. გასაგებია, რომ კრიზისმა კავკასიაში აქ ისეთი რყევები გამოიწვია, რომელთაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება მოყვეს.

ამომრჩეველთა ორი მესამედი ქვეყნის აღმოსავლეთში, დასავლეთსა, თუ ცენტრში, მათი პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის მიუხედავად ევროკავშირში შესვლის, მაგრამ ამავე დროს, რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების მომხრეა. ნატოში გაერთიანება რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის პერსპექტივას ეჭვქვეშ აყენებს. ტიმოშენკო ამას გრძნობს და, როგორც ჩანს, მსგავს პოზიციას იზიარებს. თუმცა ოდესღაც ამერიკულ ჟურნალში (Foreign Affairs) გამოქვეყნებულ სტატიაში რუსეთთან შეკავების პოლიტიკის გატარებას ითხოვდა. უფრო მოგვიანებით, ხელი მოაწერა პეტიციას უკრაინის ნატოში გაწევრიანების თაობაზე. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ის პრაგმატისტია, კარგად იცნობს თავისი ქვეყნის ურთულეს სოციოპოლიტიკურ ლანდშაფტს და გარემომცველი სამყაროს თავისებურებებს.

ტიმოშენკოს საპარლამენტო ბლოკის დაშლის ფონზე, უკვე არაპოპულარული პრეზიდენტი, 2010 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და თავის კამპანიას ერთი მოწოდების გარშემო აგებს: ის უკრაინელ ხალხს დასავლეთთან რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებას პირდება.

24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, იუშენკომ კიევის მთავარ ქუჩაზე სამხედრო აღლუმი ჩაიბარა. სწორედ მაშინ თქვა, რომ უკრაინა ვერ დაადგება ნეიტრალიტეტის გზას. შემდეგ ყირიმის პრობლემას შეეხო, მკაცრად შეაფასა იქ შექმნილი ვითარება. საქმე ისაა, რომ ყირიმში სევასტოპოლში, უკრაინული და რუსული ფლოტები ერთ პორტს იყოფენ. აქედან, სევასტოპოლიდან წამოვიდნენ რუსული სამხედრო გემები საქართველოსკენ. იუშენკომ მაშინ მწვავედ ირეაგირა და კრემლს თავისი პირობები წაუყენა: რუსულმა ფლოტმა უნდა აცნობოს უკრაინის ხელისუფლებას თავისი გადაადგილების მიზეზები, საზღვრის გადალახვამდე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ბორტზე არსებული შეიარაღების შესახებ და ა.შ. როგორ შეიძლება ერაგირა კრემლს? - მხოლოდ სიმბოლური დათმობებით. გასაგები იყო, რომ რუსული კრეისერები საბაჟო კონტროლის გავლაზე უარს იტყოდნენ. ვითარება დაიძაბა, წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ პატარა უკრაინულ გემს დიდი რუსული კრეისერი დაუპირისპირდებოდა.

საერთოდ, აქ ამ სანაპიროზე ფეთქებადსაშიში ბევრი რამაა: შავი ზღვის ფლოტის საკითხი გადაუწყვეტელია, უკრაინელი ნაციონალისტები რუსი ვეტერანების (რომლებიც განუწყვეტლივ იმეორებენ, რომ სევასტოპოლი რუსი მეზღვაურების ქალაქია) პირისპირ, ცხარე, მაგრამ ჯერჯერობით მშვიდობიან დაპირისპირებაში დგანან. ორივე გულს ხმამაღალი წამოძახილებით და მარშებით იჯერებს. არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი - ყირიმელი თათრები. ოდესღაც ამ ტერიტორიას ისინი ფლობდნენ. მერე ყირიმი რუსეთმა დაიპყრო. მოგვიანებით, სტალინმა ყირიმელი თათრები ცენტრალურ აზიაში გადაასახლა. ცხადია, რომ უკან დაბრუნების შემდეგ მათ საკუთარ ტერიტორიაზე პრეტენზიების წამოყენება დაიწყეს. არადა, მიდამო უკვე ისედაც მჭიდროდაა დასახლებული. თუ ამდენ დაპირისპირებულ მხარეს შორის შეტაკება მართლაც მოხდა, კიევმა საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადოს და ყირიმში ჯარები გაგზავნოს, რაც რუსეთის მომხრეებს უკრაინიდან გამოყოფის საბაბს მისცემს.

ყველაფერი მართლაც ამ სცენარის მიხედვით თუ წარიმართა, ქართული კრიზისი აღარაფრად მოგვეჩვენება. მათთვის, ვისაც უკრაინის ნატოში შეყვანა უნდა, საქართველოს კრიზისი უკრაინის ალიანსში სწრაფი გაერთიანების დამატებითი არგუმენტია. ისინი პროდასავლურ უკრაინას ნეოიმპერიალისტური რუსეთის წინააღმდეგ აღმართულ უმნიშვნელოვანეს ბასტიონად განიხილავენ. კრემლისთვის ქართული კრიზისი საპირიპირო მნიშვნელობისაა: ამერიკამ უნდა დაინახოს, როგორ განვითარდება მოვლენები, თუ ის კრემლის პროვოცირებას განიზრახავს და რუსეთის პატარა, არასტაბილურ მეზობლებს მოსკოვთან ომისკენ უბიძგებს. უკრაინა ამ ორი თვალსაზრისის გადაკვეთაზე აღმოჩნდა. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყნის შიგნით არსებულ მწვავე პრობლემებს, რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებაც დაემატა.

თუ უკრაინაში კრიზისი იფეთქებს, ის ევროპული მასშტაბის იქნება. იუშენკომ არ უნდა დაუშვას მის ქვეყანაში "რუსული რულეტკის" გათამაშება. ამერიკის, ევროპის, რუსეთის და, რა თქმა უნდა, უკრაინის ყველა საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი ერთ რამეზე უნდა შეთანხმდეს: უკრაინას მშვიდობა და ერთიანობა სჭირდება.

საქართველოს მაგალითის იგნორირება არ შეიძლება.

ორიგინალი

No comments: