Wednesday, July 16, 2008

რუსეთის მომავალი ომი საქართველოსთან

logo_jamestown 
პაველ ფელგენაუერი
16 თებერვალი 2009

ექვსი თვის შემდეგ, რაც საფრანგეთის სამშვიდობო შეთანხმებამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი დაასრულა, მშვიდობა ჯერ კიდევ მყიფეა და ინცდენტებიც მუდმივად გრძელდება, რასაც ორივე მხარე ”პროვოკაციებს” უწოდებს.

გასულ თვეში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველომ მათი საზღვრებისკენ არმია დაძრა (რია-ნოვოსტი, 9 იანვარი). ამ კვირაში, სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ ისევ დაადანაშაულა საქართველო ”აგრესიის დაწყებისთვის მზადებაში,” სამხრეთ ოსეთის დედაქალაქთან, ცხინვალთან ორი RPG-7 აფეთქებასა და ევროკავშირის დამკვირვებლებს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის ხაზს ქართული მხრიდან აკონტროლებენ, ბრალი იმაში დასდო, რომ ისინი ქართველების სამხედრო მზადებაზე თვალს ხუჭავენ.

26 იანვარს თბილისმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ის შეზღუდავს სამხედრო ძალების რაოდენობას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ბატალიონით (500 კაცი) და მთლიანად გამოიყვანს მძიმე შეიარაღებას. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ამ შეთანხმებას ფიქციას უწოდებს, რომლითაც ”აგრესიისთვის მზადება” იფარება (ინტერფაქსი, 9 თებერვალი).

ევროკავშირის მონიტორებმა განაცხადეს, რომ მათ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ქართული არმიის კონცენტრაციის ან სამხედრო ქმედებებისთვის მზადების დამადასტურებელ ფაქტებს ვერ მიაკვლიეს. მისიამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ის გამოიძიებს სამხრეთ ოსეთის ბრალდებებს ქართული მხარის მიერ ცხინვალთან მოწყობილ აფეთქებებზე, თუკი მას ქალაქთან მისვლის საშუალებას მისცემენ (ნოვოსტი-გრუზია, 11 თებერვალი).

ამ კვირაში სამხრეთ ოსეთის პოლიციამ ეუთოს ორი დამკვირვებელი დააკავა ”სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის უკანონო გადაკვეთისთვის” და ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მხოლოდ სამი საათის შემდეგ გამოყარა. ეუთომ პროტესტი გამოთქვა, რომ ინციდენტი ”შეურაცჰყოფს და აკნინებს დამკვირვებლების დიპლომატიურ სტატუსს.” თბილისმა ინციდენტს ”პროვოკაცია” უწოდა.

სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ეუთოს და ევროკავშირის დამკვირვებლებს ბრალს დებს, რომ ისინი ქართველებს ემხრობიან და ”სისტემატიურად არღვევენ სამხრეთ ოსეთის საზღვარს, რითაც რეგიონში სიტუაციას ძაბავენ.” შარშანდელი აგვისტოს შემდეგ, უცხოელ დამკვირვებლებს სამხრეთ ოსეთში არ უშვებენ. ცხინვალის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ისინი ეუთოს მისიის დაბრუნებაზე იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუკი ორგანიზაცია სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს (ინტერფაქსი, 11 თებერვალი).

1991-92 წლებში თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებასთან ომის და საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი, გეოგრაფიულად და ეკონომიკურად მაინც საქართველოს ნაწილი იყო. საზღვარი გახსნილი იყო და ვაჭრობაც მიმდინარეობდა. სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ოსები და ქართველები შემოსავალს ოსეთიდან რუსეთისკენ მიმავალი სატრანზიტო კონტრაბანდული ტვირთის ვაჭრობით შოულობდნენ. ახლა ეს ტრანზიტი მკვდარია და გამოფიტული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, საიდანაც ეთნიკური ქართველები გამოყარეს, ახლა მხოლოდ ცალკეული დახმარებების ამარაღა დარჩა. ერთადერთი მთიანი გზა, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთთან აკავშირებს, ზამთარში თოვლის გამო როგორც წესი კვირეების განმავლობაში იკეტება (რია-ნოვოსტი, 7 იანვარი).

სამხრეთ ოსეთი, რომელიც იზოლირებულია იმის გამოც, რომ მის ”დამოუკიდებლობას” საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს, კრიზისშია. ამითაც შეიძლება აიხსნას ის აგრესიული განცხადებები, რომლებიც ცხინვალიდან მუდმივად გაისმის: სამხედრო კონფრონტაცია შესაძლოა ერთადერთი გზა იყოს, რომ ბოლო მოეღოს იმ მიუღებელ სტატუს-ქვოს, რომელიც 12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ დამყარდა.

სეპარატისტების საბრძოლო განცხადებებს მოსკოვი აქტიურად უჭერს მხარს, მას სტატუს-ქვოს გადახედვისთვის საკუთარი მიზეზები აქვს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, ”რუსეთი შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საზღვართან საქართველოს ჯარების კონცენტრაციით” (რია-ნოვოსტი, 16 იანავარი). ევროკავშირის მტკიცებას, რომ ”ჯარების კონცენტრაციას” ადგილი არ აქვს, არავინ ისმენს. ამ კვირაში, რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში ასევე განაცხადა ”ქართველები არმიის და მძიმე შეიარაღების კონცენტრაციას ახდენენ, ისინი ახალ ბაზებსა და საკონტროლო პუნქტებს აგებენ.” აზიმოვმა ევროკავშირის დამკვირვებლები დაადანაშაულა, რომ ისინი უშედეგოდ და უკანონოდ ცდილობენ მათი ოპერაციის გავრცელებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე” (რია-ნოვოსტი, 11 თებერვალი).

გასულ აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ, სომხეთში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რუსული ბაზა სამხედრო სატრანზიტო კავშირების გარეშე დატოვა. რუსი სამხედროების რაოდენობა სომხეთში 4 000 შეადგენს, მაგრამ 2006 და 2007 წლის განმავლობაში კიდევ ერთი შეთანხმების თანახმად თბილისთან, აქ შემოყვანილ იქნა ბათუმისა და ახალქალაქის (საქართველო) ბაზებიდან მძიმე შეიარაღების და ტექნიკის დიდი ნაწილი. დღეისთვის, სომხეთში დაახლოებით 200 რუსული ტანკი, 300-ზე მეტი საბრძოლო ჯავშანმანქანა, 250 მძიმე ქვემეხი და სხვა უამრავი სამხედრო ტექნიკაა - საკმარისი შეიარაღება 20 000 სამხედროს სრული აღჭურვისთვის (”ნეზავისიმოე ვოენნოე ობოზრენიე”, 2004 წლის 20 აგვისტო).

სომხეთში ძალების სწრაფი გაზრდა შესაძლებელია იქ რუსეთიდან საჰაერო ტრანსპორტით ცოცხალი ძალის გადასროლით. შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა ასევე ჰაერიდანაც შეიძლება, მაგრამ თუკი სამხედრო-სახმელეთო სატრანზიტო გზა ერთი ან ორი წლის განმავლობაში გაუქმებულია, შეუძლებელი ხდება ტექნიკის განახლებაც და მოდერნიზაციაც. მოხდება ძალების დეგრადაცია, რაც საფრთხეს შეუქმნის ერთი მხრივ, რუსეთის ვალდებულებებს დაიცვას მისი მოკავშირე სომხეთი და მეორე მხრივ, მოსკოვის ამბიციებს აზარალებს - აღადგინოს გავლენა სამხრეთ კავკასიაში.

აზერბაიჯანმა რუსეთი იმაში დაადანაშაულა, რომ ამ უკანასკნელმა მისი ბაზებიდან სომხეთს შეიარაღება გადასცა: მათ სორის, 21 ტანკი, 44 CAVs, 30 ქვემეხი და სხვა სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა (www.bakililar.az, 10 იანვარი). რუსეთმა უარყო ბრალდება, მაგრამ აზერბაიჯანმა ის არ მიიღო (ინტერფაქსი, 20 იანვარი). ნათელია, რომ აზერბაიჯანი სომხეთში სამხედრო ტრანზიტს არ დათანხმდება, ისევე როგორც საქართველო, თუკი რუსეთი ამისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე სერიოზულ დათმობაზე არ წავა.

ვიდრე კავკასიონზე თოვლია, ეს კი მაისამდე შეიძლება გაგრძელდეს, საქართველოსთან ომის განახლება წარმოუდგენელია. მოსკოვს იმედი აქვს, რომ მანამდე ქართული ოპოზიცია სააკაშვილს გადააყენებს, ან მას როგორმე ობამას ადმინისტრაცია მოიშორებს. თუმცა, თუკი მაისისთვის სააკაშვილი კვლავ ხელისუფლებაში იქნება, მის გასაგდებად რუსეთთან სამხედრო შეტაკება შესაძლოა რეალობად იქცეს.

სამშვიდობო შეთანხმების გახშირებულმა დარღვევამ, პროცესში შეიძლება რუსი მოსამსახურეების ჩართვა გამოიწვიოს. დასავლეთის სურვილი, ქართული საკითხის გვერდზე გადადებით მოსკოვთან ურთიერთობა აღადგინოს, შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც გაუცნობიერებელი თანხმობა რუსეთის უფლებაზე სამხედრო ძალა გამოიყენოს.

ორიგინალი

No comments: