Wednesday, May 14, 2008

ბრძოლის შემდეგ

guardian

კონორ ფოლი
14 დეკემბერი 2008

ევროპის კავშირის ”რბილი ძალა” საქართველოს მომავლისთვის საუკეთესოა

მისთვის, ვინც სამყაროს მანიქევლობის ტერმინებში აღიქვამს, საქართველოსა და რუსეთს შორის გასული აგვისტოს ხანმოკლე, მაგრამ საზარელი ომი ახალი გლობალური იდეოლოგიური ბრძოლის ველის წინა ხაზი იყო.

უკვე სექტემბერში, რესპუბლიკელთა ყრილობაზე სარა პეილინმა ბარაკ ობამას იმაში დასდო ბრალი, რომ ის მყისიერად არ შეპირდა უპირობო მხარდაჭერას საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

დევიდ კამერუნმა სელფრიჯის მაღაზიებს მოუწოდა არაფერი მიეყიდათ რუსი მომხმარებლისთვის, ხოლო დევიდ მილიბენდმა თავისი პარტნიორები ნატოში გააოცა, როდესაც გამოაცხადა, რომ შეხვედრაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ კიდევ ნაბიჯი გადაიდგა, არადა შეხვედრის დანარჩენი მონაწილენი ამბობდნენ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.

ახლა უკვე გაირკვა, რომ ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი ზედმეტად მიმნდობი აღმოჩნდა, როდესაც ომის დაწყების ქართული ვერსია სარწმუნოდ მიიღო და ამით საკუთარ რეპუტაციას ზიანი მიაყენა. სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, ცხინვალზე საქართველოს მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი შეტევა, შვიდი აგვისტოს ღამით, ოსური შეიარაღებული რაზმების მიერ არ იყო პროვოცირებული. სააკაშვილი აცხადებდა, რომ მისმა ჯარმა რუსეთის აგრესიას უპასუხა, რაც სატელიტის მონაცემებით არ დასტურდება. როგორც ჩანს, მისმა შეიარაღებულმა ჯარებმა წამოიწყეს ის, რასაც ”პრევენციული შეტევა” შეიძლება ეწოდოს და რომლის დროსაც გრადის დანადგარებიდან ცეცხლს განურჩევლად ხსნიდნენ და რის შედეგადაც 100-ზე მეტი ოსი მოქალაქე დაიღუპა.

ის, რომ ამ დროს ქართულ არმიაში 130 ამერიკელი სამხედრო მრჩეველი იმყოფებოდა, რომელთაც უნდა სცოდნოდათ და უნდა მოეხსენებინათ შეტევის შესახებ, დამატებით კითხვებს აჩენს - რატომ დაუშვა აშშ-ს მთავრობამ მოვლენათა ასეთი განვითარება. იქნებ მათ, როგორც ამას დონალდ რეიფილდი ვარაუდობს Open Democracy article-ში, უბრალოდ ”ცინიკურად აინტერესებდათ”, უპასუხებდა, თუ არა რუსეთი? ან იქნებ ბუშის ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ ომი სენატორ მაკკეინის საარჩევნო შანსებს გაზრდიდა?

სანამ ამ კითხვებზე პასუხებს მოვიძიებთ, არ უნდა მიგვავიწყდეს რუსეთის მთავრობის საშინელი დანაშაულიც - ის საკუთარი ცინიკური მიზნების მისაღწევად 1992 წლიდან აგულიანებდა და მხარს უჭერდა სეპარატისტ აფხაზებსა და ოსებს. რუსეთის ”ჰუმანიტარული ინტერვენციის” შედეგად საქართველოს ეკონომიკური ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად განადგურდა, ხოლო რაიონები, რომლებიც სადავო რეგიონების საზღვრებთანაა განლაგებული ძარცვის, ძალადობის, მკვლელობების, დაშინების სივრცეებად გარდაიქმნა, რაც აშკარად გაცხადებულ ”ეთნიკურ წმენდას” ისახავდა მიზნად.

ყველასთვის ნათელია, რომ რუსები ამ ომისთვის ინტენსიურად ემზადებოდნენ და შესაძლოა ოსი პარტნიორების მეშვეობით სააკაშვილის პროვოცირებას ახდნენ. ისიც თავისი ავბედითი გადაწყვეტილებით მათ პირდაპირ ხელში ჩაუვარდა.

ამ სტატიას მცხეთაში ვწერ, ახლად შექმნილი საერთაშორისო საზღვრიდან სულ რამდენიმე მილის მოშორებით, სადაც ევროპის კავშირის მეთვალყურეებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ტრეინინგს ვუტარებ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ შეთხზული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მოსკოვის გარდა მხოლოდ ჰამასმა და დანიელ ორტეგამ აღიარეს, ქართველი პოლტიკოსების მიერ ბევრჯერ განმეორებული დაპირება, რომ ”მომავალ ახალ წელს ცხინვალში” შეხვდებიან, საბოლოოდ გაცამტვერდა. ქართველებმა ეს ორი ტერიტორია, ალბათ, სამუდამოდ დაკარგეს, ხოლო მისი ჩრდილოელი მეზობელის აგრესიული კაპრიზების პირისპირ ახლა უფრო მოწყვლადნი აღმოჩნდნენ, ვიდრე ოდესმე.

ეკონომიკურ კრახს, რომელიც საქართველომ განიცადა, დასავლეთის გასაოცრად დიდი პროგრამები აღადგენს, მაგრამ კონფლიქტის გამო კერძო ინვესტორები დაფრთხნენ. სწორედ ამას ექნება განსაკუთრებულად ნეგატიური გავლენა სარკინიგზო კავშირებისა და ნავთობსადენების განვითარების პერსპექტივებზე.

საქართველო საკმაოდ ცივ საერთაშორისო გარემოში აღმოჩნდა. მილიბენდის განცხადებების მიუხედავად, ნატოში გაწევრიანების სამომავლო გეგმები ასე, თუ ისე შეჩერებულია. რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის ეფექტურად განხორციელებული ანექსია შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ოსებსა და ინგუშებს შორის არსებულ სერიოზულ კონფლიქტზე.

გარდა ამისა, საქართველოში სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობის გამო უკმაყოფილება მწიფდება. კრიზისების საერთაშორისო ჯგუფმა აღნიშნა, რომ ისეთი რეფორმების მიმართულებით, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლებაზე შეზღუდვების მოხსნა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება და კორუფციის დაძლევა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა. სააკაშვილი ოპოზიციის განხეთქილებითა და რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული აღშფოთებით სარგებლობს, მაგრამ მისმა პოლიტიკურმა იმპულსურობამ ქვეყანას მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა.

საქართველოსთვის, ახლა უფრო, ვიდრე ოდესმე, გრძელვადიანი პერსპექტივის მომტანი ევროპის კავშირთან მჭიდრო ურთიერთობა შეიძლება გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარი მათ ბევრ რაიონში შესვლის ნებას არ აძლევს, ევროკავშირის მეთვალყურეები მყიფე მშვიდობის ყველაზე ხილული გარანტორები არიან; ევროკავშირი ითმაშებს საკვანძო როლს იმაშიც, რომ დასავლური დახმარების პროგრამები ტრანსპარენტულად დაიხარჯება და რეფორმებსა და დემოკრატიის განმტკიცებას მოხმარდება.

ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივამ საქართველოს ხელისუფლება და მისი უშუალო მეზობლები იმაში უნდა დაარწმუნოს, რომ თანამშრომლობით უფრო მეტს მოიგებენ, ვიდრე კონფლიქტით. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომმა ამგვარ იმედებს სასტიკი დარტყმა მიაყენა, მაგრამ, ამავე დროს, მან შესაძლოა არსებულ რეალურ ალტერნატივებზე კონცენტრირებას შეუწყოს ხელი. თუ ევროკავშირი თავის ”რბილ ძალას” ჭკვიანურად გამოიყენებს, მას შეუძლია მსოფლიოში ამ ყველაზე არამდგრად და ფეთქებად რეგიონთან მიმართებაში კონსტრუქციული მიდგომების საფუძველი შექმნას.

ორიგინალი

No comments: