Monday, June 23, 2008

საქართველოს და რუსეთს ბრალი ედებათ ”სამხედრო დანაშაულებებში”

europianvoice

რიკარდ ჯოზვიაკი
23 იანავრი 2009

უფლებადამცველების რაპორტში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონფლიქტში ჩართულმა ყველა მხარემ დაარღვია ადამიანის უფლებები და ვერ შეძლო დანაშაულებათა გამოძიება.

Human Rights Watch -ის დღეს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, ორივე შეიარაღებულმა ძალამ, რუსულმაც და ქართულმაც ჩაიდინა სამხედრო დანაშაულებანი იმ კონფლიქტის დროს, რომელიც ორ ქვეყანას გასულ აგვისტოს ჰქონდა.

ანგარიშში აგრეთვე წამოჭრილია ბრალდებები სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ძალების წინააღმდეგ. სწორედ სამხრეთ ოსეთის დასაცავად ჩაერთო რუსეთი კონფლიქტში.

ამერიკულმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ორივე, რუსეთიც და საქართველოც პასუხისმგებელია ძალის განურჩეველი და არაპროპორციული გამოყენების გამო. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ სივრცეებში განახორციელეს ინტენსიური შეტევა სარაკეტო სისტემის გამოყენებით, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოყვა. რაკეტები, გრადის დანადგარები გამოიყენა რუსულმა არმიამაც. Human Rights Watch-ის თანახმად, რუსულმა ჯარმა განურჩევლად გამოიყენა საჰაერო, საარტილერიო და სატანკო შენაერთები, რის შედეგადაც დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.

ორივე ქვეყანამ ასევე გამოიყენა კასეტური იარაღი, რის შედეგადაც რამდენიმე არეალში დარჩა აუფეთქებელი ნაღმები. არც საქართველოს და არც რუსეთს არ მოუწერია ხელი კასეტური იარაღის კონვენციაზე.

ანგარიშში, რომელიც დაეფუძნა რამდენიმე თვის საველე კვლევებს და 460-ზე მეტ ინტერვიუს, ასევე წარმოდგენილია დოკუმენტები იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები გამიზნულად და სისტემატურად არბევდნენ ეთნიკური ქართველების სოფლებს სამხრეთ ოსეთში.

HRW-მა აღნიშნა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა რეგიონში. ”მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ნაცვლად, რუსულმა ჯარმა ნება დართო სამხრეთ ოსეთის შენაერთებს, რომლებიც მათ უკან მიყვებოდნენ, ეძარცვათ, გადაეწვათ ქართველთა სახლები, დაეხოცათ, ეცემათ, გაეუპატიურებინათ და დაეშინებინათ მშვიდობიანი მოქალაქეები” - ნათქვამია რეჩელ დენბერის, ჯგუფის ევროპისა და ცენრალური აზიის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებაში.

”ასეთი გამიზნული თავდასხმები სამხედრო დანაშაულებებს მიეკუთვნება და თუ მას ფართოდ გავრცელებული, სისტემატური ხასიათი ჰქონდა, ის შესაძლოა განვიხილოთ, როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ” - დაასკვნა მან.

რაპორტში ნათქვამია: ”სასწრაფოდ უნდა მოეთხოვოს პასუხი ყველა პასუხისმგებელ პირს და იძულებით გადაადგილებულ პირებს მიეცეთ შინ უსაფრთხოდ დაბრუნების შესაძლებლობა”.

HRW'-ს მკვლევარის, გიორგი გოგიას განცხადების თანახმად, არც ერთ მხარეს არ გაუწვია ძალისხმევა ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოსაძიებლად.

როგორც ჩანს, 20 000 ეთნიკური ქართველის, რომლებმაც თავი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს შეაფარეს, შინ, სამხრეთ ოსეთში დაბრუნების პერსპექტივაც არ ჩანს.

ადგილზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთის ეთნიკურად ქართულ ანკლავში, ახალგორის რეგიონში, რომელსაც მოცემულ მომენტში რუსული ჯარი აკონტროლებს. ”მცხოვრებლები ძალიან ღელავენ დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის დახურვის შესაძლებლობის გამო”-განაცხადა გოგიამ. არსებობს მონაცემები, რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული რაზმები ომის დასრულების შემდეგ კიდევ დიდხანს სდევნიდნენ ადგილობრივ მოსახლეობას .

ორიგინალი

No comments: