Monday, June 23, 2008

სააკაშვილმა სატელევიზიო შოუში ”სასტიკი მტერი”, პუტინი გააკრიტიკა

afp_logo

23 იანვარი 2009

თბილისი - პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარასკევს, სატელევიზიო შოუში, რომელიც უცნაურად წააგავდა რუსი პრემიერ-მინისტრის ასეთსავე პირდაპირ სატელევიზიო სატელეფონო სეანსებს, ვლადიმერ პუტინს საქართველოს ”სასტიკი მტერი ” უწოდა.

”საქართველოს შაჰ აბასის შემდეგ ისეთი სასტიკი მტერი არ ჰყოლია, როგორიც ვლადიმერ პუტინია” - განაცხადა სააკაშვილმა მე-17 საუკუნის სპარსეთის  მმართველის მისამართით, რომელიც საქართველოში იმითაა ცნობილი, რომ ბევრჯერ დალაშქრა ქვეყანა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთს აგვისტოში, სამხრეთ ოსეთის გამო ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ხანმოკლე ომის დროს, ქართული სახელმწიფოს განადგურება უნდოდა.

”ჩვენმა მტერმა ვერ მიაღწია თავის მიზანს გაენადგურებინა საქართველო, როგორც სახელმწიფო” - თქვა მან - ”როდესაც საქართველოს სახელმწიფო გაძლიერდება, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას”.

მიუხედავად ამისა, სააკაშვილი, როგორც ჩანს, პუტინის კვალს გაყვა, როდესაც საქართველოს მოსახლეობასთან პირდაპირ ეთერში თავისი პირველი სატელევიზიო კითხვა-პასუხის სეანსი ჩაატარა.

პუტინი, რუსეთის პრეზიდენტის სტატუსში, ასეთსავე სეანსებს აწყობდა და განგრძო ეს პრაქტიკა, როდესაც გასულ წელს პრემიერ-მინისტრი გახდა, იმ შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ ის არის რუსეთის რეალური ლიდერი მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლება კრემლში უკვე დიმიტრი მედვედევმა გადაიბარა.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის არ ელის ცვლილებებს საქართველოსადმი აშშ-ს მხარდაჭერის ინტენსივობასთან დაკავშირებით ახლა, როდესაც ოფისი პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაიკავა. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მმართველობისას ვაშინგტონი საქართველოს უძლიერეს მხარდამჭერთა შორის იყო და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას უხვად აწვდიდა.

”მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი აშშ-საქართველოს მომავალ ურთიერთობებთან დაკავშირებით” - განაცხადა სააკაშვილმა.

შეკითხვების უმეტესობა დაისვა საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით,  რომელიც ორმაგი საფრთხის პირისპირ აღმოჩნდა: გლობალური ეკონომიკური კრიზისი და დაძაბული ურთიერთობა მოსკოვთან, ოდესღაც საქართველოს წამყვან სავაჭრო პარტნიორთან.

სააკაშვილს ეკონომიკასთან დაკავშირებით ქართველების დამშვიდება უნდოდა, როდესაც განაცხადა, რომ მილიარდობით დოლარის დასავლური დახმარება ხელს შეუწყობს ქართული ეკონომიკის შენარჩუნებას.

მან კვლავ უარყო ოპოზიციის მოწოდებები მისი გადადგომის შესახებ. ოპოზიცია სააკაშვილს რუსეთთან ომში მარცხის გამო ადანაშაულებს.

”მსოფლიო (ეკონომიკური) კრიზისის ფონზე... ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ქვეყანას წლებით დასწევს უკან” - განაცხადა სააკაშვილმა.

რუსეთმა აგვისტოს დასაწყისში საქართველოში ჯარები იმისთვის გააგზავნა, რომ მოეგერებინა  სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალით დაბრუნების ქართველთა მცდელობა.სამხრეთ ოსეთს მოსკოვი წლების განმავლობაში ყოველმხრივ უჭერდა მხარს.

მოგვიანებით, ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული სამშვიდობო შეთანხმების პირობებების თანახმად, რუსულმა ჯარებმა სამხრეთ ოსეთისა და და მეორე მეამბოხე რეგიონის, აფხაზეთის ტერიტორიებზე დაიხიეს. მოსკოვმა ორივე რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.

ორიგინალი

No comments: