Monday, June 9, 2008

აშშ-მ და საქართველომ პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი

voiceof america

დევიდ გოლუტსი
9 იანვარი 2009

შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ პარასკევს მოაწერეს ხელი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც თავდაცვის, ვაჭრობის, ენერგეტიკულ და სხვა სხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას ისახავს მიზნად. სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა, კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და სხვა დასავლურ სტრუქტურებში.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ქარტია არ წარმოადგენს ორმხრივ თავდაცვით ხელშეკრულებას, მაგრამ დასძინეს, რომ ის რუსეთთან გასული აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკის მიერ კავკასიური ქვეყნის მხარდაჭერის სრულიად აშკარაა გამოხატულებაა.

ქარტია  ქვეყნების კოოპერაციას ორმხრივი ურთიერთობების მთელ რიგ საკითხებში გეგმავს, მათ შორისაა აშშ-ს დახმარება საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი ნატოში გასაწევრიანებლად.

გასულ ზაფხულს მას შემდეგ, რაც თბილისის ხელისუფლებამ სეპარატისტულ რეგიონზე, სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენა ძალის გამოყენებით სცადა, რუსეთი საქართველოში შეიჭრა. კონფლიქტის შემდეგ რუსული ჯარი დარჩა სამხრეთ ოსეთსა და მეორე სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, ხოლო მოსკოვმა მოგვიანებით ორივეს დამოუკიდებლობა ნომინალურად აღიარა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მნისტრთან, გრიგოლ ვაშაძესთან ქარტიის ხელმოწერის ცერემონიაზე სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ აშშ მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

”ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს და ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მის მისწრაფებას” - განაცხადა რაისმა - ”საქართველოს ნატოში ინტეგრაცია დამოკიდებული იქნება ქართველთა სურვილზე და საქართველოს უნარზე შეესაბამებოდეს ნატოს სტანდარტებს”.

გასული წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოს ლიდერებმა დაადასტურეს საქართველოსა და უკრაინის ნატოში საბოლოო გაწევრიანებისადმი მათი თანხმობა, მაგრამ აშშ-ს მცდელობა მიენიჭებინა ორი ქვეყნისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, უშედეგოდ დასრულდა, რადგან ალიანსის წევრები შეშფოთებულნი იყვნენ რუსეთის რეაქციის გამო.

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ, ნატოს საგარეო საქმეთა მნისტრები კიდევ ერთხელ პრინციპულად დაეთანხმნენ ამ ქვეყნების გაწევრიანებას, მაგრამ უკვე არსებული სტრუქტურების მეშვეობით. ხელმოწერის ცერემონიაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ  შეერთებულ შტატებთან დადებული ქარტია ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტის როლს შეასრულებს.

”ამას ესწრაფვის ქართველი ხალხი, ეს გზა მიიყვანს საქართველოს ევრო -ატლანტიკური სტრუქტურებისკენ, ნატოში გაწევრიანებისკენ და დააბრუნებს მას დასავლეთის ცივილიზებული ქვეყნების ოჯახში” - განაცხადა მან - ”ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ამ დღეს მოვესწარით და ძალიან გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ მადლობელი ვართ იმისთვის, რასაც შეერთებული შტატები ჩვენთვის აკეთებს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ეს დოკუმენტი საქართველოს არა მხოლოდ უფლებებით აღჭურვავს, არამედ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე მოკავშირეს აკისრებს ვალდებულებებს შექმნას დემოკრატიული, ღია და ლიბერალური საზოგადოება”.

სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა ევროპის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ, რომელიც ბუშის ადმინისტრაციაში კავკასიის საქმეებს განაგებს, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დიპლომატიური გზებით წინ აღუდგება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდგომ მცდელობებს.

ბრაიზამ განაცხადა, რომ რუსეთის მაგალითს მხოლოდ ნიკარაგუამ და პალესტინურმა რადიკალურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა მიბაძა და ორი თვითგამოცხადებული ტერიტორია დამოუკიდებლად სცნო. მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ რუსეთი საბოლოოდ გააცნობიერებს ჩადენილ შეცდომას.

”პერსპექტივა იმაში მდგომარეობს, რომ დიპლომატიური ბრძოლის მეთოდით, ჟენევის პროცესის მეშვეობით და უფრო ფართოდაც, ყველა ჩვენი კონტაქტით რუსეთთან, დავანახოთ მას, რომ თავისსავე პოლიტიკურ კურსზე უარის თქმით, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას გულისხმობდა, რუსეთმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო” - განაცხადა ბრაიზამ.

ბრაიზამ ივარაუდა, რომ დროთა განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური, დემოკრატიული მიღწევები და პოლიტიკური უპირატესობა სეპარატისტული რეგიონებისათვის თბილისის ხელისუფლებას მისაღებს გახდის.

ორიგინალი

No comments: