მარკ ჯონი
9 დეკემბერი 2009
პრაღა (Reuters)- ჩეხეთის რესპუბლიკა, ყოფილი ვარშავის პაქტის პირველი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის პრეზიდენტობა და ევროპის საქმეებზე პასუხისმგებლობა დაევალა, ორმაგი გამოცდის პირისპირ აღმოჩნდა, ესენია ღაზას კონფლიქტი და ევროპისათვის გაზის მიწოდებთან დაკავშირებული პრობლემები.
ღაზაში სამშვიდო შეთანხმებასთან დაკავშირებით უფრო მნიშვნელოვანი ევროპელი დიპლომატიური მოთამაშეებით დაჩრდილული პრაღა თავისი ავტორიტეტის განმტკიცებას რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის გამო წარმოქმნილი დაპირისპირების დასრულების მეშვეობით ცდილობს. ამ დაპირისპირებამ ხომ ასობით ათასი ევროპელი გაზის გარეშე დატოვა და საწარმოების ფუნქციონირების შეჩერება გამოიწვია.
ის, რომ რუსეთი ვერაფრით დაითანხმეს გაზის მიწოდების განახლებაზე ევროპის კავშირის მნიშვნელოვნებას ეჭვქვეშ აყენებს- მას ხომ ასე უნდა, რომ გლობალური აქტორის როლი შეასრულოს. ეჭვქვეშ დგება ამ ინსტიტუტის შიდა განაწესიც, რომლის თანახმადაც ევროკავშირის პრეზიდენტობას ყოველ ექვს თვეში ახალი ქვეყანა იბარებს, რის გამოც სათავეში ხშირად დიპლომატიური წვრილფეხობა აღმოჩნდება ხოლმე.
”ჩეხეთი რთულ მდგომარეობაში ორმა კრიზისმა ჩააგდო, ისინი მაინცდამაინც მათ პრეზიდენტობას დაემთხვა” - ამბობს ანტონიო მისიროლი, ბრიუსელის ევროპის პოლიტიკურ მეცნიარებათა ანალიტიკური ცენტრის დირექტორი.
”სასწავლო პროცესი დაიწყო”-ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ახალი მმართველების მიერ მოვალეობათა შესრულების ხარისხის შეფასება ჯერ ადრეა, რადგან ჩეხების საპრეზიდენტო ვადა სულ ცხრა დღეა დაიწყო და 30 ივნისს დასრულდება.
ჩეხეთის რესპუბლიკამ ევროკავშირის პრეზიდენტობა 1 იანვარს ჩაიბარა, ფრანგების ღირშესანიშნავი მმართველობის შემდეგ, რომელთა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ რუსეთ-საქართველოს ომი სამშვიდო შეთანხმებით დაასრულა და ევროკავშირის კლიმატის შეცვლასთან დაკავშირებულ გეგმას გამარჯვება მოუპოვა.
იმან, თუ როგორ მოქმედებდა პრაღა ღაზას კონფლიქტის პირველ დღეებში, როგორც ჩანს, დაადასტურა ევროპის კავშირის დედაქალაქებში არსებული ეჭვი, რომ ჩეხეთი საფრანგეთის მიერ დაწესებული ტემპის შენარჩუნებას ვერ შეძლებს.
სარკოზი რეგიონში დამოუკიდებელი მისიით გაემგზავრა და ევროპის კავშირის ოფიციალური პირების მოგზაურობიდან ყურადღება საკუთარ აქტივობებზე გადაიტანა, ხოლო პრაღამ მთელი არაბული სამყარო იმით აღაშფოთა, რომ ისრაელის შეტევა თვითდაცვით აქტად გამოაცხადა.
”ეს ისეთი შეცდომა იყო, რომელიც არ უნდა დაუშვა” - ამბობს, ნიკ ვიტნი, საგარეო ურთიერთობათა ევროპის საბჭოს წარმომადგენელი და იმასაც ამატებს, რომ განცხადება მოგვიანებით შეასწორეს.
”ეს იმის სარწმუნო დადასტურებაა, რომ ატლანტიკის მიღმა იყურებიან და აშშ-ს პოზიციის გარკვევას ცდილობენ”-გვითხრა მან, როდესაც იმ რისკზე ლაპარაკობდა, რომელიც სხვათა თვალში პრაღას ამერიკის და ისრაელის მოკავშირედ უფრო გამოაჩენს, ვიდრე თავისი კოლეგა ევროპელების.
სხვები იმას ამტკიცებენ, რომ ევროკავშირი არასდროს ასრულებდა მნიშვნელოვან როლს რეგიონში და პრაღა მართალი იყო, როდესაც საფრანგეთსა და ბრიტანეთს, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კვარტეტის წევრებს ძალისხმევის აღსრულება გადააბარა.
ასეა, თუ ისე, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ახლო აღმოსავლეთში ერთდროულად ორი ევროპული მისიის ხილვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი გზები იკვეთებოდა და როდესაც ისინი ერთსა და იმავე ლიდერებს ხვდებოდნენ, ინსტიტუტის შიგნით არსებული განხეთქილებას ააშკარავებდა და სულაც არ უწყობდა ხელს ევროკავშირის რეპუტაციის განმტკიცებას.
ახლა, როდესაც ყველა იმაზეა ფოკუსირებული, მიაგებენ თუ არა პატივს ისრაელი და ჰამასი გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, პრაღას შეუძლია მთელი თავისი ყურადღება ევროპის გაზის პრობლემების გადაწყვეტაზე გადაიტანოს, მაგრამ ისიც უნდა იცოდეს, რომ კრიტიკის ობიექტი გახდება, თუ საქმე შესაბამისად არ წარიმართება.
თუ დაიჟინებს, რომ რუსეთისა და უკრაინის ბინძური ბიზნეს და პოლიტიკური ინტერესების გამო ატეხილი დავის არბრიტრის ფუნქციას ვერ იკისრებს, ევროკავშირი აუცილებლად ჩაიძირება უთანხმოებაში, ხოლო ევროპა მყინვარე ზამთარში სითბოს გარეშე დარჩება.
გაზის მიწოდების აღდგენის უმნიშვნელოვანესი ამოცანის გადასაწყვეტად, პრემიერ-მინსტრმა მირეკ ტოპოლანეკმა ხუთშაბათს განაცხდა, რომ ევროკავშირის მეთვალყურეები უკრაინაში გაზის შეუფერხებელი მიწოდების პროცესს დააკვირდებიან.
მეთვალყურეთა გაგზავნა მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ აღადგენს გაზის მიწოდებას მაშინვე, როგორც კი მეთვალყურენი ადგილზე ჩავლენ, მაგრამ მანამდე ყველა მონაწილე მხარეს შორის შედგა შეთანხმება იმის თაობაზე, თუ როგორ იმოქმედებს გუნდი, რომელშიც რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებიც შედიან.
”თუ დღეს მოვახერხებთ ... მონიტორინგის დაწყებას, ჩნდება სარწმუნო შანსი იმისა, რომ პრობლემა გადაიჭრება” - განაცხადა ტოპოლანეკმა პარასკევს პრაღაში.
ბრიუსელში შფოთი ჩეხეთის პრეზიდენტობაზე ჩეხეთის მმართველ კოალიციაში არსებულმა დაძაბულობამაც გამოიწვია, მისი პრეზიდენტის ვაცლავ კლაუსის ევროსკეპტიციზმმა და იმანაც, რომ პრაღამ ლისაბონის შეთანხმების რატიფიცირება ვერ მოახერხა.
მაგრამ მისიროლის თქმით, ტოპოლანეკმა კლაუსთან შეთანხმება დადო და ცერემონიალურ პრეზიდენტს ევროკავშირის საქმეებში ჩაურევლობის პირობით უახლოეს თვეებში ჩეხეთში ევროკავშირის მდიდრული ღონისძიებების ჩატარებას დაპირდა.
მისიროლის და სხვებსაც მიაჩნიათ, რომ მარტში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტი, სადაც ეკონომიკის მზარდი რეცესიის დაძლევის გზები უნდა განიხილონ, პრაღისთვის კიდევ ერთი გამოცდა იქნება - შეძლებს კი ის ზოგ დედაქალაქს შორის არსებული მწვავე დაპირისპირებების მიუკერძოებელ შუამავლობას.
კიდევ ერთი პრობლემა ირლანდიას უკავშირდება, საჭიროა იმის გარანტიების მოპოვება, რომ ირლანდიის მთავრობა მოინდომებს ლისაბონის შეთანხმებასთან დაკავშირებული მეორე, სარისკო რეფერნდუმის ჩატარებას, პირველ რეფერენდუმზე, შარშან ამომრჩეველმა შეთანხმებას უარი უთხრა.
შეთანხმების მიზანია ევროკავშირს უფრო მტკიცე მმართველობა შეუქმნას და დააფუძნოს ევროპის მთავრობათა საბჭოს პერმანენტული პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც 2.5 წლის ვადით აირჩევენ, რამაც პრეზიდენტობის არსებული როტაციული სისტემა უნდა გააუმჯობესოს.
ქარტია ბლოკს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის სათავეში ძლიერი ხელმძღვანელის დანიშვნის საშუალებას მისცემს.
”გასაგებია, რომ ყოველ ექვს თვეში ერთხელ ასეთი ინსტრუმენტის ხელიდან ხელში გადაცემა არაადეკვატური და არაპროფესიონალურია”- ამბობს ვიტნი.
No comments:
Post a Comment