სერჟ დუმონტი, აშკელონი
5 იანვარი 2009
ღაზას სექტორში ისრაელის შეჭრის შემდეგ სულ ცოტა 500-მდე პალესტინელი დაიღუპა. საჰაერო დაბომბვას შაბათს სახმელეთო თავდასხმა ჩაენაცვლა.
შაბათ საღამოს ისრაელის სახმელეთო შეჭრა ღაზას სექტორში კვირასაც გაგრძელდა. ერთი ღამის ბრძოლის შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორი ორ ნაწილად გაყო და ქალაქი ღაზა იზოლაციაში მოაქცია. პალესტინის ტერიტორიიდან ტელეფონის საშუალებით დაკავშირებული მოწმეების თქმით, ყველგან მნიშვნელოვანი ბრძოლებია გაშლილი. ტანკებითა და ვერტმფრენებით მხარდაჭერილი ისრაელის არმიის სპეციალური შენაერთები ჰამასის პოლიციას ებრძვიან, რომელიც პარტიზანული ბრძოლისთვის განკუთვნილ ტექნიკას იყენებს. სამოქალაქო პირები კი რამდენადაც შეუძლიათ თავის გადარჩენას ცდილობენ. ”თვითმფრინავებიდან არაბულად შედგენილი მიმართვები გადმოყარეს და ჩვენ თავის გადასარჩენად სახლების დატოვებას გვირჩევენ, - აცხადებს ტელეფონში სელა მასლიმი, ბეინ ჰანუნის მცხოვრები, – ბევრი ჩვენთაგანი ასეც მოიქცა, რადგან ისრაელელები ყველა საეჭვო ადგილის, სადაც კასამებია და ჰამასის მებრძოლები შეიძლება იყვნენ განლაგებული, დაბომბვით ემუქრებიან - ჰამასელებს პოზიციები თქვენს ქალაქში აქვთ დაკავებულიო.”
ღაზას სექტორში შეჭრის ”გამაგრებული ტყვიის” ოპერაცია მეორე ფაზისგანაც შედგება, რომელის ჩატარებაც პარასკევს ისრაელის უშიშროების კაბინეტის საიდუმლო სხდომაზე გადაწყდა. თავდასხმას წინ უსწრებდა არტილერიის ინტენსიური ცეცხლი, რომლის დროსაც ებრაული სახელმწიფოს ქვემეხები მრავალი საათის განმავლობაში, ყოველ თხუთმეტ წამში ერთხელ ყუმბარებს ისროდნენ. ”ჩვენ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ სიონისტთა ახალი აგრესიის წინაშე აღმოვჩნდით” – განაცხადა ჰამასის პრესსპიკერმა ფავზი ჰარუმმა ქალაქ ღაზაში გამართულ იმპროვიზირებულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ ეჰუდ ოლმერტმაც გამოაქვეყნა ერთი კომუნიკე, სადაც ადასტურებს რომ ”ოპერაცია ხანგრძლივი და მძიმე იქნება.”
ისრაელის არმიის შტაბმა 10 000 რეზერვისტს (გადაუმოწმებელი წყაროებით 30 000-ს) გაუკეთა მობილიზაცია დამატებით იმ 9 ათას რეზერვისტთან ერთად, რომელიც ახალი წლის წინა დღეებში გაიწვია.
სახმელეთო შეტევის დაწყებამდე რამდენიმე საათის განმავლობაში, ებრაული სახელმწიფოს თვითმფრინავები და ვერტმფრენები ფრენის სიხშირეს აძლიერებდნენ. ბეით კაიჰას ორი მეჩეთი და ერთი სკოლა მთლიანად განადგურებულ იქნა შიგნით მყოფებთან ერთად. ქალაქ ღაზაში, ერთი კომერციული ცენტრი, რომელსაც თავს სამოქალაქო პირები აფარებდნენ, ასევე დაიბომბა. დაახლოებით ექვსამდე ადამიანი დაიღუპა.
შაბათს პალესტინის წითელი ჯვარი გასული კვირის დაბომბვების შედეგად 460 დაღუპულსა და 2 250 დაჭრილს ითვლიდა. მაგრამ დაღუპული პალესტინელების რაოდენობამ სწრაფად გადააჭარბა 500-სს იმ ოცდაათამდე სამხედრო პალესტინელის ჩათვლით, რომლებიც იარაღით ხელში მოკლეს. ამ უკანასკნელთა შორისაა პალესტინის ”სპეციალური ძალების” ხელმძღვანელი აბატუა რაფაპი. ისრაელის მხრიდან, ერთი ჯარისკაცია მოკლული და ოცდაათი დაჭრილი. ”პალესტინელები სასოწარკვეთილთა ენერგიით იბრძვიან,” ადასტურებს ზოგიერთი თვითმხილველი, რომლებსაც ჰოსპიტალ სოროკაში (ბეერ-შევა) შევხვდით. ”მათ დანაღმეს გზები და სახლები, ისინი ჩვენი სახლის სახურავებსა და სპეციალურად ამოთხრილ გვირაბებში დაგვდევენ. ისინი თეთრ დროშას ადვილად ვერ აღმართავენ.”
ქალაქ ღაზას მცხოვრებლები შიშით ადევნებენ თვალს მოვლენების განვითარებას. ”ქუჩები ცარიელია და გამუდმებით ისმის აფეთქებების ხმა ახლოდან თუ შორიდან. ცაში უპილოტო თვითმფრინავები და ვერტმფრენები სამიზნეების მოსაძებნად შეუსვენებლივ დაფრინავენ. მე სახლში ჩავიკეტე, მე ჩემი ხუთი შვილის გამო მეშინია, რომლებიც დატერორებულები არიან” – ყვება ჟურნალისტი სამი ობეიდი.
”შუქით მომარაგება შეწყვეტილია და წყალი ჩემს ონკანში მხოლოდ წვეთებით მოდის. ისინი ვინც ჩემსავით საჭმლის გარკვეულ მარაგზეა დამოკიდებული მხოლოდ რამდენიმე დღეს გაძლებს, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციამ პროდუქტის განაწილების პროგრამა შეწყვიტა. ისრაელელების შეტევის გამოცხადების შემდეგ, ჩემი ზოგიერთი მეგობარი თავის ოჯახის წევრებთან გაიქცა, თუმცა არც იქ, დაბლა, არ არის უკეთესი მდგომარეობა. ყველგან ომია” – გვიყვება ოჯახის მამა.
პალესტინური ინფრასტრუქტურის განადგურების ამოცანიდან გამომდინარე, ღაზას ელექტროენერგიით მომარაგების 12 ხაზიდან 7 დაზიანებულია. სატელეფონო ხაზების აფეთქების გამო კომუნიკაციის შესაძლებლობა თითქმის გამორიცხულია. ქალაქ ღაზაში მდებარე შიფას ჰოსპიტლის ერთი მედიკოსი ადასტურებს, რომ დაწესებულებები ელექტრო-გენერატორების წყალობით ფუნქციონირებენ და რომ ექიმების ბრიგადები ოცდაოთხი საათის განმავლობაში ოპერაციებს აკეთებენ, მაგრამ ძალიან მძიმე პირობებში.”
”მედიკამენტების ნაკლებობის გამო, ჩვენ ვახერხებთ მხოლოდ ლოკალური ანესთზიის გაკეთებას, მაშინ როდესაც სრული ანესთეზიაა გასაკეთებელი, – გვიხსნის ჩვენი მოსაუბრე - თანდათანობით სიტუაცია დაჭრილებთან დაკავშირებით კიდევ უფრო გართულდება, რადგან მათ გაუჭირდებათ ჩვენამდე მოღწევა. სასწრაფო დახმარების მანქანების რაოდენობა არასაკმარისია და საწვავის რაოდენობაც შეძღუდლია.” გარდა ამისა, ისრაელელები მათ უკრძალავენ ისეთ დასახლებებში შესვლას როგორიც ზეიტუნია, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს. ”ჩვენ ბევრ გამოძახებას ვიღებთ, მაგრამ ვერ ვპასუხობთ. ხშირად ისე ხდება, რომ დაჭრილები ადგილზე რჩებიან და იმის გამო, რომ ჩვენ იქამდე ვერ ვაღწევთ, იღუპებიან”.
დიპლომატიური ძალისხმევა
(Le Temps) კვირას, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჰავიერ სოლანამ პალესტინელებსა და ისრაელელებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და ირწმუნებოდა, რომ ევროკავშირი მშვიდობის შენარჩუნების მიზნით მზად იყო ხელი შეეწყო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიისთვის. ევროკავშირის კომისიამ ისრაელს სთხოვა ”ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა” ღაზას სექტორში ადამიანებისთვის დახმარების გაწევის მიზნით. ეგვიპტის ხელმძღვანელები კვირას ევროპელ ტროიკასთან და ორშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან ერთად ომის შეწყვეტის გზებზე იმსჯელებენ. ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც ორშაბათს და სამშაბათს ადგილზე იქნება, ორშაბათს ლიბანის ყოველდღიური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰამასს ”მძიმე პასუხისმგებლობა ეკისრება ღაზას სექტორში პალესტინელთა ტანჯვის გამო.”
რუსეთმა განაცხადა, რომ ”უკიდურესად შეშფოთებულია” თავდასხმის გამო და რომ სპეციალურ წარმომადგენელს გააგზავნის რეგიონში, რომ ცეცხლის შეწყვეტის გარშემო დიპლომატიურ ძალისხმევას ხელი შეუწყოს.
ისრაელის ურღვევმა მოკავშირემ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც შაბათს ხელი შეუშალა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რეზოლუციის მიღებას, რომელიც თავდასხმას გმობდა, უბრალოდ ”ცეცხლის რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტის” სასარგებლოდ გამოთქვა აზრი, რაც არ იძლევა არსებული სტატუს-ქვოს შენარჩუნების საშუალებას. შაბათს, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის წინ, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ისრაელს თავდასხმის სასწრაფო შეჩერება მოსთხოვა.
ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც ”თვალს ადევნებს ღაზაში განვითარებულ მოვლენებს,” საკითხს ფრთხილად მიუდგა და თავისი პრეს-სპიკერის საშუალებით უარი განაცხადა ოპერაციაზე კომენტარი გაეკეთებინა.
შვეიცარიამ თავის მხრივ ღაზას სექტორში ცეცხლის სრული შეწყვეტისკენ და ჰუმანიტარული დამხარების განხორციელებისთვის შესაბამისი დერეფნების გახსნისკენ მოუწოდა.
ამ შაბათ-კვირას ისრაელის თავდასხმის წინააღმდეგ მანიფესტაციები მოეწყო თურქეთში, ავსტრალიაში, ინდონეზიაში, ლიბანში და ჟენევაში ნაციონალური სასახლეების წინ.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment