7 იანვარი 2009
პუტინის პოლიტიკური თამაშები და გაკვეთილები ბარაკ ობამასთვის.
ხუთი თვის წინ რუსეთმა საქართველოში ტანკები გააგზავნა, ახლა კი ყურადღება თავის მეორე აბეზარ დემოკრატიულ მეზობელზე, უკრაინაზე გადაიტანა. ამჯერად მან იარაღად ბუნებრივი გაზი გამოიყენა.
სცადეთ დაივიწყოთ გადასახადები ტრანზიტისათვის, გადახდები უკანა რიცხვით და საბაზრო ფასები. უკრაინას და რუსეთს შორის გაზის ომის ფარული მიზეზები ასეთია: ძლევამოსილმა რუსმა გადაწყვიტა ენერგეტიკული იარაღი კიევის პროდასავლური მთავრობის ძირგამოსათხრელად, ევროპის შესაშინებლად და დასამორჩილებლად გამოიყენოს. სტარტეგიული ფსონები ისეთივე მაღალია, როგორც გასულ ზაფხულს საქართველოში.
პუტინმა, რომელიც ოფიციალურად გაზპრომს არ აკონტროლებს, განკარგულება გასცა, რომ ახალი წლის დღეებში, ფასებზე უთანხმოების გამო, უკრაინისთვის გაზის მიწოდება 15% შეემცირებინათ. რუსეთმა ზეწოლის ზუსტად ასეთივე უხეშ მეთოდს 2006 წელს მიმართა, მაშინ გაზპრომმა პირველად შეწყვიტა გაზის მიწოდება და თავისი იმ დროს ჯერ კიდევ ნაქები რეპუტაცია დააზარალა.
მაგრამ ევროპამ, რომელიც თავისი გაზის მეხუთედს უკრაინაზე გავლით იღებს, ახლა უფრო მკვეთრი დარტყმა მიიღო, ვიდრე სამი წლის წინ. შუა ზამთარში, ყინვაში, ევროპის ექვს ქვეყანას გაზის მიწოდება შეუჩერდა, ხოლო ხუთს - მნიშვნელოვნად შეუმცირდა. ათობით ათასი ადამიანი სითბოს გარეშე დარჩა, მათ შორის ორი საშუალო სიდიდის ბულგარული ქალაქი. აშშ-ში იმ შიშით, რომ ევროპაში ბუნებრივი გაზის დეფიციტის შევსებას და ბინების გათბობას ნავთობით დაიწყებენ, ნავთობის ფასმა 3.3% პროცენტით აიწია.
მოსკოვმა 2006 წლის გამოცდილება გაითვალისწინა და ზამთრის ომის დაწყებამდე პროპაგანდისტული ბლიცკრიგი გაითამაშა. ლობისტური ფირმები ევროპელების დასარწმუნებლად დაიქირავეს. ისინი აცხადებდნენ, რომ გაზის მიწოდებას საფრთხე არ შეექმნება, (როგორც მინიმუმ გუშინდლამდე), ხოლო უკრაინას ”საბაზრო ფასებზე” უარის თქმისა და მოხმარებული გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო ბრალი დასდეს. რუსებმა სპეციალური ვებგვერდიც კი შექმნეს www.gazpromukrainefacts.com, სადაც გუშინ განაცხადეს: ”ყველაფერში, რაც მოხდა, პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება”.
უკრაინაც არ არის ბოლომდე მართალი. კიევის მთავრობამ გაზპრომიდან გაზის ტრანზიტის საფასურად მილიონობის გადმოსაქაჩად, 2006 წელს სიხარულით შექმნა შავ-ბნელი და, როგორც ბევრი მიიჩნევს, ღრმად კორუმპირებული სტრუქტურა. გამჭვირველე ენერგეტიკული ბაზრის შექმნისა და ეკონომიკის შედარებით იაფ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების ყველა მცდელობას მისი ახირებული ლიდერები წინააღმდეგობას უწევდნენ.
მაგრამ კრემლის მოტივაცია აბსულუტურად პოლიტიკურია და არა კომერციული. თავდაპირველად ”არასაბაზრო” ფასები ბუნებრივი გაზისთვის გაზპრომმა უკარინას იმიტომ დაუწესა, რომ მონოპოლიას ფლობდა. რუსეთი ნებას არ რთავდა უკრაინას ენერგორესურსების დეფიციტი სხვა წყაროდან, მაგალითად თურქმენეთიდან შეევსო, რომელიც რუსეთის მილსადენებს იყენებს. თანაც რუსეთი დღესაც თავის ”მეგობრებს”, ისეთებს, როგორიცაა დიქტატორული რეჟიმი ბელორუსიაში, იაფ გაზზე უარს არ ეუბნება.
ჩვეულებრივ, ასეთი სახის დავები არბიტრაჟის მეშვეობით რეგულირდება. ძველი, აპოლიტიკური გაზპრომი, თავის მომხმარებლებთან ურთიერთობებს ზედმეტად უფრთხილდებოდა იმისთვის, რომ მათთვის ღირებულების გამო ტრანსპორტირების პრობლემები შეექმნა. ახალმა რუსეთმა ძველი იმპერიის აღდგენა გადაწყვიტა და პუტინმა უკრაინას სასტიკი გამოცდა მოუწყო - შუა ზამთარში, მართლმადიდებლური შობის დღეებში გაზის მიწოდება შეუწყვიტა.
კრემლის მიზანი უკრაინაში სრულიად ცხადია. კიევის მხარადაჭერა საქართველოსადმი აგვისტოს ომის დროს, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ამბიცია, ჩრდილოელ დათვს არ სიამოვნებს. იმით შეშინებულ რუსეთს, რომ შესაძლოა პატივი არ სცენ, ევროპელებისთვის იმის დამტკიცება სურს, რომ აღმოსავლეთში ის დომინანტური სახელმწიფოა. გერმანიის ისტებლიშმენტი სიხარულით უკრავს მას თავს მდაბლად და ევროკავშირსაც, უკრაინის ხარჯზე, დათმობებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის სპიკერი გასულ კვირას ისე ლაპარაკობდა, რომ მისი სიტყვები გაზპრომის არგუმენტებად მოგეჩვენებოდათ - ბლოკს მიაჩნია, რომ ეს ”კომერციული დავაა და უნდა ორივე მხარის მონაწილეობით” გადაწყდეს.
ევროპას და ამერიკას კიდევ შეუძლიათ პუტინის ტაქტიკური ხრიკები თავის სტრატეგიულ მოგებად აქციონ. ”ახალი ევროპა” აღმოსავლეთიდან ევროკავშირს ახალი ენერგეტიკული რესურსების მოძიებისკენ უბიძგებს - დასაწყისისთვის ნაბუკოს მილსადენის მეშვეობით, რომელიც თურქეთს და ბალკანეთს გადაკვეთს და ცენტრალური აზიის გაზს რუსეთის გვერდზე ავლით გამოატარებს.
ობამას ადმინისტრაციას პუტინმა ევრაზიაში კიდევ ერთი გამოწვევა მოუმზადა. არჩეული პრეზიდენტის გერმანელი მეგობრები მას პუტინთან კარგი ურთიერთობის დამყარებას ურჩევენ, მაგრამ სენატშიც და საარჩევნო კამპანიის დროსაც, ობამამ აცხადებდა, რომ სურს უკრაინამ და საქართველომ დასავლეთთან ინტეგრაციის მათი თავისუფალი არჩევანის რეალიზება ნატოში გაწევრიანებით დაიწყონ. რუსეთის ბოლოდროინდელ პროვოკაციებზე ამერიკის საუკეთესო პასუხი, სწორედ ამ სურვილის ხელახალი განცხადება იქნებოდა.
No comments:
Post a Comment