მარიამ ელდერი
5 იანვარი 2009
მეზობლისთვის გაზის შეწყვეტისას ”გაზპრომს” ეკონომიკური და პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს.
ეს უკვე საახალწლო ტრადიციად იქცა: შუაღამის მოახლოებასთან ერთად, რუსეთი და უკრაინა მუქარების გაცვლას და ერთმანეთის დადანაშაულებას იწყებენ, რადგან შემდეგი წლის გაზის კონტრაქტზე მოლაპარაკებების ვადა იწურება. მეზობლების ჩხუბი ძირითადად ფასების ირგვლივ ტრიალებს - რამდენი უნდა გადაიხადოს უკრაინამ რუსეთის გაზში და პირიქით, რამდენს გადაუხდის რუსეთი უკრაინას მილსადენების გამოყენებისთვის, რომლებიც ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე გადის და რომლითაც ევროპას რუსული გაზი მიეწოდება.
მაშინ სიტუაცია ამდენად არ გამწვავებულა, მაგრამ ”გაზპრომი” (GAZP.RTS) - სახელმწიფოს მიერ მართული რუსეთის გაზის მონოპოლია - გაზის გადაკეტვით 2006 წლის იანვარშიც იმუქრებოდა. ეს მოხდა ნარინჯისფერი რევოლუციის დასრულების შემდეგ, როდესაც უკრაინის ხელისუფლებაში დასავლეთზე ორიენტირებული ძალები მოვიდნენ. რუსეთი გაზზე ფასის მკვეთრად გაზრდას მაშინაც ცდილობდა. წელს კი ”გაზპრომმა” უკრაინას გაზი ახალი წლის წინ კიდევ ერთხელ შეუზღუდა და ამტკიცებდა, რომ ”ნეფტოგაზმა”, უკრაინის გაზის სახელმწიფო კომპანიამ, 2008 წელს მოხმარებული გაზის საფასურის სრულად გადახდა ვერ შეძლო და 2009 წლის ფასებზე მოლაპარაკებები მთლიანად შეწყდა.
რა დგას ამ დავის უკან? ”გაზპრომი” ამტკიცებს, რომ დავა კომერციული ხასიათისაა. სინამდვილეში ორივე ქვეყანას როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური მოტივებიც ამოძრავებს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბრძოლა დიდხანს გაგრძელდება, განსხვავებით 2006 წლისგან, როდესაც მეზობლებმა შეთანხმების მიღწევა სამ დღეში შეძლეს. რუსეთ-საქართველოს ომიდან 5 თვის შემდეგ ასეთი კონფლიქტის წარმოქმნა ბუნებრივია კითხვებს ბადებს: რუსეთის ზრახვებზე მისი ყოფილი საბჭოთა მეზობლების მიმართ და მის უნარზე - შეუძლია კი მას ევროპას გაზი უპრობლემოდ მიაწოდოს. ევროკავშირი გაზის დაახლოებით მეოთხედით რუსეთიდან მარაგდება, აქედან 80%-ს უკრაინის ტერიტორიაზე არსებული მილსადენებით იღებს. იმავდროულად, უკრაიანასთან კონფლიქტი იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც რუსეთი ცდილობს როგორმე გააფართოვოს საკუთარი გავლენა გაზის და ნავთობის გლობალურ მოთამაშეებზე - რეგულარულად ესწრება ოპეკას სხდომებს და აქტიურად ლობირებს იდეას, ეს ჯგუფი როგორმე გაზის გლობალურ ინდუსტრიად გარდაიქმნას.
უკრაინის პარალიზებული პოლიტიკა
ფსონები მაღალია. ”აქ სასწორზე გაცილებით მეტი დევს, ვიდრე ფული,”, ამბობს კრის უიფერი, UralSib-ის წამყვანი სტრატეგი მოსკოვის საინვესტიციო ბანკიდან. ”რუსეთს ამ საკითხზე პიარ ომის მოგება ისევე სჭირდება როგორც მაღალი ფასი.” იგი ამბობს, რომ რუსეთს ევროკავშირი არქტიკულ და აღმოსავლეთ ციმბირში ახალი პროექტების დასაფინანსებლად სჭირდება, რომლებიც რთული პირობების გამო ძვირადღირებული, მაგრამ აუცილებელია იმისთვის, რუსეთის ჩამორჩენილი წარმოება ამოქაჩოს. ”რუსეთი ამის გაკეთებას მარტო ვერ შეძლებს და ევროკავშირი დასჭირდება როგორც მომხმარებლის, ასევე ინვესტორის სახით” დასძინა უიფერმა.
რუსეთმაც და უკრაინამაც გლობალური ფინანსური კრიზისის გამო სერიოზული დარტყმა მიიღეს. უკრაინა ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყნიდან, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდს დამხარებისთვის მიმართა და ნოემბერში სესხის სახით მისგან $16 მილიარდი მიიღო. მისმა ვალუტამ სექტემბრის შემდეგ ღირებულების ნახევარი დაკარგა, ეკონომიკა ღრმა რეგრესშია, ათასობით ადამიანი სამსახურიდან დათხოვნის საშიშროების წინაშე დგას, რადგან მისი სამთომომპოვებელი წარმოება გაჩერების ზღვარზეა. მთავრობა, რომელიც გამოიფიტა პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოსა და პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს ომით, პარალიზებულია.
რუსეთის პირად სასწაულსაც საფრთხე დაემუქრა, რადგან ფინანსური კრიზისი მთელი ძალით გავრცელდა მის ეკონომიკაზე. ქვეყნის ბაზრებმა აგვისტოს შემდეგ თავიანთი ღირებულების სამი-მეოთხედი დაკარგეს. სამრეწველო წარმოება ნოემბრისთვის 8.7 %-ით შენელდა - ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1998 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. რუბლმა მისი ღირებულების 15% დაკარგა დევალვაციის მართვის პროცესში, რაზეც ნოემბრის შუა რიცხვებიდან უცხოური რეზერვების $160 მილიარდი დაიხარჯა. რუსეთის ჩინოვნიკები ეკონომიკურ ზრდას ელიან, რომელიც გასული ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 7%-ს შეადგენდა, და რომელმაც წელს 2%-მდე იკლო.
ყურადღების გადატანა
თავის მხრივ ”გაზპრომი” ვალებშია ჩაფლული და ცოტა ხნის წინ იმ კომპანიების სიაში მოხვდა, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარების იმედი უნდა ჰქონდეთ. მისი აქციები, რომელთა მიხედვითაც კომპანია $300 მილიარდად შეფასდა, და რომლის გამოც ის მსოფლიოში სიდიდით მესამე კომპანიად ითვლებოდა, სექტემბრის შემდეგ 76%-მდე დაეცა.
რუსეთი, რომელიც ყველანარად ცდილობს საკუთარი მოსახლეობის ყურადღება საშინაო პრობლემების მიმართ როგორმე მოადუნოს, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი არხებით აქტიურ ანტი-უკრაინულ პროპაგანდას ეწევა. წლის შემაჯამებელ პროგრამებში, 2008 წლის შეფასებისას უკრაინაში პოლიტიკური უკმაყოფილება მათ იგივენაირად გააშუქეს, როგორც ამას ომის დროს საქართველოსთან მიმართებაში აკეთებდნენ. ერთ გადაცემაში წარმოდგენილი იყო უკრაინელი ადამიანის 10 წუთიანი პორტრეტი, რომელმაც გასული წელი იუშჩენკოს და ტიმოშჩენკოს ნატურალური ზომის თოჯინების გაკეთებასა და მათ დასაფლავებაში გაატარა. თავის მხრივ ”გაზპრომსაც” ერთი სული ჰქონდა უკრაინის პოლიტიკური არასტაბილურობა გამოეყენებინა, რომ მისთვის სასარგებლო საქმიანი კონტრაქტი მიეღო.
ამ წლის სერია დეკემბერში დაიწყო. ”გაზპრომმა” ”ნეფტოგაზი” დაადანაშაულა, რომ ის თავს არიდებდა 2008 წელს დაგროვილი გაზის საფასურის, $2 მილიარდის გადახდას და 2009 წლის გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულების ირგვლივ მოლაპარაკებები შეწყვიტა. ”ნეფტოგაზმა” ვალის საკითხი განიხილა და 30 დეკემბერს დათმობაზე წავიდა, აიღო რა ვალის დასაფარად სესხი სახელმწიფო ბანკებიდან. ახალი წლის დადგომამდე ”გაზპრომმა” აღიარა რომ ნეფტოგაზმა თანხა ”როსუკრენერგოს”, გაზით მოვაჭრე შუამავალ კომპანიას გადაურიცხა, რომელიც ნაწილობრივ მის საკუთრებაშია, მაგრამ ფინანსები კომპანიების ანგარიშებზე მოსკოვში უნდა დარიცხულიყოო. შემდეგ ”გაზპრომი” უკრაინას ადანაშაულებდა, რომ მას ჯარიმების სახით კომპანიისთვის კიდევ $600 მილიონი მართებს. ”გაზპრომმა” ”ნეფტოგაზს” ბრალი იმაშიც დასდო, რომ თითქოს ეს უკანასკნელი მას დაემუქრა: დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში ევროპისთვის განკუთვნილ გაზს გამოვიყენებო.
ევროპა ამჯერად უკეთ მომზადებულია
”ნეფტოგაზმა” ”გაზპრომის” ბრალდებები საჯაროდ უარყო. მაგრამ 2006 წლის იანვარში, კომპანია მართლაც იყენებდა გაზს ევროპისთვის განკუთვნილი მილსადენებიდან, რათა მკაცრი ზამთრის წინ საკუთარი გაზმომარაგების დეფიციტი შეევსო. გაზის მიწოდებამ მთელს ევროპაში იკლო, რამაც კიევს და მოსკოვს პრობლემის სწრაფად გადაწყვეტა აიძულა.
ამ ეტაპზე ევროპა უკეთაა მომზადებული. ეკონომიკური ვარდნა გაზზე მოთხოვნას ამცირებს; ქვეყნების უმრავლესობამ უზარმაზარი რეზერვუარები ააგო და მოკლე პერიოდზე გათვლილი მარაგებიც დააგროვა. თუკი დავა კვირეებს გასტანს, მარაგი ამოიწურება. მაგალითად, ბრიტანეთს გაზის მიწოდების მთლიანად შეწყვეტის შემთხვევაში მარაგი 10-12 დღეზე ეყოფა. საფრანგეთს და გერმანიას ორი თვის მარაგი აქვთ.
3 იანვარს ”გაზპრომმა” განაცხადა, რომ ევროპაში გაზის მიწოდება უკრაინის გვერდის ავლით, სამი დამატებითი მილსადენის საშუალებით გაზარდა, მაგრამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დეფიციტს უკვე გრძნობენ. რუმინეთმა 1 იანვრის შემდეგ გაზით მომარაგებაში 30%-იანი შემცირება დააფიქსირა, პოლონეთმა -11%. ბულგარეთი ამბობს, რომ მან დაკარგა გაზით ყოველდღიური მომარაგების 10-15%. ”თუკი რუსეთის მხარე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დღევანდელზე მეტ გაზს ვეღარ აწვდის, დაახლოებით 10 დღის შემდეგ ძალიან სერიოზული ტექნიკური პრობლემები შეიქმნება,” განაცხადა კიევში 3 იანვარს გამართულ ბრიფინგზე იუშჩენკოს მრჩეველმა ენერგეტიკის საკითხებში ბოგდან სოკოლოვსკიმ და ეს იმ ფონზე, როდესაც უკრაინა ამტკიცებს, რომ მან გაზის ნაკადი ქსელში წნევის შენარჩუნების მიზნით უმნიშვნელოდ შეამცირა. რუსეთი აცხადებს, რომ მისი მეზობელი ევროპელებისთვის განკუთვნილ გაზს იპარავს და სტკოჰოლმში, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილს აპირებს.
No comments:
Post a Comment