ლიზ ფულერი
4 იანვარი 2009
მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის 5 იანვარს საქართველოს პრეზიდენტად სადავო ვადამდელ არჩევნებში მეორედ აირჩიეს. სულ რაღაც ორი თვით ადრე პოლიციამ და უშიშროების დანაყოფებმა უხეშად დაარბიეს თბილისში ერთკვირიანი მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეები, რომლებიც სააკაშვილის ავტორიტარულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ.
გასული 12 თვის განმავლობაში, აგვისტოს დამღუპველმა სამხედრო მოქმედებებმა სამხრეთ ოსეთში, სააკაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებსა და მის გონებრივ გაწონასწორებულობაზე კითხვები გააჩინა. საქართველოსთვის მოკლე პერიოდში ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მოისპო, მისი რამდენიმე ძალიან ახლო მოკავშირე კი ოპოზიციაში გადავიდა.
ქართველმა ჩინოვნიკებმა 2007 წლის ნოემბრის დარბევა მოსკოვის მიერ დაგეგმილი შეთქმულების აღკვეთის აუცილებლობით ახსნეს. ხოლო სააკაშვილის შემდეგი გადაწყვეტილება ვადამდელი არჩევნები დაენიშნა (მისი პრეზიდენტობის ვადა 2009 წლის დასაწყისამდე არ იწურებოდა), შესაძლოა გათვლილი იყო იმის დემონსტრირებისთვის, რომ იგი საზოგადოების სერიოზული მხარდაჭერით ჯერ კიდევ სარგებლობდა.
მაგრამ ასეთი ჩანაფიქრის არსებობის შემთხვევაშიც, ამ გადაწყვეტილებას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვა. არჩევნებში ამომრჩეველთა 56 % მონაწილეობდა, საიდანაც სააკაშვილმა ხმების მხოლოდ 53.47 % მიიღო. ოთხი წლით ადრე, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომელსაც ედურად შევარდნაძის გადაყენება მოჰყვა, ამომრჩეველთა აქტივობა 80-90 %-ს აღწევდა, სააკაშვილმა კი აბსოლუტური გამარჯვება 96 %-ით მოიპოვა.
ბიზნესმენი ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც 9 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი ეროვნული საბჭოს კანდიდატი იყო, ექვს მონაწილეს შორის მეორე ადგილზე ხმების 25.29 %-ით გავიდა და აცხადებდა, რომ სინამდვილეში სააკაშვილმა ხმების მხოლოდ 44% მოიპოვა, შედეგები კი გაყალბდა, რომ მისთვის აუცილებელი 50 % პლუს ერთი ხმა დაეფიქსირებინათ, რომ არჩევნების მეორე ტური აღარ გამართულიყო. საერთაშორისო მონიტორებმა და ევროკავშირმა პროცედურულ დარღვევებზე შეშფოთება გამოხატეს, მაგრამ ოპოზიციის მოთხოვნას ხმების ხელახლა გადათვლასა და ოფიციალური შედეგების ანულირებაზე, მხარი აღარ დაუჭირეს.
29 იანვარს, 12-მა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტის სპიკერის ნინო ბურჯანაძის სახელზე მემორანდუმი გამოაქვეყნა, რომელშიც პარტიები ერთობლივ პოზიციას გამოხატავდნენ: ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და სააკაშვილის ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებდნენ. მემორანდუმში მითითებული იყო 17 პუნქტი, რომელთა განხორციელებაც მიმდინარე ”პოლიტიკური კრიზისის” დაძლევისა და გაზაფხულზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ოპოზიციას არსებითად მიაჩნდა.
მაგრამ მარტის შუა რიცხვებში, პრო-სააკაშვილისტმა საპარლამენტო უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა, რაც ოპოზიციამ პრეზიდენტის უმრავლესობის სამუდამოდ დამკვიდრების მცდელობად აღიქვა. სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში 150 მანდატიდან 119 მოიპოვა, ოპოზიციურიმა პარტიებმა 30 მანდატი მიიღეს, მაგრამ 12 დეპუტატმა წამყვანი ცხრა-პარტიული ოპოზიციური კოალიციიდან და 4-მა ლეიბორისტული პარტიიდან მანდატებზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ არჩევნები ფალსიფიცირებული იყო.
და ისევ, საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეშფოთება გამოხატეს, რომ კენჭისყრა ”ძალიან პოლარიზებულ გარემოში ჩატარდა” და რომ ქართულმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო იმ ნაკლოვანებების პრევენცია და აღმოფხვრა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებზე.
რუსეთთან ომში დადანაშაულება
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების მატებისა და თავად ოპოზიციურ პარტიებში ტაქტიკურ უთანხმოებათა არსებობის მიუხედავად, დაძაბულმა შიდა პოლიტიკურმა სტატუს-ქვომ, როგორც ჩანს ხელსაყრელი ნიადაგი შექმნა აგვისტოში რუსეთთან კონფლიქტისთვის.
ეს ომი რუსეთს დამაჯერებელ საბაბს აძლევდა აგვისტოს ბოლოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ფორმალური აღიარებისთვის, ასევე დეკემბერში საქართველოში ევროპის უსაფრთოხებისა და თანამშრომლობის მისიის (ეუთო) მანდატის გაფართოების დასაბლოკად. ომმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სისუსტის და არაეფექურობის დემონტრირებაც მოახდინა, რაც პენტაგონის დეკემბრის დეტალურ ანალიზშიც აისახა, რამაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზანშეწონილობა ეჭქვეშ დააყენა.
სააკაშვილმა საომარი მოქმედებების დაწყებაზე ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოიხსნა და პირველ რიგში რუსეთი, შემდეგ კი საერთაშორისო თანამეგობრობა იმაში დაადანაშაულა, რომ მოსკოვს ის - ძალის არაპროპორციულად გამოყენების გამო - საკმარისად მტკიცედ არ პასუხობდა. ამ საკითხზე ის მუდმივად კამათობდა, ბოლოს კი 1 დეკემბერს ”უოლ სთრით ჯორნალში” წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ნებისმიერი ”დემოკრატიული სახელმწიფო” იგივეს გააკეთებდა, თუკი მისი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.
საქართველოს საპარლამენტო კომისიამ, რომელიც საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, 26 სექტემბერს მოვლენების შესაფასებლად შეიქმნა, დაადგინა, რომ ომზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება, რომელმაც კომისიის განცხადებით ”დაგეგმა და გამოიწვია ომი”. კომისიის დასკვნაში პირადად საკააშვილის პასუხისმგებლობაზე ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი, თუმცა მკაცრად არის გაკრიტიკებული ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელმაც რუსული თავდასხმის მასშტაბები ვერ განსაზღვრა, ასევე საქართველოს შეაიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის მოქმედება - კოორდინაციის, კომუნიკაციების და რეზერვის მობილიზების საკითხებში გამოვლენილი ნაკლოვანებების გამო.
კომისია ამტკიცებდა, რომ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვა იმის დასადასტურებლად, რომ საქართველომ ან ომის პროვოცირება მოახდინა ან ამზადებდა შეჭრას სამხრეთ ოსეთში, იმის მიუხედავად, რომ 7 აგვისტოდან - საქართველოს მხრიდან ცხინვალის დაბომბვებამდე საათებით ადრე - ეუთოს მონიტორებმა გორის ჩრდილოეთით, სამხრეთ ოსეთისა და დანარჩენი საქართველოს საზღვართან ახლოს, არტილერიითა და გრადის ტიპის სარაკეტო დანადგარებით აღჭურვილი ქართული არმიის დიდი რაოდენობით კონცენტრაცია დაარეგისტრირეს.
მაგრამ სააკაშვილის კრიტიკოსები სახლშიც და უცხოეთშიც კითხვების დასმას არამხოლოდ რუსეთთან მასშტაბური კონფლიქტის გარისკვის რაციონალურობაზე სვამენ, რამაც ქვეყნის ეკონომიკას და ინფრასტრუქტურას მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა, მაგრამ ასევე, და ალბათ კიდევ უფრო მეტად საკაშვილის მართვის სტილზე. სექტემბრის შუა რიცხვებში საქართველოში ვიზიტის დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოპ სხეფერმა ხაზგასმით ისაუბრა საქართველოში პრესის თავისუფლებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დეფიციტზე.
საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 26 სექტემბერს სააკაშვილს ღია წერილით მიმართა და აგვისტოს მარცხის მიზეზად საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარიზმი და ადამიანის უფლებების იგნორირება დაასახელა, მან აღნიშნა, რომ ”ეს დემოკრატია არ არის”. უფრო ადრინდელ ოფიციალურ წერილში, რომელიც 2008 წლის იანვრის არჩევნების შემდეგ მალევე გამოქვეყნდა, სუბარი მმართველ ელიტას იმაში ადანაშაულებდა, რომ ის ე.წ. ძლიერი სახელმწიფოს აშენების საბაბით ადამიანის ცალკეულ უფლებებს არაფრად აგდებდა.
ოპოზიცია იზრდება
ოქტომბრის დასაწყისში, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ბურჯანაძემ, რომელმაც ბოლო წუთს გადაწყვიტა საკუთარი კანდიდტურა მოეხსნა 21 მაისის საპარლამენტო არჩევებიდან, წერილი გამოაქვეყნა, სადაც ომის დაგეგმვასა და მიმდინარეობაზე 43 კითხვაა დასმული. რამდენიმე კვირის შემდეგ მან სააკაშვილს ღია წერილითაც მიმართა, სადაც საქართველოში ”პოლიტიკური კრიზისის” დაწყების შესახებ აფრთხილებს, და სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავლის გზად საარჩევნო კანონმდებლობის ლიბერალიზაციას, მედიაზე შეზღუდვების მოხსნას და შემდეგ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ასახელებს.
დეკემბრის დასაწყისში, სააკაშვილის მესამე ყოფილი ახლო პარტნიორი, ირაკლი ალასანია გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგა. 24 დეკემბრის განცხადებაში, მან სააკაშვილი აგვისტოში რუსეთთან ომის ფორსირებაში დაადანაშაულა და მოსალოდნელი ”კრიზისის” თავიდან აცილების, ასევე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღდგენისა და ქვეყნის განვითარებისთვის, ყველა ”წესიერ და პატრიოტ ადამიანს” ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდა. არსებობს მოლოდინი, რომ ალასანია გაერთიანებულ რეპუბლიკელებს და ახალ მემარჯვენეებს დაუკავშირდება და ვადამდელ არჩევნებში, რომლისკენაც ბურჯანაძე დღესაც მოუწოდებს, მათ მიერ წარდგენილი კანდიდატი იქნება.
მაგრამ Caucasus Press-ის ცნობით 17 დეკემბერს სააკაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ 2013 წლამდე, ანუ იმ დრომდე ვიდრე იგი კენჭს აღარ იყრის, და ”ხალხს დანაპირებს არ შეუსრულებს” არანაირი არჩევნები არ იქნება.
თავის მხრივ, პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქარაძემ 19 დეკემბერს გაიმეორა, რომ ვადამდელი არჩევნები ქვეყნისთვის წამგებიანი იქნება, რადგან ის 1 მილიარდი ჯდება, რაც ჯობია ინვესტიციის სახით ეკონომიკაში ჩაიდოს. მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების აზრით, ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების წინააღმდეგ ის არის, რომ კონსტიტუცია სააკაშვილს არ აძლევს მესამე ვადით არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, არადა არსებულ მმართველ ელიტაში არ არსებობს არცერთი პოლიტიკური ფიგურა, ვინც თავისი ქარიზმატულობითა და ძალაუფლებით ბურჯანაძეს ან ალასანიას კონკურენციას გაუწევდა.
კრიზისი მოდის?
ქართული ეკონომიკისთვის აგვისტოს ომით მიყენებულ ზარალს გლობალური ფინანსური კრიზისიც დაემატა. 2009 წლისთვის ქვეყნის მშპ-ს ზრდა მხოლოდ 2.5 პროცენტითაა დაგეგმილი, 2007 წლის 12.5 პროცენტთან და 2008 წლის პირველი ექვსი თვის 8.5 პროცენტთან შედარებით. ქართულმა ვალუტამ, ლარმა აშშ-ს დოლართან შედარებით ღირებულების 14 % დაკარგა.
11 დეკემბერს სააკაშვილმა აღიარა, რომ 2009 წელს საქართველო ეკონომიკური სირთულეების პირისპირ აღმოჩნდება, მაგრამ აღნიშნა, რომ პრობლემები 1990-იანების დასაწყისის ”გაჭირვების” მსგავსი არ იქნება. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 26 დეკემბერს ეს არგუმენტი გააბათილა, განაცხადა რა, რომ მთავრობის უარი შეცვალოს მონეტარული პოლიტიკა, ლარის შემდგომ გაუფასურებას გამოიწვევს.
დასავლეთის კრიტიკას დემოკრატიზაციის განვითარების ნელი ტემპის შესახებ, სააკაშვილმა დაგვიანებით უპასუხა და დეკემებრის შუა რიცხვებში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წინადადებით გამოვიდა, რომელიც პრეზიდენტის უფლების შეზღუდვის ხარჯზე უმნიშვნელოდ ზრდის საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილებას.
თუმცა, მინისტრთა კაბინეტში მორიგი გადაჯგუფების შემდეგ ხელუხლებელი დარჩა გავლენიანი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც სუბარმა კანონგარეშე მოქმედი სიკვდილის ბრიგადების მფარველობაში პირდაპირ დაადანაშაულა. ხოლო მერაბიშვილის პროტეჟე ბაჩო ახალაია, რომელზეც ფიქრობენ, რომ სწორედ მან მოახდინა 2006 წლის მარტში ციხის ბუნტის პროვოცირება, თავისი სადისტური მოპყრობით პატიმრებისადმი, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
სხვა მხრივაც, ისეთი შთაბეჭილება რჩება, რომ სააკაშვილი ფანტაზიის სამყაროში ცხოვრობს. 31 დეკემბერს ”ნიუ-იორკ თაიმსში” ის აცხადებს, რომ ქართველი ხალხი მას მხარს უჭერს. საპირისპირო ცნობა 22 დეკემბერს ყოველკვირეულ გამოცემა ”კვირის პალიტრაში” გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ახლახანს ჩატარებული გამოკითხვით 395 რესპოდენტიდან 24% სააკაშვილზე ”გაბრაზებულია”.
23 დეკემბერს კი სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას უმტკიცებდა, რომ ქვეყანა აღდგენის პროცესშია და რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ”იმაზე სწრაფად განთავისუფლდება, ვიდრე ამას ხალხი ფიქრობს.”
ორიგინალი
No comments:
Post a Comment