რუპერტ კორნუელი
4 იანვარი 2009
იანვარში ბარაკ ობამა ამერიკის 44-ე პრეზიდენტი გახდება. იმედით აღვსილი მთელი მსოფლიო იმას შეჰყურებს, წარიმართება, თუ არა ყველაფერი უკეთ.
რას შეედრება ბარაკ ობამას მოსვლა? შესაძლოა 1933 წლის მარტს. მაშინ ამერიკა თანამედროვეობის ისტორიაში თავის ყველაზე დიდ დაცემას მოესწრო და ახალ წელს იმ იმედით ელოდა, რომ ოპტიმიზმით აღსავსე, ინტერვენციონიზმის ფილოსოფიით განმსჭვალული მომავალი პრეზიდენტი დიდი დეპრესიიდან მის გამოყვანას შეძლებდა.
ან იქნებ დღევანდელი ვითარება უფრო 1945 წელს მოგვაგონებს, როდესაც იგივე პრეზიდენტი, ფრანკლინ რუზველტი მეოთხედ ემზადებოდა ფიცის დასადებად. ახალ წელს მოხუცებულის შემართებით დაღდასმული ფდრ, უკვე ფიზიკურად ძალამიხდილი, გადაღლილი და დაცარიელებული ხვდებოდა. მაგრამ გამარჯვების სურნელი ჰაერში ტრიალებდა და თუნდაც პრეზიდენტი ამ გამარჯვებას ვეღარ მოსწრებოდა, ამერიკა და მთელი მსოფლიო იმ იმედით ცოცხლობდა, რომ სისხლისმღვრელი ხუთი წელი მალე წარსულს ჩაბარდებოდა და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დესტრუქციული კონფლიქტი საბოლოოდ დასრულდებოდა.
მერე 1961 წელიც დადგა. ვაშინგტონის ქუჩები თოვლს სქელ საბურველს დაეფრა. თავშიშველი, მსუბუქ პალტოში ჩაცმული ელეგანტური, ლამაზი, ახალგაზრდა პრეზიდენტი თავის ხალხს იმას ეუბნებოდა, რომ ლიდერობის ლამპარი ამერიკის ახალმა თაობამ გადაიბარა, თაობამ, რომელიც ომის დროს ჩამოყალიბდა, მაგრამ ოცნების უნარი მაინც შეინარჩუნა.
ახლა ჯონ კენედი 91 წლის იქნებოდა, მაგრამ მისი სიცოცხლე, აქ, ამ თვალის მომჭრელ მომენტში, უკიდეგანო დაპირებების ჟამს გაიყინა. ის 44 წლისაც კი არ იყო, ყველაზე ახალგაზრდა მათ შორის, ვინც პრეზიდენტად ოდესმე მოსულა. თავის თანამოქალაქეებს მხოლოდ ცვლილებებს როდი პირდებოდა, ის ეროვნული აღორძინების აღთქმას დებდა. ვიღაცას მიაჩნდა, რომ ზედმეტად ახალგაზრდა იყო, სხვები პირქუშად ბუტბუტებდნენ, რომ არჩევნები მოიპარა, მიუხედავად ამისა ქვეყანა სიამაყით და სიხარულით შეჰყურებდა იმას, რის აღსრულებასაც ახალი პრეზიდენტი აპირებდა. მაგრამ ჯფკ-საც კი არ აღუძრავს იმდენი იმედი, რაც ობამას გამარჯვებამ ამ პირქუშ ჟამს აღძრა.
რუზველტის მმართველობიდან მოყოლებული აშშ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ, ძლევამოსილ სახელმწიფოდ მოევლინა, საუკუნეს თავისი მეუფების ბეჭედი დაასვა, ხოლო ამერიკის პრეზიდენტი მხოლოდ საკუთარ ხალხს როდი ეკუთვნოდა, ის მთელ მსოფლიოს კუთვნილებად იქცა. დიახ, ეს ასე იყო, მაგრამ დღეს ყველაფერმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
როდესაც 20 იანვრის შუადღეს, სამშაბათს კაპიტოლიუმის დასავლეთ კიბეზე, ობამა ფიცის დასადებად მოემზადება, ამ კულმინაციურ მომენტში, ვაშინგტონს სტუმართა ტალღა წალეკავს, ხუთი მილიონი ადამიანი დღესასწაულზე დასასწრებად ჩამოვა.ეს ხუთი მილიონი გლობალური აუდიტორიის მხოლოდ მცირედი ნაწილი იქნება, მილიარდობით ადამიანის წარმომადგენელი.
ამ აუდიტორიას მხოლოდ სანახაობა როდი მიიზიდავს ისეთი, როგორიც ჩარლზისა და დიანას ქორწინებისას გაიმართა, ან როგორსაც ოლიმპიადის გახსნისას ელიან. კაცობრიობას სასწაული მოენატრა. არც კენედის, არც რუზველტს მოლოდინის ისეთი ტვირთი არ აწვა, როგორც არჩეულ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ამძიმებს. რეცესია, გლობალური დათბობა, პრობლემები ახლო აღმოსავლეთში, ტერორიზმი და ცივილიზაციათა კონფლიქტი -კრიზისები და ასე შემდეგ დაუსრულებლად. ისე დიდია ცდუნება, ისე დიდია მოლოდინი, რომ ყველა პრობლემა ობამას პრეზიდენტობისას გადაწყდება.
თუ ჩერჩილის პარაფრაზირებას მოვახდენ, ერთი კაცისგან ამდენს არასდროს დალოდებიან. თუ რა თქმა უნდა, მოლოდინის ობიექტი ისეთი გამოცდილი ტიტანი არ იყო, როგორც უინსტონ ჩერჩილი. ბარაკ ობამას პოლიტიკური კარიერა კი სულ ოთხი წლის წინ დაიწყო და მას საყოველთაოდ ცნობილი, ბრწყინვალე საარჩევნო კამპანიის გარდა ღირშესანიშნავი ჯერ არაფერი გაუკეთებია.
მაგრამ სულ მალე ობამას უამრავი რამ დაევალება: უკიდურესი პასუხისმგებლობა ფედერალურ ბიუჯეტზე, რომელიც სამი ტრილიონი დოლარის ტოლია; მსოფლიოს უძლევამოსილესი არმიის მართვა; ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ის თავისი ქვეყნის მთავრობაზე იღებს პასუხისმგებლობას, ხოლო მოცემულ მომენტში, დიდი დეპრესიის შემდეგ პირველად, ამერიკელები თავისი მთავრობის გადაწყვეტილებებს განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან.
ეს ზღვარგადასული იმედი პარადოქსულია. 1945 წელს ამერიკა თავისი ძალაუფლების ზენიტში იმყოფებოდა. წითელი არმია ბერლინის დასაპყრობად ემზადებოდა, მაგრამ შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა იყო. მხოლოდ მას, სხვების დახმარების გარეშე ახალი გლობალური ფინანსური სისტემის შექმნა და მსოფლიო ეკონომიკის აღორძინება ძალუძდა, რაც გააკეთა კიდეც მარშალის გეგმის მეშვეობით, რომელმაც დასავლეთ ევროპა კომუნისტურ კონტროლს გადაარჩინა.
60 წლის შემდეგ, მსოფლიოს უდიდესი კრედიტორი, მსოფლიოს უდიდეს მოვალედ იქცა. გლობალიზაციის ეპოქაში, აშშ რამდენიმე ეკონომიკურ ცენტრს შორის მხოლოდ ერთ-ერთია. 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი სწორედ აქ დაიწყო, მაგრამ გადარჩენის გასაღები პეკინში, დელიში ან ბრიუსელში უნდა მოიძებნოს. ეს უხერხული სიმართლე ობამას არჩევით გამოწვეულ ეიფორიაში შთაინთქა. შეძლებს კი ობამა ყველაფერს? დამაყრუებელი წამოძახილი: დიახ, ის შეძლებს, უკან გვიბრუნდება.
ასეთი უზარმაზარი იმედი ამერიკის ულევი მიმზიდველობის დადასტურებაა. როდესაც მთელი მსოფლიო ერთ ქვეყანას, ერთ ადამიანს ასეთი იმედით შეჰყურებს, ერთი რამ ცხადდება: მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ ბუშმა ქვეყნის რეპუტაცია შელახა, აშშ მსოფლიოსთვის იმედის უკანასკნელ ნავთასაყუდელად რჩება, იმის იმედად, რომ კაცობრიობას უკეთესი არსებობის შანსი აქვს.
ობამას მოსვლა განსაკუთრებულად ამაღელევებელ მომენტს დაემთხვა. 8 წლის შემდეგ, როდესაც ყოველი შემდეგი წელი, წინაზე უფრო დიდხანს მიიზლაზნებოდა, ჯორჯ ბუში შინაც და გარეთაც აშშ-ს ყველაზე არაპოპულარული ლიდერი, როგორც იქნა მიდის. კიდევ ერთხელ მოხდა ისე, რომ ლიდერობის ლამპარი ახალ თაობას გადაეცა. კენედი დუაიტ ეიზენჰაუერზე 27 წლით უმცროსი იყო. 44-ე პრეზიდენტი თავის წინამორბედზე მხოლოდ 15 წლით ახალგაზრდაა, მაგრამ მისი ინტენცია, ამოცანები ნამდვილად განსხვავებული, ახალი თაობის კუთვნილებაა.
ობამაც ბილ კლინტონივით და ჯორჯ ბუშივით დემოგრაფიული ბუმის წლებში დაიბადა და ფორმალურად თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ იმ თაობის არიერგარდს. მაგრამ ის 70-იანების მიწურულსა და 80-იანებში ჩამოყალიბდა, დროში, რომელიც განებივრებული 60-იანებისგან განსხვავდებოდა. მისი წარმოშობა, ჰავაისა და ინდონეზიაში გატარებული წლები იმის წინაპირობას ქმნის, რომ ობამა ამერიკას უცხოელის თვალითაც ხედავს და შინაურისაც. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის უპრეცედენტო მოლოდინი, რომელიც მის მიმართ ამერიკის საზღვრებს მიღმა არსებობს. ახლა უკვე შეგვიძლია ვირწმუნოთ, რომ ბოლოს და ბოლოს ამერიკას ეყოლება ლიდერი, რომელიც ქვეყანას მხოლოდ შინაურის თვალით არ შეხედავს და რომელიც შეძლებს მის შეფასებას კაცობრიობის 95 პროცენტის პოზიციიდან, მათი პოზიციიდან, ვინც ამერიკელი არ არის.
მაგრამ ობამას გამარჯვებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ თქვენ ამერიკის სრულყოფილების გჯერათ, ეს თქვენი პრობლემაა. და თუ მონობა, ამ ქვეყნის პირველქმნილი ცოდვა იყო, პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტის არჩევით ამერიკამ ეს ცოდვა ნაწილობრივ მაინც ჩამოირეცხა. ობამას გზა თეთრი სახლისკენ მართლაც დაუვიწყარი რამ იყო. თავისი კანდიდატურა მან 2007 წლის დილას დაასახელა, კიდევ უფრო ცივ დილას, ვიდრე ეს კენედის ინაუგურაციისას იყო. ეს ილინოისში, სპრინგფილდის პარლამენტის კიბეებზე მოხდა, იქ, სადაც ამერიკის ყველაზე დიდმა პრეზიდენტმა, აბრაამ ლინკოლმა თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო.
თითქმის საუკუნე-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ლინკოლნმა სამოქალაქო ომის მსვლელობისას დეკლარაცია გამოსცა და შავ მონებს თავისუფლება აჩუქა. აფრო-ამერიკელმა, რომელმაც საკუთარი გზა პოლიტიკაში ზუსტად ამავე შენობიდან დაიწყო, განაცხადა, რომ პოლიტიკური მწვერვალისკენ ლინკოლნის კვალს გაყვება. მან ისიც თქვა, რომ გამარჯვების შანსი აქვს და გაიმარჯვა კიდეც.
გამარჯვებისკენ მიმავალი გზის დასასრული კიდევ უფრო ნიშნეული იქნება, ვიდრე დასაწყისი, ობამას ინაუგურაციამდე 24 საათით ადრე აშშ უფლებადცვითი მოძრაობის ლიდერისა და წამებულის, მსოფლიოს ყველა კუთხეში სათაყვანებელი კაცის, იმ ადამიანის მოსახსენიებელ დღესასწაულს იზეიმებს, ვინც ობამას გამარჯვება შესაძლებელი გახადა და ეს კაცი მარტინ ლუთერ კინგია.
1963 წლის აგვისტოში, კენედის მკვლელობამდე სამი თვით ადრე, კინგმა ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან შეკრებილ ათასობით ადამიანს თავის ოცნებაზე მოუთხრო, ოცნებაზე, რომელშიც თეთრი და შავი ამერიკელები, ერთმანეთის გვერდიგვერდ, ჰარმონიასა და თანასწორობაში ცხოვრობდნენ. სულ რაღაც 17 დღეში უკვე არა ათასობით, არამედ მილიონობით ადამიანი იმისთვის შეიკრიბება, რომ ობამას საინაუგუარაციო მიმართვა მოისმინოს. განა შეიძლება მოიძებნოს უფრო კარგი დრო ოცნებისთვის? ამ პირქუშ, გაწამებულ, პესიმიზმით შეპყრობილ პლანეტას, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ახლა სჭირდება მსგავსი სტიმულატორი.
ოცნება, როგორც წესი, ყოველდღიურობის ლოგიკას უგულვებელყოფს. რა თქმა უნდა 2009 2008-ზე უარესი არ უნდა იყოს, თუმცა ყველაფერია შესაძლებელი. ეკონომიკური პროგნოზი მართლაც შემაშინებელია. აშშ-ს საავტომობილო მრეწველობა განადგურების პირასაა. ახლო აღმოსავლეთის გადაჯაჭვული კრიზისები ირანში, პაკისტანსა და ავღანეთში, კიდევ უფრო გართულდა, ვიდრე 12 თვის წინ. და სავსებით შესაძლებელია, რომ ობამას ჰეროიკული მცდელობების მიუხედავად 2009 წლის დეკემბერი კიდევ უფრო პირქუში იყოს, ვიდრე წელს გვქონდა, მაგრამ ეს ობამას ინაუგურაციას დაღს ვერ დაასვამს.
2009 წლის გარიჟრაჟზე ობამა ამერიკის მაგიური ხიბლის, მუდმივი განახლების უნარის განსახიერებად იქცა. ყველასთვის ცნობილია სკოტ ფიცჯერალდის გამონათქვამი იმის თაობაზე, რომ ამერიკულ სინამდვილეში მეორედ მოქმედების შესაძლებლობა არ არსებობს , მაგრამ ამერიკამ, როგორც ქვეყანამ განახლება, უთვალავჯერ შეძლო, და ერთი ასეთი განახლების მოწმენი შესაძლოა ჩვენ გავხდეთ. ბუშის უგუნურების, ანტიინტელქტუალიზმის, ფანატიზმის ეპოქა დასრულდა. ინგლისური ენა დაგვიბრუნდა. ასევე დაგვიბრუნდა, ნიუანსების აღქმის უნარი, პრაგმატიზმი და არაპარტიული მიდგომის პატივისცემა.
არ ვიცი რამდენად შეძლებდა სხვა ქვეყანა, მაგრამ აშშ-მ პრეზიდენტად ის კაცი აირჩია, ვისაც მეორე სახელად ჰუსეინს უწოდებენ, ვინც იმ დიქტატორის სეხნიაა, რომლის წინააღმდეგაც 2003-ში აშშ-მ ომი წამოიწყო. შავ-ბნელ პოლკოვნიკებს მსოფლიოს ნაკლებად იღბლიან კუთხეებში ხელისუფლების მიტაცება შეუძლიათ. მაგრამ აბა დაასახელეთ თუნდაც ერთი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც არსაიდან მოსულმა აუტსაიდერმა შესაძლოა უმაღლესი ჯილდო მოითხოვოს და მიიღოს კიდეც? ბარაკ ობამა იმის დასტურია, რომ ამერიკაში ყველაფერია შესაძლებელი. ალბათ, ამიტომაცაა, რომ დანარჩენებიც ასე აღვფრთოვანდით, თუმცა ვიცით, რომ მსგავსი რამ მხოლოდ ამერიკაში ხდება.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment