Sunday, June 8, 2008

პუტინის ცივი ომი

washington_post

8 იანვარი 2009

რუსეთის პრეზიდენტმა ევროპისათვის გაზის მიწოდების შეჩერება ბრძანა. დამნაშავეა, თუ არა რეალურად უკრაინა?

რუსეთი ფარისევლურად ამტკიცებს, რომ შუა ზამთარში უკრაინასა და ახლა უკვე დანარჩენ ევროპასაც გაზის მიწოდება მხოლოდ კომერციული დავის გამო შეუწყვიტა და არა იმიტომ, რომ უკრაინის პროდასავლური ხელისუფლების ძირგამოსათხრელად მიმართული ხანგრძლივი კამპანიის ნაწილს ახორციელებს. თუ ასეა მაშინ რატომ დაუთმო ორშაბათსაც და სამშაბათსაც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ პრაიმთაიმი ინსცენირებულ შეხვედრას, სადაც პრემიერ-მინისტრი პუტინი დემონსტრაციულად ლანძღავდა უკრაინის პრეზიდენტს და სახელმწიფო გაზის კომპანიას გაზის მიწოდების შეჩერების განკარგულებას აძლევდა?

პუტინის სატელევიზიო ”სამუშაო შეხვედრები” ალექსანდრე მილერთან, სახელმწიფო მონოპოლიის, გაზპრომის ხელმძღვანელთან კურიოზული სისატკით იყო დადგმული. პუტინი შემაშინებელი დაჟინებით ითხოვდა უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე დავის დეტალების აღწერას, მილერი კი საპასუხოდ უკრაინის მთავრობა ქურდბაცაცას, მატყუარას და არასანდო პარტნიორს უწოდებდა. ორშაბათს პუტინმა ცინიკურად უთანაგრძო უკრაინელ მომხამერებელს და მერე სხვა ევროპული ქვეყნებისათვის უკრაინაზე გამავლი გაზის ტრანზიტის შემცირების განკარგულება გასცა. სამშაბათს მან განაცხადა, რომ მილსადენის ფუნქციონირებას საერთოდ აჩერებს, რის შედეგადაც გაზის გარეშე არა მხოლოდ უკრაინა, არამედ 12 სხვა ქვეყანაც დატოვა.

განა ამ გზით მოხერხდება ფასებსა და ტრანზიტის გადასახადების გარშემო ატეხილი დახლართული კონფლიქტის გადაწყვეტა? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ  პუტინს სულ სხვა რამა აქვს დაგეგმილი. მისი რეალური მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის აგრესიული სტრატეგია ენერგეტიკული რესურსების ექსპორტში კიდევ უფრო განამტკიცოს, ხოლო ევროპა გახლიჩოს და ქვეყნებს, რომლებიც თავისი კანონიერი უფლებების დაცვას ცდილობენ, მაგალითად უკრაინას, ძირი გამოუთხაროს. აი, რას ამბობს პუტინის ელჩი ნატოში დიმიტრი როგოზინი: ”ცხადია, რომ თუ ევროპას ბუნებრივი გაზის და ასევე ნავთობის, გარანტირებულად მიღება სურს, ის ვერაფრით დაეყრდნობა თავის შესანიშნავ მეგობარს, მისტერ იუშჩენკოს”. ვიქტორ იუშჩენკო უკრაინის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია. ის თანამდებობაზე 2004 წელს მოვიდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის მხარადჭერით ჩატარებულ გაყალბებულ არჩევნებს შესაბამისი პასუხი გაეცა. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, უკრაინის ლიდერი მხარს უჭერს მისი ქვეყნის გაწევიანებას ნატოში. პუტინმა სააკაშვილს აგვისტოს ომით გადაუხადა სამაგიერო, ახლა კი შეტევა იუშჩენკოს წინააღმდეგ წამოიწყო.

ევროპაში ზოგიერთმა როგოზინის არგუმენტები სარწმუნოდ მიიჩნია, ზუსტად ასევე დანაშაულებენ ისინი სააკაშვილს იმაში, რომ რუსული ჯარი ჯერ კიდევაა გამაგრებული საქართველოს ტერიტორიაზე. თავისი ქართველი კოლეგებივით, უკრაინის მთავრობასაც ბევრი სუსტი წერტლი აქვს, რასაც პუტინი უმოწყალოდ იყენებს. მაგრამ შეტყობინება, რომელსაც ამ ცივი კვირის მეშვეობით პუტინი ევროპის მათვრობებს უგზავნის (და რომელსაც ძირითადად იგნორირებას უკეთებენ) ასეთია - ევროპის დამოკიდებულებას რუსულ ენერგორესურსებზე პუტინი თავისი იმპერიალისტური და ანტიდასავლური მიზნების განხორციელებისთვის იყენებს. ევროპის კავშირმა სასწრაფოდ უნდა დააჩქაროს ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსების მოძიება და უფრო მტკიცედ უნდა დაუჭიროს მხარი ქვეყნებს, რომელთა საბოტირებასაც ცდილობს რუსეთი - სწორედ ასეთი უნდა იყოს ერთადერთი რაციონალური პასუხი რუსეთის ქმედებებზე.

ორიგინალი

No comments: