მარტინ შიფი
22 იანვარი 2009
ვაშინგტონი - გაიმარჯვა თუ დამარცხდა რუსეთი საქართველოსთან ხუთდღიან ომში, და მოიგო თუ წააგო ისრაელმა სამკვირიანი ომი ღაზასთან? ორივე შემთხვევაში პასუხები პოლიტიკურ და სტრატეგიულ სიბრტყეში დევს, ისინი ტაქტიკისა და სახმელეთო ბრძოლების სფეროს არ განეკუთვნება.
შეიძლება ვამტკიცოთ, რომ რუსეთმაც და ისრაელმაც გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებში მარცხი განიცადეს, რადგან პროდასავლური პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ საქართველოს მმართველია, ისევე როგორც ღაზას სექტორის სათავეში რჩება ირანის მიერ მხარდაჭერილი ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა.
მართლაც, ისრაელის სამხედრო ძალთა დანაკარგები ღაზას სექტორში გაცილებით მცირეა - მხოლოდ 13 დაღუპული - ვიდრე რუსული არმიისა საქართველოში. ისრაელს ამ ომში ძვირფასი ბომბდამშენები და სხვა თვითმფრინავები არ დაუკარგავს, როგორც ეს რუსეთს შეემთხვა გასულ აგვისტოს კავკასიის ხანმოკლე კონფლიქტში.
თუმცა ამ ორ მოვლენას ბევრი საერთოც აქვს. ვერც საქართველოს და ვერც ჰამასის ლიდერები ვერასდროს იფიქრებდნენ, რომ ასეთი მასშტაბური შეტევის პირისპირ აღმოჩნდებოდნენ, მაგრამ სამხედრო შეტევას, რომელმაც ისინი დაამარცხა, ორივემ გაუძლო. ორივემ, ისრაელმაც და რუსეთმაც თავიანთი თავდასხმით ტაქიკურად მოულოდნელი სვლა გააკეთეს.
საქართველოს და ჰამასის ლიდერებმა სერიოზული შოკი მიიღეს. მართლაც, ქართველები ფიქრობდნენ, რომ აშშ-სგან მიღებული თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით, რუსეთის ნებისმიერ სახმელეთო შეტევას მოიგერიებდნენ. ამის ნაცვლად კი მათი არმია რუსეთთან ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა. ჰამასმაც ისრაელის არმიას მხოლოდ უმნიშვნელო სამხედრო წინააღმდეგობა გაუწია.
ორივეს, საქართველოსაც და ჰამასსაც სჯეროდათ, რომ იმ ძალაუფლების გამო, რომელიც მათ გააჩნდათ, რომლითაც თავს იწონებდნენ და მოწინააღმდეგეს აქეზებდნენ, მათზე თავდასხმას ვერავინ გაბედავდა, და თუკი ეს მაინც მოხდებოდა საერთაშორისო ზეწოლა და აღშფოთება ამ აგრესიას რამდენიმე დღეში და შესაძლოა საათებშიც შეაჩერებდა.
მაგრამ საქართველოსაც და ჰამასსაც იმედები სწრაფად გაუცრუვდათ. ვერც ევროკავშირმა, თავისი 27 ქვეყნით და ვერც აშშ-მ რუსი სამხედროების დაუნდობელი ძალის შენელება ან შეჩერება ვერ შეძლეს, ვიდრე კრემლმა თავად არ შეწყვიტა მოქმედება, მას შემდეგ რაც მთლიანად გაწმინდა კავკასიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიის ერთი მესამედი. ისრაელის ქვეითი ჯარები ღაზას სექტორში დაუსჯელად მოქმედებდნენ, მაგრამ მთელ არაბულ სამყაროს მოდებული პოპულარული დემონსტრაციების უზარმაზარი ტალღა ვერ განხორციელდა.
და მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი მის ქვეყნაზე რუსეთის თავდასხმას გადაურჩა, ისევე როგორც ჰამასი - ღაზას სექტორზე ისრაელის იერიშს, ამ ორი სუბიექტის პოლიტიკური პერსპექტივები აბსოლუტურად განსხვავებულად მოჩანს.
სააკაშვილმა ეს ესაა მსოფლიოში მისი ერთ-ერთი რეალურად ძლევამოსილი მეგობარი დაკარგა, მტკიცედ პრო-ქართველი აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. ამერიკის ახლმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა ახლად არჩეულმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა უკვე საკმაოდ ნათლად განაცხადეს, რომ რუსეთთან დაძაბულობის შემცირება და მომავალი წლის განმავლობაში მასთან შეიარაღებაზე ერთობლივ კონტროლზე ახალი შეთანხმების მიღწევა სურთ, რადგან ძველს ვადა დეკემბერში გაუვიდა.
ასეთი პოლიტიკური კლიმატის პირობებში, სააკაშვილმა იცის, რომ ყველაზე დიდი რისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს, გადარჩენაა. ობამას ადმინისტრაცია არ დაიწყებს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიაზიცაში გაწევრიანებაზე აქტიურობას, როგორც ამას ბუში აკეთებდა (წარუმატებლად). აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოდგილე დენიელ ფრიდი, რომელიც საქართველოს ალიანსში მიღების საკითხზე ბუშის ყველაზე აქტიური ჩინოვნიკი იყო, ობამას ახალ ადმინისტრაციაში საკუთარ თანამდებობას ვეღარ შეინარჩუნებს.
ანუ სააკაშვილი კვლავ მტრულად განწყობილი და შეგულიანებული რუსეთის პირისპირ დარჩება. გაცილებით მტრული და პოტენციურად საშიში ლიდერის წინაშე აღმოჩნდება ჰამასი, თუკი 10 თებერვლის ისრაელის საყოველთაო არჩევნებზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბინიამინ ნეთანიაჰუ გაიმარჯვებს, რაც აბსოლტურად მოსალოდნელია, რადგან ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ეჰუდ ბარაკმა და კადიმას პარტიის ლიდერმა ციპი ლივნიმ, პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტთან ერთად ღაზას ოპერაციების პროცესში სიმტკიცის ნაკლებობა და გარკვეული არაორგანიზებულობა გამოამჟღავნეს.
მაგრამ ვაშინგტონში ობამასა და კლინტონის იმედზე ყოფნა შეიძლება - ისინი ისრაელის ნებისმიერი მომავალი მთავრობის, (ლიკუდის ჩათვლით), მოსათოკად მტკიცედ იმოქმედებენ, მაშინ როდესაც ბუშმა ისრაელელებს სრული თავისუფლება მისცა. სწორედ ამიტომ გამოიყვანეს ოლმერტმა და მისმა სამხედროებმა ისრაელის ჯარები ღაზას სექტორიდან სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ობამა საკუთარ თანამდებობას დაიკავებდა.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment