Sunday, June 22, 2008

კიდევ ერთი გამოწვევა ობამასთვის: საქართველო-რუსეთი

macclatchy 
ტომ ლასტერი
22 იანვარი 2009 

თბილისი, საქართველო - როდესაც გასულ აგვისტოს რუსული ტანკები და საბრძოლო თვითმფრინავები საქართველოში შემიჭრნენ, კრემლმა განაცხადა, რომ მისი მიზანი საქართველოს მეამბოხე რეგიონში, სამხრეთ ოსეთში გენოციდის შეჩერება იყო. რუსეთის ხელისფლების წარმომადგენლები და მათი მოკავშირეები სამხრეთ ოსეთის მთავრობა აცხადებდნენ, რომ რამდენიმე დღეში ქართულმა ჯარმა 2 000 ადამიანი დახოცა.

თუმცა გასულ თვეს, რუსეთის ფედერალური პროკურატურის სპეციალურმა სამსახურმა, რომელიც ომის გარემოებებს სწავლობდა, განცხადა, რომ დაღუპულია სულ 162 მშვიდობიანი მოქალაქე და 48 რუსი ჯარისკაცი.

დეზინფორმაცია და გასული ომის ხუთდღიანი სისასტიკე ის კითხვებია, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკურ გუნდს დახვდება, ხოლო ამ კითხვებზე გაცემული პასუხები დაეხმარება მათ აშშ-სა და საქართველოს, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, აშშ-ს და მოძლიერებულ რუსეთს შორის ურთიერთობების ფორმირებაში.

ოფისის დატოვებამდე 11 დღით ადრე ბუშის ადმინისტრაციამ საქართველოსთან ”სტრატეგიული პარტნიორობის” ქარტიას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც აშშ ყოფილ საბჭოთა კავშირთან ენერგეტიკული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დემოკრატიის განვითარების საკითხებში თანამშრომლობის პირობას იძლევა, თუმცა აშშ-ს ვალდებულებები დაკონკრეტებული არ ყოფილა. რა სახეს მისცემს ამ თანამშრომლობას ობამა, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ინტერპრეტირებას გაუკეთებს ახალი პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს ომს.

რუსეთის ყალბმა ბრალდებები გენოციდში გზა გაუხსნა იმას, რასაც სამხედრო დანაშაულებანი შეიძლება ეწოდოს: რუსული ტანკების საფარქვეშ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა რაზმებმა დაარბიეს და გადაწვეს ქართული სოფლები იმისთვის, რომ პატარა მთიანი რეგიონი, სამხრეთ ოსეთი ეთნიკური ქართველებისგან გაეწმინდათ.

”წამება, სიკვდილით დასჯა, ესაა სამხედრო დანაშაულებანი” - ამბობს გიორგი გოგია, მკვლევარი Human Rights Watch-იდან, რომელიც აცხადებს, რომ ორგანიზაციამ დააფიქსირა ოსების მიერ ჩადენილი ეს ქმედებები.

გარდა ამისა, საქართველოს მტკიცებით, რუსული ჯარი ბევრ შემთხვევაში ეთნიკურ ქართველთა სახლების გადაწვაში და დარბევებში მონაწილეობდა ან უმოქმედოდ ადევნებდა თვალს, როდესაც ამას მათი ოსი პარტნიორები სჩადიოდნენ. სულ ცოტა 17 ქართული სოფელი სამხრეთ ოსეთში ”თითქმის მიწასთანაა გასწორებული” - ამბობს გოგია, დასკვნა, რომელიც გაეროს სატელიტით მიღებული გამოსახულებების მიხედვით შეიძლება გაკეთდეს. 20 000-ზე მეტი ეთნიკური ქართველი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიქცა.

ოსმა მებრძოლებმა, რომლებიც რუსების კონტროლს ექვემდებარებოდნენ, ან უნდა დაქვემდებარებოდნენ, სულცოტა ოთხი ქართველი სამხედრო ტყვე აწამეს და კიდევ სამი სხვა სიკვდილით დასაჯეს, ამბობს გოგია.

”როგორც საოკუპაციო ძალამ საქართველოში, რუსეთმა საზოგადოებრივი წესრიგი აბსოლუტურად ვერ უზრუნველყო” - გვითხრა გოგიამ.

ზარალის მასშტაბები დღემდ ეუცნობია, რადგან რუსეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო დამკვირვებლებს არეალის პატრულირების საშუალებას არ აძლევენ და რეგიონში მედიის მუშაობასაც უმკაცრესად აკონტროლებენ.

პროცესების ანალიზი იმის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ პირველი ხუთი დღის განმავლობაში ყველა მხარე უპასუხისმგებლოდ იქცეოდა. სამხრეთ ოსეთმა თავდასხმების მთელი წყებით, ნაწილობრივ, ქართველთა პროვოცირება მოახდინა. საქართველომ 7 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, ცხინვალზე გაუთვლელი და არაპორპორციული შეტევით უპასუხა. რუსეთი სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე ყალბი, ან სულ ცოტა გაზვიადებული საბაბით შეიჭრა.

კონფლიქტის საწყისი ეტაპების შემდეგ, მოწმეთა ჩვენებებისა და მაკკლაჩის მიერ ომის მსვლელობისას და მას შემდეგ მოპოვებული მასალის თანახმად, სწორედ რუსებმა და ოსებმა დაარღვიეს ომის კანონები.

რუსულმა ჯარმა გაანადგურა ქართული სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მონაწილეობდა მოროდიორობაში და ქვეყანა ცეცხლის ალში გახვია. რუსული ტანკებით დაცული ოსური რაზმები არბევდნენ ქართულ სოფლებს.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის იძულებული იყო საქართველოში სამხრეთ ოსეთში ქართველების უკონტროლო ძალადობის გამო შესულიყო. ბევრი ექსპერტი და თვითმხილველი ადასტურებს, რომ საქართველო ცხინვალს შეტევისას განურჩევლად უხსნიდა სარაკეტო ცეცხლს და ოსებიც ქართველთა მიერ ქალაქში ჩადენილ საზარელ ქმედებებს აღწერენ.

”ქართველები ისროდნენ ყველაფრიდან, რაც ისროდა. ქალაქის მცხოვრებლები თავის დაღუპულებს პირდაპირ ეზოებსა და ბაღებში კრძალავდნენ”- ამბობს დიმიტრი მედოევი, რუსეთში სამხრეთ ოსეთის წარმოამდგენელი - ”სნაიპერები ჰოსპიტალებს ესროდნენ. ტანკები ხალხს დასდევდნენ”.

ის ზარალი, რომელიც ცხინვალს ქართველთა შეტევითა და შემდგომ რუს შენაერთებთან ბრძოლით მიადგა, ფერმკრთალდება იმასთან შედარებით, რაც ოსურმა უკანონო შენაერთებმა მოგვიანებით სახრეთ ოსეთის ქართულ ანკლავებში ჩაიდინეს.

გაეროს მიერ გამოქვეყნებული სატელიტით მიღებული გამოსახულებები აჩვენებს, რომ შესამჩნევად ცხინვალის ნაგეგობობათა 5.5 პროცენტი დაზიანდა, მაჩვენებელი, რომელიც დაახლოებით შეესაბამება იმას, რაც მაკკლაჩის რეპორტიორმა იქ აგვისტოში ნახა.

მეზობლად განლაგებულ ქართულ სოფელში, ქვემო აჩაბეთში კი ამ დროს შენობათა თითქმის 52 პროცენტია დაზიანებული, გაეროს სატელიტური ფოტოების და ანალიზის თანახმად მათი უმეტესობა დანგრეულია. სოფელ თამარშენში, ეს რიცხვი 51 პროცეტს უტოლდება.

თამარაშენში, ქართულ სოფელში, სადაც 361-მდე სახლი იდგა 183 დანგრეული ან სერიოზულად დაზიანებულია. ცხინვალში, სადაც დაახლოებით 4 211 ნაგებობა დგას იგივე მაჩვენებელი 230-ს უდრის.

იმის გამო, რომ რუსული ხელისუფლება ცხინვალში შესვლას ზღუდავს, ხოლო მოშორებით მდებარე სოფლებში თითქმის საერთოდ არავის არ უშვებს, აგვისტოში სატელიტით დაფიქსირებული გამოსახულება ნგრევის მასშტაბების განსზაღვრის ერთადერთ წყაროდ რჩება.

სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვალერი ვალიევმა მაკკლაჩის უთხრა, რომ ზიანი სოფლებს ომის დროს მიმდინარე ბრძოლებისას მიადგა. ”ისინი არავის გადაუწვავს” - ამბობს იგი. არადა, გაეროს სატელიტური მონაცემები ცხადყოფს, რომ ქართულ ანკლავებს ზარალი ქართველთა მიერ ამ არეალის დატოვებიდან დღეების და კვირების შემდეგ მიადგა.

გამოსახულება იმასაც ადასტურებს, რომ ნგრევა აქ ბრძოლას არ გამოუწვევია ისე, როგორც ეს ცხინვალში მოხდა, არამედ ის მოჰყვა სისტემატურ კამპანიებს, რომელთა შესაჩერებლად რუსებმა არაფერი მოიმოქმედეს.

მთავრობის მონაცემებით, დაახლოებით 24 000 ადამიანი ომის შემდეგ იძულებით გადაადგილდა, მათი უმეტესობა სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველია. ათასობით მათგანი პატარა, მეტალის სახურავიან ბეტონის სახლში დასახლდა, თბილისის ჩრდილო დასავლეთით მდებარე მაგისტრალზე.

რუსეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები დაპირისპირების ამ ეტაპს ჩქმალავენ და ძირითად აქცენტს ომის დასაწყისზე აკეთებენ.

ქართველები და ოსები ერთმანეთს წლების მანძილზე ებრძოდნენ და კავკასიისთვის დამახასიათებელი სისხლიანი დაპირისპირება ჰქონდათ.

რუსეთმა ყველაფერი გააკეთა სიტუაციის გამწვავებისთვის. მისი საელჩოები სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს პასპორტებს ურიგებდა, ხოლო რუსი ლიდერები იმის დაპირებას იძლეოდნენ, რომ მათ, როგორც თავის მოქალაქეებს ისე დაიცავდნენ. გაისმა ბრალდებები, რომ გასულ აპრილს რუსული უპილოტო თვითმფრინავი ”მიგ”-ი მეორე სეპარატისტულ რეგიონზე, აფხაზეთზე გადაფრენისას ჩამოაგდეს. კრემლმა აღიარა, რომ რუსული საბრძოლო თვითმფრინავები გასულ ივლისს სამხრეთ ოსეთის თავზე, საქართველოს საჰაერო სივრცეში ლეგალურად დაფრინავდნენ.

მერე კი სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ რაზმებსა და ქართულ შეანაერთებს შორის ”კბილი კბილის წილ” დაპირისპირების, სნაიპერების თავდასხმის, ჩასაფრებების, სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებების, მკვლელობათა მცდელობების საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტმა ცხინვალში ჯარი გააგზავნა.

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოტივაცია დღემდე უცნობია. გაურკვეველია ის თავის საქვეყნოდ ცნობილ იმპულსურობას აყვა, თუ, როგორც თავად ამტკიცებს, 7 აგვისტოს დილას რუსულმა ჯარებმა საქართველოს საზღვარი მართლაც გადმოლახეს?

რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ 7 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო ჯარები იმყოფებოდნენ, ან როტაციას გადიოდნენ, როგორც ეს დიდი ხნის წინ სამ მხარეს შორის იყო შეთანხმებული.

”მე ოსი გენერალი ვარ და გაძლევთ 150%-იან გარანტიას, რომ ომის დაწყების მომენტისათვის, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული ჯარი არ იმყოფებოდა” - ამბობს სატელეფონო ინტერვიუში ანატოლი ბარანკევიჩი, რომელიც იმ დროს სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი იყო - ”გარდა სამშვიდო ჯარებისა, რომელიც გრადით დაბომბვების დროს დაიღუპა” - სარაკეტო სისტემებით - ”და ტანკებმა შეიწირა, რადგან ქართველებმა იცოდნენ, რომ ისინი წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ”.

ნებისმიერ შემთხვევაში, რუსები ჩასაფრებლები იყვნენ და სააკშვილის შეცდომას ელოდებოდნენ და მან ეს შეცდომა დაუშვა.

”აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ რუსეთი საქართველოს პროვოკაციას მოუწყობდა” - ამბობს ნინო ბურჯანაძე, პარლამენტის ყოფილი სპიკერი და სააკაშვილის ყოფილი მეგობარი, რომელიც ახლა ოპოზიციის ლიდერია. რუსეთი განარისხა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მცდელობამ და იმან, რომ დასავლეთმა ამ წლის დასაწყისში სერბეთის ყოფილი პროვინციის, კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა. სააკაშვილს უნდა სცოდნოდა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთში სამაგიეროს გადახადას მოინდომებდა, ამბობს ბურჯანაძე.

გასულ თვეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმაც განაცხადა, რომ მისი აზრით ”საქართველო არ მოიქცა პასუხისმგებლობით” აგვისტოს დასაწყისში.

ქართულ სოფლებში, რომლებიც ახლა უკვე სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს დე ფაქტო საზღვრების მახლობლად მდებარეობს და, სადაც ახლა რუსული დროშა ფრიალებს, ცდილობენ არ გაანალიზონ გარემოებები, რომელიც 7 აგვისტოს წინ უსწრებდა.

მას შემდეგ, რაც რუსებმა სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარი გამოდევნეს და მერე სტრატეგიულ ქალაქ გორამდე მოვიდნენ, ოსურმა არაფორმალურმა შენაერთებმა ”ბუფერულ ზონებში” და მის გასწვრივ არსებული უამარავი სახლი გადაწვეს.

ალიკ ღვინიაშვილი საკუთარი დამწვარი სახლის წინ დგას და ხელით მეზობლად მდგარ ხეებზე მიგვითითებს.

”მამაჩემი ტყეში იმალებოდა და ყველაფერს ხედავდა. მან თქვა, რომ ისინი, ოსები, ფორმებში იყვნენ ჩაცმულები. სახლი ბოლომდე გადაწვეს და მერე წავიდნენ,” თქვა ფერმერმა ღვინაიაშვილმა. ”ეს იყო ერთადერთი რამ, რაც ჩვენ ცხოვრებაში გაგვაჩნდა და მათ ის ერთ დღეში გაანადგურეს.”

ორიგინალი

No comments: