დეიზი სინდელარი, მარინა ვაშაყმაძე
5 იანვარი 2009
თბილისი - ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნების შემდეგ თანამდებობა მეორე ვადით შეინარჩუნა.
მაგრამ ქვეყნის პოლიტიკური ისტებლიშმენტი სააკაშვილის გამო სულ უფრო იმედგაცრუებული ჩანს, სპეკულაციები ვადამდელი არჩევნებისა და ვარდების რევოლუციის ყოფილი არქიტექტორის შესაძლო შემცვლელის შესახებ სულ უფრო ინტენსიურად ისმის.
ყურადღების ცენტრში 35 წლის ირაკლი ალასანია მოექცა, საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში, რომელიც თანამდებობაზე ორი წელზე მეტ ხანს იმყოფებოდა და რომელიც ამას წინათ გადადგა.
ერთი შეხედვით, ყმაწვილის შესახედაობის მქონე, მჭერმეტყველი ირაკლი ალასანია, რომელსაც პრეზიდენტობის უფლება კანონით სულ ახლახანს, დეკემბერში მიეცა, როდესაც 35 წლის შესრულდა, სააკაშვილის მიერ თავისი მთავრობისთვის გამოზრდილ ენერგიულ ჩინოვნიკებს წააგავს.
გაერომდე, ალასანია ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო მოპლაპარაკებებში სააკაშვილის წარმომადგენლად და თბილისში დევნილი აფხაზური მთავრობის თავმჯდომარედ მსახურობდა.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში დეკემბრის ბოლოს, ალასანიამ განაცხადა, რომ გაეროდან წამოსვლის გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებული იმედგაცრუების გამო გადაწყვიტა, და იმიტომაც, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთთან და მეორე სეპარატისტულ რეგიონთან, სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება ვერ მოახერხა.
”ჩემი გადაწყვეტილების ერთ-ერთ საკვანძო ფაქტორად კონფლიქტების გადაწყვეტასა და სხვა მიმდინარე საკითხებში ჩემს ხედვასა და პრეზიდენტის მიდგომას შორის ფუნდამენტური განსხვავება იქცა” - განაცხადა ალასანიამ - ”მე, როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელი აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებებში ვმონაწილეობდი. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, მაქვს უფლება განვაცხადო, რომ ხელიდან იქნა გაშვებული აფხაზურ მხარესთან უშუალო და ღია მოლაპარაკებების დაწყების უამრავი რეალური შესაძლებლობა”
სანდო შუამავალი
ბევრი მიიჩნევს, რომ ალასანია ის ქართველი ჩინოვნიკი იყო, ვინც ყველაზე მეტად მიუახლოვდა, თბილისის ”გაყინული” კონფლიქტების გადაწყვეტას ისტორიულად დაპირისპირებულ სეპარატისტულ რეგიონებთან.
მისი მამა, ქართველი გენერალი 1993 წელს აფხაზურ-ქართული სამოქალაქო ომის ბოლო დღეებში სეპარატისტებმა მოკლეს. მიუხედავად პირადი ტრაგედიისა, ალასანია მომდევნო წლებში იმ რამდენიმე თანამდებობის პირთა შორის აღმოჩნდა, ვინც აფხაზი მმართველების ნდობის მოპოვება შეძლო.
2008 წლის მაისში ის სოხუმში იმისთვის გაემგაზავრა, რომ სამი წლის მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბებული შეთანხმება შეეთავაზებინა.
ამბობენ, რომ შეთანხმებას, რომელიც სამოქალაქო ომის შედეგად იძულებით გადააგილებულ ქართველთა აფხაზეთში დაბრუნებას და ორივე მხარის მიერ სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარის თქმას უზრუნველყოფდა, ყველა უჭერდა მხარს. მაგრამ ამ ხელშეკრულებას ხელი ვერასდროს მოეწერა.
ალასანია ვარაუდობს, რომ ამაში ნაწილობრივ მოსკოვს მიუძღვის ბრალი - მისი თქმით, აფხაზეთში რუსული ჯარების გადაადგილებამ და სხვა სახის პროვოკაციებმა ორივე მხარის წარმომადგენლები მწყობრიდან გამოიყვანა.
მაგრამ ის სხვების პასუხისმგებლობაზეც ლაპარაკობს და მიაჩნია, რომ შეთანხმებას სეპარატისტულ რეგიონებში მზარდი დაძაბულობის განმუხტვის პოტენციალი ჰქონდა და შესაძლოა სამხრეთ ოსეთის აგვისტოს ომის პრევენციაც მოეხდინა.
”მგონია, რომ თუ ამ შეთანხმებას ხელი მოეწერებოდა, სამხედრო აქტივობების განახლების რისკი მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს რისკი საერთოდ აღიკვეთებოდა, მაგრამ მას შეეძლო ურთიერთ ნდობის საფუძველი შეექმნა, რაც ორივე მხარეს ასე სჭირდებოდა” - ამბობს ალასანია.
მაგრამ ერთადერთი ფაქტორი მხოლოდ ეს არ ყოფილა. ”მილიტარისტული რიტორიკა და განცხადებები, რომლებსაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სააკაშვილისგან ვისმენდით, ფუნდამენტურად არასწორი იყო” - ამბობს ის - ”ეს დიალოგს ვერაფრით დაეხმარებოდა”.
ალასანია ასევე მოსკოვთან დაკავშირებული ”მტკიცე და თანმიმდევრული” პოლიტიკის დეფიციტზეც ლაპარაკობს.
ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები
გასული ზაფხულის დამანგრეველი ომი რუსეთთან საქართველოს ძვირად დაუჯდა: ნატოში სწრაფად გაწევრიანების მისი პერსპექტივებისა და აფხაზეთისა და სახრეთ ოსეთის გამოც, რომელებმაც ომის დამთავრებისთანავე დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
ომმა საქართველოს უსაფრთხოება მყიფე მდგომარეობაში დატოვა. საერთაშორისო დამკვირვებლებს არც სამხრეთ ოსეთში და არც აფხაზეთში არ უშვებენ, რუსული ჯარი და სეპარატისტთა შეიარაღებული ფორმირებები ტერიტორიებს თავისუფლად განაგებენ.
ძალადობის ფაქტები გახშირდა და ქართველთა მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობამ გაბედა საკუთარ სოფლებში დაბრუნება, რამაც ლტოლვილთა ახალი კრიზისი შექმნა და ათობით ათასი ადამიანი დააზარალა.
ალასანია, რომელმაც გაერომდე და აფხაზეთის მთავრობამდე, ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურების მთელი რიგი სამსახურები გაირა, ამბობს, რომ ”არსებობს ჯერ კიდევ გამოუკვლეველი უამრავი შესაძლებლობა” და დარწმუნებულია, რომ საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია სეპარატისტული რეგიონების დაბრუნება.
მაგრამ საერთაშორისო მეთვალყურეების გარეშე, სამხედრო მოქმედებების განახლების საფრთხე ისევ რჩება.
”აღარ არსებობს მექნიზმი, რომელიც დააკვირდება და გააკონტროლებს საოკუპაციო ჯარებს” - ამბობს ალასანია - ”უსაფრთხოების ასეთი მექანიზმის არსებობა უმნიშვნელოვანესია. ეს მოგვცემს რუსული ჯარისა და შეიარღებული სეპარატისტული ჯგუფების აქტივობების მეთვალყურეობის შესაძლებლობას, მათი სამხედრო შესაძლებლობებისა და ლოკაციის შესწავლის საშუალებას. ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღემდე დარჩენილი ქართველი მოქალაქეების უფლებათა დაცვაში დაგვეხმარებოდა”
კოლექტიური მართვა
ალასანია ოპოზიციის მიერ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნებს შეუერთდა. და მიუხედავად იმისა, რომ მას პრეზიდენტის პოტენციურ შემცვლელად ასახელებენ, თავის პოლიტიკურ მიზნებზე ფრთხილად ლაპარაკობს.
თბილისში დაბრუნების შემდეგ მან სულ რამდენიმე ინტერვიუ მისცა, რამდენიმე პრესკონფერენცია ჩაატარა და თავისი დროის უდიდესი ნაწილი პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციებში გაატარა, განსაკუთრებით კი სოზარ სუბართან, საქართველოს ომბუდსმენთან, რომელიც, თავის მხრივ, ღიად აკრიტიკებს სააკაშვილს. (ქართული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საქართველოს ელჩმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში, ვიქტორ დოლიძემ ასევე დატოვა თანამდებობა და ალასანიას პოლიტიკური ალიანსთან მიერთებას გეგმავს)
თუ ჰკითხავთ, აქვს თუ არა პრეზიდენტობის ამბიცია, ალასანიას ყურადღება საკუთარი თავიდან ”ეროვნული კონსესუსის” იდეაზე გადააქვს, რომელმაც ჩვეულებრივი მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა გააერთიანოს.
მან ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება და მედიის, რომელიც მმართველი ადმინისტრაციის სასარგებლოდ მოქმედებს, გათავისუფლება მოითხოვა.
ალასანია ამბობს, რომ ახალი, კონსესუსზე დაფუძნებული მიდგომა მთავრობისადმი, საქართველოს ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზაზე დააბრუნებს და მომავალ პრეზიდენტს, ვინც არ უნდა იყოს ის, ისეთი უბედურებისგან დაიცავს, როგორიც იყო აგვისტოს ომის დაწყება.
”ჩვენ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის ინსტიტუციონალიზაცია გვჭირდება. გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს ერთპიროვნულად, ისინი პასუხისმგებლობის მქონე, კომპეტენტური პროფესიონალების რეკომენდაციებს უნდა ეფუძნებოდეს, და ეს გადაწყვეტილებები კოლექტიური უნდა იყოს” - ამბობს ალასანია.
”ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ პრეზიდენტი კრიზისის მსვლეობისას პროვოკაციას აყვა ის იყო, რომ არ ჰქონდა იდეათა, მოსაზრებათა წყება, რომლიდანაც არჩევას შეძლებდა. საქართველოში ეს სისტემა არ არსებობს, ის არც არასდროს შეუქმნიათ. გამჭვირვალობა გადაწყვეტილებების მომზადებისა და აღსრულებისას ამცირებს ქვეყნის მხედართმთავრის მიერ შეცდომების დაშვებისა და ცუდი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას”
No comments:
Post a Comment