Monday, May 5, 2008

საქართველო: ნატოს შეხვედრაზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებაზე დუსკუსია არ ყოფილა

Eurasianet-logo

ჯაშუა კუცერა
4 დეკემბერი 2008

ნატოს მინისტერიალზე, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, პრობლემატურ საკითხზე, საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებაზე დებატები არ გამართულა. გაურკვეველი ერთი რამ დარჩა, როგორ უნდა გავიგოთ ის, რაც მოხდა: ნიშნავს ეს იმას, რომ ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას გაწევრიანების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს? თუ უბრალოდ ტაქტიკა შეიცვალა? გაურკვევლობას ისიც ამძაფრებს, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაავშირებით ზუსტად ცნობილი არ არის.

შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების ყველაზე მხურვალე მხარდამჭერია, მიანიშნა, რომ ის MAP-ის საკითხის ლობირებას  აღარ აპირებს. მაგრამ რაისმა ისიც თქვა, რომ ვაშინგტონი ისევ მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის სამიტის შეთნხმებას, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა აუცილებლად მიუერთდებიან ალიანსს.

MAP-ის ეტაპის ნაცვლად, რომელსაც ძალიან ეწინააღმდეგებოდა ნატოს ბევრი წევრი დასავლეთ ევროპიდან და რუსეთიც,  ორი ქვეყნის გაწევრიანების პროცესი ახლა კომისიების, საქართველო-ნატო და უკრაინა-ნატოს მეშვეობით წარიმართება. ამ კვირას ნატოში იმაზეც შეთანხმდნენ, რომ განაახლებენ ურთიერთობას რუსეთთან, რომელიც საქართველოსთან აგვისტოს ომის გამო შეჩერდა.

კომისია უკრაინა-ნატო 1997 წლიდან არსებობს, საქართველოს კომისიას თავისი პირველი შეხვედრა ოქტომბერში ჰქონდა და ის დღემდე ჩანასახობრივ მდგომარეობაშია. ”ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის გადაწყვეტილებასა და ყველა მის ელემენტს, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გავაკეთეთ, ჩვენ გადავწყვიტეთ ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის კომისიების გაძლიერება.  იმისთვის, რომ მივაღწიოთ ბუქარესტში დასახულ ყველა მიზანსა და მისწრაფებას, ამ ქვეყნების დასახმარებლად  კომისიების მუშაობის ინტენსიფიცირება აუცილებელია” - განაცხადა რაისმა 2 დეკემბერს.

ერთი რამ დარჩა გასარკვევი, ამბობენ ექსპერტები, შეძლებენ, თუ არა ეს კომისიები რეალური გავლენის მოხდენას, თუ უბრალოდ პროფესიულ კლუბებად დარჩებიან.

”მათ სცადეს, ბუქარესტის სამიტის განცხადებები გარკვეული მექნიზმებით განემტკიცებინათ, ეს ერთგვარი დემონსტრაციაა იმისა, რომ საქართველოსა და უკრაინას მართლაც მიიწვევენ ნატოში” - ამბობს პოლკოვნიკი ჯონ ჩიკი, ნაციონალური უსაფრთხოების უნივერსიტეტის ფაკულტეტის წევრი,რეგიონის მკვლევარი -” MAP-ი ყოველთვის იყო შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი. მაგრამ ეს სამი ასო მთავარ გამაღიზიანებლად იქცა, მათ ისეთი გზის მოძიება სცადეს, რომ ჰოქნოდათ MAP-ი, MAP-ის გარეშე”. (პოლკოვნიკმა ჩიკმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა და არ ასახავს აშშ-ს მთავრობის, თავდაცვის დეპარტამენტის ან უნივერსიტეტის პოზიციებს).

” MAP-ი რეალურად არავითარ დამატებით ღირებულებას არ წარმოადგენს, უბრალოდ ის ნატოს გაფართოების წინააღმდეგ რუსეთის ინსტიქტური რეაქციის პროვოცირებას იწვევს”- გვწერს e-mail ინტერვიუში გორი ველტი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ევრაზიის სტრატეგიული პროექტის ასოცირებული დირექტორი - ”თუ კომისია ინსტიტუციური რეფორმებისთვის სერიოზულ პლატფორმას შექმნის, მაშინ გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორი და გაწონასწორებული იყო, ისეთი, როგორც მოცემულ მომენტში უნდა ყოფილიყო: რუსეთს შეუძლია მოდუნდეს (ყალბ) რწმენაში, რომ მან შეაჩერა ნატოს გაფართოება, ნატოს კი შეუძლია ამ ორ ქვეყანასთან, მათი სპეციფიკური მოთხოვნებისა და მიზნების გათვალისწინებით, მუშაობის გაგრძელება”.

მაგრამ, ჩარლზ კუპჩანის ჯორჯთაუნის უნივრსიტეტის პროფესორის აზრით, ნატოში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით ძირეულად განსხვავებული პოზიციები არსებობს - უნდა გაწევრიანდნენ, თუ არა უკრაინა და საქართველო და როგორ? ამ შეხვედრაზე ეს პრობლემა არ გადაწყვეტილა. შეერთებულმა შტატებმა დისკუსია MAP-ზე იმისთვის გამოიყენა, რომ უფრო ძირეული დისკუსიისთვის აეცილებინა თავი, ხოლო იმით, რომ ამ ქვეყნებში რეფორმების სტიმულირებისთვის ნატო-უკრაინისა და ნატო-საქართველოს კომისიების გამოყენებაზე შეთანხმდნენ, მთავარი კითხვები მაინც უპასუხოდ დარჩა - საით მივდივართ, რა მიზნისკენ, რა ვადაში?

კომისიები, ამბობს კუპჩანი ”მთავარი პრობლემის გადაწყვეტას გადადებენ და ამ ქვეყნებს იმ რეფორმების ჩატარებაში დაეხმარებიან, რაც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩაეტარებინათ”.

MAP-ის საკითხის გადადება კიდევ ერთ ინტერპრეტაციას ექვემდებარება - ბუშის ადმინისტრაციამ უკან დახევა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ბარაკ ობამას დამინისტრაციისთვის საკუთარი პოლტიკის ფორმულირების საშუალება მიეცა”-ამბობს პოლკოვნიკი ჩიკი.

გარკვეული არ არის, როგორ მოეკიდება ობამას ადმინისტრაცია ნატოს გაფართოების საკითხს. საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ობამა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას ემხრობოდა. მისი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საქართველოსა და ნატოს გაფართოების ძველი მხარდამჭერია. ნაციონალური უსაფრთხოების მომავალი მრჩეველი, ჯეიმს ჯონსი ნატოს ყოფილი მეთაურია.

მეორეს მხრივ, ობამა ხაზგასმით აცხადებს, რომ ის მოკავშირეებთან უფრო მჭიდროდ აპირებს თანამშრომლობას, ხოლო საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღების საკითხი შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპის პოზიციებს ყოფს, ისევე, როგორც რუსეთთან დაძაბულობის შემდგომი გაღრმავების პრობლემა.

”(ნატოს გაფართოებას) მხარი დაუჭირეს, მაგრამ ტემპს შეანელებენ”-ამბობს პოლკოვნიკი ჩიკი-”მე მგონია, რომ ისინი თავდაპირველად ევროპასთან ურთიერთობის გამჯობესებას შეეცდებიან, შემდეგ კი რუსეთთან სიტუაციის გარკვევას, მერე კი გადაწყვეტენ, შეძლებენ, თუა არა რუსეთთან თანამშრომლობას. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე მიხვდებიან, პუტინის ხროვასთან ეს შეუძლებელია”.

ორიგინალი

No comments: