დოუ ბენდოუ
2 იანვარი 2009
იყო დრო, როდესაც ალიანსებს შეერთებული შტატები ნაციონალურ ინტერესებზე დაფუძნებულ მნიშვნელოვან ურთიერთობებად განიხილავდა და ასეთი კავშირები სენატში რატიფიცირებას მოითხოვდა. ახლა ასე აღარ ხდება. როდესაც თავისი პარტნიორები ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე ვერ დაითანხმა, ვაშინგტონმა თბილისთან ”სტრატეგიული პარტნიორობის” ხელშეკრულების დადება გადაწყვიტა. ნეტავ, რისთვის, იკითხავთ, ალბათ.
როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს, შონ მაკკორმაკმა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა: ”ჩვენ საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ესაა პოლიტიკა, ეკონომიკა და უსაფრთხოება”. მეთიუ ბრაიზამ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, რომელსაც მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობა აკისრია, განმარტა: ”ჩვენ ნატოში ნატო-საქართველოს კომისიის მეშვეობით ვმუშაობთ, ხოლო ორმხრივ თანამშრომლობას საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით იმისთვის ვაყალიბებთ, რომ სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში და ასევე დემოკრატიული რეფორმების პროცესში საქართველომ ნატოს მოთხოვნათა შესრულება შეძლოს”.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთივე ხელშეკრულებას უკრაინასთან შეერთებულმა შტატებმა დეკემბერში მოაწერა ხელი, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ხელშეკრულებას ”ისტორიული” უწოდა და განაცხადა, რომ ”შეერთებულ შტატებს მანამდე საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი არასდროს უწოდებია. ბათუ ქუთელიას, რომელიც შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად დაინიშნა, მიაჩნია, რომ: ”ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან კოოპერაცია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გზაა”.
ლევან ბერძენიშვილმა, ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა: ”ეს ხელშეკრულება ნატოს წევრობას ვერ შეცვლის. მხოლოდ ნატოა საქართველოს უსაფრთხოების გარანტია". ის არ წუხს, რადგან ვაშინგტონი, დღემდე ცდილობს თბილისის ნატოში გაწევრიანებას.
საკითხი მხოლოდ საგარეო ურთიერთობებს არ ეხება. ბრიუს ფეინი იურისტი კონსტიტუციის საკითხებში, რომელიც რეიგანის ადმინისტრაციაში მსახურობდა, აღნიშნავს: ”პრეზიდენტი ბუში ცალმხრივად ავალდებულებს შეერთებულ შტატებს. ვერც სენატი და ვერც კონგრესი ხმას ვერ ამოიღებს (შეთანხმებების რატიფიცირებაში მათი კონსტიტუციური როლიდან გამომდინარე) ”ქვეყნის დამფუძნებლებმა კონგრესს ომის გამოცხადების უფლება მიანიჭეს და მათვე ასევე საგარეო პოლიტიკური ვალდებულებები ისე გადაანაწილეს, რომ ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს უფლებამოსილებანი ლიმიტირებული იყოს. მაგრამ კონსტიტუციის როლი მსგავს საკითხებში დღეს ნულს უტოლდება”.
ბუშის ადმინისტრაციის სურვილი შექმნას საქართველოს უასფრთხოების დე ფაქტო გარანტიები, იმის დასტურია, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები კონგრესის კონტროლის საგანი უნდა იყოს. როგორც არ უნდა განიხილო ტერმინი ”სტრატეგიული პარტნიორი”, თბილისს ასეთად ვერ მოიაზრებ.
უფრო მეტიც, თბილისს ამერიკისთვის სტრატეგიული ღირებულება არა აქვს. შეერთებული შტატები ცივ ომში საქართველოსთანაც, როგორც საბჭოთა კავშირის შემადგენელ ნაწილთან იბრძოდა. არავის უმტკიცებია, რომ თბილისის გათავსუფლება დასავლეთის გადარჩენას ესაჭიროება. საბჭოთა კავშირის შექმნამდე დიდი ხნით ადრე საქართველო რუსეთის იმპერიამ შთანთქა. საქართველოსთვის დიდად სასიამოვნო არ უნდა იყოს, მაგრამ არავის არასდროს განუხილავს ამერიკის ან კიდევ ვინმეს სამხედრო ინტერვენციის გარანტიები.
ის ფაქტი, რომ საქართველოზე მილსადენები გადის, ბევრს არაფერს ნიშნავს. კასპიის აუზის ენერგეტიკული რესურსები სასარგებლოა, მაგრამ არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. და რუსეთიც დასავლეთს ბუნებრივ გაზსა და ნავთობს მხოლოდ სრულმასშტაბიანი დაპირისპირების შემთხვევაში დაუბლოკავს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, თუ რა თქმა უნდა, დასავლელები რუსეთის საზღვრებთან აქტიურობას არ განაგრძობენ. ცხოვრება ხშირად არის უსამართლო და საქართველოს მართლაც ცუდი სამეზობლო ყავს. მხოლოდ რუკაზე ერთი შეხედვაა საკამარისი იმისთვის, რომ მიხვდე, რომელი ქვეყნისთვისაა საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი - რუსეთისთვის, თუ შეერთებული შტატებისთვის.
იმის დაშვება, რომ ახალ შეთანხმებაში საქართველოს მოხსენიება ”სტრატეგიულ პარტნიორად” ან მისი ნატოში გაწევრიანება, მომავალში მოსკოვს სამხედრო ქმედებებზე უარს ათქმევინებს, მიამიტიც იქნებოდა და სულელურიც. რუსეთმა უკვე დაამტკიცა, რომ საკუთარ საზღვრებთან დაკავშირებით ის საომარი მოქმედებებისთვის მზადაა. ისიც არასწორი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ვაშინგტონი დასავლეთისთვის არც თუ სერიოზული სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხების გამო, რეგიონში სამხედრო დაპირისპირებისთვისაა მზად. ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების უზარმაზარი რესურსების და ადეკვატური ბირთვული არსენალის მფლობელი მოსკოვი ახლა მომგებიან ვითარებაშია და შეუძლია აშშ-ს მთავრობას ისიც კი უთხრას, რომ მისთვის აჯობებს, თუ საკუთარ საქმეებს მიხედავს. როგორც ჩანს, რუსეთი კრიტიკულ სიტუაციაში ვაშინგტონთან დიდ დათმობაზე წასვლას არ აპირებს .
სანამ ვაშინგტონი ასეთ დაპირისპირებაზე წასვლას გარისკავს, კარგად უნდა იფიქროს, რაზე დებს ფსონს. ბერლინი და კუბა, ცივი ომის ორი ყბადაღებული ცხელი წერტილი, ამერიკისთვისაც და საბჭოთა კავშირისთვისაც მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად ამისა, რომ ორივე სახელმწიფომ იცოდა, როდის უნდა წასულიყო დათმობაზე. საქართველო რუსეთისთვისაა მნიშვნელოვანი და არა შეერთებული შტატებისთვის. ვაშინგტონმა არ უნდა წამოიწყოს ის, რაც პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში, მხოლოდ ერთი ლოგიკური ნაბიჯის გადადგმის საშუალებას დაუტოვებს და ეს უკან დახევა იქნება.
თანაბარწილ პრობლემას წარმოადგენს საქართველოს უპასუხისმგებლო ხელისუფლება. აგვისტოს ომის დროს საქართველო სკანდალად იქცა. მაშინ სენატორი მაკკეინი აცხადებდა, რომ ”დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ”, ბარაკ ობამა სასწრაფოდ შეურთდა სააკაშვილის მთავრობის მხარდამჭერებს. აშშ-ს ოფიციალური პირების იმდროინდელ პოზიციას ახსნა მოეძებნება, რადგან, როგორც მინიმუმ, მათთვის ყველა ფაქტი ცნობილი არ იყო. მაგრამ დროთა განმავლობაში სულ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ აგრესორი თბილისი იყო. სამწუხაროდ, საქართველოს მხარდაჭერა კავკასიას ნაკლებად სტაბილურ რეგიონად აქცევს.
როგორც ეს ზოგადად ახასიათებს ამ რეგიონს, საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ისტორიები საკმაოდ დახლართულია და ამიტომ ძნელია ერთმნიშვნელოვნად განისაზღვროს როგორი უნდა იყოს სწორი ან არასწორი გამოსავალი, ვის ეკუთვნის დამოუკიდებლობა და ვინ ვის დაქვემდებარებაში უნდა მოექცეს. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას დიდ მეგობრად ვერ მიიჩნევ. სააკაშვილმა ამერიკული განათლება მიიღო, მაგრამ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაარბიეს ოპოზიციაც და მედიაც.
Human Rights Watch-ის ანგარიშებში ნათქვამია, რომ მისმა პოლიტიკამ ”უფრო გაამწვავა, ვიდრე ჩააცხრო ძალადობა”, ხოლო ლინკოლნ მიტჩელმა კოლუმბიის უნივერსიტეტიდან განაცხადა, რომ: ”სააკაშვილის მთავრობა მეოთხე ერთპარტიული ხელისუფლებაა, რომელიც საქართველოს ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჰყავდა”. ნინო ზურიაშვილი, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მუშაობს, ამბობს, რომ: ”ვარდების რევოლუციამდე”, რომელმაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა ”მედია უფრო თავისუფალი იყო”.
სააკაშვილის გადაწყვეტილება ომის დაწყებისა, კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდა. და მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის პოზიცია უფრო ცინიზმით იყო განპირობებული, ვიდრე იდეალისტური მოსაზრებებით, ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის თქმით, საქართველომ ”გაზით სავსე ოთახში ასანთს” ცეცხლი წაუკიდა. ”შპიგელ ონლაინი” წერდა:
”ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ჩინოვნიკების აზრით კონფლიქტი ქართველებმა დაიწყეს და მათი ქმედება უფრო წინასწარ გათვლილს გავს, ვიდრე წმინდა წყლის თავდაცვას ან პასუხს რუსულ აგრესიაზე. რეალურად ნატოს ჩინოვნიკებმა იციან, რომ ქართული შეტევა სამხრეთ ოსეთის პოზიციებზე დაგეგმილი თავდასხმა იყო.
სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მისი ჯარი სამხრეთ ოსეთში მხოლოდ მას შემდეგ შევიდა, რაც ოსურმა ძალებმა ქართული სოფლები დაბომბეს, თუმცა მტკიცებულებები მის განცხადებებთან წინააღმდეგობაში მოდის. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის (ეუთო) დამკვირვებელმა განაცხადა: ”ჩემთვის სრულიად ცხადი იყო, იმის მიუხედავად ჰქონდა თუ არა ადგილი პროვოკაციას, შეტევის დროს ძალა განურჩევლად და არაპროპორციულად იყო გამოყენებული”. როგორც ჩანს, სააკაშვილი უბრალოდ ფიქრობდა, რომ სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენას შეძლებდა და უსიამოვნებებსაც გაექცეოდა. ეროსი კიწმარიშვილმა, საქართველოს ყოფილმა ელჩმა მოსკოვში, საქართველოს პარლამენტს მოახსენა: ”სააკაშვილს ომი უნდოდა, ის ამისთვის ძალას ბოლო ოთხი წელია იკრებდა”.
სამწუხაროდ, კიწმარიშვილის თქმით, სააკაშვილმა თავი დაირწმუნა, რომ ვაშინგტონი მხარს დაუჭერდა. კიდევ უფრო გამაოგნებელი და გამაოგნებლად სულელური რამ განაცხადა ბათუ ქუთელიამ, იმ დროს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რომელმაც აღიარა, რომ თბილისი რუსეთისგან პასუხს არ ელოდებოდა: ”ჩვენ მსგავსი შესაძლებლობისთვის მზად არ ვიყავით”. უუუფს!
მოკლედ, საქართველოში ცუდი ამბებია. მისი ლიდერი ავტორიტარული დემაგოგია, რომელმაც ომი უპასუხისმგებლოდ წამოიწყო, რადგან ფიქრობდა, რომ შეერთებულ შტატებს, საჭიროების შემთხვევაში, პროცესში ჩაითრევდა. და თუ მან აგვისტომდე ვაშინგტონის ჩვეული მოფერებით შეგულიანებულმა გააკეთა ის, რაც გააკეთა, რას მოიმოქმედებს მას შემდეგ, რაც კიდევ უფრო დიდი დახმარებითა და ”სტრატეგიული პარტნიორობის” ხელშეკრულებით დაჯილდოვდება?
ამერიკამ ქართველ ხალხს უნდა უთანაგრძნოს და არა საქართველოს ხელისუფლებას. მაგრამ მსგავსი თანაგრძნობა ვერ გაამართლებს ვერც დე ფაქტო და ვერც დე იურე ალიანსის შექმნას. ამერიკის უსაფრთხოებისთვის უკეთესი იქნება, თუ კავკასიაში სამხედრო ვალდებულებებს მოერიდება. ამ რეგიონში არაფერია ისეთი, რაც შეერთებულ შტატებს ომად უღირდეს.
No comments:
Post a Comment