Sunday, May 4, 2008

საქართველოს ომმა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი შეხვედრა დაჩრდილა

excitenews

მატტი ჰუუჰტანენი
4 დეკემბერი 2008

ჰელსინკი, ფინეთი (AP) - საქართველოსა და რუსეთს შორის ომმა დაჩრდილა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების წამყვანი ჯგუფის 50 საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა, რომლის მიზანი რეგიონალური უსაფრთხოების კლიმატისა და წევრ-ქვეყნებს შორის კონფლიქტების გადაწყვეტის ხელშეწყობაა.

”ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სიტუაცია (საქართველოში) დღემდე მყიფეა. ყველა მხარემ ზუსტად უნდა დაიცვას სამშვიდობო შეთანხმება”-განაცხადა პრეზიდენტმა ტარია ჰალონენმა თავის გამოსვლაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიცაზიის შეხვედრის გახსნისას.

”გადაუწყვეტელი კონფლიქტები ძირს უთხრის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას, ხოლო ჩვენი მოქალაქეებისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს”-თქვა ფინეთის პრეზიდენტმა.

ჰელსინკის ორდღიან შეხვედრაზე, მინისტრებმა უსაფრთხოების ახალი სისტემის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მიერ შემოთავაზებული წინადადება უნდა განიხილონ. დისკუსია გაიმართება აგრეთვე სადავო ანკლავზე, მთიან ყარაბახზე, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ სომხეთის მიერაა ოკუპირებული.

მაგრამ ომმა საქართველოში შესაძლოა ხელი შეუშალოს მოლაპარაკებებს საქართველოსა და რუსეთს შორის - ორივე ქვეყანა ეუთოს წევრია.

”მოცემულ მომენტში, საქართველოს საკითხი საკვანძოა” - განაცხადა ტერი ჰაკალამ, ეუთოს წარმომადგენელმა საქართველოში-”მოლაპარაკებები საკმაოდ მძიმეა, ხოლო მხარეთა პოზიციები ძალიან დაპირისპირებული” .

მედვედევის მიერ შემოთავაზებული უსაფრთხოების პროექტს ხუთშაბათს საღამოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარადგენს, განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა ალექსანდრე სტუბმა, რომელიც შეხვედრას მასპინძლობს.

სტუბმა, რომელიც ამჟამად ეუთოს ხელმძღვანელობს, დეტალებზე ყურადღება არ შეაჩერა, მაგრამ განაცხადა, რომ წინადადება ”შეიცავს ბევრ ისეთ ელემენტს, რომელიც უკვე არსებობს ეუთოს, ნატოს ან ევროკავშირის ფარგლებში”.

”პროექტში ლაპარაკია ტერიტორიულ მთლიანობაზე, ძალადობის შეკავებაზე, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე”-ამბობს სტუბი - ”ხუთშაბათს აუდიტორია ძალიან ფრთხილად მოუსმენს ლავროვს”.

სტუბმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებიც ფთხილი ყურადღებით ეკიდება რუსულ წინადადებებს.

”სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ... ჩვენ ყურადღებით და ინტერესით მოვისმენთ, რა სახის უსაფრთხოებას გვთავაზობს რუსეთი”-თქვა სტუბმა. ის ბრიუსელში, ჰელსინკიში გამოფრენამდე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს შეხვდა.

რაისმა ეუთოს შეხვედრაზე დასწრება ინდოეთსა და პაკისტანში ვიზიტის გამო გააუქმა.

სტუბმა თქვა, რომ რაისი ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები რეგიონში გააუმჯობესებს ურთიერთობას წევრ ქვეყნებს შორის რეგიონში, რომელიც ვანკუვერიდან (კანადა) ვლადივოსტოკამდეა (რუსეთი) გადაჭიმული.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკა ტყეშელაშვილი ახალი ინიციატივებით გამოვიდა. ამ ინიციატივების მიზანია ორგანიზაციის სამშვიდობო მანდატის განმტკიცება არასტაბილურ რეგიონებში.

მან რუსეთსა და საქართველოს შორის დადებულ სამშვიდო შეთანხმებას მყიფე უწოდა და განაცხადა, რომ არასტაბილურობა რეგიონში ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

ორიგინალი

No comments: