საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა,ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც უფრო თავისი საქმიანი თვისებებითაა ცნობილი, ვიდრე პოლიტიკური ქარიზმით, ახალი პოლიტიკური პარტია დააარსა. ნოღაიდელი და მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ისინი ქართული პოლიტიკის მოდერნიზებას მოახდნენ, მაგრამ ზოგიერთ დამკვირვებელს მიაჩნია, რომ ნოღაიდელის პოლიტიკური მიმზიდველობა შეზღუდულია.
ნოღაიდელი უკვე რამდენიმე თვეა მკაცრად აკრიტიკებს პრეზიდენტ სააკაშვილს და მის მთავრობას, ხოლო 3 დეკემბერს მან ახალი პარტიის დაფუძნების შესახებ განცხადება გააკეთა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკას 2007 წლის ნოემბერში, პოსტიდან გადადგომის შემდეგ ჩამოშორდა. მაგრამ რუსეთთან აგვისტოს ომის მერე მან სხვა ყოფილ ოფიციალურ პირებთან ერთად სააკაშვილის პოლიტიკას შეუტია.
ნოღაიდელის პოლიტიკაში დაბრუნება სხვა პოლიტიკური ლიდერების, სააკაშვილის ყოფილი ცნობილი მოკავშირეების, ისეთების,როგორებიც არიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, ეროსი კიწმარიშვილი, საჯარო სივრცეში დაბრუნებას მოგვაგონებს.
44 წლის ნოღაიდელი, რომელიც თავის თავს ტექნოკრატს უწოდებს, აღიარებს, რომ მიუხედავად პოლიტიკაში 20 წლის მოღვაწეობისა, მისი პოპულარობა არც თუ ისე დიდია, განსაკუთრებით ისეთ გამოცდილ საჯარო პირებთან შედარებით, როგორიცაა ნინო ბურჯანაძე. ”ჩვენ საქართველოსთვის რაღაც ახლის გაკეთებას ვაპირებთ” - ამბობს ნოღაიდელი EurasiaNet-თან ინტერვიუში - ”ჩვენ პარტიას იდეოლოგიის, პოლიტიკური მიზნების გარშემო ვაერთიანებთ და არა მხოლოდ ლიდერების გარშემო”.
ნოღაიდელის პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 2009 წლის გაზაფხულისთვისაა დაგეგმილი. ნოღაიდელმა დაამატა, რომ პარტია, რომელსაც ქართულად მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ეწოდება, ღიაა, როგორც რიგითი წევრებისთვის, ასევე ახალი ლიდერებისთვის. ”მოსახლეობა, ელექტორატი, რაღაც ახლის მოლოდინშია” - ამბობს ის.
მისი მხარდამჭერები და კოლეგები, როგორიცაა მაგალითად პეტრე მამრაძე, ხაზს უსვამენ იმას, რომ ნაღაიდელის თავდაჭერილობა, პარტიის სასარგებლოდ იმუშავებს, განსაკუთრებით სააკაშვილის საჯარო დაპირებებისა და PR ღონისძიებების ფონზე. მამრაძე პარტიას იმ ”პროფესიონალთა” ჯგუფს უწოდებს, რომლებიც ყურადღების ცენტრში ყოფნას არასდროს ცდილობდნენ. მამრაძე აღიარებს, რომ პოლიტიკური სახეებით გადატვირთულ ქართულ სინამდვილეში გამოკვეთილი იდენტობის მოძიება, ადვილი არ იქნება.
”ჩვენ ერთად იმ პროფესიონალთა ჯგუფს შევადგენთ, ვინც არასდროს ზრუნავდა PR აქციებზე”- ამბობს პეტრე მამრაძე, სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი - ”ჩვენ უბრალოდ ვმუშაობდით და არასდროს ვწუხდით იმაზე, თუ რამდენად აისახება ეს პრესაში” - ამბობს ის - ”ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით უფრო მეტი გვეკეთებინა, ვიდრე დაპირებები გაგვეცა და არასდროს ვპირდებოდით იმაზე მეტს, ვიდრე ვაკეთებდით”.
ნოღაიდელი ამბობს, რომ იმ დაპირებათა შორის, რომელიც მან შეასრულა ეკონომიკური ზრდის 10% და ”ათობით ათასი” სამუშაო ადგილის შექმნაა.
რამდენიმე ყოფილი პარლამენტარი და საქართველოს საგადასახადო სამსახურის უფროსის მოადგილე კობა აბულაძე მის მოძრაობას მიუერთდნენ. ნოღაიდელი და მამრაძე ძველი მეგობრები არიან: 1992 წელს ისინი პარლამენტში, როგორც ლიდერის ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრები, ისე შევიდნენ. ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას, პოსტის დატოვებამდე და ბანკისა და საკონსულტაციო ფირმის დაარსებამდე, ნოღაიდელი ფინანსთა მინისტრი იყო, ხოლო მამრაძე ”ვარდების რევოლუციის შემდეგ” ხელისუფლებაში, სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელის პოსტზე რჩებოდა.
სააკაშვილმა ნოღაიდელი ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დააბრუნა და 2005 წელს ზურაბ ჟვანიას უეცარი გარდაცვალების შემდეგ, პრემიერ-მინისტრად დანიშნა.
აკაკი გოგიჩაიშვილი, ერთადერთი ქართული ბიზნესგადაცემის, ”ბიზნესკურიერის” წამყვანი ამბობს, რომ ნოღაიდელის მთავრობის მიღწევები, ბევრი ამომრჩევლის მიმხრობის იმედს მაინდამაინც არ იძლევა.
გოგიჩაიშვილის თქმით, ნოღაიდელი კარგადაა ცნობილი ბიზნეს წრეებში - ბიზნესმენები ყოველთვის ეძებენ მათი ინტერესების დამცველს - მაგრამ მას პოლიტიკური მუხტი აკლია იმისთვის, რომ მათი მხადაჭერა მოიპოვოს: ”ნოღაიდელი ძალიან პოპულარული პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა”, ამბობს ის.
პოლიტოლოგი კობა თურმანიძე მიიჩნევს, რომ ნოღაიდელს და მის მხარდამჭრებს ახალი მიმართულების გაკვალვით, ამომრჩეველთა ”დერადიკალიზაციით” შეუძლიათ ქართულ პოლიტიკაში საკუთარი ნიშა დაიკავონ - ”გამოიხატა ტენდენცია იმისა, რომ ამომრჩევლის დერადიკალიზაცია” მიმდინარეობს” -ამბობს თურმანიძე, თბილისის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასისტენტ პროფესორი - ”თუ ამომრჩეველი უფრო დაბალანსებულ პოლიტიკოსებს არჩევს, მას (ნოღაიდელს) შეუძლია ჩათვალოს, რომ მომავლი აქვს” .
თურმანიძე ეთანხმება იმ აზრს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკოსის განსხვავებულ ტიპს წარმოადგენს, ისეთს, ვინც ლაპარაკის ნაცვლად საქმეს აკეთებს, მაგრამ აღიარებს, რომ ქართველი ამომრჩეველი დღემდე რადიკალურ დაპირებებზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე მეთოდურ დაგეგმარებაზე.
თურმანიძე ამბობს, რომ ნოღაიდელს, ისევე როგორც ბურჯანაძეს და სხვა ყოფილ ოფიციალურ პირებს კიდევ ერთი წინააღმდეგობა აქვთ გადასალახავი, რაც სხვა ოპოზიციურ ლიდერებს არ სჭირდებათ - მათ სააკაშვილის ადმინისტრაციასთან წარსულ კავშირებზე განმარტების მიცემა მოუწევთ: ”მე მგონია, რომ ადამიანები ძალზე მგრძნობიარედ რეაგირებენ წარსულზე” - თქვა მან და შენიშნა, რომ პოსტ-შევარდნაძის მთავრობაში სააკაშვილი ერთადერთი იყო, ვინც იმ ადმინისტრაციის კორუფციული აჩრდილისგან დისტანცირება შეძლო.
ნოღაიდელი ამტკიცებს, რომ მისი წარსული მას ”არ ანაღვლებს”, რადგან, ახალი პოლიტიკური მომავლისაკენ მიისწრაფვის. ის ხაზს უსვამს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ”ძალიან წარმატებულ” ეკონომიკურ რეფორმებში საკუთარ როლს და მიიჩნევს, რომ სწორედ ეს შეიძლება გახდეს მისი პარტიისათვის მხარდაჭერის საფუძველი. ”ჩემი პოლიტიკური ბაგაჟი, რეზულტატების ბაგაჟია” - ამბობს ნოღაიდელი.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment