პოლ ვეირიჩი
1 დეკემბერი 2008
მოსკოვის ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ედ ლოზანსკიმ, ძველმა მეგობარმა, 9 დეკემბერს ვაშინგტონის ნაციონალურ პრეს-კლუბში დოკუმენტური ფილმი უნდა აჩვენოს. ფილმის მიზანი საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთის რეაბილიტაციაა.
მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო წარმატებას რუსეთმა სწრაფად მიაღწია, საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან საინფორმაციო ომი წააგო. საერთაშორისო მედიაში ბრწყინვალე ინგლისურით მიცემული ინტერვიუების, დასავლური PR ფირმების გონივრული რჩევების მეშვეობით მან საქართველო რუსეთის უმიზეზო აგრესიის უსუსურ, უმანკო მსხვერპლად წარმოაჩინა, ხოლო რუსეთი ქართული დემოკრატიის დამანგრეველად.
დასავლური მედია, რომელიც სააკაშვილის ვერსიას მიემხრო, ახლა იმის გარკვევას ცდილობს, როგორ მოახერხა მან დასავლეთის გაერთიანება მისი რეჟიმის მხარდასაჭერად. კავკასიიდან მიღებული ბოლო რეპორტაჟები საქართველოს ვერსიასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს. ორი ვეტერანი დასავლელი კორესპონდენტი აცხადებს, რომ ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში მშვიდობიანი კვარტალების დაბომბვა ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ამას საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებენ. ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის დოკუმენტურ ფილმში ქართული ჯარების ნამოქმედარია მხილებული. ჰიუმან რაითს ვოჩის და ემნესთი ინტერნეიშენელის ანგარიშებში ნათქვამია, რომ ქართული ჯარი განზრახ უხსნიდა ცეცხლს მშვიდობიან მოქალაქეებს და დასახლებულ რაიონებში კასეტურ ბომბებს იყენებდა.
ეუთოს დამკვირვებელთა მისიამ, დასავლურ მედიას განუცხადა, რომ რუსული ჯარები სამხრეთ ოსეთში ქართველთა მიერ ცხინვალის დაბომბვის დაწყებიდან რვა-ათ საათში შევიდნენ. მათი თქმით, ქართულმა ჯარმა ამის შემდეგ რუსულ არმიას შეუტია. ამ ეტაპზე სააკშვილმა წარმატებით გამოიყენა ამერიკის განცხადებები, რომელშიც საქართველოს სვლა დემოკრატიული სამყაროსა და ნატოსკენ გარანტირებულად იყო დასახელებული. აშშ-დან, კერძოდ კი ვიცე-პრეზიდენტ, დიკ ჩეინის ოფისიდან წამოსულმა წინააღმდეგობრივმა გზავნილებმა, საქართველოს ხელისუფლებას ისეთი განცდა გაუჩინა, რომ შეერთებული შტატები წარმატებულ ომს მიესალმებოდა.
ორგანიზაციების ანგარიშების გათვალსწინებით, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დევიდ მილიბენდმა საქართველოს ხელისუფლებას სამხედრო ოპერაციის გამო უპასუხისმგებლო უწოდა. ევროპის კავშირმა საგამოძიებო კომისია შექმნა იმისთვის, რომ სააკშვილის ქმედებები გამოიკვლიოს და დაადგინოს, დაირღვა თუ არა საერთაშორისო სამართალი.
ასე რომ, კითხულობს ლოზანსკი, ნამდვილად გამართლდა, თუ არა დღეს რუსეთი? ის იმასაც კითხულობს გამოჩნდა, თუ არა, რომ სააკაშვილი აგრესორი და, უფრო მეტიც, უპასუხისმგებლო მოთამაშეა, რომელმაც დასავლელი მოკავშირეების კეთილგანწყობა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა და რუსეთთან კონფრანტაციაში მათი ჩათრევა სცადა. ლოზანსკის ისიც აინტერესებს, აპირებს თუ არა შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი სააკაშვილის მხარდაჭერაზე უარის თქმას, რაც ოპოზიციას მისი ხელისუფლების შეცვლის საშუალებას მისცემს. მისი ერთ-ერთი შეკითხვა ასე ჟღერს, როგორ შეაფასებს დასავლეთი რუსეთს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მისი განცხადებები საკუთარი ქმედებების საპასუხო ხასიათის შესახებ, როგორც ჩანს, მართებულია. სცემენ, თუ არა რუსეთს პატივს, როგორც პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოს, კითხულობს ლოზანსკი, თუ მას, როგორც აგრესიულ და არაპროგნოზირებად ქვეყანას, კვლავ ეჭვით და შიშით შეხედავენ? სავსებით მართებული კითხვებია.
ნებისმიერ ომში, ალბათ, ბევრი ბუნდოვანებაა. მაგრამ თუ ეს დოკუმენტური ფილმი სიმართლეს აღწერს და თუ საქართველოს ახლა დაცვა სჭირდება, იქნებ არჩეული პრეზიდენტისთვის ბარაკ ობამასთვის ეს ყველაფერი გაკვეთილად გამოდგეს, სერიოზულ გაკვეთილად საგარეო პოლიტიკაში მიღებული ნაჩქარევი დასკვნების შესახებ.
No comments:
Post a Comment