Monday, May 12, 2008

ევროპის ფიქრები საქართველოზე


 nouveau_logo

ფედერიკო სანტოპინტო
12 დეკემბერი 2008

ენერგეტიკული გეგმის გარეშე, ევროკავშირს საკუთარი საგარეო პოლიტიკა ვერასდროს ექნება.

როდესაც საფრანგეთმა (ევროკავშირის მოქმედი პრეზიდენტი) აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის საომარი მოქმედებების შეჩერება შეძლო, ბევრმა დამკვირვევებელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა მორიგებაში წამყვანი როლი ითამაშა, რაც ადრე არასდროს მომხდარა. მაგრამ ნამდვილად ასე იყო? ვინ იყო ის, ვინც რეალურად ერეოდა საქართველოს კრიზისში, ევროკავშირი თუ საფრანგეთი?

აშკარაა, რომ ერთი, თითქოს უმნიშვნელო დეტალი ამ კითხვას ნაწილობრივ პასუხს სცემს. როდესაც ნიკოლა სარკოზი და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი 12 აგვისტოს მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში ჩავიდნენ, მათ თან არ ახლდნენ არც ჰავიერ სოლანა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლესი კომისარი (CFSP), და არც ჟოზე მანუელ ბაროზო, ევროკომისიის პრეზიდენტი. მოგვიანებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც მათ მიაღწიეს, ბევრმა მათმა პოლიტიკურმა პარტნიორმა გააკრიტიკა. მეორე ვიზიტის დროს, 8 სექტემბერს სარკოზიმ და კუშნერმა სოლანაც და ბაროზოც თან წაიყვანეს, მაგრამ იმ დროისთვის არჩევანი უკვე გაკეთებული იყო. და ეს არჩევანი ევროკავშირს არ გაუკეთებია.

რა მოხდებოდა, რუსეთ-საქართველოს ომი რამდენიმე თვით ადრე ან გვიან რომ დაწყებულიყო? 2009 წლის 1 იანვარს ევროკავშირის პრეზიდენტობას ჩეხეთის რესპუბლიკა გადაიბარებს, რომელსაც საფრანგეთისგან განსხვავებით ბევრად ნაკლები დიპლომატიური წონა და რუსეთთანაც გაცილებით დაძაბული ურთიერთობები აქვს. საფრანგეთამდე, ევროპას მსოფლიოში სლოვენია წარმოადგენდა. რთული ვიფიქროთ, რომ ევროპის რეაქცია მაშინ ანალოგიური იქნებოდა. ანუ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და ეფექტურობას შემთხვევითობა გადაწყვეტს?

საერთაშორისო არენაზე ევროკავშირის როლისა და მისი იდენტურობის გაგება, ფაქტობრივად შეუძლებელია. საქართველოს კრიზისმა ნათლად აჩვენა ის სირთულეები, რომლებსაც კავშირი საკუთარი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის დამკვიდრების მცდელობისას აწყდება. ევროკავშირის საგანგებო სესიია, რომელიც 1 პირველ სექტემბერს გაიმართა, ბევრად უფრო მამხილებელი იყო, ვიდრე სარკოზი/კუშნერის ადრეული ვიზიტი რუსეთსა და საქართველოში. 1 სექტემბრისთვის ევროპული პოზიციის მთელი აბდა-უბდა ზედაპირზე ამოვიდა.

თითქოს ბრიუსელი მოსკოვის მიმართ მკაცრ კურს ატარებდა: უყოყმანოდ დაგმო რუსეთის ”არაპროპორციული პასუხი”, თუმცა საქართველოს პასუხისმგებლობა არ განუსაზღვრავს, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მიუღებლად მიიჩნია და რეგიონში საკუთარი დამკვირვებლები გაგზავნა. მეტიც, მან საქართველოში რეკონსტრუქციისა და განვითარებისთვის ამ ქვეყნის მასშტაბებისა და მისთვის ომით მინიჭებული ზარალის გათვალისწინებით, უზარმაზარი თანხა (800 მილიონი ან 1,1 მილიარდი) გაიღო. ორგანიზაცია სავიზო რეჟიმის გამარტივების და თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის წინადადებით გამოვიდა.

მაგრამ იმავდროულად, ევროკავშირი მოუთმენლად უწვდიდა მოსკოვს მეგობრობის ხელს, აცხადებდა რა, რომ ითვალისწინებდა ”ევროკავშირს და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებას... დიალოგზე, ნდობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ძლიერ ურთიერთობებს არანაირი ალტერნატივა არ აქვთ”, რაც ყოველგვარი სანქციის გამოყენებას გამორიცხავდა. კერძოდ, ის არ აჩერებდა მოლაპარაკებებს პარტნიორულ შეთანხმებაზე, რომელიც ივლისში დაიწყო: მოლაპარაკებები უბრალოდ რამდენიმე თვით გადაიდო. თავის მხრივ რუსეთს არ შეუწყვეტია ჩადის და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის (EUFOR Tchad/RAC) სამხედრო მისიაში მონაწილეობა. ის მისიას საჭირო ვერტმფრენების ერთ-მესამედზე მეტით ამარაგებს.

თავსატეხი, რომლის ამოხსნაც რთულია


ამგვარად ამ ეტაპზე დრამატული განხეთქილება, როგორც ეს 2003 წელს ერაყის საკითხზე მოწვეულ ევროსაბჭოს სესიაზე მოხდა, თავიდან ავიცილეთ. და მაინც, საქართველოს კრიზისთან მიმართებაში ევროკავშირის მდგომარეობა თავსატეხს გავს, რომლის ამოხსნაც ინტერესების ფართო სპექტრისა და მათ შორის არსებული რთული კომპრომისების ფონზე, ძალიან ჭირს.

ერაყის კრიზისის შემდეგ, სხვაობები ევროპის შუაგულში დიდად არ შეცვლილა. ერთადერთი რაც შეიცვალა ეს არის წევრი-სახელმწიფოების უნარი შეეგუონ ამ სხვაობებს, დამალონ ისინი, შემდეგ კი კომპრომისი გამონახონ. ამის მიუხედავად, 2003 წელს, ისევე როგორც 2008-ში, ორი ტენდენცია გამოიკვეთა: არსებობს ამერიკულ პოზიციებთან დაახლოებული ფრთა გაერთიანებული სამეფოს და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების სახით, რომლებიც ინტეგრაციის გზაზე ხშირად მუხრუჭის ფუნქციას ასრულებენ, და არიან ევროკავშირის დამფუძნებელი-ქვეყნები, ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად, რომლებსაც ნაკლებად სურთ ვაშინგტონის დროშის ქვეშ გაერთიანება და ევროპის მშენებლობისთვის კონსოლიდაციისკენ მიისწრაფვიან, განსაკუთრებით მისი თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის. 

სხვაობებში თავად ამ წევრი სახელმწიფოების შიგნით მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებებიც უნდა ვიგულისხმოთ: მემარჯვენე, ან მემარჯვენე ცენტრისტული მთავრობების მმართველობისას, საფრანგეთს, იტალიასა და ესპანეთს ტენდენცია აქვთ შეერთებულ შტატებს შეუერთდნენ; ნიდერლანდები დიდი ბრიტანეთისკენ მიისწრაფვიან. მაგრამ ფუნდამენტური სხვაობები როგორც ჩანს მყარდება. ეს ერაყის ომის დაწყებამდე კარგად გამოჩნდა, შემდეგ ჩაცხრა საქართველოს კრიზისის დროს, რადგან საფრანგეთი, გერმანია და იტალია მათი აღმოსავლელი და ბრიტანელი პარტნიორების ანტი-რუსულ ძალისხმევას ამუხრუჭებენ.

ძირითადი უთანხმოება ევროკავშირის შუაგულში იქიდან მოდის რომ მათ მთავრობებს ინტეგრაციის პოლიტიკური ნება ნაკლებად გააჩნიათ - ასევე იმ სტრატეგიული არჩევანიდან, რომელიც წარსულში არ გაკეთდა. ენერგეტიკული პოლიტიკის განვითარებაზე უარის თქმა, რომელსაც საერთო ინტერესებისთვის საფუძველი უნდა ჩაეყრა, სწორედ იმას ადასტურებს რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა სუსტი და გაუგებარია. როგორ ექნებოდა ევროკავშირს საერთო საგარეო პოლიტიკა კავკასიასთან მიმართებაში, თუკი მას არ აქვს საკუთარი ენერგეტიკული პოლიტიკა?

თუკი British Petroleum-ი American Chevron -თან კონსორციუმში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს აშენებს, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით საქართველოზე გადის, მაშინ როდესაც გერმანია ნახევარი ევროპის გვერდის ავლით გაზსადენს ბალტიის ქვეშ აშენებს და უშუალოდ მოსკოვს უერთდება, კიდევ უნდა გვიკვირდეს, რომ ლონდონს და ბერლინს ქართულ კრიზისთან დაკავშირებით განსხვავებული პოლიტიკა აქვთ?

ევროკავშირს გაცილებით უკეთ შეუძლია შექმნას ეფექტური, თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის საფუძვლები კონკრეტული ინციატივების საშუალებით - მაგალითად, ენერგეტიკაში - ვიდრე ინსტიტუციონალური რეფორმებით. ევროპა ჯერ კიდევ განიცდის ძალაუფლების დეფიციტს, რომელიც მას სჭირდება. იარაღით ვაჭრობაზე კონტროლი - ერთ-ერთი მათგანია. ევროკავშირის მიერ არასავალდებულო ქცევის კოდექსის მიღების მიუხედავად, იარაღის გაყიდვაზე ლიცენზიის მინიჭება კვლავ ნაციონალური სახლმწიფოების პრეროგატივად რჩება. ეს წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის გაცხადებულ ამბიციასთან ძლიერ როლს თამაშობდეს კონფლიქტების კონტროლისა და პრევენციის საქმეში, განსაკუთრებით თანამშრომლობისა და განვითარების ხელშეწყობის ამბიციური პოლიტიკის საშუალებით.

იარაღი ლოკალური კონფლიქტისთვის


ქართული კრიზისი ამის მორიგი და უკანასკნელი დადასტურებაა. აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე ევროკომისიამ 2007-10-ში საქართველოსთვის მისი განვითარების ხელშეწყობის მიზნით $152 მილიონის გადაცემა დაგეგმა. ამ დახმარების დიდი ნაწილი ასიგნებული იყო წინსვლისთვის მშვიდობის, სამართლებრივი ინსიტუტების განვითარების და ადამიანის უფლებათა დაცვის ($39,9 მილიონი ) საქმეში. მეტიც, $24 მილიონიანი ბიუჯეტი განსაზღვრული იყო საქართველოს შიდა კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე და ხელი უნდა შეეწყო რეგიონში მსუბუქი შეიარაღების სწრაფი ზრდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

მაგრამ ნათელი გახდა, რომ საქართველოსთვის იარაღის მთავარი მიმწოდებლები (უკრაინა ცალკე) ევროკავშირის წვერები, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკა და ბულგარეთი ამ სიის სათავეში არიან. ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვნად გაზარდა შეიარაღება. რთულია იმის დაჯერება, რომ ზრდა გამოწვეული იყო არსენალის მოდერნიზირების სურვილით ნატოში გაწევრიანების მიზნით. საქართველომ საკუთარი ხარჯების კონცენტრაცია მოძველებულ მასალაზე გააკეთა, როგორიც იყო საბჭოთა ეპოქის ძველი ტანკები, საბრძოლო თვითმფრინავი Sukhoi, ანტი სატანკო და საზენიტო რაკეტები, და პირველ რიგში ათობით ათასი ცეცხლსასროლი იარაღი - შეიარღება, რომელიც მოსახერხებელია ლოკალურ კონფლიქტებში, როგორსაც მაგალითად სამხრეთ ოსეთი წარმოადგენდა.

ვიდრე ევროკომისია მილიონობით ევროს ხარჯავს საქართველოში მშვიდობის მხარდასაჭერად და რეგიონში მსუბუქი შეიარაღების ზრდას მთელი ძალით ეწინააღმდეგება, ამ ორგანიზაციის წევრებმა ქვეყანა ბრძოლის ინსტრუმენტებით გაავსეს. როგორ მეტყველებს ეს ევროკავშირის როლზე? ეს სტაბილურობას და ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს თუ იარაღით ვაჭრობა არასტაბილურობას კვებავს?

ლისაბონის შეთანხმება, ოდესმე მისი რატიფიცირებაც რომ მოხდეს, ამ ტიპის კითხვას ვერ უპასუხებს. შესაძლოა მან ევროკავშირის ინსტიტუციონალური არქიტექტურის მოდიფიცირება მოახდინოს, მაგრამ საგარეო ურთიერთობებს ახალ ძალებს ვერ შემატებს. ისევე როგორც მკაფიოს და ნათელს ვერ გახდის ევროპის პოზიციებს უმრავლეს საერთაშორისო საკითხებზე.

ევროკომისიის სტაბილური პრეზიდენტის პოსტის (რომელიც ორ წელიწად ნახევარში განახლდება), ასევე უმაღლესი წარმომადგენლისა და საგარეო ურთიერთობათა ქმედითი სამსხურისთვის ახალი პოსტების შემოღებამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის კოორდინაცია უნდა გააუმჯობესოს. მაგრამ მისი პრეზიდენტი და უმაღლესი წარმომადგენლები კვლავ წევრი ქვეყნების ელჩები და წარმომადგენლები იქნებიან და არა პოლიტიკის შემქნელები. ამის გათვალიწინებით, სიტაციას ოდნავ თუ შეიცვლება.

ლისაბონის კონვენცია არ შეცვლის კონსენსუსსზე დაფუძნებულ მთავრობათაშორის სისტემას, რომელიც ”საერთო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის” (CSFP) ძირითად საფუძველს წარმოადგენს. კონვენციის ქვეშ საჭირო გახდება რთული შეთანხმებების მიღწევა, სადაც გათვალისწინებული იქნება წევრი სახელმწიფოების განსხვავებული ინტერესები, რაც საბოლოო ჯამში შექმნის პოლიტიკურ პოზიციებს, რომლებიც არაერთგვაროვანი და ჩამოუყალიბებელია.

ვერც ორწელიწად ნახევრიანი პრეზიდენტობა განახორციელებდა ინიციატივას, როგორც ეს საქართველოს კრიზისის დროს სარკოზიმ გააკეთა. აგვისტოში სარკოზი საგანგებო სიტუაციაში ევროკავშირის სახელით ჩაერია - ამ ორგანიზაციის მანდატის გარეშე. ლისაბონის შეთანხმებით გათვალისწინებულ სტაბილურ პრეზიდენტს ექნებოდა კი მსგავსი სივრცე მანევრისთვის? რა თქმა უნდა, ის უნდა დალოდებოდა მწვანე შუქს მისი წამყვანი წევრი ქვეყნებისგან.

ის რომ ევროპა ჩარევას მხოლოდ კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში შეძლებდა, ზოგიერთებს პოზიტიურ ფაქტორად მიაჩნიათ. სხვები ამას უარყოფითად აფასებენ, და თვლიან რომ ის საფრთხეს უქნის დიპლომატების ევროკავშრის სახელით სწრაფ რეაგირებას. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ის ქვეყნები, რომლებიც მუდმივად მერყეობენ ევროპის მშენებლობის თემაზე, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი, რომლებმაც ლისაბონის შეთანხმებას ბევრი პრობლემა შეუქმნეს, პირველ ჯგუფში აღმოჩნდებოდნენ. და მყარი პრეზიდენტობა იძულებული გახდებოდა ქართულ კრიზისში მათი პოზიცია გაეთვალისწინებინა.

ორიგინალი

No comments: