11 დეკემბერი 2008
ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებას და ნატოს აპრილის სამიტს სტრასბურგში სულ რამდენიმე სახიფათო თვე აშორებს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოში ომის შემდეგ ნატომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რუსეთის იდენტიფიცირება სამხედრო საფრთხესთან არ სურს, მაგრამ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის სარდლის, საზრიანი ამერიკელი გენერლის ჯონ კრედოკის ხელმძღვანელობით ის ”გონივრული დაგეგმარების” პროცესშია ჩართული, რაც საკმაოდ ბევრს გულისხმობს ისე, რომ ნატოს საბჭოს მმართველების ჩარევას არც კი ითხოვს.
პოლონელები, ესტონელები, ლატვიელები და ლიტველები იმას უფრთხიან, რომ გაუთვალისწინებელ გარემოებათა ოფიციალურად დაგეგმვის ლობირებას რუსეთის მეგობარი ქვეყნები ვეტოს დაადებენ. ეს კი კატასტროფა იქნება. ჯერჯერობით საქმე ცუდად არ მიდის, მაგრამ ვითარებას ვერც სტაბილურს უწოდებ. რუსეთის რევიზიონისტი, უფრო მეტიც სასოწარკვეთილი მთავრობის პირისპირ დარჩენილ ნატოს საკუთარი სანდოობის განმტკიცება ესაჭიროება.
ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ერთი რამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად უნდა რუსეთის ჩაწყნარება (რაც გერმანიასა და სხვა საკვანძო ევროპულ ქვეყნებს ეამებოდათ) და რამდენად სურს საჯაროდ დაიცვას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოება. ეს ქვეყნები ერაყისა და ავღანეთის მსგავს ადგილებში ღირებულ მოკავშირეებს წარმოადგენენ - რაოდენობრივად არც თუ ისე, მაგრამ სიმბოლურად - მნიშვნელოვანს.
საკითხს მხოლოდ ფულით ვერ გადაწყვეტ. ზოგ ქვეყანას, ალბათ, შეუძლია იმით დაიტრაბახოს, რომ მისი თავდაცვის ხარჯები, როგორც მშპ-ს ნაწილი მატულობს. მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ მშპ ეცემა და არა ის, რომ ფული ტყვიებზე და საბრძოლო გემებზე იხარჯება.
ყველაზე უმთავრესი კი მაინც ნატოს ახალი გენერალური მდივნის საკითხია.
ამ პრობლემათა გადაწყვეტა შემდეგ ელემენტებზე დაყრდნობით შეიძლება. პირველი, იმისთვის, რომ ამერიკამ კრემლი მისდამი სერიოზულ დამოკიდებულებაში დაარწმუნოს, შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი ინიციატივა უნდა წამოაყენოს. ეს ინიციატივები უნდა მოიცავდეს მოლაპარაკებებს სტარტ 3-ზე (სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება, რომლის არსენალიც რუსეთში სამარცხვინოდ მწირია), ანტიბალისტიკურ სარაკეტო სისტემებზე, ჩვეულებრივი შეირაღებული ძალების ევროპულ შეთანხმებაზე და კოსმოსურ შეიარაღებაზე.
მეორე ელემენტი - უნდა შეწყდეს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების თაობაზე ღია მოლაპარაკებები (რაც, პრინციპში უკვე მოხდა კიდეც) და კონცენტრირება უფრო მოსაწყენ, მაგრამ მნიშვნელოვან შესაძლებლობზე გაკეთდეს, ისეთებზე, როგორიცაა საბრძოლო საშუალებების აკუმულირება, წვრთნა, დაგეგმარება და რეზერვისტების მომზადება (ეს ბოლო, ”ქართული ქეისის” ყველაზე თვალნათელი სუსტი წერტილია). თუ ეს რეფორმები ფეხს მოიკიდებს, მაშინ იქნებ ნატოს სხვა სახელმწიფოებმა ირწმუნონ, რომ ამ ქვეყნების ნდობა შესაძლებელია.
მესამე ელემენტი ის იქნება, რომ ნატომ კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, თავის მთავარ მიზანს - წევრი ქვეყნების ტერიტორიულ უასფრთხოებას უეჭველად დაიცავს. ეს კი იმას მოითხოვს, რომ ჯარები ექსპედიციისთვის იყვნენ მზად. იქნება ეს დარფური, სომალი, ესტონეთი, თუ ნორვეგია, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. თუ ოფიციალურად იმის აღიარება, რომ რუსეთი საფრთხეა, ზედმეტ პოლტიკურ დისკომფორტს იწვევს მაშინ, ამას თავი უნდა მივანებოთ. მთავარია იმაში ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ რიგიანად გამოწვრთნილი და აღჭურვილი შეირაღებული ძალები საჭიროების შემთხვევაში მოქმედებისთვის მზად იქნებიან.
ჯერჯერობით ნატო კარგად ართმევს თავს დაგეგმვის საკითხებს (რაც იმას გულისხმობს, რომ თეორიული შესაძლებლობის ნუსხა შეიქმნას) და ნაკლებად - საომარ მზადყოფნას (რაც თეორიული დაგეგმარების პრაქტიკული მხარეა). გამაოგნებელია, მაგრამ ამერიკელებსაც კი 72 საათი დასჭირდათ იმისთვის, რომ თვითმფრინავები მოეძებნათ და 3000 ქართველი მეომარი ერაყიდან საქართველოში გადმოეყვნათ.
და ბოლო ელემენტი - აუცილებელია ბალტიის ზღვაში შვედურ-ფინურ-ნორვეგიული თავდაცვითი პარტნიორობის ხელშეწობა, რაც სხვების, პოლონელებისა და დანიის ჩართვასაც მოითხოვს. იმისთვის, რომ მართლაც ეფექტურად იმოქმედოს, ნატომ რეალურად უნდა შეაფასოს, რა შეუძლია და რა - არა.
No comments:
Post a Comment