Sunday, May 11, 2008

მძიმე ზამთარი

economist

11 დეკემბერი 2008

სოფელ ერგნეთთან, სამხრეთ ოსეთის მახლობლად, ახალი საზღვარი რეალურ კონტურებს იძენს. გზის თავის მხარეს, ჯერ რუსებმა და ოსებმა საკონტროლო პუნქტი დააყენეს და ზედ სამფერი დროშები ააფრიალეს. ახლა ქართველებიც იგივეს აკეთებენ - გზაზე ამწე დგას და მიწის ნარინჯისფერი ტომრების გვერდით, ბეტონის ბლოკებს აწყობს.

საქართველოში ცივი ზამთარი დადგა. რუსული ჯარი ახალგორშია დარჩენილი, საქართველოს დედაქალაქიდან სულ 25 მილის (40 კმ) მოშორებით. პირველნი იმ 30 000 ქართველიდან, ვინც სამხრეთ ოსეთიდან აგვისტოს ომის დროს გამოიქცა, კოლოფების მსგავს კოტეჯებში, ლტოლვილთა ბანაკების იმ არქიპელაგში შესახლდა, რომელიც ჩრდილოეთ საქართველოში გადაჭიმულა. საქართველოს უშიშროების საბჭოს გადამდგარი თავმჯდომარე, ალექსანდრე ლომაია ამბობს, რომ: ”ჩვენი დროის 80-90% რუსული აგრესიის შედეგების გამკლავებას ვანდომებთ”.

ლომაია ახლახანს მთავრობაში ჩატარებული ცვლილებების პროცესში გადადგა. ამ სამთავრობო გადაადგილებებით ჰიპერენერგიულმა ქართველი პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ სცადა საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების თანამდებობიდან გადაყენება იყო. მაგრამ ერთი რამაა სარისკო - კვალიფიციური კადრები შესაძლოა ამოიწუროს. გრიგოლ ვაშაძე ხუთი წლის განმავლობაში სააკაშვილის საგარეო საქმეთა უკვე მეექვსე მინისტრია. მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მსგავსი ქორების ვიწრო წრე დარჩა ხეუხლებელი.

ბევრი გაღიზიანებული პოლიტიკური და ოფიციალური პირი ოპოზიციას მიუერთდა, რომელიც დღეს უფრო მიზანდასახული ჩანს, ვიდრე წინათ. გაეროში საქართველოს ელჩის, ირაკლი ალასანიას გადადგომამ, ოპოზიცია მნიშვნელოვნად შეაგულიანა. ირაკლი ალასანიამ პატივისცემა იმ დროს მოიპოვა, როცა აფხაზეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მაგრამ ყველაზე ხმამაღლა ახლა ნინო ბურჯანაძის, პარლამენტის ყოფილი სპიკერისა ხმა ისმის. ის სააკაშვილთან ერთად 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” ბოლო ორ გადარჩენილ ლიდერთაგან ერთ-ერთია. ბურჯანაძის მთავარი უპირატესობა მანერებშია - ფოლადისებრი სიმშვიდე, რაც მომგებიანად გამოარჩევს აგრესიული სტილის მქონე ყოფილი მოკავშირეებისაგან. ის გვიყვება ” მათ უნდათ, რომ საქართველო ვირტუალურ რეალობაში აცხოვრონ და თვითონაც ამ რეალობაში ცხოვრობენ”. მაგრამ მისი პოლიტიკური გეგმები ბუნდოვანად გამოიყურება. კითხვაზე, როგორ უნდა მოგვარდეს ურთიერთობა რუსეთთან ის თავაზიანად გვპასუხობს: ”ჩვენ საქართველოს ინტერესები დიალოგის, დიპლომატიის მეშვეობით და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით უნდა დავიცვათ”.

პრეზიდენტი რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, ეროსი კიწმარიშვილის დემარშმაც გაანაწყენა. თავის გამოსვლაში ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წინ მან განაცხადა, რომ სააკაშვილი აფხაზეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ამ წლის დასაწყისში გეგმავდა. კიწმარიშვილის გამოსვლა ყველაზე მტკივნეული იმიტომაც იყო, რომ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ისე კი ნაციონალური ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებები, ხშირად მთავრობის სასარგებლოდ იხრება.

ამიტომაცაა, რომ ოპოზიციის ლიდერთა უმეტესობას ახალ არჩევნებზე მეტად ელექტრონული მედიის გათავისუფლება ეჩქარებათ, უნდათ, რომ იქ ნორმალური პოლიტიკური დებატები გაიმართოს, ხოლო საარჩევნო მაშინერიაზე სახელმწიფო კონტროლი მოიხსნას, რადგან სწორედ მისი მეშვეობით სააკაშვილმა გასულ წელს ორჯერ მოიგო არჩევნები. ივლიანე ხაინდრავა ოპოზიციის ყველაზე დაკვირვებული ინტელექტუალი ამბობს: ”ისეთი სერიოზული მოვლენების შემდეგ, როგორიც იყო აგვისტოს კონფლიქტი, ადამიანებს თავისი პოზიციის გამოხატვის უფლება უნდა ჰქონდეთ. როგორც წესი, ეს არჩევნების მეშვეობით ხდება. მაგრამ, თუ ჩვენ ახლა ჩავატრებთ არჩევნებს, მედიაში დღეს არსებული სიტუაციით, ამ საარჩევნო კომისიით და სასამართლოთი, ჩვენ უბრალოდ იგივე შედეგს მივიღებთ”.

საქართველომ ნამდვილად უნდა დააღწიოს თავი პოლიტიკურ არეულობას. თბილისის გარეთ, სადაც სააკაშვილის მომხრეთა უმეტესობა ცხოვრობს, მთავრობისადმი მხარდაჭერა იკლებს. მაგრამ განწყობები უფრო შეშფოთებაზე მიუთითებს, ვიდრე რევოლუციურ მუხტზე. სამხრეთ ოსეთის საზღვართან, სოფელ მეღვრიკისში მცხოვრები გლეხი გვეუბნება, რომ ამ წლის დასაწყისში მისი თანასოფლელების 80%-მა ხმა სააკაშვილს მისცა, რადგან მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ ყოფა, მაგალითად გაზი გაუყვანეს. ახლა, ამბობს ის, მის თანასოფლელებს უბრალოდ უნდათ, რომ ვიღაცამ საჯაროდ აღიაროს - ქვეყანაში უბედურება დატრიალდა და დამნაშავეებს პასუხი მოსთხოვოს.

ორიგინალი

No comments: