Sunday, May 11, 2008

მორიგი ცვლილებები საქართველოს მთავრობაში

radioliberty

ია ანთაძე
11 დეკემბერი 2008

2008 წლის 5 დეკემბრის საღამოს საქართველოს პრემიერმინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა სამთავრობო ცვლილებების შესახებ გამოაცხადა: შეიცვალნენ განათლების, თავდაცვის, საგარეო საქმეთა მინისტრები. პოსტი დატოვა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა, ისევე, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა. ცვლილებები მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ, მოხსნილი და დანიშნული მინისტრებისთვისაც.

კიდევ მეტად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა 9 დეკემბრის დილა, როდესაც გამოცხადდა, რომ ცვლილებები არ დასრულებულა: თავდაცვის მინისტრად დაინიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით სიხარულიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრად – პარლამენტარი ლაშა ჟვანია, კულტურის მინისტრად – თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ რურუა. ამ ბოლო დანიშვნასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა გააკეთა მცირე კომენტარი, რომ დღეს „ფრონტის ხაზი კულტურაზე გადის“.

ამ დანიშვნებამდე სულ ერთი თვით ადრე, 2008 წლის პირველ ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ახალ პრემიერმინისტრს – გრიგოლ მგალობლიშვილს და განახლებულ მთავრობას. ცხადია, ამის შემდეგ ერთ თვეში მთავრობის შემადგენლობის გადახალისებას არავინ ელოდა. საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ პირველივე ბრიფინგზე განაცხადა, რომ წარდგენამდე მხოლოდ ნახევარი საათით ადრე შეიტყო მის კარიერაში მოსალოდნელი ცვლილების შესახებ. გაზეთ „ალიას“ ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა მოხსნამდე ზუსტად ნახევარი საათით ადრე საგანგებო თათბირი ჩაატარა და საკადრო ცვლილებას ნამდვილად არ მოელოდა.

პრემიერმინისტრს საზოგადოებისთვის „ახალი სახეები“ არ შეუთავაზებია – მიხეილ სააკაშვილის გუნდში თანამდებობის პირთა მორიგი გადანაცვლება მოხდა. მაგალითად, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ნიკოლოზ გვარამიას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტი შესთავაზეს; ერთი თვის წინ დანიშნული კულტურის მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს; ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ეკა შარაშიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩაუდგება სათავეში; უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ალექსანდრე ლომაია კი, გავრცელებული ხმების თანახმად, ირაკლი ალასანიას მაგივრად გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გახდება.

ჯერჯერობით, ყოფილ მინიტრებს მადლობას უცხადებენ. პრემიერის აზრით, მათ „ურთულეს პერიოდში ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს გაართვეს თავი“. პრეზიდენტის განცხადების თანახმად კი: „ვინც გავუშვით, არც ერთი არ არის გადასაგდები. ისინი მაღალ თანამდებობებზე უნდა გამოვიყენოთ“.

ექსპერტებს უჭირთ, ლოგიკური ახსნა მოუძებნონ მორიგ სამთავრობო „კარუსელს“, რომლის ბრუნვას ქართული საზოგადოება 2003 წლიდან ადევნებს თვალს. ერთი მხრივ, აგვისტოშისაქართველო–რუსეთის საომარი მოქმედებების შემდეგ, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოხსნა გაცილებით ლოგიკურია, ვიდრე კულტურის ან გარემოს დაცვის მინისტრების – რაც ერთი თვის წინ განხორციელდა. მაგრამ, ამჟამინდელი საკადრო ცვლილებების მიუხედავად, პასუხისმგებელი აგვისტოს ომზე მაინც არავინაა. ამიტომ, თანამდებობის პირების გადანაცვლებაში ექსპერტებს გაუჭირდათ უკვე გამოცხადებული „დემოკრატიის ახალი ტალღის“ კვალის ან რაიმე სხვა აზრის პოვნა. აქა–იქ გაკრთა ექსპერტების შეფასება, რომ ცვლილება საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას შეუწყობს ხელს. მაგრამ ეს შეფასება ჩაახშო მრავალმა უპასუხო კითხვამ, რომლებიც დანარჩენ მინისტრებთან დაკავშირებით დაისვა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა გაცილებით ადვილი ახსნა მოუძებნეს ხუთი დეკემბრის სამთავრობო სიახლეებს. წინა დღეს, 4 დეკემბერს, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ. ოპოზიციონერები ფიქრობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის იმდენად მძიმე დარტყმა აღმოჩნდა ალასანიას ნაბიჯი, რომ მან გადაწყვიტა, სამთავრობო ცვლილებებით გადაეფარა გაეროში საქართველოს ელჩის პროტესტი. ტელეკომპანიებმა, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურები არიან, მართლაც შეძლეს, ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, დღის ახალი ამბების მთავარი ბლოკის მიღმა გაეტანათ. ამაში მათ სამთავრობო ცვლილებები ნამდვილად დაიხმარეს.

მაგრამ ცვლილებების პირველი ტალღის გაგრძელებამ ოთხი დღის შემდეგ მკაფიოდ დაადასტურა, რომ ოპოზიცია პროცესების ზედაპირულად ახსნას ცდილობს. სინამდვილეში, სახელისუფლო გუნდი ნელ–ნელა ინგრევა და ამ პროცესში პრეზიდენტის მიერ მიღებული სწრაფი, მოულოდნელი გადაწყვეტილებები კარგავს შინაგან ლოგიკას. ერთადერთი გზა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების გახანგრძლივება შეუძლია და რითიც, სხვათა შორის, ედურად შევარდნაძემ გაიხანგრძლივა პრეზიდენტობა აფაზეთის დაკარგვის შემდეგ – დემოკრატიასთან შეგუებაა. ამჟამინდელი სამთავრობო ცვლილებები კი იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლება ისევ ჩაკეტილ წრეშია მოქცეული. პასუხის მოთხოვნის მაგივრად, საკუთარი გუნდის ქება – სიმართლისგან ძალიან შორს არის. მედიის იმ მდგომარეობაში ჩაყენება, როდესაც დღის ერთ–ერთი მთავარი ამბავი საინფორმაციო პროგრამის ძირითადი სიუჟეტების მიღმა რჩება – ფაქტებზე ძალადობაა. ჯერჯერობით, არ ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი რეალურად აპირებს მართვის ჩაკეტილი სტილის შეცვლას, ან სიმართლის თქმას საზოგადოებისთვის, ან პოლიტიკურ კონკურენციასთან შეგუებას.

ამიტომ, ერთი დასკვნა, რაც 5–9 დეკემბრის სამთავრობო გადაადგილებებიდან გამომდინარეობს – უფრო დიდი, გულწრფელი და რეალური ცვლილებების აუცილებლობაა. მიხეილ სააკაშვილს მოუხდება, ან საკუთრ თავში იპოვნოს რესურსი განახლებისთვის, ან ოპოზიციას დაუთმოს ასპარეზი ცვლილებების განსახორციელებლად.

ორიგინალი

No comments: