ერიკ შირაევი
დეკემბერი 2008
დოქტორი შირაევი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში პოლიტიკური ფსიქოლოგიის საკითხებზე მუშაობს. ის 10 წიგნის ავტორი და რედაქტორია, რამდენიმე მათგანი ცივი ომის შემდეგ რუსეთში გარდამავალ პერიოდს მიუძღვნა. მისი ახალი წიგნი რუსეთის პოლიტიკაზე 2009 წელს გამოიცემა.
დუმას ცნობილმა დეპუტატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ, რუსული პოლტიკის ჰიუ ლონგმა, თუმცა შესაძლოა უფრო მეტად თვალში საცემმა, 2008 წლის ნოემბერში პოლიტიკურ მიტინგზე განაცხადა, რომ ბარაკ ობამა ამერიკის გორბაჩოვი იქნება. ნაციონალისტური პარტიის, ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი გაჰკიოდა, რომ ობამა ამერიკას პერესტროიკას მოუწყობს. ეს დაპირება შესაძლოა დასავლეთში, ობამას ზოგიერთი ენთუზიასტი მხარდამჭერისთვის სასიამოვნოდ ჟღერდეს, რადგან აქ გორბაჩოვი ყოველთვის სამაგალითო სიმამაცის და ხედვის მქონე ადამიანად განიხილებოდა, ისეთად, ვისაც ცვლილებების სჯეროდა და ერთ დღეს ბერლინის კედლის დანგრევაც კი გაბედა. მაგრამ ჟირინოვსკის კომენტარი დასავლეთისადმი მიმართული არ ყოფილა, ხოლო მის რუსულ აუდიტორიას წარმოდგენაში სულ სხვა გორბაჩოვი ყავდა. 1980-იანებში მომხდარი პერესტროიკა ბევრი რუსისთვის 20 წლის წინაც და დღესაც კატასტროფად აღიქმება. ძალიან ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირმა იმ დროს თვითმკვლელობა ჩაიდინა, რომელსაც მათი ლიდერი ხელმძღვანელობდა. ეს ლიდერი კი უბრალოდ უდიდესი დემაგოგი იყო, რომელიც თავიდანვე ყველას ცვლილებებს დაპირდა ისე, რომ არავითარი სამოქმედო გეგმა არ ჰქონია. რუსებისთვის პერესტროიკა ამერიკაში იგივეა, რაც შავი ჭირის მომაკვდინებელი ეპიდემია. ჟირინოვსკის ეს პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, სწორედ ეს იგულისხმა. ბრობო გამხიარულდა, ბლოგები კი მის ამ სიტყვებს დაუსრულებლად ციტირებდნენ.
რატომ გამოხატა ჟირინოვსკიმ ასეთი სარკასტული ანტიპათია ობამასა და ამერიკის მიმართ? შესაძლოა ვინმემ ახლა მკვირცხლად მიპასუხოს, რომ ჟირინოვსკი რუსი ხალხის სახელით არ ლაპარაკობდა, რომ ის ყოველთვის ცნობილი იყო თავისი ლაყბობით და უპასუხისმგებლო განცხადებებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სიმართლეა. ჟირინოვსკი დღევანდელ რუსეთში სულაც არ არის ყველაზე გამოჩენილი და პატივსაცემი პოლიტიკოსი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის იმ მილიონობით ადამიანის აზრს გამოხატავს, იმათ აზრს, ვინც ამერიკის უეცარ დაცემასა და დაღუპვას, სიხარულით შეეგებებოდა. ყველა ეს ადამიანი სულაც არ არის საშინელი მილიტარისტი ან ნაციონალისტი. ისინი დღევანდელი რუსეთის ყველა დემოგრაფიულ და სოციალურ ჯგუფს წარმოადგენენ. ამერიკის წინააღმდეგ მიმართული რისხვა უკვე მრავალი წელია მწიფდება. ამ პასიურად აგრესიულ პოზიციას სამი ფაქტორი განაპირობებს. პირველი, 1990-იანებში ველური კონომიკისა და დერეგულაციის ექსპერიმენტებით გამოწვული ფრუსტრაციის შედეგია. დღეს რუსეთში ძალიან გავრცელბული აზრია, რომ ამერიკამ წინასწარი განზრახვით მოახვია თავს რუსეთს ამერიკული ტიპის კაპიტალიზმი იმისთვის, რომ მისი ეკონომიკისთვის დარტყმა მიეყენებინა და ქვეყანა სამუდამოდ დაესუსტებინა. მეორე ფაქტორი, აშშ-ს ზედიზედ სამი ადმინისტრაციის მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსია, რომელიც რუსეთის აღქმით, ქედმაღალი და არაკომპეტენტური იყო. ეს პოლიტიკა, სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად, შემდეგსაც შეიცავდა - ნატოს ექსპანსიას, აშშ-ს ხელმძღვანელობით წარმართულ ომს სერბთის წინაღმდეგ, უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში პროდასავლური ძალების მხარდაჭერას. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი - რუსული შოვინიზმის აღზევებაა. თავდაპირველად ფარული, შემდეგ კი ღია და ექსტრემალური სახელმწიფო შოვინიზმი, ოფიციალური პოლიტიკისა და სოციალური განწყობების ნარევია, რომელიც ნაციონალიზმითა და განსაკუთრებულობის განცდითაა განპირობებული. ეს ჩვეულებრივი ანტიამერიკანიზმი როდია, მაგალითად ისეთი, როგორსაც ახლო აღმოსავლეთში შეხვდები. ნავთობის ფასთან პირდაპირ კორელაციაში მყოფი რუსული სახელმწიფო შოვინიზმი, აგრესიული არ არის. ეს ერთგვარი წარმოდგენაა. რუსი ლიდერები ამაში არასდროს გამოტყდებიან, მაგრამ ფაქტია, რომ კრემლი სიამოვნებით გააკეთებდა იმას, რასაც მთელს მსოფლიოში ამერიკა აკეთებს. შეზღუდული ინტერვენციონიზმი რუსეთის საგარეო პოლიტიკური ოცნებაა. პრობლემა ისაა, რომ რუსეთს საამისო ძალა არ აქვს. ყველაზე საწყენი მათთვის სწორედ ეს არის. აი ეს და კიდევ რამდენიმე სხვა ფაქტორი განსაზღვრავს შეერთებული შტატებისა და მისი პოლიტიკის ნეგატიურ აღქმას.
მაგრამ გაზვიადება იქნებოდა იმის თქმა, რომ რუსეთი შეერთებული შტატებითაა შეპყრობილი და მთელ ყურადღებას მის ახალ პრეზიდენტს უთმობს. რეალურად ეს ასე არ არის. რუსი პოლიტიკოსები, ისეთები, როგორიცაა ჟირინოვსკი და კიდევ ბევრი სხვა აშშ-ს პრეზიდენტისა და აშშ-ს პოლიტიკის კრიტიკას რიტორიკულ ილეთად იყენებენ იმისთვის, რომ საკუთარი შიდა და საგარეო პოლიტიკური პრობლემები გადაჭრან და ამისთვის თანხმობაც მიიღონ. განსხვავება ამ პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ ისაა, თუ რომელ აუდიტორიას მიმართავენ და რომელ კოდური ენას იყენებენ, ენას, რომელსაც დამატებით თარგმნა და ინტერპრეტაცია ესაჭიროება.
ეს შენი გადასაწყვეტია, მისტერ ობამა
რუსეთის ყველაზე მაღალი რანგის ჩინოვნიკების რეაქცია ობამას გამარჯვბაზე 2008 წლის ნოემბერში ძირითადად პროგნოზირებადი იყო. ეს რეაქცია სამი, მუდმივად განმეორებადი თემით ხასიათდებოდა. პირველი, აშშ-ს არჩევნები მნიშვნლოვანი, მაგრამ, რაღა თქმა უნდა უმნიშვნლოვანესი რამ არ ყოფილა. პრეზიდენტმა მედვედევმა, მაგალითად, მყისიერად გამოაქვეყნა თავისი ოფიციალური მიმართვა ერისადმი, ის, რომ მისი სურათი გაზეთებში იმ მასალის თავზე უნდა დაბეჭდილიყო, რომელშიც აშშ-ს არჩევნების რეზულტატებზე იყო საუბარი. მეორე, რუსეთი ამერიკის საგარეო პოლიტიკური კურსის შესაძლო ცვლილებებს ფრთხილი ოპტიმიზმით ეკიდება. მესამე, აშშ-რუსეთის მომავალ ურთიერთობებზე დასკვნების გაკეთება ჯერ ძალიან ნაადრევად მიაჩნიათ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცევა ვაშინგტონი (და არა კრემლი) მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში.
პრეზიდენტმა მედვედევმა ობამას არჩევნების შემდეგ მყისიერად დაურეკა. რუსულმა პრესამ, რა თქმა უნდა აღნიშნა, რომ აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა არ დაურეკა კრემლს, თუმცა მსოფლიოს სხვა რამდენიმე ლიდერს ელაპარაკა. მედვედევმა თავის კოლეგას უთხრა, რომ იმ დროს, როდესაც მსოფლიოს გადასაწყვეტი აქვს გლობალური მნიშვნელობის სერიოზული საკითხები, რომლებიც ”ყველა ქვეყნის ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს” რუსეთის ფედრაციასა და შეერთებულ შტატებს ”საერთო პრობლემები აქვთ და საერთო პასუხისმგებლობა აკისრიათ”. თუ დიპლომატიურ შრეებში გზას გავიკვალავთ მივხდებით, რომ მედვედევი ორ საყურადღებო მომენტს გულისხმობდა. პირველი, შეერთებულმა შტატებმა არა მარტო მსოფილიოს ლიდერობაში განიცადეს მარცხი, არამედ მთელი სამყარო ეკონომიკურ კრიზისში ჩაითრიეს. მეორე, კრიზისიდან გამოსვლის მხოლოდ ერთი გზა არსებობს, რუსეთს იმ გლობალური როლის შესრულების ნება უნდა მიეცეს, რომელსაც ის მიიჩნევს საჭიროდ. როდესაც თითქმის იმავე წამში, 5 ნოემბერს, კრემლმა კალინინგრადში, პოლონეთის საზღვრებთან სარაკეტო დანადგარების განთავსების შესახებ განაცხადა და ცენტრალურ ევროპაში აშშ-ს სარაკეტო რადარების დაყენებაზე რეაგირებდა, კრემლი სწორედ ამ სიგნალს აგზავნიდა.
რამდენიმე კვირის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა პუტინმა, ტრადიციულ სატლევიზიო სატელეფონო ფორუმზე გამოსვლისას, გლობალურ ფინანსურ კრიზისზე პასუხისმგებლობა კვლავ ვაშინგტონს დააკისრა. აშშ-ს არჩევნებზე ის ფრთხილად და დიპლომატიურად ლაპარაკობდა, ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ რუსეთისთვის ეს არჩევნები რამდენადმე იყო მნიშვნელოვანი და ახლა ობამამ ის უნდა დაამტკიცოს, რომ სასიამოვნო ბიჭია. პუტინმა თქვა: ”ჩვეულებრივ, როდესაც რომელიმე ქვეყანაში ხელისუფლება იცვლება, განსაკუთრებით ისეთ სუპერსახელმწიფოებში, როგორიცაა აშშ, გარკვეულ ცვლილებებს ადგილი აქვს ხოლმე. ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ეს ცვლილებები პოზიტიური იქნება”. მან ობამას იმ დაპირებაზე განაგრძო მსჯელობა, რომელიც ცვლილებებს ეხებოდა: ”თუ ეს მხოლოდ სიტყვბი არაა და ისინი რეალურ პოლიტიკად გარდაიქმნება, ჩვენც ადეკვატურად ვირეაგირებთ და ჩვენი კოლეგები (აშშ) ამას იგრძნობენ”. შემდეგ მან აშშ-ს ახალ პრეზიდენტთან დაახლოებული ”ექსპერტები” ახსენა, რომლებმაც აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში მომავალ, შესაძლო ცვლილებებზე მინიშნებები გააკეთეს. მოკლედ პუტინის შეტყობინება ასეთი იყო ”უარი” საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და ”უარი” ანტისარაკეტო სისტემებს ევროპაში.
პუტინის პოზიცია რუსეთის საზოგადოებრივ აზრს ემთხვევა. ადამიანთა უმეტესობას, დამოუკიდებელი სოციოლოგიური გამოკითხვების მონაცემების თანახმად, ნატოს გაფართოება და გაძლიერება არ სურთ. კონსტანტინე კოსაჩოვმა, დუმას საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარემ, რუსულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტში ობამასთან დაკავშირებით ძალზე დეტალური კომენტარი გააკეთა. პირველი, მან თქვა, რომ არჩევნების შემდეგ აშშ-ს პოლიტიკაში ცვლილებებს არ ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ხალხმა ხმა საგარეო და შიდა პოლიტიკაში ცვლილებებს მისცა, მომავალი ადმინისტრაცია, მისი თქმით, უწყვეტობას შეინარჩუნებს. მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში ვაშინგტონის პოლიტიკა თითქმის ”იმავე სცენარით” წარიმართება, რაც წინათ. უფრო მეტიც, ობამა შესაძლოა არც იყოს დარწმუნებული, რომ საგარეო საქმეებს თავს გაართმვს. მაგრამ, როგორც პრეზიდნტმა უნდა გააცნობიეროს, რომ ძალაუფლების სხვა ცენტრებთან ურთიერთქმედება დასჭირდება: ”მე ვფიქრობ, ობამა თავის დროზე მიხვდება, ან იძულებული იქნება, მიხვდეს, რომ რუსეთთან კონფრონტაცია ამერიკას სიკეთეს ვერ მოუტანს”. კოსაჩოვის აზრით, სამყარო მულტიპოლარულია, რუსეთი უკვე არის ძალაუფლების ცენტრი თავისი ნაციონალური ინტერესებით და შეერთებულმა შტატებმა ამ ფაქტს პატივი უნდა სცეს.
თანასწორუფლბიანობასა და პარიტეტულობას ურთიერთობებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც უსვამს ხაზს. ის და მიხეილ მარგელოვი, ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რუსულ- ამერიკული ურთიერთობების მხოლოდ ორ სფეროს ასახელებენ: ანტიტერორიზმი და ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობა. სხვას შესაძლოა ეფიქრა, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ქვყანას ბევრად უფრო მეტი საერთო უნდა ჰქონდეთ. ასეთი მცირე მოლოდინები, ტონი, რომლითაც ჩვულებრივ რუსები ობამაზე ლაპარაკობენ, ერთ რამეს ასახავს - თითქოს რუსეთის ხელისუფალნი ვაჭრობის წესებს მისდევენ - დაუცადე ოპონენტის ნაბიჯებს, პირველმა არაფერი მოიმოქმედო. სერგეი მირონოვი, ფედერაციის საბჭოს სპიკერი აშშ-ს წარმავალ ადმინისტრაციაზე ლაპარაკისას არასდროს იწუხებს თავს დიპლომატიური ლექსიკის გამოყენებით. ის ამბობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტობის ისტორიაში ბუშის ადმინისტრაცია ამერიკაშიც და მსოფლიოშიც ყველაზე ნაკლებად მოსწონდათ. ის ბუშის საგარეო პოლიტიკურ გუნდს ასე ხედავს - ისინი 1980-იანების კონფრონტაციის დროს ჩამოყალიბდნენ. მას შემდეგ, ამბობს მირონოვი ”მათ ვერაფერი დაივიწყეს და ვერაფერი ისწავლეს”. ობამას გამარჯვებამ, მისი აზრით, უნდა გვაფიქრებინოს, რომ ”ამერიკულ საზოგადოებას სერიოზული ცვლილებები სჭირდება... ამერიკის მენტალიტეტი და სამოქალაქო პოზიცია იცვლება და გუშინდელმა არჩევნებმა ცხადად აჩვენა, რომ ამერიკა უკვე სხვანაირია”. სპიკერის ადრეული რეაქციები მისი კოლეგა მაღალჩინოსნების იდენტური იყო.
სოციალისტებისა და ნაციონალისტების ლიდერების რეაქცია განსაკუთრებით სწორხაზოვანია: ისინი არ იზღუდავენ თავს დიპლომატიური ლექსიკით და ამავე დროს მთავრობასაც აკრიტიკებენ. კომუნისტურმა გაზეთმა პრავდამ, ობამას გამარჯვების შემდეგ ასეთი ჰედლაინი გამოაქვეყნა: ”მხოლოდ სატანა შეიძლება იყოს ბუშის რეჟიმზე უარესი”. კომუნისტების ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა არჩევნებს მაღალი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა ისწავლოს ამერიკელებისგან საარჩევნო კამპანიების ორგანიზება. მან ამერიკული არჩევნების ტრასპარენტულობა და სამართლიანობა ცაში აიყვანა. მისი აზრით, ეს ორი უმთავრესი მომენტია, რომელიც რუსულ არჩევნებს აკლია. (მას ძალიან კარგად ახსოვს, როგორ დაამარცხა ელცინის საარჩევნო მანქანამ და როგორ გაიკვალა გზა გამარჯვებისკენ ელცინმა 1996 წელს). ახლად არჩეულ პრეზიდენტზე ზიუგანოვმა შემდეგი რამ განაცხადა: ”ობამას მძიმე გამოცდის ჩაბარება მოუწევს იმისთვის, რომ რაიმე ახლის შეთავაზება შეძლოს. ის კარგად აკრიტიკებდა წინა ადმინისტრაციის პოლიტიკას, მაგრამ მისი გადაწყვეტილებების შესახებ ჯერ არაფერი ვიცით”. მისი აზრით, ობამამ ახალი ადამიანები უნდა მოიძიოს, ისეთები არა, როგორიცაა მარგრეტ ოლბრაიტი ან ზბიგნევ ბზეჟინსკი, არამედ ისეთები, რომლებიც ”21-ე საუკუნის რეალობის გათვალისწინებით იმოქმედებენ”. რაც ყველაზე მთავარია, მას მიაჩნია, რომ ”ობამამ უნდა გააცნობიეროს - რუსეთის გარეშე პლანეტაზე სტაბილურობას ვერ მიაღწევს”.
მაგრამ ზიუგანოვი ობამას მაინც ფრთხილი ოპტიმიზმით ეკიდება. ობამა ახალგაზრდა ლიდერია და, ალბათ, ”უფრო ფრთხილად იმოქმედებს”, ვიდრე ბუში ”მაგრამ ამერიკა ყოველთვის მმართველი კლასის ინტერესებს იცავდა, იმისდა მიუხადავად, თუ ვინ იჯდა თეთრ სახლში” (ტიპიური მარქსისტული განცხადება, რაღა თქმა უნდა), თუმცა ზიუგანოვი იმასაც აღიარებს, რომ ლიდერის პიროვნულ თვისებებსაც გარკვეული როლი ენიჭება”. მან მაგალითად ჯონ კენედი მოიყვანა. რატომ აირჩია ზიუგანოვმა მაინცდამაინც ჯონ კენედი? ბევრი რუსი ახლაც ჯონ კენდისა და მისი პრეზიდენტობის რომანტიზაციისკენაა მიდრეკილი, მიუხედავად მისი როლისა ”ცივი ომის” მთავარ კონფრონტაციულ მომენტებში, მაგალითად, ბერლინისა და კარიბის კრიზისში, მას მაინც საბჭოთა დროის პოზიტიური იმიჯი შემორჩა. 1963 წელს მისმა ტრაგიკულმა მკვლელობამ ეს დადებითი წარმოდგენა კიდევ უფრო გაამყარა. უფრო მეტიც, რუსები ჯონ კენედის მანკიერი ამერიკული პოლიტიკური სისტემის მსხვერპლად განიხილავენ.
მიუხედავად იმისა, რომ კენედისა და ობამას იმიჯების შედარება რთულია, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ახალმა პრეზიდენტმა რუსული პრესის სიმპათიები ”სხვანაირობით” დაიმსახურა, იმით, რომ ამერიკა ადამიანური სახით წარმოაჩინა. ლიბერალური ოპოზიციის რეაქცია შიდა პოლიტიკური სიტუაციისკენაა მიმართული. გარი კასპაროვი, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ჭადრაკში და რამდენიმე ოპოზიციური ორგანიზაციის ლიდერი თავის ბლოგზე წერდა, რომ არჩეულ პრეზიდენტს ორი გზა აქვს: რუსეთის ლიდერებს კოლეგებივით მოექცეს ან ამხილოს ისინი, როგორც დიქტატორები, რაც მისი აზრით, სიმართლეს შეეფერება. რუსეთის წუხილი და რეაქცია ნატოს გაფართოვებაზე, საქართველოსთან და ევროპაში ანტისარაკეტო დანადგარების განთავსებასთან დაკავშირებული მოვლენები მხოლოდ ერთ რამეს ისახავს მიზნად: დასავლთმა კრემლს თავი უნდა დაანებოს, რათა მან ”მარადიორობის” პოლიტიკის გაგრძელება შეძლოს. ობამამ არ უნდა გაიმეოროს პრეზიდენტ ბუშის შეცდომები და არ უნდა დაუჯეროს პუტინს ზედმეტად. იმის ნაცვლად, რომ ”პუტინის თვალებში ჩაიხედოს” მან მის ნამოქმედარს უნდა მიაქციოს ყურადღება.
ედუარდ ლიმონოვმა, პარტიის ”სხვა რუსეთის” (ლიბერალ-დემოკრატებისა და ნაციონალისტური ჯგუფების ეკლექტური ნარევი, რომლიც არსებული რუსული მმართველობის ზიზღმა გააერთიანა) ექსტრავაგანტულმა ლიდერმა, განაცხადა, რომ ობამას არჩევით აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში არაფერი შეიცვლება, რადგან ”ამერიკა ვერასდროს გადაიქცევა პრორუსულ ქვეყნად. ის ყოველთვის იმპერიალისტად, აგრესორად დარჩება. თუმცა ის ამერიკულ იმპერიალიზმზე დიდად არ წუხს. მისი სამიზნე რუსეთის მთავრობაა, რომლის საგარეო პოლიტიკური მიზნები, ლიმონოვის აზრით, ვაშინგტონის მიზნების ანალოგიურია. რუსეთი ვერ ბედავს იმის კეთებას, რასაც ამერიკა აკეთებს და სწორედ ამიტომ შურს მისი, მიაჩნია ლიმონოვს. მაგრამ ამერიკა მაინც იცვლება, კონდოლიზა რაისმა გარღვევა მოახდინა, როდესაც აჩვენა, რომ ”აფრო ამერიკელები მხოლოდ მუსიკალურ ინსტრუმნტებზე როდი უკრავენ”, მათ უკვე მაღალი თანამდბობების დაკავებაც წარმატებით შეუძლიათ.
ცნობილმა ყოველდღიურმა გამოცემამ ”ნოვაია გაზტამ”, ერთ-ერთმა იმ გაზეთებს შორის, ვინც ღიად აკრიტიკებს ხელისუფლებას, არჩევნების შემდეგ ასეთი სათაური გამოაქვეყნა, ”ამერიკა დაიღალა იმით, რომ მისი ეშინიათ და ცვლილებები არჩია. ჩვენ ცვლილებებმა დაგვღალა და სარაკეტო დანადგარები ვარჩიეთ”. თუ ამ სტატიას გულდასმით განვიხილავთ, სათაურის აზრს უფრო კარგად ჩავწვდებით. გაზეთის აზრით 11 სექტემბერზე ვაშინგტონმა გადამეტებული სამხდრო ძალით ირეაგირა. ის ახალი მტრების იდეით იქნა შეპყრობილი და სხვა არაფრისთვის დრო აღარ დაიტოვა. ობამას არჩევით ამერიკელმა ხალხმა აჩვენა, რომ მას აღარ ეშინია საერთაშორისო ტერორიზმის. ამერიკისთვის იმედის დრო დადგა. რუსეთი კი თავისი ხალხის, მეზობლებისა და ოპონენტების დაშინებას განაგრძობს. ამერიკა ობამასგან ცვლილებებს ელოდება, რუსეთი კი ამ დროს თავის ნაცად ავტორიტარიტარულ და კონფრონტაციულ გზას ადგას. პირველი, აპირებს რაკეტების განთავსებას იმისთვის, რომ ნატოს დაუპირისპირდეს. მეორე, კრემლმა საპრეზიდენტო ვადის გაგრძელება გადაწყვიტა. გაზეთის თქმით, რუსეთის პოლიტიკა ”მეტ რაკეტებსა და სულ უფრო ნაკლებ” არჩევნებს ეფუძნება.
პოპულარული ბლოგები და გაზეთები ობამასთან დაკავშირებით არ გაურბიან არც საქებარ და არც დამცინავ კომენტარებს. სამი თემა მუდმივად მეორდება. ერთი მათგანი კანის ფერს ეხება. სათაურები ”ახალი ფერი” და ”დროშის ფერები კანის ფერის წინააღმდეგ” ყველაზე ნაკლებად შეურაცხმყოფელია მსგავს სათაურთა გრძელ სიაში. მეორე თემა ობამას საარჩევნო კამპანიის კრეატიულობაა. ყველაზე პოზიტიური კომენტარი ენთუზიასტ მოხალისეთა მასას ეძღვნება. ნეგატიურ კომენტარებში მოიხსენიებენ ”მილიონობით სულელ სოფლელს”, რომლებიც ბრმად გაყვნენ ლიდერს ცვლილებების გატარების დაპირების გამო. მესამე თემა იმ პოტენციურ სირთულეებს ეხება, რომელიც ობამას, როგორც შავკანიანს ელოდება. შესაძლოა მან ვერ დაძლიოს ძირითადად თეთრკანიანი ამერიკის რეზისტენტობა და თუ მისი რეფორმები ზედმეტად რადიკალური იქნება, მის სიცოცხლეს საფრთხეც კი დაემუქროს, მიაჩნიათ კომენტატორებს.
რაზე მიგვანიშნებს ეს რეაქცია? ყველაფერი შეერთებულ შტატებსა და ობამაზე მეტად თავად რუსეთზე მოგვითხრობს, მის პრობლემებზე, დაუცველობაზე, იმედებზე. მიუხედავად იმისა, რომ სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის 38%-ს სჯერა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები, ობამას გამარჯვების შემდეგ გაუმჯობესდება, რუსი ხელისუფალნი ამ საკითხთან დაკავშირებით ნაკლებ ენთუზიაზმს გამოთქვამენ. რაც შეეხება ურთიერთობათა მდგრად, ორმხრივ დათბობას, კომენტარების უმეტესობა ფრთხილად რეალისტური, მაგრამ მაინც სკეპტიკურია.
დღეს რუსეთის ლიდერებს, მიუხედავად იმისა, რომ ამას უარყოფენ, აშშ-ს მსგავსი ძლევამოსილი ოპონენტი სჭირდებათ. შეერთბული შტატების შეცდომებმა და მარცხმა რუსეთს საკუთარი ლეგიტიმურობისა და სიბრძნის განცდა მოუტანა. ობამას გამარჯვება და მისი სლოგანი ”ცვლილებები”, ძალიან ხშირად ფასდება, როგორც ამერიკის მარცხი და რუსეთის მიერ მოპოვებული შესაძლებლობა წინ აღუდგეს აშშ-ს პოლიტიკას. შეერთებული შტატები რუსეთისთვის ძლევამოსილი და არასასურველი კონკურენტია. თუმცა რუსებს სჯერათ, რომ ამერიკა ვეღარ შეძლებს მას იმ ქმედებების შესრულება მოსთხოვოს, რომლის შესრულებაც არ სურს. ისინი ძალიან იმედგაცრუებულნი არიან, რომ ვაშინგტონი ამ ახალ რეალობას არ აცნობიერებს. პესიმიზმი იმ მოლოდინთანაც ასოცირდება, რომ (რაც უკვე არაერთხელ მომხადარა წარსულში) ამერიკა გლობალური ფინანსური კრიზისიდან უფრო ძლიერი გამოვა, ვიდრე მანამდე იყო, ხოლო სხვა ქვეყნები და მათ შორის რუსეთიც მძიმე შედეგების პირისპირ აღმოჩნდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა დამნაშავეა თავისი უპასუხისმგებლო ფინანსური პოლიტიკის გამო, ამერიკელებმა ახალი პრეზიდენტის არჩევით ცვლილებებს მისცეს ხმა და როდესაც ყველაფერი ჩაივლის ის (სხვა ქვეყნებთან შედარებით) ნაკლებად მძიმე ფინანსური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.
რუსების უმეტესობა, ისე, როგორც მრავალი წლის წინ, აშშ-ს არჩევნებს, როგორც გიგანტურ ცირკს ისე აღიქვამს, სადაც თითოეული ეტაპი და თითოული კანდიდატი დეტალურად დაგეგმილი ქმედების მონაწილეა. მაგრამ ბევრი რუსი, ამავე დროს აშშ-ს საარჩევნო კამპანიას ფარული შურით შეჰყურებს (როგორც რუსები იტყოდნენ ”ჩუმი”). ამაში ცოტა თუ გამოტყდება, მაგრამ მოულოდნელ შედეგს ისინი ნამდვილ დემოკრატიულ საარჩევნო პროცესს უკავშირებენ. როგორც ერთ პოპულარულ რუსულ ანეგდოტშია ნათქვამი ამერიკას ახალი პრეზიდნტის, ობამას არჩევისთვის 69 მილიონი ხმა დასჭირდა, ჩვენ კი ახალი პრეზიდენტის, მედვედევის არჩევისთვის, მხოლოდ ერთი - ვლადიმერ პუტინის ხმა.
No comments:
Post a Comment