დარკო დურიდანსკი
9 დეკემბერი 2008 წელი
სერბეთის ყოფილი პროვინციის მარში დამოუკიდებლობისაკენ ბასკეთიდან კავკასიამდე განსჯის საგნად იქცა.
როდესაც მოზეიმე კოსოვოელები, თავის დედაქალაქში, პრისტინაში 2008 წლის 18 თებერვალს, დიდი ხნის ნანატრ დამოუკიდებლობას ახლად გახსნილი ძეგლის წინ ცეკვით აღნიშნავდნენ, მსოფლიოს ბევრი პოლიტიკური ლიდერი მოვლენებს განსხვავებული განცდით აკვირდებოდა.
ბევრი იმაზე შფოთავდა, რომ ყოფილი პროვინციის დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარება სეპარატისტულ მოძრაობებს შეაგულიანებდა და სულაც არ დარჩებოდა განსაკუთრებულ შემთხვევად, sui generis-ად, რასაც დაჟინებით ამტკიცენდნენ კოსოვოს ევროპელი მხარდამჭერები.
დისკუსია კოსოვოს შესახებ მას შემდეგ განახლდა, რაც 2008 წლის აგვსიტოში რუსული ჯარები სქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ოსეთში შევიდნენ. კონფლიქტი იმით დასრულდა, რომ რუსეთმა ანკლავების დამოუკიდებლობა აღიარა და კოსოვოს მაგალითი გასამართლებლად გამოიყენა.
”ჩვენ მრავალჯერ განვაცხადეთ, რომ შეუძლებელია აუხსნა აფხაზებსა და ოსებს, რომ ის, რაც კოსოვოსთვის კარგია, მათთვის კარგი ვერ იქნება” - წერდა დიმიტრი მედვედევი 2008 წლის 27 აგვისტოს Financial Times-ში.
ამ განცხადებას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში თვითგამორკვევის უფლების დამცველთა ექო მოყვა. ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, მთელ მსოფლიოში 200-მდე სეპარატისტული მოძრაობა არსებობს.
რამდენიმე, ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპაშია. ბრიტანეთში - შოტლანდიისა და უელსის დამოუკიდებლობის მოძრაობები და ჩრდილოეთ ირლანდიის ირლანდიის რესპუბლიკასთან გაერთიანების მხარდამჭერთა მოძრაობაა. ესპანეთში კატალონიისა და ბასკეთის დამოუკიდებლობების მოძრაობები, ხოლო ბევრი გრენლანდიელი დანიისგან დამოუკიდებლობას ესწრაფვის. კიდევ ორი რეგიონი, თურქეთის მიერ წახალისებული ჩრდილო კვიპროსი და დნესტრისპირეთი დე ფაქტო დამოუკიდებელნი არიან და მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების აღიარებას ელიან იმისთვის, რომ კვიპროსსა და მოლდოვეთს გამოეყონ.
კავკასიაში ზემოხსენებული ქართული ანკლავების გარდა გადაუწყვეტელი კონფლიქტი აზერბაიჯანში, ეთნიკური სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბახშიც თვლემს, ხოლო თვითონ რუსეთში ჩეჩნეთისა და დაღესტნის სეპარატისტული მოძრაობები საკმაოდ აქტიურია. ჩინეთში ტიბეტური და უიგურული სეპარატისტული მოძრაობები არსებობს, აფრიკაში მაროკოსა და სუდანს შორის დასავლეთ საჰარას გამო კონფლიქტი გრძელდება, ქურთი ნაციონალისტები რამდენიმე ქვეყანაში თურქეთში, ერაყსა და სირიაში აქტიურობენ.
სულ ორ სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობამ ერთ რამეში დაგვარწმუნა, მოცემული მომენტისათვის საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება კოსოვოს პრეცედენტის გამო არ გამართლდა. სეპარატისტები, რა თქმა უნდა, დაინტერესებულნი არიან კოსოვოს მოვლენებით, შეგულიანებულნიც, მაგრამ არაფერი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამ მათ სახელმწიფოებრიობას რაიმე მნიშვნელოვანი პერსპექტივა გაუჩინა.
თუ კოსოვო დამოუკიდებელია, რატომ არ უნდა იყოს აფხაზეთიც?
ენგურის ხიდთან, საქართველოდან აფხაზეთში მიმავალ ერთადერთ გადასასვლელთან სკულპტურას ნახავთ: რევოლვერი, რომლის ლულაც კვანძად შეუკრავთ. ეს შვედი მხატვრის, კარლ ფრედერიკ როუტერსვარდის ცნობილი სკულპტურის, გადაკვანძული თოფის მცირე ვერსიაა და ის ამ არაღიარებული რესპუბლიკის ყველა მცხოვრების მშვიდობისადმი სწრაფვას გამოხატავს.
მაგრამ რეალური მშვიდობა ამ შფოთიან მხარეს დღესაც გაურბის. დედაქალაქის, სოხუმის დანგრეული ქუჩები, ისეთ შთაბეჭდილებას გიქმნის, რომ ქვეყანამ ომს თავი მხოლოდ გუშინ დააღწია, არადა ომი საქართველოსთან 1993 წელს დასრულდა.
ხიდის ორივე მხარეს თეთრ სამხედრო ჯავშანმანქანებთან რუსი ჯარისკაცები, აფხაზეთის დამოუკიდებლობის არქიტექტორები და მთავარი მხარდამჭერები დგანან და იშვიათ გამვლელებს თვალს ადევნებენ. ისინი საქართველოსთან აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მშვიდობას იცავენ, თუმცა ქართველები მათ გამო შფოთავენ და მათი პატიოსანი შუამავლობისა არ სჯერათ.
აფხაზეთის მოსახლება 220 000-მდეა. მისი დამოუკიდებლობა რუსეთმა აღიარა და ახლა აფხაზებს კოსოვო შესაძლო მოდელად მიაჩნიათ, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი სერბეთის ნაცადი მოკავშირე, საშინლად ეწინააღმდეგებოდა კოსოვოს დამოუკიდებლობას და ამტკიცებდა, რომ ამას მთელს მსოფლიოში დომინოს ეფექტი მოყვება.
აფხაზები თავის სიტუაციას პირდაპირ კოსოვოს არ ადარებენ, მაგრამ ხშირად იყენებენ ტერმინს ”ორმაგი სტანდარტი” იმის ნიშნად, რომ მათაც კოსოვარებივით უნდა მოეპყრონ. ამ განცხადებით იმას უსვამენ ხაზს, რომ დასავლეთის მიერ განსაკუთრებულ შემთხვევად აღიარებული კოსოვო, ყველგან ასეთად არ აღიქმება.
საბჭოთა კავშირის დაშლამ, რომლის შემადგენლობაშიც ორივე, აფახზეთიც და სამხრეთ ოსეთიც საქართველოს საზღვრებში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს ატარებდნენ, შეიარაღებული კონფლიქტები გამოიწვია, რაც საქართველოს დამარცხებით დასრულდა. დროებითმა სამშვიდობო შეთანხმებამ, რომელიც რუსეთის შუამავლობით დაიდო, შედეგად ის გამოიღო, რომ რუსული ჯარი ადმინისტრაციულ საზღვარზე დადგა და აქაურებს, საერთაშორისო აღიარების გარეშე, მაგრამ de facto დამოუკიდებლობა მიანიჭა.
კოსოვოც ასევე სერბეთის ავტონომიად ითვლებოდა მანამდე, სანამ სერბეთის ლიდერმა, სლობოდან მილოშევიჩმა, მას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი არ გაუუქმა და 1990-იანი წლების დასაწყისში სერბეთს არ მიუერთა.
ხელისუფლების მიერ ეთნიკური ალბანელების უფლებების ხელყოფამ, ადგილობრივ პარტიზანებთან, კოსოვოს გათავისუფლების არმიასთან, შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვია, რომელიც იმით დასრულდა, რომ 1999-ში ნატოს შეიარაღებულმა ძალებმა სერბული პოლიცია და არმია აქედან გააძევეს.
კოსოვო გაეროს მიერ მართულ ტერიტორიად იქცა. დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რეგიონის სერბეთის ფარგლებში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იქნება და კოსოვოს დამოუკიდებლობისა და მის მიერ ცალმხრივად სერბეთისგან გამოყოფის აღიარება დააჩქარეს.
როგორ შეიძლება შევადაროთ ქართველთა მცდელობა საკუთარ ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნებისა კოსოვოს მოვლენებს. ”კოსოვოს დამოუკიდებლობის აღაირებამ შეგვაშფოთა, მაგრამ ეს კონფლიქტები განსხვავებულია და მათ უკან განსხვავებული მოტივიციები დგას” - ამბობს ალექსანდრე რონდელი, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის წარმომადგენელი - ”კოსოვოში სერბებმა ალბანელების წინააღმდეგ ექსტრემისტული ზომები გაატარეს, ხოლო აფხაზეთში ქართველები გახდნენ ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი”. ის იმ რამდენიმე ასეულობით ათას ქართველს გულისხმობს, რომლებიც 1990 წელს აფხაზეთიდან გამოძევებულ ლტოლვილებად იქცნენ.
თემურ იაკობაშვილი, საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი იმავეს ამბობს. ”მე ვერ ვხედავ მსგავსებას კოსოვოსა და აფხაზეთს შორის, ეს განსხვავებული კონფლიქტებია” - ამბობს ის - ”კოსოვოელები ეთნიკური წმენდის ობიექტი გახდნენ, აქ კი, პირიქით, ეს ქართველებს მოუვიდათ, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია”.
22 წლის, დიანა ჩაჩუა ქართველი ლტოლვილი აფხაზეთიდან, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას ტკივილით იხსენებს - ”ვიცოდი, რომ ეს უნდა მომხდარიყო, მაგრამ მაინც შოკში ვიყავი” - იხსენებს დიანა. დღეს ქართველები აფხაზეთში იშვიათად ჩადიან, ამატებს ის - ”მხოლოდ აფხაზები გადმოდიან ხიდზე”.
კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რუსეთმა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან კავშირები განამტკიცა, სასაზღვრო კონტროლი გააუქმა და ბევრ ადგილობრივ მხცოვრებს რუსული პასპორტი დაურიგა. ვალუტა, რომელსაც აქ იყენებენ, რუბლია.
აფხაზეთის პრეზიდენტის, სერგეი ბაღაბშის მრჩეველი საგარეო ურთიერთობებში, ვიაჩესლავ ჩირიკბია ამბობს, რომ აფხაზეთმა ზუსტად ისევე მიიღო დამოუკიდებლობა, როგორც კოსოვომ. საბჭოთა კავშირის ისტორიის გარიჟრაჟზე ის დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკა იყო, შენიშნა მან, და ახლა ყველა იმ კრიტერიუმს პასუხობს, რომელთა თანახმადაც დამოუკიდებლობა ეკუთვნის - ”არსებობს ყველა მთავარი ფაქტორი - პოლიტიკური და სახელმწიფო სტრუქტურები, ეკონომიკური მდგრადობა, მაშ რაშია პრობლემა?” - კითხულობს ჩირიკბია - ”აფხაზეთი არასდროს ყოფილა საქართველოს ნაწილი” - უერთდება მას მაქსიმ ღვინჯიშია, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ”ჩვენი დამოუკიდებლობა იგივეა, რაც კოსოვოსი, ეს თვითგადარჩენის საკითხია. ჩვენი ერის გადარჩენის გარანტია მხოლოდ დამოუკიდებლობაშია”.
სანამ აფხაზები და ქართველები სერბეთსა და კოსოვოს შორის პარალელს ავლებენ, რამდენიმე ექსპერტი იმაზე მიუთითებს, რომ კოსოვოს კავკასიის კონფლიქტში არავითარი როლი არ უთამაშია და არც სამხრეთ ოსეთის ომის მიზეზად ქცეულა.
ხუთდღიანი ომი სამხრეთ ოსეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველომ 2008 წლის აგვისტოში რეგიონზე კონტროლის აღდგენა სცადა. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამ ნაბიჯმა რუსეთის გააფთრებული შეიარაღებული საპასუხო დარტყმა გამოიწვია, რომელმაც საქართველოში ჯარი გენოციდის თავიდან აცილების საბაბით გააგზავნა.
ტიმ ჯუდა, ბალკანეთისა და კავკასიის სპეციალისტი ამბობს, რომ კოსოვოს პრცედენტის არსებობა-არარსებობის მიუხედავად, კონფლიქტი გარდაუვალი იყო.
”კოსოვო რომ არც ყოფილიყო, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტს თავიდან ვერ ავიცილებდით” - ამბობს - ჯუდა - ”რუსეთი ძლიან იყო დაინტერესებული კოსოვოთი, როგორც არგუმენტით. მაგრამ რუსეთს რეალურად არც სამხრეთ ოსეთი აინტერესებს და არც აფხაზეთი, მას საქართველოს ნატოში გაწევრიანების აღკვეთა უნდა”.
ჯორჯ ჰივიტი, ლონდონის აფრიკული და აღმოსავლური ინსტიტუტის კავკასიური ენების პროფესორი ამ აზრს ეთანხმება ”კავკასიაში მოვლენათა გააქტიურებას კოსოვოში მომხდარით მე ვერ ვხსნი” - ამბობს ის - ” სამხრეთ ოსეთის მოვლენები უფრო ბუქარესტში ნატოს არაშორსმჭვრეტელურ ნაბიჯს უკავშირდება” - ამბობს ის და ნატოს 2008 წლის სამიტზე მიანიშნებს, სადაც საქართველოს გაწევრიანებაზე უარი უთხრეს.
მაგალითი ბასკეთისთვის?
სანამ აფხაზები და სომხები მთიან ყარაბახში იმ დილემას განიხილავენ, თუ როგორ გაიხარონ de facto, მაგრამ არა de jure დამოუკიდებლობით, ბასკეთს სხვა პრობლემები აქვს გადასაწყვეტი: როგორ მოახერხოს მშვიდობიანი გზით თავისი რეგიონული ავტონომიის სრულფასოვან სახელმწიფოებრიობად ტრანსფორმირება ისე, რომ განვითარებული დასავლური დემოკრატიის ფარგლებში დარჩეს.
მიუხედავად ბასკეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის, ETA-ს ტერორისტების მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტებისა, ბოლო 40 წელია ბასკეთის მოსახლეობის უმეტესობა მშვიდობიან მოლაპარაკებებს დამოუკიდებლობისკენ მიმავალ ერთადერთ გზად მიიჩნევს.
ისინი კოსოვოს დამოუკიდებლობას მიესალმნენ. ირაძე ურიზარი, რომელიც ბილბაოში მუშაობს და ესპანურ ციხეებში დატყვევებულ ბასკებს ეხმარება, ამბობს, რომ ბასკი ნაციონალისტები კოსოვოს მოვლენებს თვითგამორკვევის პრინციპის დადასტურებად მიიჩნევენ. ”აქ კოსოვოს გამო ბედნიერები იყვნენ” - ამბობს ის ”- ”ჩვენ მათთან თვითგამორკვევის უფლება გვაკავშირებს”.
ისტორიულად ბასკეთის სახელმწიფო 7 პროვინციისგან შედგებოდა, ოთხი მათგანი ესპანეთის საზღვრებშია, ხოლო სამი - საფრანგეთის. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალისტური მოძრაობა შვიდივეს მოედო, ის უფრო ძლიერი ესპანეთის სამ პროვინციაშია - ალავაში, ბისკეაიში და გიპუსკოაშია, რომლებიც ბასკეთის ავტონომიის ფარგლებში შედიან.
ბასკეთის ავტონომიის მთავრობა რეფერენდუმის ჩატარების წინადადებით გამოვიდა. ეს რეფერუნდუმი 2010 წლისთვისაა დაგეგმილი და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად გზა უნდა გაკვალოს. მაგრამ ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება მადრიდში ამ გეგმის წინააღმდეგია. ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ სექტემბრის შუა რიცხვებში რეფერენდუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. კონფლიქტი ბასკებსა და მადრიდს შორის კოსოვოს მოვლენებს დაემთხვა: ბასკეთის მთავრობამ კოსოვოს დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა, ხოლო მადრიდმა - არა. ბასკეთის პრეზიდენტის, ხუან ხოსე იბარეჩეს თქმით, კოსოვოს მოვლენებმა ერების თვითგამორკვევის უფლება დაადასტურა და ახლა ამას ვეღარავინ უარყოფს. ”21-ე საუკუნე ერებისა და იდენტობის საუკუნე იქნება; ეს ხალხის ნების პატივისცემის საუკუნეა” - განაცხადა მან თებერვალში, კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ.
ბასკეთის მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბასკების 78%-ს რეფერენდუმის ჩატარება და პროცესების განგრძობა სურს. მათ სწამთ, რომ თვითგამორკვევის პროცესი დაიწყო და გზა უკან აღარ არსებობს.
”გლობალიზაციის ეპოქაში პატარა ერები თავისი სუვერენობის გადასარჩენად დამოუკიდებელნი უნდა გახდნენ” -აცხადებს Urko Aiartza Azurtza ბატასუნას, აკრძალული პარტიის ადვოკატი და ნაციონალისტი ჰარდლაინერი - ”ეს პროცესი დაიწყო და მას ვეღარაფერი შეაჩერებს”.
თავის მხრივ, ესპანეთის მთავრობა, ევროკავშირის ხუთ დარჩენილ ”უარმყოფელთან” სლოვაკეთთან, რუმინეთთან, კვიპროსთან და საბერძნეთთან ერთად, თანმიმდევრულად უარყოფს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ესპანეთის მთავრობა იმასაც უარყოფს, რომ ბასკეთის მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს დამოუკიდებლობას და აცხადებს, რომ მხოლოდ 30%-ია დამოუკიდებლობის მომხრე.
ეიტორ ესტებანი, ესპანეთის პარლამენტში ბასკეთის ნაციონალისტური პარტიის თავმჯდომარის მოადგილე მადრიდის პოზიციით გაკვირვებული არ არის - ”კოსოვო, რომ გამონაკლისი ან განსაკუთრებული შემთხვევა იყოს და პრობლემის რეპრეზენტაციას არ ახდენდეს, ასეთი კოლიზია არ შეიქმნებოდა” - ამბობს ის - ”მაგრამ რეალურად ისინი (ესპანეთის მთავრობა) ფიქრობენ, რომ ეს არ იქნება ბოლო ასეთი შემთხვევა და ნაციონალისტურ იდეასთან დაკავშირებული ბევრი სხვა ”ცხელი” პრობლემა დასავლეთ ევროპაში თავს იჩენს”.
დავუბრუნდეთ კოსოვოს, რომლის დამოუკიდებლობა 52 სახელმწიფომ აღიარა. რიგითმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ მათ ბრძოლას სხვა პატარა ერები, ისინი, ვინც თავს ოკუპირებულად, რეპრესირებულად და დამონებულად გრძნობდნენ, იმედით შეხვდნენ. ” მე თლიანად თანავუგრძნობ იმ ერებს, რომლებიც დამოუკიდებლობას ელტვიან, ვისაც მართლა სდევნიან და ვინც დამოუკიდებლობას ეძებს” - ამბობს ადვოკატი აგონ ჰამზა.
მაგრამ იმ დროს, როდესაც უბრალო ადამიანები სხვა განმანთავისუფლებელ მოძრაობებს თანაუგრძნობენ, კოსოვოს ლიდერებს სულაც არ სურთ, რომ მათი ქვეყანა სხვა განმანთავისუფლებელი მოძრაობებისთვის მაგალითად იქცეს. ”ჩვენ ყოველთვის ვუსვამდით ხაზს იმას, რომ კოსოვოს განსაკუთრებული განმასხვავებელი ნიშნები აქვს” - ამბობს კოსოვოს პრეზიდენტი ფატრიმ სეიდიუმი - ” ეს sui generis-ია და სხვა კონფლიქტურ ზონებში, რაიონებსა და რეგიონებში”. კოსოვოს ექსპერტებს უფრო ნიუანსური მიდგომა აქვთ და ამ ბობენ, რომ სტანდარტები ძნელი დასადგენია, რომელ ერს ეკუთვნისნგამოყოფა და დამოუკიდებლობა და რომელს - არა.
ერთმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, კოსოვოს პოლიტიკური კვლევისა და განვითარების ინსტიტუტმა რამდენიმე კრიტერიუმი ჩამოთვალა: სახელმწიფოს დაშლამდე, წინა სისტემის მიერ, დადგენილი საზღვრები, ეთნიკური უმცირესობის არსებობა, ამ უმცირესობათა ეთნიკური წმენდების, ან ამ უმცირესობათა უფლებათა დარღვევის სერიოზული პრეცედენტები და საერთაშორისო საზოგადოების მიერ არსებული დემოკრატიულ სტრუქტურების აღიარება.
თუ ამ კრიტერიუმებს დავეყრდნობით, მეზობლად, მაკედონიაში ალბანელებს საკუთარი სახელმწიფოებრიობის მოპოვების შანსი ნაკლებად აქვთ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ 90-იანების დასაწყისიდან აქ ძლიერი სეპარატისტული მოძრაობა მოქმედებს, ხოლო 2001წელს უსაფრთხოების ჯარებსა და ლაბანელ პარტიზანებს შორის შეიარაღებული კონფლიქტიც მოხდა. პარტიზანები აცხადებდნენ, რომ ისინი უმცირესობის 25%-ს წარმოადგენდნენ.
მას შემდეგ მაკედონიამ ბრძოლაზე უარი თქვა და უმცირესობის პრობლემებისადმი მიდგომის გამო შექებაცდაიმსახურა. ოჰრიდში 2001 წელს დადებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, ბრძოლა დასრულდა, უმცირესობათა მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო სეპარატისტული მოძრაობის ინტენსივობა ჩაცხრა.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მაკედონია კოსოვოს დამოუკიდებლობას პირდაპირ საფრთხედ აღარ აღიქვამს, სკოპიემ პრისტინას მთავრობა აღიარა. მაკედონიაში ჯერ კიდევ შიშობენ, რომ ეთნიკური განხეთქილება კოსოვოში (თუ სერბებით დასახლებული ჩრდილოეთი გამოეყოფა) მაკედონიის დასავლეთში ალბანელთა მიბაძვის საგანი შეიძლება გახდეს.
”უახლოეს დროში კოსოვოდან მაკედონიაში არასტაბილურობის გადმოდინების საფრთხე არ არსებობს” - ამბობს პოლტიკისა და თავდაცვის პროფესორი სკოპიედან - ”მაგრამ რეგიონულმა ფრაგმენტაციამ, ისეთი, როგორიცაა კოსოვოში, ან სპრსკას რესპუბლიკის გამოყოფამ ბოსნიიდან შესაძლოა ტექტონური ქანები ადგილიდან დაძრას. ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული რუსეთისა და შეერთებული შტატების ინტერესებზე რეგიონში”.
ამიტომაა, რომ მაკედონიის ხელისუფლება კოსოვოსა და ბოსნიაში საზღვრების შეცვლას არავის ურჩევს, რადგან შიშობს, რომ ეს მაკედონიაზე გავლენას იქონიებს. ყველაფრის მიუხედავად, კოსოვო ყოველთვის შეიძლება გამოიყენო, როგორც ალიბი.
”დასავლეთმა კოსოვოში ეთიკური საგარეო პოლიტიკის დემონსტრირება მოახდინა, დღეს იგივე რუსეთმა კავკასიაში მოიმოქმედა” - შენიშნა ვანკოვსკამ - ”ამას სახიფათო მივყავართ სამყაროსკენ, სადაც ყველაფერი ასე შეიძლება გადაწყდეს: ”თუ აქ ამის გაკეთება შეიძლება, რატომ არ შეიძლება იგივე ნებისმიერ ადგილას განმეორდეს? ”.
პროფესორი ჰივიტი ამბობს, რომ ასეთი საქმეები არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის პოზიციებიდან: დამოუკიდებლობის საკითხებში მორალური ასპექტებიცა უნდა ჩავრთოთ”.
”თუ ქვეყანამ თავისი ქმედებების გამო ამა თუ იმ რეგიონზე კონტროლის მორალური უფლება დაკარგა, არა აქვს მნიშვნელობა დასახლებულია, თუ არა ეს რეგიონი ეთნიკური უმცირესობით, მაშინ ამ რეგიონს ან ეთნიკურ უმცირესობას უფლება აქვს თვითგამორკვევის უფლება მოითხოვოს”. - ამბობს ის - ”აქ კანონები შეიძლება დაირღვეს”.
No comments:
Post a Comment