Sunday, May 18, 2008

საქართველო არმიის მოწესრიგებას აგვიანებს

new_york_times

სი-ჯეი ჩივერსი და ტომ შეინკერი
18 დეკემბერი 2008

ვაშინგტონი - ამ შემოდგომაზე პენტაგონის მიერ ჩატარებული კონფიდენციალური შეფასების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალები, რომლებმაც გასულ აგვისტოს რუსეთთან ხანმოკლე ომში მარცხი განიცადეს, ცუდად იმართება, ყავს არაკვალიფიციური ხელმძღვანელობა და საჭიროებს ინტენსიურ რეფორმებს იმისთვის, რომ თანამედროვე საბრძოლო ძალად ჩამოყალიბდეს.

ეს შეფასება, რომელიც ამერიკელი ოფიცრების ჯგუფმა საქართველოს დედაქალაქში, ოქტომბერსა და ნოემებერში ჩაატარა, მიუკერძოებლად აღწერს პოლიტიზირებულ სამხედრო კულტურას, სტანდარტებთან შეუსაბამო პრაქტიკებს იმ ქვეყანაში, რომელსაც ნატოში გაწევრიანებითვის ლობირებას უწევენ და რომელიც ამავე დროს რუსეთთან ორ სისხლისმღვრელ ტერიტორიულ დაპირისპირებაშია ჩათრეული.

შეფასება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა რთული არჩევანის პირისპირ აღმოჩნდება. მისმა საგარეო საქმეთა სამსახურმა უნდა აწონ-დაწონოს, თუ როგორ ითანამშრომლოს საქართველოსთან მაშინ, როდესაც საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი აღებული ვალდებულებების შესრულება, რუსეთის შემდგომი გაღიზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ანგარიში, რომლის ნაწილიც ”ნიუ-იორკ თაიმსს” ქართული ჯარის მოუმზადებლობით შეშფოთებულმა ადამიანმა მიაწოდა, სრულიად ცხადად ადასტურებს, რომ ამერიკელების მიერ ათწლეულის წინ დაწყებული წვრთნების და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადებული უდიდესი ინვესტიციების მიუხედავად ქართული ჯარი მაინც უმწიფარი და მოუმზადებელია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ქართული ჯარი უკიდურესადაა ცენტრალიზებული, გადაწყვეტილებები მიიღება უფრო იმპულსურად, ვიდრე გათვლის საფუძველზე, დარღვეულია ბრძანებათა გაცემის ჯაჭვი, ხოლო მაღალი რანგის თანამდებობებზე პერსონალი პროფესიული ნიშნის ნაცვლად, პირადი ურთიერთობების საფუძველზე ინიშნება.

უფრო მეტიც, ანგარიშის თანახმად, ქართულ ჯარი თანამედროვე სამხედრო ბიუროკრატიის საბაზისო ელემენტების დეფიციტს განიცდის, უსაფრთხოების ეროვნული დოქტრინიდან დაწყებული და საიდუმლო მონაცემების მართვისა და პერსონალის მენეჯმენტის სისტემაში წყობრი პოლიტიკის არარსებობით დამთავრებული.

ამ ბოლო წლებში საქართველო ნატოსთან, ამერიკის თაოსნობით უცხოეთში წამოწყებულ სამხედრო მისიებთან მიმართებაში საკუთარ თავს შესაძლოა, არც თუ ისე კვალიფიცირებულ, მაგრამ მონდომებულ პარტნიორად წარმოადგენდა. მისი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ კოსოვოს, ავღანეთისა და ერაყის მისიებში, სადაც ქართული კონტინგენტი სხვა ნაციონალურ არმიებს შორის სიდიდით მესამე იყო.

მიმდინარე თვეს, ბრიუსელში ნატოს 26 წევრმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საბოლოოდ საქართველოსა და მის შეიარაღებულ ძალებს, დაახლოებით 30 000-იან კონტინგენტს ნატოში მიიღებენ, მაგრამ დეტალიზებული პროგრამა, რომელიც გაწევრიანების სამოქმედო გეგმის სახელითაა ცნობილი, საქართველოსთვის არ შეუთავაზებიათ - ნიშანი, რომელიც სწრაფი გაწევრიანების გზაზე რეგრესად უნდა განვიხილოთ.

გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი შენელდა, მეტწილად პოლიტიკურია. რამდენიმე ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ საქართველოს მხარდაჭერა გაართულებს მათ ურთიერთობებს რუსეთთან, რომელიც სააკაშვილის მთავრობას არასტაბილურად მიიჩნევს და აპროტესტებს ნატოს შემდგომ ექსპანსიას ყოფილ საბჭოთა სივრცეში.

ბევრი დასავლური ქვეყანა და სამხედრო პირი ასევე უერთდება შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო. საქართველოსა და რუსეთის ორმხრივი მრავალწლიანი პროვოკაციების შემდეგ, აგვისტოში საქართველომ სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ შეტევა წამოიწყო. შეტევა რუსეთის ფართომასშტაბიანმა ინვაზიამ შეაჩერა, რასაც ქართული ჯარის თავისავე ტერიტორიაზე დამარცხება მოყვა.

საქართველოსა და ამერიკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ომის შემდგომი შეფასება, რომელიც შეერთებული შტატების ევროპის სარდლობამ ჩაატარა ნატოს გადაწყვეტილებისთვის ფაქტორს არ წარმოადგენს.

”ჩვენ ეს ანალიზი და შეფასება არ ჩაგვიტარებია იმისთვის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მზადყოფნა განვსაზღვროთ”-განაცხდა გენერალმა ჯონ კრედოკმა, ევროპული სარდლობის ამერიკელმა ხელმძღვანელმა - ” აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ ქართული ჯარის მდგომარეობა უნდა გვცოდნოდა”.

მაგრამ შეფასების მიხედვით, ცხადი გახდა, რომ პოლიტიკური წინააღმდეგობების დასაძლევად და ნატოში გასაწევრიანებლად, საქართველომ შეიარაღებული ძალების განმტკიცებისთვის პრატქიკული ნაბიჯები უნდა გადადგას.

ანგარიში იმის უტყუარი დასტურიცაა, რომ საქართველოს სამხედრო მზადყოფნა სულაც არ არის ისეთი, როგორადაც მას ქართველები წარმოაჩენდნენ.

საქართველომ თავისი შეიარაღებული ძალების აღორძინება 2004 წელს, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უდიდეს მიღწევად, ქვეყნის წინსვლის ინდიკატორად დაასახელა.

სააკაშვილს მემკვიდრეობით წითელი არმიის ნარჩენები დახვდა: პატარა, სუსტი, ცუდად გაწვრთნილი და ცუდად შეიარაღებული ჯარი. 1990-იანი წლების დასაწყისში ქართულმა არმიამ პრორუსულ სეპარატისტულ ანკლავებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ორი ომი წააგო. მისი შეიარაღებული ძალების ზოგიერთ დანაყოფს სამხედრო დანაშაულებებში დასდეს ბრალი (აფხაზური და ოსური ჯარებიც ასევე იყვნენ დადანაშაულებულნი ძალის საშინელ გადამეტებაში).

სააკაშვილმა შეისყიდა ახალი შეიარაღება, სატრანსპორტო საშუალებები, გაზარდა ხელფასები, ააშენა ახალი ბაზები, ქვეყნის თანამშრომლობა პენტაგონთან უფრო ინტენსიური გახადა, ჯარს დასავლური სტანდარტების მიღწევისკენ მოუწოდა იმისთვის, რომ მოხალისეების მიეზიდა.

იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქართული ჯარი გარდაიქმნა. ამერიკელი ოფიცრები მაღალ შეფასებას აძლევდნენ რამდენიმე თავის ქართველ კოლეგას ერაყში, ხოლო ედუარდ კოკოითი, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ ქართული არმია აგვისტოს შეტევის საწყის ეტაპზე ბევრად უკეთ მომზადებული და ბრძოლისუნარიანი იყო, ვიდრე წარსულში.

მაგრამ ომის დაწყების მეორე დღესვე, რუსული ჯარების სამხრეთ ოსეთში შემოსვლის შემდეგ, ქართულმა ჯარმა მალე დაიხია უკან. ბევრი მეთაური იძულებული გახდა კავშირი მობილური ტელეფონით დაემყარებინა. ჯარმა კასეტური ბომბები საკუთარ სოფლებს დაუშინა. ბევრი შენაერთი გაიქცა და აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა და საკუთარი დაღუპულებიც კი უპატარონოდ მიატოვა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბევრი პრობლემა გაოცებას არც უნდა იწვევდეს, რადგან საქართველოს ჯარი ”დოქტრინის, ინსტიტუციური წვრთნების და გამოცდილების დეფიციტს განიცდის, რაც ინსტანციათა ჯაჭვის მეშვეობით ბრძანებათა გაცემისა და ეფექტური კონტროლისთვის აუცილებელია”.

ანგარიშის კიდევ ერთ პარაგრაფში ნათქვამია: ”ერთობლივ დაგეგმვასა და ინფორმაციის გაზიარებას ადგილი არა აქვს, რის შედეგადაც კოორდინირებული ძალისხმევა პრაქტიკულად არ ხორციელდება”.

ამერიკელი ოფიცერი, რომელიც ქართულ ჯართან თანამშრომლობს და ანგარიშშსაც გაეცნო, ამბობს, რომ ამერიკელთა გუნდმა კიდევ ერთი რამ აღმოაჩინა - საქართველო ცუდად იყენებს სამხედრო დაზვერვას, არ აგროვებს და ავრცელებს სადაზვერვო მასალას ორგანიზებულად. ოფიცრის აზრით, სწორედ ამან განსაზღვრა აგვისტოს მარცხი.

”ომში ჩართვის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ბრძანებების გაცემისა და კონტროლის სისტემა არეული აქვთ”-ამბობს ოფიცერი: ”ისინი არ ფლობენ სტრატეგიული ინფორმაციის გადამუშავებისა და ანალიზის უნარს, ვერ აწვდიან რეგულარულად გადაწყვეტილებათა მიმღებ პირებს საჭირო ინფორმაციას”. ოფიცერი ანონიმურობის დაცვის პირობით გველაპარაკა, რადგან მას ანგარიშზე საჯაროდ მსჯელობის უფლებამოსილება არ გააჩნია.

ანგარიშში სკეპტიკურად არიან შეფასებულნი საქართველოს სამხედრო ლიდერებიც. თავდაცვის უწყებაში მაღალი თანამდებობის შერჩევის პროცესი: ”ეფუძნება პირად ურთიერთობებს და არ უკავშირდება განათლებას, წვრთას, თუ სხვა სახის სისტემურ შეფასებებს”.

მას შემდეგ, რაც ანგარიშის შედები საქართველოს გაუზიარეს, სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა გამოცვალა, მაგრამ ის, თუ არჩევანის გაკეთებისას რამდენად იქნა გათვალისწინებული სამხედრო გამოცდილების პრიმატი, გაურკვეველი დარჩა.

ამ თვის დასაწყისში სააკაშვილმა თავისი მეგობარი, 30 წლის დავით კეზერაშვილი, რომელიც ომის მსვლელობისას თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, პოსტიდან გადააყენა და ის ვასილ კობახიძით შეცვალა. ახალი მინისტრი განათლებით ფსიქიატრი და მისი კიდევ ერთი მეგობარია . ის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად მსახურობდა.

ამერიკელი და ქართვლი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შეფასება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. შეერთებული შტატების სამხედრო პირები, ნატოს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ქართული ჯარის მზადყოფნის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციების გამომუშავებას გეგმავენ.

ჯერ არ არის ცნობილი, როდის მიაწვდიან ამ რეკომენდაციებს. საქართველოს შეფასების შედეგების შესახებ ლაპარაკი არ სურს.

ოქტომბერში ბათუ ქუთელიამ, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, უარი თქვა შეფასებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე. ამ თვეში, მას შემდეგ, რაც ”ნიუ-იორკ თაიმსი” გაეცნო ანგარიშის ფრაგმენტებს, მან ანგარიშთან დაკავშირებით ილაპარაკა, მაგრამ მთავარ დასკვნებზე არ შეჩერებულა და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

ქუთელია ამტკიცებს, რომ ნატოს წარსული ორი-სამი წლის შეფასებები ქართული ჯარის შესახებ, მათ შორის ამ შემოდგომაზე ჩატარებული ანალიზიც ”პოზიტიურია და ხაზს უსვამს ღირშესანიშნავ მიღწევებს”. მისი განცხადებების გადამოწმება შეუძლებელია, რადგან ნატოს შეფასებები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

ელექტრონულ წერილში ბათუ ქუთელიამ აღნიშნა, რომ შეფასება რომელიც პენტაგონმა საქართველოს დაკვეთით ჩაატარა, ომის შემდგომი ”ძალიან საპასუხისმგებლო” მიმოხილვის ნაწილი იყო.

”ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რაც ჩვეულებრივია ომის შემდგომი მდგომარეოისთვის, დაგვხმარებოდა ჩვენი თავდაცვის სისტემის ხარვეზების იდენტიფიცირებაში და ამ მიზნით სრული დიაგნოსტირება ჩაეტარებინა”.

მაღალი თანამდებობის პირმა ვაშინგტონიდან განგვიცხადა, რომ შეფასებისას აღმოჩენილია ძალიან სერიოზული ნაკლოვანებები და საქართველომ თავის მხარდამჭერებთან ერთად შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

”ჩვენ პატიოსნად ვიმუშავეთ”-გვითხრა ოფიციალურმა პირმა: ”და მერე მათ ვუთხარით, უნდა იცოდეთ, რომ პროფესიული შეიარაღებული ძალების ჩამოსაყალიბებლად, ცვლილებების ჩატარება დაგჭირდებათ.”

ორიგინალი

No comments: