ნიკ ვიტნი
13 დეკემბერი 2008
ნატო კვდება, ამ პირობას ნებისმიერ ცოცხალ არსებას დაბადებისთანავე უყენებენ. და რადგან მომავალ გაზაფხულს ნატოს 60 წელი უსრულდება, ნეკროლოგის თაობაზე შეგვიძლია ძალიანაც არ ვიჩქაროთ. 60 წლისას ჯერ კიდევ შეუძლია ათი, ოცი და იქნებ ოცდაათი წელი აქტიური, სისხლსავსე ცხოვრების იმედი ჰქონდეს. მაგრამ საიუბილეო განწყობილების მიუხედავად, საღი რეფლექსიის დრო მოვიდა - ხომ ყველამ ვიცით, რომ ”მოხუცებულს ჩვენთან სამუდამოდ ვერ დავიტოვებთ”.
ინსტიტუტები, ცოცხალი არსებებივით საოცრად სწრაფად განილევიან, თუ ერთხელაც ცხადი გახდება, რომ სასარგებლოს ვეღარაფერს აკეთებენ. საბჭოთა კავშირის დრამატული დაშლა მუდმივად გვახსენებს იმას, თუ რა შეიძლება მოუვიდეს ორგანიზაციას, როდესაც ეჭვი შეუჩნდება - ემსახურება კი მისი არსებობა რაიმე რეალურს, გარდა მისი ”აპარატჩიკების” ინტერესებისა და როგორი თავბრუდამხვევი სისწრაფით იზრდება ეს ეჭვი, როდესაც ინსტიტუტი საკუთარი თავის ტრანსფორმირებას ცდილობს იმად, რასაც სინამდვილეში არ წარმოადგენს.
ნატომ უკვე დაადასტურა, რომ განსაკუთრებულად სიცოცხლისუნარიანია. წესით, ის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უნდა გამქრალიყო, ვარშავის პაქტი აორთქლდა და მისი სამუშოც დასრულდა. ცალი ხელით ტაშს ვერ დაუკრავ. მაგრამ მერე, 1990-იანებში ბალკანეთში კრიზისი დაიწყო, ყველამ გააცნობიერა, რომ სერბი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის მიერ დაწყებულ ეთნიკურ წმენდებს კოსოვოში მხოლოდ აშშ-ს სამხედრო ძალა თუ მოერეოდა. მერე 9 სექტემბერი დადგა, და არჩევანიც გამარტივდა - ნატო ბიზნესსშიც დარჩა და ავღანეთშიც.
მდგრადობის განმეორებადმა დემონსტრაციებმა თვალი არ უნდა დაგვახუჭინოს იმ უხერხულ ფაქტზე, რომ ტრანს ატლანტიკური უსაფრთხოების ჯანსაღ საფუძველს ნატო ვეღარ ქმნის. სანამ ნატოს არსებობის მიზანი, raison d’être მხოლოდ ისაა, რომ რუსები შიგნით არ შემოუშვას და ამერიკელები თავისთან დაიტოვოს, ნატოს შინაგანი დინამიკა, რომელიც აშშ-ს ლიდერობითა და ევროპის დაქვემდაბარებული როლით ყალიბდება, გარდაუვალი და ადეკვატურია. ამ გაუწონასწორებელ ურთიერთობებს ორივე მხარისთვის თავისი უპირატესობები აქვს. ამერიკამ შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მისი (ძველი) ევროპელი მოკავშირეები ნაკლებად მორჩილნი არიან ვიდრე ადრე, მაგრამ იმის იმედი მაინც უნდა ჰქონდეს, რომ არ არსებობს ნატოს გარდაქმნისა და მისი ფუნქციების სერიოზული ალტერნატივა. ევროპელებს კი შეუძლიათ კიდევ აარიდონ თავი საკუთარ უსაფრთხოებაზე რეალური პასუხისმგებლობის აღებას და სერიოზული სტრატეგიული გააზრების ნაცვლად სუბსტიტუტს, დაზუთხულ კატეხიზმოს დასჯერდნენ - ”ნატო უსაფრთხოების ქვაკუთხედია”.
მაგრამ თითოეული მათგანი მეორის საქციელით ამ ბოლო დროს უფრო ადვილად ღიზიანდება.
ამერიკელებს ევროპელთა ქცევა მოთმინებას აკარგვინებს: ისინი ისე არხეინად ეკიდებიან მათ რჩევებს, არაფრით უნდათ საკუთარი უსაფრთხოების გამო ხარჯის გაღება და რისკზე წასვლა. ამერიკას კოსოვამაც ბევრ რამეზე აუხილა თვალი და დაანახა, რომ ნატო სულაც არ არის ის ადგილი, საიდანაც ოპერაციები უნდა მართო. ავღანეთმა კიდევ ერთ რამეს გაუსვა ხაზი - არსებული მექანიზმები, რომლებიც მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების აკუმულირებას მოახერხებდა, სუსტია. რაც შეეხება ევროპელებს - ამერიკის ზეწოლამ, მის მიერ გლობალურ ტერორიზმთან წამოწყებულ სახიფათო ომში მონაწილეობის მიღების მოთხოვნამ თავი ძალიან მოაბეზრა. არც ის მოსწონთ, რომ ისეთ პოლიტიკაში ჩაითრიეს, რომელიც თავის რთულ მეზობლებთან, რუსეთთან და ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობებს უძაბავს.
ორივე ერთად კი იმითაა იმედგაცრუებული, რომ დროით გამოცდილი ალიანსის სოლიდარობის ლიტურგიამ ურყევ კავშირებსა და საერთო ღირებულებებზე მხოლოდ მიჩქმალა ის, თუ რამდენად განსხვავებული ხალხია ევროპელები და ამერიკელები და რამდენად განსხვავებულ გეოსტრატეგიულ პოზიციებში აღმოჩნდნენ დღეს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთნი მარსიდან არიან, ხოლო მეორენი - ვენერიდან და რომ ამერიკა ახლა ევროატლანტიკურ სივრცის გარდა ყველგან იყურება. შესაძლოა, რომ ყველაზე მთავარი განსხვავება ერთ რამეში მდგომარეობს ამერიკამ იცის, რომ თუ საქმე ძალიან ცუდად წავა, მას შეუძლია უბრალოდ ხიდი ასწიოს და დანარჩენ სამყაროს მოწყდეს.
9 სექტემბრის შემდეგ იმაში დასარწმუნებლად, რომ აშშ შემდგომში დაცული იქნება ტერორისტული აქტებისგან ექსტრაორდინარული რესურსები დაიხარჯა, უამრავი მილიარდი ჩაიდო მეორე მთავარი საფრთხის, სარაკეტო შეტევის მოსაგერიებლად, რომლის წინაშეც ამერიკა თავს დაუცველად გრძნობდა. ამერიკელები თავის შესაძლებლობებში უკიდურესად არიან დარწმუნებულნი და სჯერათ, რომ ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტას შეძლებენ, რომელზეც კონცენტრირებას მოახდენენ, მაგალითად, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას აუცილებლად მიაღწევენ, როცა ეს საჭირო გახდება, მადლობა ტექნოლოგიებს და ”მშვენიერ ამერიკას”.
უფრო მეტიც, მათ იციან, რომ მათი ქვეყანა სამართლიანი და დალოცვილია, რომ საკუთარი კონსტიტუციის წყალობით, ამერიკელთა პოლიტიკა და ქმედებები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რომელიც მხოლოდ წესს ადასტურებს, არა მხოლოდ მათთვის, არამედ თითოეული სულიერისთვის სასიკეთოა. მათ სწამთ ღმერთის, და არ უფრთხიან ავისა და კეთილის გარჩევას, თუ დემოკრატია გაქვს, ისე როგორც ყველაზე პირველსა და წარჩინებულ ქვეყანას, ისრაელს, ავტომატურად პირველ კატეგორიაში ექცევი. ისინი ცუდად მალავენ თავის დამოკიდებულებას ევროპელებისადმი, რომლებიც მორალურ დეგენერატებად მიაჩნიათ.
ევროპელებს, საპირისპიროდ, მუდმივად ახსოვთ, რომ დანარჩენ სამყაროს ვერ გამოეყოფიან. მათ ასაწევი ხიდი არა აქვთ. საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ უამრავი რისკისა და საფრთხის დაძლევით შეუძლიათ და არასდროს გამორიცხავენ მათი წარმოქმნის შესაძლებლობას. მათი თვითდარწმუნება სიცოცხლისგან დაღლილის თვითდარწმუნებაა. მათ იციან, რომ ჭკვიანნი და გამოცდილნი არიან - ათენი, რომელიც ახალგაზრდა რომმა ვერ დააფასა. ევროპელები თავისი რაციონალობითა და რეალიზმით ამაყობენ და მიაჩნიათ, რომ რელიგია საერო სივრცეში არ უნდა შემოუშვან. ადამიანის უფლებებს უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე დემოკრატიას და ამიტომ ვერ გაუგიათ, რატომ ვერ ხედავენ ამერიკელები პალესტინის წინააღმდეგ ჩადენილ უსამართლობას და იმას, რომ სწორედ ეს ახელებთ ისლამური ჯიჰადის მეომრებს. ისინი ცუდად მალავენ იმ ფაქტს, რომ ამერიკელებს მიამიტ, არათვითკრიტიკულ ფანატიკოსებად მიიჩნევენ.
ამიტომ ერთნი მუდმივად უცრუებენ იმედს მეორეს. ევროპელებისთვის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ამის კიდევ ერთი დასტური გახდა, მაგრამ, როგორც აღნიშნავს უსაფრთხოების ექსპერტი კორი სჩეიკი (”ამერიკული არჩევნები და ევროპა, დიდი მოლოდინის მომავალი კრიზისი”) შეცდომა იქნებოდა, თუ ჩავთლიდით, რომ მომავალი ადმინისტრაცია უეჭველად უზრუნველყოფს ტრანსატლანტიკურ ჰარმონიას. და უკვე დროა ვაღიაროთ, რომ ამერიკის დომინირებით მოქმედი ალიანსი აღარ არის ის ადეკვატური ფორუმი, რომელიც არსებულ რეალურ მკვეთრ განსხვავებებს გაუმკლავდება.
ეს ორგანიზაცია დაბალანსებული სტრატეგიული დიალოგის ხელშეწყობის მაგიერ ორივე მხარეს ცუდი ქცევისკენ უბიძგებს: ამერიკელები ევროპელებს მუდმივად უტარებენ ტესტს ლოიალობაზე, ხოლო ევროპელები ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, რომ ან ამერიკის გული მოიგონ და ან ახალწვეულთა რაზმის ლიდერობა ჩაიგდონ ხელში. როდესაც ორივე მხარე გააცნობიერებს, რომ 21-ე საუკუნეში სამხედრო ძალა პრობლემის გადაწყვეტის მხოლოდ ერთი შემადგენელი შეიძლება იყოს, ნატოს გავლენის არეალი უბრალოდ და ერთმნიშვნელოვნად შეიზღუდება.
ამიტომაც დაფიქრების დრო მოვიდა, თუ ევთანაზიას არ ვეთანხმებით, მაშინ იქნებ მოხუცებული პენსიაზე გავუშვათ? თუ ნატოს სულ უფრო მზარდ ნაკლოვანებებს გავითვალისწინებთ, უარი სამწუხარო იქნებოდა. რა ვითარებაა დღეს - ევროპა ალტერნატიული სტრუქტურების შექმნაში, წინ ძალიან ნელა მიიწევს. გონივრული ევროპული საგარეო პოლიტიკა და მდგრადი ევროპული თავდაცვითი სისტემები მხოლოდ ბალანსს შეიძლება დაეფუძნოს. ლისაბონის შეთანხმება, ირლანდიელთა უარის მერე ჰაერში ჩამოეკიდა. რამდენად აშფოთებს ეს ფაქტი ევროპელებს, გამოჩნდება. ბევრისთვის გამოთქმა ”ევროპული უსაფრთხოება” პარადოქსულად ჟღერს. ფრანკო-ბრიტანულმა წყვილმა ერთობლივად შესაძლოა სხვები წამოიყოლიონ, ისე როგორც 1998-ში, მალოს ინციატივის წამოყენებისას, მაგრამ ბრიტანეთი დღეს, როგორც ჩანს, სტრატეგიული ირელევანტობის გზას დაადგა.
მაშ რა უნდა გაკეთდეს? ნატოს გამოცოცხლების არც ერთი იდეა პასუხად არ გამოდგება. ყველა დისკუსია ნატო-ევროკავშირის პარტნიორობის გაუმჯობესებაზე მხოლოდ დროის ფუჭი ხარჯვაა. პრობლემა ინსტიტუციურ კავშირებში როდია. თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი, მაგრამ ორივე ორგანიზაციის საქმიანობის კოორდინაციის მაინც კერძო შემთხვევები, მაგალითად თურქეთი და კვიპროსი, რომლებიც მიუხედავად ხანგრძლივი მტრობისა, თავის მოკავშირეებსა და პერსონალს ავღანეთსა და კოსოვოში საფრთხეს არ უქმნიან. რეალური პრობლემა ამერიკასა და ევროპის ურთიერთობებშია. 21 ევროპული ქვეყანა ორივე ორგანიზაციის წევრია. ”ინტენსიურ სტრატეგიულ დიალოგს ბრიუსელში” გაუთავებელი საკომიტეტო შეხვედრების საშინელი აჩრდილი თრგუნავს, რადგან ერთი ქვეყნის ელჩი ნატოში საკუთარი მთავრობის პოზიციას დაწვრილებით უმარტავს თავისსავე თანამემამულე დიპოლმატს, რომელიც ევროკავშირშია აკრედიტებული და, პირიქით.
საკითხს ვერც ის გადაწყვეტს, რომ ევროკავშირი ნატოს ფარგლებში ერთგვარ დახურულ ერთეულად განვითარდეს. სენტ მალოს პრეცედენტმა დაადასტურა, რომ ”ევროპის უსაფრთხოების იდენტურობის” კონცეფცია არასიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, ხოლო ნატოს გაფართოებამ და პარტნიორთა გამრავლებამ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის განსაკუთრებული კოლექტიური როლის მინიჭების იდეა კიდევ უფრო არარეალური გახადა. გადაწყვეტილებათა მიღების სისტემის საფეხურების გაორმაგება კი ისედაც მძიმე სისტემას კიდევ უფრო მოუქნელს გახდიდა. ბოლოდროინდელმა წინადადებამ, რომელიც სამმხრივ მმართველობას გულისხმობდა და რომლის ფარგლებშიც აშშ-ს, ნატოს და ევროკავშირს ერთობლივად უნდა განესაზღვრათ ევროატლანტიკური პარტნიორობის პოლიტიკა, გამომგონებლობისთვის მაღალ ნიშნებს იმსახურებს, მაგრამ წარმატებას მაინც ვერ მიაღწია.
ერთი გამოსავალი დარჩა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს სტრატეგიული დიალოგი ახალ, უფრო მნიშვნელოვან ხარისხში ავიდეს. ყოველწლიური სამიტები უფრო შედეგიანი უნდა გახდეს და ყურადღება ტრანსატლანტიკურ, ”ორმხრივ” პრობლემებზე გადავიდეს იმისთვის, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს პოლიტიკა და ქმედებები მთელს მსოფლიოში ერთ სიბრტყეში მოაქციოს. აშშ-ს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს კალენდარს უნდა ადევნოს თვალი და ევროკავშირის პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების შეხვედრებზე, რომლებიც წელიწადში ოთხჯერ ტარდება, დროდადრო მოწვევა უნდა ითხოვოს. აშშ-ს მისია ევროკავშირში უნდა გაძლიერდეს, ხოლო ევროკავშირის წარმომადგენლობა ვაშინგტონში ნორმალურ საელჩოდ გადაკეთდეს, რაც მოხდება, თუ/ან როდესაც საგარეო საქმეთა სამსახური ლისაბონის შეთანხმებას რეალობად აქცევს. რაც უფრო მეტად აჩვენებენ ამერიკელები, რომ ევროკავშირს, როგორც ერთობლიობას ისე აღიქვამს, მით უფრო სერიოზულად განიხილავს საკუთარ თავს ევროკავშირი.
უინსტონ ჩერჩილმა ერთხელ თქვა, რომ ყოველთვის შეიძლება გქონდეს ამერიკელების სწორი მოქმედებების იმედი, მას შემდეგ, რაც ყველა ალტერნატივას მოსინჯავ. ევროკავშირმა ერთ ხმაში ლაპარაკი უნდა ისწავლოს, ერთ სხეულად უნდა იქცეს, რადგან გლობალიზებული სამყარო მათ სხვაგვარად მოქმედების ფუფუნებას არ მისცემს. გავიხსენოთ შარლ დე გოლის წინასწარმეტყველება ”ევროპას ევროპელი არ გააერთიანებს, ევროპის გამაერთიანებელი ჩინელი იქნება”. ყველაფერი ეს მხოლოდ ევროპელების ინტერესში როდის შედის, ეს ამერიკელების ინტერესიცაა. მხოლოდ გაერთიანებული ევროპა შეიძლება გახდეს გლობალური უსაფრთხოების ქმედითი სუბიექტი, მხოლოდ მან შეიძლება განამტკიცოს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების თანამშრომლობა.
რადგან ნატო თავის დაისს უახოლვდება, აშშ-მ ევროპის კავშირის გლობალური პასუხისმგებლობის ზრდას ხელი უნდა შეუწყოს. მიუხედავად განსხვავებისა, ურთიერთ უკმაყოფილებისა ევროპელები და ამერიკელები საუკეთესო მეგობრები არიან.
No comments:
Post a Comment