29 დეკემბერი 2008
რუსეთი საქართველოს სეპარატისტთა მცდელობებს სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში 1990 წლიდან, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ უჭერს მხარს, რაც მოსკოვის პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა. გასულ აპრილს რუსეთმა სამხრეთ ოსეთში პროვოკაციული სამხედრო და დიპლომატიური აქტივობა წამოიწყო, რამაც ვითარება სახიფათო მიჯნამდე მიიყვანა, ხოლო აგვისტოში სამხრეთ ოსეთში წყნარად ადევნებდა თვალს იმას, თუ როგორ ესროდნენ ოსური სამშვიდობო შემადგენლობის მეომრები ქართული სამშვიდობო ჯარების მეომრებს და ქართულ სოფლებს.
როგორც კი ეს დაძაბულობა 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან კონფლიქტში გადაიზარდა, რუსეთმა დრო იხელთა და გადაწყვიტა საბოლოოდ ჩამოეცილებინა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოდან და ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოეცხადებინა. მაგრამ, ნიკარაგუას გარდა, არც ერთ სხვა ქვეყანას ამ ერთი ციდა ტერიტორიების სახელმწიფოებრიობა არ უღიარებია.
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) ცდილობდა კონფლიქტის ზონაში, სამხრეთ ოსეთში თავის სამხედრო მეთვალყურეთა მცირე ჯგუფი გაეგზავნა, მაგრამ რუსეთმა ამაზე უარი უთხრა. უკვე წლებია, რუსეთი ეწინააღმდეგება სამხრეთ ოსეთში ეუთოს მეთვალყურეთა რაოდენობის მატებას. ეუთოს მისიის მიზანია თვალი ადევნოს სამხრეთ ოსეთში მიმდინარე სამხედრო გადაადგილებებს, შეაფასოს რეგიონში არსებული ჰუმანიტარული სიტუაცია და ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებული შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფონზე, ეუთოს დამკვირვებელები უნდა შესულიყვნენ რეგიონში, რუსეთი მუდმივად უარს ამბობდა ამაზე.
ეუთოს მანდატი 31 დეკემბერს იწურება. ორგანიზაციას ვადის გაგრძელება სამი თვით უნდოდა. ეუთოს 56 წევრი ქვეყნიდან, ერთმა, რუსეთმა საკითხი დაბლოკა.
საქმე ისაა, რომ რუსეთი ეუთოს შანტაჟს უწევს: 2 სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება ის საფასურია, რომელიც ეუთომ საქართველოში სამშვიდობო და სადამკვირვებლო მისიის გასაგრძელებლად უნდა გადაიხადოს. ”შეერთებული შტატები წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსეთმა ვეტო დაადო გადაწყვეტილებას, რომლსაც მონაწილე ქვეყნების უმეტესობა ემხრობა და რომელიც საქართველოში სადამკვირვებლო მისიის მანდატის განახლებას გულისხმობს” - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა შონ მაკკორმაკმა წერილობით განცხადებაში.
”ეუთოს მისიას საქართველოში კონფლიქტის მოგვარებაში ფასეული წვლილი შეჰქონდა. თუ რეგიონში არსებულ დაძაბულობასა და ჰუმანიტარულ სიტუაციას გავითვალისწინებთ, რუსეთის მიერ მისიის ვადის გაგრძელების დაბლოკვა ძნელი გასამართლებელია. ჩვენ კვლავინდებურად ვწუხვართ ჰუმანიტარული დახმარების დეფიციტსა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე - ამ პრობლემების გადაწყვეტა ეუთოს მისიას შეეძლო”.
No comments:
Post a Comment