Friday, May 30, 2008

კავკასია: გატეხილი რეგიონი

IWPR 
თომას დი ვალი ლონდონიდან
დეკემბერი 2008

კავკასია პატარა, არასტაბილური რეგიონია. საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში დასახლებული სხვადასხვა მცირე ერები ერთმანეთთან თანამშრომლობას თავად უნდა ცდილობდნენ, რომ ინტეგრირებული რეგიონი ააშენონ.

სამწუხაროდ, საერთო მიზნის არსებობა აქ არ იგრძნობა: დახურული საზღვრებითა და ცხელი წერტილებით კავკასია თვითმკვლელობის პაქტს უფრო მოგაგონებთ.

მსოფლიოში არსად ამდენი საკონტროლო გამშვები პუნქტი არ არის. ორი დიდი საზღვარი სომხეთს და აზერბაიჯანს, ასევე რუსეთს და საქართველოს შორის პერმანენტულად დახურულია. მხოლოდ ორ მეზობელზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე შეიძლება ითქვას, რომ მათ მართლაც ახლო ურთიერთობები აქვთ, მაგრამ უფრო მეტად ენერგეტიკულ პოლიტიკაზე დაფუძნებული, ვიდრე საერთო ღირებულებებზე, რაც ჩვეულებრივი მოქალაქეების მატერიალურ მდგომარეობაზე არ აისახება.

და მაინც, კავკასიის მოსახლეობა ცდილობს შანსი ხელიდან არ გაუშვას და ერთმანეთთან ბიზნესის წარმოების შესაძლებლობას ყოველთვის იყენებს. ორი ბაზრის ისტორია ამის დასტურია. პირველი ერგნეთთან, უშუალოდ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებობდა. ეს იყო კავკასიაში ძალიან ცოცხალი ბაზარი, რომელიც ყვაოდა. ოსები აქ რუსეთიდან ჩამოტანილ ათასგვარ განუბაჟებელ საქონელს - თამბაქოდან დაწყებული ავტომანქანებით დასრულებული - ყიდდნენ, ქართველები დიდ წილად სასოფლო სამეურნეო პროდუქტით ვაჭრობდნენ. რადგან ის რეგულაციას არ ექვემდებარებოდა, საქართველოს ახალი მთავრობა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ამტკიცებდა, რომ ბაზარი უზარმაზარ ხვრელს ქმნიდა ქვეყნის ბიუჯეტში და უნდა დახურულიყო, რაც აღასრულა კიდეც 2004 წლის ივნისში.

ბაზრის დახურვა იურიდიული თვალსაზრისით გამართლებული, კანონზე დაფუძნებული ნაბიჯი იყო, მაგრამ როგორც საქართველოს კონფლიქტების მოგვარების ყოფილი მინისტრი გიორგი ხაინდრავა ამბობს ”ერგნეთი რომ არ არსებულიყო, უნდა გამოგვეგონა.” ერგნეთი შესაძლოა კავკასიიის რეგიონში მოვაჭრე ყველა ეროვნების ხალხს შორის ”ნდობის აღდგენისკენ მიმართული” ყველაზე მასშტაბური ზომა იყო. შესაძლოა სამხრეთ ოსეთში ხელახალი ომისკენ სვლა ამ ბაზრის დახურვის დღეს დაიწყო.

მეორე გასაოცარი მაგალითი იყო საქართველო-სომხეთის საზღვარზე, ქართული სოფელი სადახლო: უზარმაზარი სომხურ-აზერბაიჯანული ბაზარი საქართველოს ტერიტორიაზე სადაც ჰორიზონტზე არცერთი ქართველი არ ჩანდა. აზერბაიჯანლები სომხურ პროდუქტს ყიდულობდნენ, სომხები - აზერბაიჯანულს, რომლითაც შემდეგ ერევნის მაღაზიები გავსებული იყო. ისევ მთავრობის ზეწოლით ბაზარი შეიზღუდა, თუმცა ბოლომდე არ დახურულა. კიდევ ერთი ეთნიკური თანამშრომლობის მაგალითი ჩაახშვეს.

პოლიტიკა ცალკე დგას, მაშინ როდესაც საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესები ერთად უნდა ვითარდებოდეს. სამხრეთ კავკასია - ფაქიზი მექანიზმია, რომელშიც ერთი ნაწილის მოშლა, უმალ სხვა ნაწილებზე ვრცელდება.

ეს კარგად გამოჩნდა აგვისტოს ომის დროს საქართველოში. აზერბაიჯანის შემოსავლების მთავარი წყარო, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-სუფსას მილსადენები დაიხურა. როდესაც 16 აგვისტოს ცენტრალურ საქართველოში გრაკალის სარგინიგზო ხიდი აფეთქდა, დაიხურა ასევე ერთადერთი სარკინიგზო ხაზიც, რომელიც სომხეთს შავ ზღვასთან აკავშირებდა, ამგვარად ერთი კვირის განმავლობაში მთელი სომხური იმპორტი შემცირდა, რასაც 500 მილიონი დოლარის ზარალი მოჰყვა.

ასეთი სამწუხარო ვითარება ნაწილობრივ ყველას ბრალია.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეურიგებელი პოზიციები დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კავკასიაში მშვიდობის და განვითარებისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლების, მთიანი ყარაბახის კონფლიქტის გადალახვის უნარი არ აღმოაჩნდათ. საქართველომ კი თავის სწრაფვაში ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მეზობლებს და რუსეთს აბსოლუტური იგნორირება გაუკეთა. ქართველი ანალიტიკოსის არჩილ გეგეშიძის თქმით, საქართველოს პრობლემების ერთ-ერთ მიზეზს სწორედ ის წარმოადგენს, რომ სააკაშვილის მთავრობამ არაგონივრულად ”ყველა მისი კვერცხი დასავლური მხარდაჭრის მობილიზების კალათში ჩააწყო” და მეზობლებს საკმარისს ყურადღებას არ უთმობდა.

ხოლო ევროპელებს და ამერიკელებს, რომლებიც გაუთავებლად ლაყბობდნენ კავკასიაში რეგიონალური ინტეგრაციის იდეაზე, რეალურად კიდევ უფრო ვიწრო მიზნები ამოძრავებდათ. ევროპის დიდებულ TRASECA-ს საკომუნიკაციო და სატრანსპორტო პროექტში, რომელიც კავკასიას ევროპასთან აკავშირებდა და გამოცხადდა როგორც ახალი ”აბრეშუმის გზა”, გახსნის დღიდან, 1993 წლიდან 200 მილიონ ევროზე ნაკლები ინვესტიცია ჩაიდო და მისი ეფექტი უმნიშვნელოა.

სამაგიეროდ ისეთმა პროექტებმა, როგორებიცაა ნატოს გაფართოვება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და სომხური დიასპორის მოთხოვნები, კავკასიური პოლიტიკის სხვადასხვა სეგმენტებად დაყოფა გამოწვია. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თავად ვაშინგტონშიც კონგრესს, პენტაგონს და სახელმწიფო დეპარტამენტს სხვადასხვა პოლიტიკა აქვთ პირველ რიგში ფოკუსირებული სომხეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე.

გარდა ამისა, რამდენიმე ვაშინგტონელმა სტრატეგმა გადაწყვიტა, რომ რუსეთი კავკასიიდან შესაძლოა დროზე არ გასულიყო, აბსოლუტურად გამორჩათ რა ის ფაქტი, რომ რეგიონი რუსების ცნობიერებასა და გეგმებში ორი საუკუნის განმავლობაში დომინირებდა, რომ რუსული ელიტის დიდ ნაწილს ამ ადგილებთან, რომლებიც დასავლეთის მცხოვრებლებს მხოლოდ გაგონილი აქვთ, ოჯახები ან ბავშვობის მოგონებები აკავშირებთ.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს მისი სპეციფიკური ფუნქცია კავკასიაში. საკუთარი პოლიტიკით მან აქედან ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო - რუსეთი რეგიონს კვლავ კოლონიალურ ჭრილში აღიქვავს და მის შეშინებას და რესურსებით მართვას ცდილობს, იმის ნაცვლად, რომ ვაჭრობის რბილი ძალა - რეგიონში მისი ყველაზე დიდი, მაგრამ ნელნელა კლებადი რესურსი - ან რუსული ენა გამოიყენოს, ახალი და მეგობრული სამეზობლო გარემოს შესაქმნელად.

ადამიანური კავშირები ჯერ კიდევ ძალაშია, მთავრობების ამის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებების მიუხედავად. ისტორიულად, კულტურულად და ბიზნესის თვალსაზრისით რუსებს და ქართველებს ერთმანეთთან მყარი კავშირები აქვთ. აგვისტოს კონფლიქტის მიუხედავად ასობით ათასი ქართველი რუსეთში მუშაობას განაგრძობს. ”(რუსი და ქართველი) ლიდერები ორ ხალხს შორის არსებული კარგი ურთიერთობების გაფუჭებას შეეცადნენ,” თქვა ანალიტიკოსმა ივლიანე ხაინდრავამ.

საქართველოს წინა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს - რომელიც ბოლოს და ბოლოს პერესტროიკის წლებში მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო - ეს ესმის, იმის მიუხედავად, რომ როდესაც იგი საქართველოში პრეზიდენტად დაბრუნდა, რუსული ელიტის მკაცრი პოლიტიკის ელემენტების დაშოშმინება მთლიანად მაინც ვერ შეძლო.

3 დეკემბერს, IWPR-სთან ინტერვიუში, მის საცხოვრებელ სახლში, რომელიც თბილისის შემოგარნშია, შევარდნაძემ განაცხადა -  მემკვიდრის მიმართ საყვედურით - რომ იგი რუსების მიმართ პატივისცემის მაქსიმუმს გამოხატავდა. მაგალითად, თქვა შევარდნაძემ, როდესაც 2002 წელს მიღებულ იქნა საქართველოში ამერიკული არმიის მოწვევის გადაწყვეტილება, როგორც ინოვაციური ”წრთვნისა და აღჭურვის პროგრამის” ნაწილი, მან ყველაფერი გააკეთა, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს წინასწარ შეეტყო და პუტინმაც უპასუხა, რომ ამერკული ნაწილების ყოფნა რუსეთისთვის ”არანაირ ტრაგედიას არ წარმოადგენს”.

”მე ყოველთვის ვცდილობდი იმის ხაზგასმას, რომ რუსეთი ჩვენთვის მეორეხარისხოვანი ქვეყანა არ იყო, რომ ის დიდი მეზობელი გახლდათ, დიდი შეიარაღებითა და ეკონომიკური პოტენციალით,” თქვა შევარდნაძემ.

კონფლიქტი შავ-თეთრ აზროვნებას ბადებს, ისეთ ხედვას აყალიბებს, რომ თუკი თქვენი მოწინააღმდეგე ცუდადაა, ეს კარგია. მიმდინარე კრიზისის დროს, ამბობს ივლიანე ხაინდრავა, ”ბევრი საქართველოში სიმშვიდეს ინარჩუნებს და რუსეთში სიტუაციის გაუარესებას, ნავთობის ფასების დაცემას და ჩრდილოეთ კავკასიაში დაძაბულობის ესკალაციას ელოდება.”

მას სჯერა, რომ ასეთი მიდგომა საქართველოსთვის დამღუპველია, რადგან ეკონომიკური ვარდნა რუსეთში მტკივნეულად აისახება ქართველ ემიგრანტებსა და მათ ოჯახებზე, რომლებსაც ისინი ფულს უგზავნიან, იმავდროულად კავკასიაში ძალადობის ახალი ტალღა შეიძლება საქართველოზეც გავრცელდეს.

ასეთი აზროვნების შედეგია სომხებისა და აზერბაიჯანლების ძალიან გამწვავებული ურთიერთობები, რომელთაგან ბევრს უხარია რომ მოწინააღმდეგე ქვეყანას პრობლემები აქვს, მაშინ როდესაც მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მეორე მხარე ასევე ზარალდება.

ადგილობრივებისთვის ამ ბარიერების გადალახვა რთულია. ეს გარე თვალს შეუძლია იმის მშვიდად წარმოდგენა, თუ როგორ შეძლებდა კავკასია უფრო ჰარმონიულ ფუნქციონირებას, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზმი და არა როგორც უბრალოდ დისფუნქციური გეოგრაფიული რეგიონი.

საბოლოოდ, ისე ჩანს, თითქოს ერთადერთი დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროპის კავშირია, რომელსაც უნარი აქვს ეს ქვეყნები ერთი მთლიანი რეგიონის კონტექსტში განიხილოს და მათ ისეთი შეღავათები შესთავაზოს, რომლის ფასადაც მათ მავნე ჩვევების გადალახვა უღირთ. ბალკანეთი ამის კარგი მაგალითია.

სამწუხაროდ იგრძნობა, რომ ევროკავშირი კავკასიაზე საკმარისი ზრუნვის გამოსავლენად ჯერ კიდევ ძალიან დისტანცირებული და დიდწილად მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. პოზიტიური ფაქტია, რომ ევროპელი მონიტორები საქართველოს მიწაზე იმყოფებიან. და მიუხედავად იმისა, რომ მათი იქ ყოფნის მიზეზი ტრაგიკულია, იმედს გვაძლევს, რომ ისინი გაცილებით მასშტაბური ვალდებულების ავანგარდად ყალიბდებიან და იქ არამხოლოდ იმის დასადასტურებლად არიან, რომ ეს მშვენიერი მთიანი რეგიონი პერმანენტული თავისტიკივილია, რომელიც ვერასდროს განიკურნება.

თომას დი ვალი IWPR-ის კავკასიის უკვე ყოფილი რედაქტორია. თითქმის 7 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ IWPR-ს კავკასისთვის ეს მის მიერ რედაქტირებული ბოლო პუბლიკაციაა.

ორიგინალი

No comments: