Thursday, May 22, 2008

რა დგას ქართული სიმბოლიზმის უკან?


telegraph_1
სარა მარკუსი
22 დეკემბერი 2008

დიდი დრო არ დაგჭირდებათ იმის გასარკვევად, რომ საქართველოში სიმბოლოების და სანახაობების თემა ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ქვეყანაში ჯერ ნამყოფიც არ ხართ, მაგრამ არ შეიძლება არ გენახათ როგორ ატარებს პრეზიდენტი სააკაშვილი პრესკონფერენციებს ევროკავშირის დროშის ფონზე, ან როგორ წარმოაჩენს იგი საკუთარ ქვეყანას პატარა დემოკრატიად, რომელსაც დიდი და ველური რუსეთი ემუქრება.

პოლიტიკურად ორივე სიმბოლო გამართლებულია: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, და ცდილობს საერთაშორისო საზოგადოებას გააგებინოს თუ რამდენად რეალურია საფრთხე, რომ რუსეთი ამ ქვეყანაზე კონტროლის განხორციელებას ცდილობს.

ორივე სიმბოლო ძლიერია - ბევრი დასავლეთში საქართველოს მართლაც რუსეთის მსხვერპლად აღიქვავს, რაც სააკაშვილის ოსტატობის დამსახურებაცაა, რომელიც ცდილობს ყველაფერი სიმბოლურ ჭრილში მოაქციოს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ საქმე განსაკუთრებულ ფარისევლობასთან გვაქვს: მართალია, კონფლიქტში საქართველოს როლის შემცირების მცდელობა სახეზეა, მაგრამ გამართლებული სვლაა - აგვისტოში რუსეთის მხრიდან ძალის არაპროპორციულად გამოყენების ფონზე.

ეს დროშა, რომელიც საქართველოს მთავრობის შენობაზე ფრიალებს, მუდმივად ახსენებს ქართველებს საით უნდა მიისწრფვოდნენ და იმედებს რაზე უნდა ამყარებდნენ - ყოველშემთხვევაში მათ მთავრობას ამ განწყობის დამკვიდრების სურვილი აქვს.

ამდენად, საინტერესოა ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში სიმბოლოების თემა და როგორ ხდება მათი გამოყენება. ქართული მისალმება ”გამარჯობათ”, რომელიც ინგლისური hello-ს ანალოგია, პირდაპირ სიტყვა ”გამარჯვებიდან” მოდის, რაც წინაპრების მიერ განსაზღვრული სიმბოლური ვერბალური შეხსენებაა იმის, რომ ქართველებს ოდითგანვე მათი დაუცველი, დაპყრობილი მიწებისთვის ბრძოლა და ამ ბრძოლაში გამარჯვება მართებთ.

გრანდიოზული ქართლის დედის ქანდაკება თბილისს მაღალი მთიდან გადმოჰყურებს. მას ერთ ხელში ღვინის ფიალა უპყრია, მეორეში კი ხმალი. ასე ეგებება ის სტუმრებს იმ იმედით, რომ ღვინის ფიალა მტერს გააუვნებელყოფს, ხოლო თუკი ასე არ მოხდა, ქართველები საკუთარ ქვეყანას ხმლით ხელში დაიცავენ.

დღეს აქ განსაკუთრებული კეთილგანწყობით და უამრავი ღვინის ფიალით დასავლელ სტუმრებს ხვდებიან, რომლებთანაც ქართველებს მეგობრობის და მათგან გულწრფელი მხარდაჭერის მიღების სურვილი ამოძრავებთ.

თანამედროვე, ”დასავლური” სულით და მიზნებით გაჟღენთილი სიმბოლოები აქ ყველგან იგრძნობა, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე არსებულ პატარა მაღაზიებში და შესანიშნავ ინგლისურშიც, რომელზეც ბევრი საუბრობს.

შემდეგი - ავტომობილებია. ავტომობილი შექმნის დღიდან ადამიანის სიმდიდრის, მისი პირადი მიღწევებისა და ძალაუფლების, მოკლედ კარგი ცხოვრების სიმბოლოა. აქა-იქ მოკრძალებული ფიესტების და კიდევ უფრო ძველი ეპოქის ”ლადების” და ”ვოლგების” გარდა, თქვენ დღეს თბილისში დასავლური, ძვირადღირებული ავტომანქანების სიმრავლეს შეამჩნევთ, რაც არა მხოლოდ ქართველების პროგრესისა და სიმდიდრის სიმბოლოა, არამედ ის წარსულზე უარის თქმის სურვილზე მიუთითებს.

მაგრამ მხოლოდ სიმბოლოებით ქვეყანა ”დასავლური” ან თანამედროვე ვერ გახდება. იმაში, თუ როგორ უგუნურად მართავენ ამ მანქანებს, როგორ ვერ იტანენ ქამრების დამაგრებას და როგორ სხედან ბავშვები ამ ქამრების გარეშე მშობლების კალთებში მანქანის წინა სავარძლებზე, შუქნიშნების ნაკლებობა და პრობლემები ფეხით მოსიარულეთათვის, რომლებიც იძულებული ხდებიან ჩაერთონ ამ საშინელი საცობების მორევში... ეს ყველაფერი მე მაგონებს კანონის უპატივიცემულობას და უპასუხისმგებლობას საკუთარი სიცოცხლისა და სხვების სიცოცხლის მიმართ, საბედისწერო დამოკიდებულებას ზოგადად ადამიანური ყოფისადმი.

დასავლეთი იდეალურობისგან შორს დგას. კანონისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების მაგალითებს აქაც მრავლად შეხვდებით. მაგრამ 70 წლიანმა განვითარებამ, რომელიც დასავლურმა სამყარომ განვლო, მაშინ როდესაც საქართველო საბჭოთა კავშრის უღელ ქვეშ იყო, მართლაც შექმნა სამოქალაქო თანამშრომლობის საერთო დონე და დიდწილად დაამკვიდრა პასუხისმგებლობის განცდა როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფთა მიმართ. საქართველო ამ პროცესს ახლა გადის.

ეს ქვეყანა სწრაფად ვითარდება და იმ ჩვევებსა და ვალდებულებებს ინვითარებს, რომლებიც საბჭოთა დროში მისთვის უცხო გახლდათ - ზნეობრივი სახელმწიფო, გულმოწყალება უუნაროების მიმართ, მათზე ზრუნვა. დროსთან ერთად და მეტი სამოქალაქო ევოლუციის შემთხვევაში, მე ეჭვი არ მეპარება რომ ყველა ის სიმბოლო რომლებიც დღეს გაჰყვირის ”ჩვენ დავბრუნდით, ჩვენ აქ ვართ, ჩვენ დასავლელები ვართ” დამაჯერებლად გაიჟღერებს.

ორიგინალი

No comments: