Sunday, May 4, 2008

უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება გაურკვეველი ვადით გადაიდო

MarketOracle-LOGO

ფ. ვილიამ ენგდალი
4 დეკემებერი 2008

ნატოს მინისტრებმა ბრიუსელში აშშ-ს სურვილების იგნორირება გადაწყვიტეს და უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი რეალურად განუსაზღვრელი ვადით გადადეს, რასაც ვაშინგტონის ადმინისტრაციამ მორცხვად პოზიტიური ”კომპრომისი” უწოდა. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების აგვისტოს შეშფოთებას მოყვა. მაშინ ევროპული ქვეყნები არაპროგნოზირებადი ქართველი ხელმძღვანელისა და კიევის გამო კინაღამ რუსეთთან ომში აღმოჩნდნენ, რაც უკვე მართლაც მეტისმეტი იყო.

გერმანიას რუსეთთან წარსული ომის შემდეგ ძალიან ღრმა და მტკივნეული კოლექტიური მოგონებები დარჩა საიმისოდ, რომ მსგავსი პერსპექტივა ხიბლავდეს, კონდი რაისისა და ვაშინგტონისგან განსხვავებით, რომელსაც, როგორც ჩანს, სწორედ ეს უნდოდა. გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო საგრძნობი გახადა ტექტონური რყევები ატლანტიკის სივრცეში, მით უფრო, რომ ამერიკული წარმოშობის ფინანსური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება, ხოლო დოლარი სულ უფრო მოწყვლადი ხდება. 2009 წელი მსოფლიოსთვის ბევრად უფრო ტურბულენტური იქნება, ვიდრე 2008 იყო.

ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება მით უფრო ნიშნეულია, რომ ის ნატოში ევროპელ წევრებზე ვაშინგტონის ძალაუფლების შესუსტებაზე მოგვითითებს. ბრიუსელის შეხვედრის შედეგები მიამიტ მაყურებელს შესაძლოა დიპლომატიის შედევრად მოეჩვენოს. ისინი ერთხმად დაეთანხმნენ, რომ გვერდს აუვლიდნენ საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (ნატოში გაწევრიანების ეტაპი, პირველი კონკრეტული ნაბიჯი გაწევრიანების გზაზე) მინიჭებაზე კენჭისყრას და სანაცვლოდ ორი არსებული ინსტიტუტის, ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის კომისიების უფლებამოსილებას გააფართოებენ. კომისიებმა უნდა თვალყური ადევნონ იმ რეფორმებს, რაც ჩვეულებრივ მაპის ფარგლებში ტარდება. ნატოს მინისტრები იმაზეც შეთანხმდნენ, რომ რუსეთთან კონტაქტებს ”გარკვეული პირობების გათვალისწინებით და ეტაპობრივად” განაახლებენ.

თუ ყველაფერს რეალური პოლიტიკის ენაზე აღვწერთ, ვაშინგტონის განზრახვამ რუსეთისთვის ნატოს წევრი ქვეყნების ალყა შემოერტყა, გამაოგნებელი დარტყმა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ დე-ფაქტო არჩეულმა პრეზიდენტმა ობამამ ბუშის ადმინისტრაციის თავდაცვის მდივანი გეითსი პოსტზე დატოვა, ხოლო სახელმწიფო მდივნად დანიშნა ჰილარი კლინტონი, რომელიც ძალიან უჭერს მხარს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, ნატოს მთავარმა ევროპულმა ქვეყნებმა გერმანიისა და საფრანგეთის ხელმძღვანელობით დაბლოკეს ის, რისთვისაც შემდგომში ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა ეწოდებინათ.

რეალური მიზეზები

ამ ორი ქვეყნისთვის მაპზე უარის თქმის რეალური მიზეზი კი შემდეგში მდგომარეობს - ევროპული ბიუროკრატია ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ ავანტიურა მოსკოვმა კი არა, ამერიკის მიერ შეგულიანებულმა, საქართველოს არაპროგნოზირებადმა პრეზიდენტმა წამოიწყო, როდესაც ქართული ჯარი სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში გააგზავნა და მისი ძალით დაბრუნება სცადა.

28 ოქტომბერს საქართველოს პარალამენტის საგამოძიებო კომისიაზე აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენების მიცემისას სააკაშვილმა გასაოცარი განცხადება გააკეთა - მან აღიარა, რომ ომი მისი დაწყებულია.

სააკაშვილის თქმით, შეტევა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, რომლის დროსაც დასახლებული რაიონები სარაკეტო სისტემებით დაიბომბა, მიზნად საქართველოს მოქალაქეების დაცვას ისახავდა. მან თქვა, რომ ეს იყო პასუხი რეგიონში რუსულ ინტერვენციაზე. ”ჩვენ სამხედრო ოპერაცია დავიწყეთ იმიტომ, რომ აღგვედგინა კონტროლი ცხინვალსა და სხვა არაკონტროლირებად ტერიტორიებზე. ჩვენ ეს მძიმე გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ჩვენი ტერიტორია ინტერვენციისგან დაგვეცვა, ხოლო ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იღუპებოდნენ, გადაგვერჩინა” -განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ბრალი დასდო რუსეთს იმაში, რომ ისინი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მანამდე შემოვიდნენ, სანამ ქართული შეტევა დაიწყებოდა. ”პრობლემა ის კი არაა, რატომ დაიწყო საქართველომ სამხედრო ოპერაცია - ვაღიარებთ, ის ჩვენ დავიწყეთ, მაგრამ არსებობდა კი სხვა გამოსავალი მაშინ, როდესაც  მოქალაქეებს გვიხოცავდნენ? ჩვენ მხოლოდ ინტერვენციის აცილება და ჩვენი ტერიტორიების დაცვა ვცადეთ”.

სააკაშვილის გასაოცარი აღიარება მოსკოვში საქართველოს ყოფილი ელჩის, ეროსი კიწმარიშვილის ჩვენებას მოყვა - კიწმარიშვილის დაკითხვა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მანამდე, სანამ სააკაშვილის მომხრე პარლამენტარებმა მისი გამოსვლა ყვირილით არ ჩაახშეს.

სააკაშვილის ყოფილი მეგობრის, კიწმარიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ეუბნებოდნენ, რომ აპრილში ერთ-ერთ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, ომს აპირებენ და რომ ამ მიმართულებით ამერიკა მწვანე შუქს უნთებს. მან ისიც თქვა, რომ მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლებამ ომის დაწყება ჯერ სამხრეთ ოსეთში გადაწყვიტა, მერე კი ის აფხაზეთში უნდა გაგრძელებულიყო.

კიწმარიშვილმა არ დაასახელა პირები, ვისგანაც აფხაზეთში დაგეგმილი ოპერაციის შესახებ შეიტყო, რადგან მისი თქმით, ამ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. აშშ-ს ოფიციალური პოზიცია საკითხისადმი ასეთი იყო - ისინი აფრთხილებდნენ სააკაშვილს არ დაეწყო სამხედრო მოქმედებები რეგიონებში, სადაც რუსული სამშვიდობო ჯარი იყო დისლოცირებული.

კიწმარიშვილის გამოსვლას საპარლამენტო კომისიაში ქართული ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა. კომისიის თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ ის სამსახურეობრივი გულგრილობის გამო კიწმარიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ, რომელსაც კიწმარიშვილის ჩვენებებთან დაკავშირებით მცირე კომენტარი სთხოვეს, მის განცხადებებს ”სამარცხვინო და უპასუხისმგებლო ფაბრიკაცია” უწოდა და დაამატა, რომ ეს იყო ”არაინფორმირებულობის შედეგი, ან პოზიცია განაწყენებული კაცისა, რომელმაც სამსახური დაკარგა და ახლა პოლიტიკაში მოსვლა მოუნდა”. კიწმარიშვილი სექტემბერში პრეზიდენტმა თანამდებობიდან დაითხოვა.

კიწმარიშვილის გამოსვლამ ფურორი გამოიწვია. ” სიმართლის გაგება არ სურთ”-უთხრა მან ჟურნალისტებს. ორი დღის შემდეგ, სააკაშვილმა კიწმარიშვილის ჩვენების სიმართლე დაადასტურა.

სრული დომინირება

დეტალი ჩემი წიგნიდან ”სრული დომინირება”, რომელიც 2009 წლის აინვარში გამოიცემა: ტოტალიტარული დემოკრატია ახალი სამყაროსეული წესრიგია, საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების სტრატეგია უფრო ფართო და სახიფათო, გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილია - ვაშინგტონს უნდა, რომ საბოლოოდ რუსეთი ალყაში მოაქციოს და დაშალოს, რადგან ვაშინგტონ-ცენტრული, სამყაროს შემნის გზაზე, სადაც ერთადერთი სუპერსახელმწიფო, Pax Americana იარსებებს, რუსეთი ჩინეთზე უფრო მეტ წინააღმდეგობებს უქმნის.

რუსეთმა საკუთარ ბირთვული შიარაღებაზე უარი არ თქვა, რაც გასაგებიცაა, რადგან აშშ-მ 1989 წელს საბჭოთა კავშირის ლიდერს მიხეილ გორბაჩოვს შორისა და აშშ-ს იმდროინდელი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერს შორის დათქმული პირობა დაარღვია. ამ პირობის თანახმად ვარშავის პაქტში ან საბჭოთა კავშირში შემავალი ქვენები ნატოში არ უნდა გაწევრიანებულიყვნენ. სწორედ ეს წარმოადგენს სერიოზულ დილემას აშშ-ს სრული დომინირების ნებისმიერი გეგმისთვის.

ბუშის მმართველობა ამ პრობლემის უხეში სამხედრო ძალით მოგვარების უმწიფარ მცდელობას წარმოადგენდა. ერაყისა და ახლო აღმოსავლეთის მილიტარიზაცია მხოლოდ ერთი ნაბიჯი იყო. პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სარაკეტო ფარის განთავსება კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

არასწორად სახელდებული ”თავდაცვითი სარაკეტო ფარი”, მისი ინსტალაციის დასრულების შემდეგ, სავარადუდოდ 2012 წლისთვის, რეალურად თავდასხმის უძლიერეს საშუალებად მოგვევლინება, რომელიც მსოფლიოს, განსაკუთრებით კი დასავლეთ ევროპას ბირთვული ომის საფრთხეს შეუმნის, თუ ამას რუსეთის საზღვრებთან მდებარე ქვეყნების ნატოში გაწევრიანებასაც დავუმატებთ, ცხადი გახდება, რომ რუსეთი დე ფაქტო დამარცხებულად შეიძლება დასახელდეს. აქ უკვე ლაპარაკი აღარ იქნება მედვედევისა და პუტინის მმათველობის ქვეშ რუსეთის მიბრუნებაზე საბჭოთა ტიპის სისტემისაკენ, დღის წესრიგში რუსეთის, როგორც ერის გადარჩენის საკითხი დადგება და მოსკოვი ამას სწორად აფასებს.

ბერლინშიც, პარიზშიც, ლონდონშიც, ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც საქმის ვითარება კარგად იციან. ნატოს ევროპელი წევრები სულ უფრო მეტად შფოთავენ რუსეთთან შესაძლო სამხედრო დაპირისპირების გამო. გასულ ზაფხულს რუსეთის მყისიერმა რეაქციამ ქართული თავდასხმისგან ოსების დასაცავად, ევროპა შოკში ჩააგდო. არც გერმანიას და არც საფრანგეთს საქართველოსა და უკრაინის მსაგვსი არასტაბილური ქვეყნების დასაცავად სამხედრო მომქმედებებში ჩაბმა და გასული აგვისტოს სიგიჟის განმეორება არ სურთ.

ამიტომაც მოხდა, რომ 3 დეკემბერს ბრიუსელში ვაშინგტონი იძულებული გახდა რეპუტაციის გადასარჩენად კომპრომისს დათანხმებოდა. საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით აღარ არსებობს. როგორც ნატოს ერთმა სამხედრო ჩინოვნიკმა თქვა ”ნატომ ის შემაკავშირებელი ჯაჭვი დაკარგა, რომელიც ოდესღაც ერთიანობას უნარჩუნებდა”.

ნატოს შეხვედრის შემდეგ რაისი იძულებული იყო პრესისთვის განეცხადებინა: ”უკრაინამ და საქართველომ ნატოს სტანდარტების მისაღწევად გრძელი გზა უნდა გაიარონ. შეერთებული შტატების ერთგულება ამ სტანდარტებისადმი ურყევია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატოში გაწევრიანებისთვის შემოვლითი გზები არ არსებობს”.

პოლონური ავტოკოლონის დაცხრილვა ”ქართული ტრიუკი” იყო

საქართველოს ექსცენტრული პრეზიდენტის გარშემო ისეთი ატმოსფერო შეიქმნა, რომ უნებლიედ ლაურელისა და ჰარდის კომიკური ფარსი მოგაგონდება. ჰალსტუხის ცნობილ ეპიზოდს, რომელიც საქართველოში რუსული ჯარის შემოჭრის შემდეგ სულ ცოტა ხანში BBC-იმ გადაიღო, ნატოს შეხვედრამდე ბრიუსელში სულ ერთი კვირით ადრე კიდევ ერთი ინციდენტი დაემატა. პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს.

ვარშავის სპეციალურმა სამსახურებმა განაცხადეს, რომ ეს შეტევა, სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან ქართველების მიერ დადგმული პროვოკაცია იყო. პოლონეთის უსაფრთხოების სააგენტოს ანგარიშში, რომელიც გაზეთ Dziennik-მა გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ საქართველომ ინციდენტი პროპაგანდისტული მიზნებით დადგა.

შემთხვევა კვირას საღამოს მოხდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა თავის პოლონელ კოლეგას, ლეხ კაჩინსკის სამხრეთ ოსეთის საზღვართან მდებარე მიდამოს დათვალიერება შესთავაზა. მას შემდეგ, რაც ესკორტი საკონტროლო პუნქტთან გაჩერდა, სროლა გაისმა, რაც ქართველების თქმით რუსების თავდასხმა იყო.

ლეხ კაჩინსკის პერსონალური დაცვის ხელმძღვანელი სამსახურიდან დაითხოვეს. პოლკოვნიკ ქშიშტოფ ოლზოვიჩ-ს ბრალად ის წაუყენეს, რომ საქართველოში პრეზიდენტის მოგზაურობის დროს მან ვერ შეძლო მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. პოლონური პრესის ცნობით, პოლკოვნიკი კაჩინსკის პროტესტის მიუხედავად დაითხოვეს.

პიოტრ პასკოვსკის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, პრორუსული სამხრეთ ოსეთის საზღვარზე გამგზავრება სააკაშვილის მოწვევით ბოლო წუთს გადაწყდა.

თავდაპირველად პოლონეთი ინციდენტის გამო რუსეთს ადანაშაულებდა, მაგრამ ახლა უსაფრთხოების სამსახურებმა განაცხადეს, რომ ის თბილისის მიერ იყო ინსცენირებული. რუსეთი აურყოფდა ბრალდებებს და ამტიკიცებდა, რომ შემთხვევის უკან თბილისი დგას. პრეზიდენტმა კაჩინსკიმ დაადასტურა, რომ სროლას ადგილი ჰქონდა, მაგრამ კონკრეტული ბრალდებებისგან თავი შეიკავა. რუსეთის პოზიციას ახლა პოლონური სპეცსამსახურებიც უჭერენ მხარს და აცხადებენ, რომ ”ეს გასროლები საქართველოსა და პოლონეთის მანქანების მახლობლად საქართველოს პროვოკაცია იყო”. პოლონურ დოკუმეტში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირველი გასროლის შემდეგ იღიმებოდა, ხოლო მის დაცვას არანაირად არ ურეაგირია. რაპორტში ხაზგასმულია კიდევ ერთი საეჭვო ფაქტი, კონკრეტულად კი ის, რომ ჟურნალისტების ავტობუსს კოლონის წინ წასვლა სთხოვეს, ხოლო კაჩინსკის მცველები ქართველი ჯარისკაცების უკან დატოვეს, რასაც შედეგად ის მოყვა, რომ მათ სროლის ფაქტი არ დაუნახავთ.

ყველაფერი ალბათ იმით დამთავრდება, რომ სააკაშვილს უპასუხისმგებლო მოქმედებებისადმი მისი მიდრეკილების გამო, საქართველოში, სირთულეები შეექმნება, ხოლო ობამას თეთრ სახლში მემკვიდრეობით უამრავი გეოპოლიტიკური პრობლემა დახვდება.

ორიგინალი

No comments: