Tuesday, May 6, 2008

საქართველოში მინისტრები გადააყენეს

InternationalHeraldTribune1

ოლესია ვარტანიანი, მაიკლ შვირცი
5 დეკემბერი 2008

თბილისი, საქართველო - პრემიერ-მინისტრმა, გრიგოლ მგალობლიშვილმა თანამდებობიდან გადააყენა საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები - მთავრობა განაგრძობს რუსეთთან აგვისტოს დამანგრეველი ომის შედეგების განხილვას.

მგალობლიშვილმა, რომელიც თავად თანამდებობაზე ოქტომბერში დაინიშნა, ცვლილებების შესახებ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა და თქვა, რომ მთავრობას ”ახალ რეალობაზე” ფოკუსირება” სჭირდება.

”ცვლილებები გასატარებელია თავდაცვის სფეროში” - თქვა მან - ”ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკის სფეროს განმტკიცება და ამ მიმართულებით მეტი გამოცდილებაა საჭირო”.

ცვლილებები მთავრობაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამძაფრებული კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს - მის მთავრობას აგვისტოს ხუთდღიანი ომის გამო აკრიტიკებენ. ომის შედეგად განადგურებულ იქნა ქართული ჯარი, ხოლო ორ სეპარატისტულ ანკლავზე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის იმედი თითქმის აღარ დარჩა.

გასულ თვეს მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილი ათასობით დემონსტრანტი საქართველოს დედაქალაქის, თბილისის ქუჩებში გამოვიდა და ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ სააკაშვილის გადადგომა მისი საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე, 2013 წლამდე მოითხოვა.

პრეზიდენტის ოპონენტებს გაამხნევებს ის ამბავი, რომ ხუთშაბათს საქართველოს ელჩი გაეროში, ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადადგა.

ალასანიამ, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ წრეებში სააკაშვილი პოტენციურ კონკურენტად მიიჩნევენ, თავისი გეგმები არ გაამხილა, მაგრამ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში დარჩება.

” მე მთავრობიდან წამოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ საქართველოსთვის სასიკეთო საქმეები გავაკეთო”-თქვა ალასანიამ.

სააკაშვილმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ომის დაწყების გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან გარდაუვალმა სამხედრო საფრთხემ მიაღებინა, პარასკევს აღნიშნა, რომ მთავრობის ცვლილება რუსეთიდან მომავალმა საფრთხემ და მიმდინარე ეკონომიკურმა სირთულეებმა განაპირობა.

დავით კეზერაშვილის ნაცვლად თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ბათუ ქუთელია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დაასახელეს. კულტურის მინისტრი და ერთ დროს მოსკოვში დიპლომატურ სამსახურში მყოფი გრიგოლ ვაშაძე ეკა ტყეშელაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე შეცვლის. პრემიერ-მინისტრმა ასევე სპორტის, კულტურისა და განათლების ახალი მინისტრებიც წარადგინა.

ორიგინალი

No comments: