ბერლინი – აშშ-მ მოულოდნელად ევროპაში დიპლომატიური ინიციტივა წამოიწყო და ნატოს მოკავშირეებს არწმუნებს - საქართველოს და უკრაინას ალიანსის წევრობა გრძელი პროცედურის გვერდის ავლით და მოთხოვნების შეუსრულებლად შესთავაზონ, განაცხადეს ნატოს დიპლომატებმა.
სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს ვრცელი სატელეფონო საუბრები ჰქონდა ფრანგ, გერმანელ და სხვა მაღალჩინოსან წარმომადგენლებთან, რომლებსაც თხოვნით მიმართა, დათანხმდნენ, რომ საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით ნატოს წევრებმა ფორმალური პროცესის შეუსრულებლობაზე თანხმობა განაცხადონ.
წინადადებას წინ სერიოზული დაბრკოლებები ეღობება. ნატოს ბუქარესტის სამიტზე აპრილში, აშშ-მ ვერ დაარწმუნა ალიანსი საქართველოსთვის და უკრაინისთვის ჩვეულებრივი პროცესის გავლით წევრობის სამოქმედო გეგმა შეეთავაზებინა. მაშინ, ნატოს წევრები, სამოქმედო გეგმის შეთავაზების გარეშე, დათანხმდნენ, რომ ერთ დღეს ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდებიან.
ნატოს ზოგიერთმა ქვეყანამ აღიშნა, რომ მათ არ აქვთ სურვილი ფორმალურ პროცესზე უარი თქვან. ეს პროცესი კანდიდატების მხრიდან მოთხოვნების შესრულებას გულისხმობს, როგორებიცაა შეიარაღებული ძალების რეფორმირება, სამოქალაქო და სამხედრო მმართველობის გამიჯვნა და მართვის სტრუქტურების აბსოლუტური გამჭვირვალობა.
საფრანგეთი, გერმანია, ნორვეგია, ლუქსემბურგი, ესპანეთი, იტალია და კიდევ ოთხი ქვეყანა ორშაბათს, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრაზე ბრიუსელში ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები, შეხვედრას მომავალ კვირას გეგმავენ. "მოკავშირეები სწორედ ამ მომენტში განიხილავენ, როგორ გაგრძელდება ნატოს ურთიერთობა ამ ორ ქვეყანასთან", განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ, ნატოს წარმომადგენელმა.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომმა და უკრაინის მთავრობის კრახმა, ასევე ამ ქვეყნაში ნატოსთან მიერთებაზე არსებულმა სერიოზულმა აზრთა სხვადასხვაობამ, ბევრი დიპლომატი იმაში დაარწმუნა, რომ არცერთ ქვეყანას მომავალ კვირას წევრობის სამოქმედო გეგმას არ შესთავაზებენ.
რაისის წინადადებამ დიპლომატები გააკვირვა. აპრილში საქართველოსა და უკრაინის ნატოსთან მიახლოვების საკითხის განხილვისას, ალიანსის წევრები კომპრომისის მიღწევას სერიოზული ძალისხმევის ფასად ცდილობდნენ.
გერმანია ამტკიცებდა, რომ ეს არ იყო დროული ნაბიჯი მაშინ, როდესაც რუსეთი ამ პროცესს მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა. გერმანელმა კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ ეს ქვეყნები მაპ-ის მისაღებად მზად არ იყვნენ. მას საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და ნატოს სხვა წევრებიც დაეთანხმენ. პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, ჩეხეთის რესპუბლიკა და სხვები აშშ-ს მხარს უჭერდნენ. ბუქარესტის კომპრომისი გახლდათ ის, რომ წევრები შეთანხმდნენ ეს საკითხი დეკემბერში ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განეხილათ.
სწორედ ამ მიზეზის გამო, ამერიკელების ამ ბოლო მცდელობას ყველა გაკვირვებით შეხვდა.
"ეს – ამერიკული პოზიციის რეალურ შემობრუნებას ნიშნავს", თქვა ნატოს ერთ-ერთმა მაღალი რანგის დიპლომატმა, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ გაგვემხილა, საკითხის დელიკატური ხასიათის გამო.
"ჩვენ ბუქარესტში შეთანხმებას დიდი ვაჭრობის შემდეგ მივაღწიეთ. ახლა გვთხოვენ ეს შევცვალოთ და მაპ-ის პროგრამაზე უარი ვთქვათ. ეს კავშირის ერთობას დარტყმის ქვეშ აყენებს".
ორშაბათს ვაშინგტონში, დენიელ ფრიდმა, ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგლემ განაცხადა, რომ დისკუსია "თავისთავად გაცოცხლდა".
ბატონმა ფრიდმა თქვა, რომ მაპ-ის პროცესი "თავის მხრივ შეიძლება დაუსრულებელი იყოს", და რომ ნატოს მინისტრებს შეეძლოთ საქართველოს და უკრაინისთვის ალიანსში გაწვერიანების სხვა საშუალება განეხილათ.
No comments:
Post a Comment