Sunday, April 20, 2008

საქართველოზე შექმნილი მითების მიღმა


ენ ეპელბაუმი
20 ნოემბერი 2008

ეს ”ნიუ-იორკ ტაიმსმა” გააკეთა. მანამდე ევროპელმა დამკვირვებლებმა, ბბს-იმ, მათ სხვა გამომძიებელთა დიდ ჯგუფთან ერთად კიდევ ერთხელ გადახედეს 7 აგვისტოს მოვლენებს: საქართველოს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის გარემოებებს, რომლებიც წინ უსწრებდა 8 აგვისტოს რუსების მასობრივ შეჭრას საქართველოში.

და როგორია მათ მიერ გამოტანილი ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა? ომი საქართველომ დაიწყო და პროცესის კვალდაკვალ მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდა. მე რა დასკვნა გამომაქვს? მე ეს ყველაფერი მანამდე ვიცოდი. ჩვენ ისიც ვიცოდით, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრიმინალური გამბედაობის ექსტრემალური შეტევებისადმია მიდრეკილი. ერთი წლით ადრე, ნოემბერში ის თავისი სპეცდანიშნულების რაზმებით თბილისში მომიტინგეებს დაესხა თავს, დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერები და ტელევეზია დალეწა. მაშინ ამაზე ვწერდი. მე მიმტკიცებდნენ, რომ სააკაშვილს, რომელმაც მართლაც დაამხო მისი ქვეყნის მმართველი კორუმპირებული საბჭოთა ნომენკლატურა ძალიან ბევრი ღირსება აქვს. მაგრამ მათ შორის სიფრთხილეს, ცივ გონებას, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლისადმი და დემოკრატიული ნორმებისადმი პატივისცემას, ვერ მოიძიებ.

ჩვენ მის შესახებ ეს ვიცოდით, მაგრამ ასევე იცოდნენ რუსებმაც. სწორედ ამიტომ იყო, რომ მთელი წელი დასცინოდნენ და ამასხარავებდნენ ქართველებს, აგდებდნენ მათ თვითმფრინავებს, ესროდნენ პოლიციელებს, თავს ესხმოდნენ სოფლებს - მათ casus belli-ს შემქნა უნდოდათ, სულ ერთია სად, სამხრეთ ოსეთსა თუ აფხაზეთში, საქართველოს მეორე პრორუსულ, ნახევრად ავტონომიურ მინიანკლავში. და როცა სააკაშვილმა ის გააკეთა, რასაც ასე იმედოვნებდნენ, ისინი უკვე მზად იყვნენ. როგორც ერთმა რუსმა ანალიტიკოსმა აღნიშნა რუსეთის პასუხი საქართველოს მოულოდნელ ქმედებაზე იმპროვიზირებული რეაქცია როდი იყო: ”სისწრაფე, რომლითაც მრავალრიცხოვანი რუსული კონტინგენტი საქართველოში შევიდა, შავი ზღვის ფლოტის მყისიერი განთავსება, აფხაზეთში, სადაც ქართველებს თავდასხმა არ განუხორციელებიათ, ჯარის გაგზავნის ფაქტი, ყველაფერი ერთად იმაზე მიანიშნებს, რომ ეს კარგად მომზადებული საომარი ოპერაცია იყო”. როგორც ერთმა ძალიან მაღალჩინოსანმა რუსმა ევროკავშირის ერთ ძალიან მაღალჩინოსანს ამას წინათ უთხრა: ”ჩვენ გვეგონა, რომ ქართველები 8 აგვისტოს დაიწყებდნენ შეტევას და არა 7 აგვისტოს”.

პრობლემა არაა: როცა ეს კარგად დაგეგმილი ოპერაცია დაიწყეს, მერე მთელ საქართველოში ითარეშეს, სისტემურად დაანგრიეს ქართული საზღვაო პორტები და ქარხნები, დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა და თავისი ტანკები ქვეყნის შუაგულში შემოაგელვეს ისე თითქოს თბილისის ალყისთვის ემზადებოდნენ. მაგრამ საბოლოოდ დედაქალაქში აღარ შევიდნენ. დარწმუნებული ვარ, მათ იმის დემონსტრირება უნდოდათ, რომ თუ სურვილი გაუჩნდებოდათ, ამასაც მოახერხებდნენ და შემდეგში სწორედ ამას აპირებენ. ოპერაცია დასრულდა: რუსები სახლში დაბრუნდნენ, სამხრეთ ოსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობა 20-ჯერ გააზვიადეს, საკუთარი თავი ადამიანის უფლებათა დამცველებად, ხოლო სააკაშვილი სოროსის მიერ დაქირავებულ, ამერიკული და ბრიტანული სადაზვერვო სამსახურების მარიონეტად გამოაცხადეს.

ეს ყველაფერი უკვე კარგა ხანია ცნობილია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რადგან მიმაჩნია, რომ ამ მოვლენათა ყველა ნიუანსის, სირთულის, ყველა შრის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ამბის მრავალჯერადი განმეორება მიმდინარე ტრანსატლანტიკურ სიტყვათა ომში პროპაგანდისტულ იარაღად იქცა. როცა საქართველოს პატარა, გულად და უდანაშაულო დემოკრატიად აღწერ, რომელიც ამაყად აღუდგა რუსულ დათვს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო მოსასმენია და ზოგიერთები ასეც აკეთებდნენ. ”ჩვენ ყველანი ქართველები ვართ”- განაცხადა ჯონ მაკკეინმა. ისიც კმაყოფილებას იწვევს, როცა საქართველოს ჯიბის დიქტატორულ რეჟიმად, ბოროტი ამერიკელი ნეოკონების ლაქიად და მთავარ სამხედრო დამნაშავედ გამოაცხადებ, და ზოგიერთები ასეც აკეთებენ. მართალც იმათთვის, ვისაც რუსეთთან ჩვეული ურთიერთობის აღდგენა უნდათ, ყველაფერში საქართველოა დამნაშავე.

სამწუხაროდ, ამ ორი ვერსიიდან არც ერთი არ არის ბოლომდე ზუსტი. და ვერც ახალი ”გამოძიება”, ვერც ახალი ”ფატქები” მათ ბევრს ვერაფერს შესძენს. სააკაშვილის შეტევა სამხრეთ ოსეთზე უბედურება იყო. ხმაურიანმა, ექსცენტრულმა ზეიმმა, რომელიც მოგვიანებით გაიმართა, კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია. რუსეთის პასუხიც ასეთივე საზარელი იყო, ქართველებისთვისაც და რუსებისთვისაც, რომელთა მეზობლებმა (და ინვესტორებმა) უკვე იციან, რას უნდა ელოდონ მედვედევ-პუტინის რეჟიმისგან.

დასკვნა, რომელიც ამ ბუნდოვანი სურათიდან გამოგვაქვს, არ არის მარტივი, რადგან ის არც შეიძლება მარტივი იყოს. მოკლევადიან პერსპექტივაში ქართველები უნდა დარწმუნდნენ, რომ სააკაშვილს არ მოკლავენ და არ გააძევებენ რუსეთის მიერ დაგეგმილი შეთქმულების თანახმად. გრძელვადიან პერსპექტივაში კი მათ ისეთი ლიდერი უნდა აირჩიონ, ვინც რეალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. მანამდე დასავლელმა ლიდერებმა ქართულ დემოკრატიას უნდა დაუჭირონ მხარი და არა კონკრეტულ დემოკრატებს, ხოლო რუსების სამხედრო ესკაპადებისთვის ერთობლივი პასუხი უნდა მოამზადონ. მაგრამ სანამ პროპაგანდისტული ომი ბობოქრობს, გვერდზე დგომას გირჩევდით.

ორიგინალი

No comments: