ვივ გროსკოპ
20 ნოემბერი 2008
გასული აგვისტოს ომმა რუსეთთან, საქართველო გაანადგურა: სამუშაო ადგილები, საკვები - ყველაფრის დეფიციტია. ქართველები იმას შიშობენ, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.
გვიანი შემოდგომის შუა დღე თბილისში. აკურატულად ჩაცმულ საშუალო ასაკის მამაკაცთა ჯგუფი, გაყვითლებულ შარვლებსა და გაცრეცილ კოსტიუმებში სომხურ უბანში, მოედნაზე, ხის ქვეშ ნარდს თამაშობს. მხიარული ატმოსფერო სუფევს: ალექსანდრე, ორმაცდაათ წელს გადაცილებული ამაყი მამაკაცი დანარჩენებისგან თავისი ხმამაღალი სიცილით გამოირჩევა. რომ არა მიტოვებული შენობების კონტურები მათ ზურგს უკან, თავი ხმელთაშუა ზღვის ნებისმიერ დედაქალაქში გეგონებათ.
გასული აგვისტოს ომს რუსეთთან, დედაქალაქამდე არ მოუღწევია, მაგრამ თბილისის ეს რაიონი მაინც დაბომბილს გავს. კი მაგრამ რატომ? უბრალოდ ინგრევა - გვპასუხობენ მამაკაცები. ყველაფერი უფრო ცუდადაა ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს იყო. ”შეხედეთ შენობების მდგომარეობას” - ამბობს ალექსანდრე - ”წინათ სხვანაირად ვცხოვრობდით. არავინ აღარ მუშაობს”. ადრე მექანიკური ხელსაწყოების ფაბრიკა ჰქონდა, მაგრამ ახლა იმათ რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც უკვე კარგა ხანია სამსახური არ აქვს. ალექსანდრე განათლებული კაცია, თავისი უნაკლო რუსული ეამაყება (მისი მშობლიური ენა ქართულია). საბჭოთა ერაში თავს საშუალო კლასს მიაკუთვნებდა. ახლა კი ღარიბი და დამცირებულია.
მისმა ქვეყანამ თავი გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიგდო. ხუთშაბათს ჟენევაში კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიხსნა. დისკუსიას ”რთული” უწოდეს, ხოლო თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობას ისეთივე დაძაბული, როგორც ყოველთვის. თუმცა ახალმა ლიდერმა ვაშინგტონში შესაძლოა სიტუაცია შეცვალოს: სულ მალე პრეზიდენტი სააკაშვილი დასავლეთში თავის მთავარ მოკავშირეს, ჯორჯ ბუშს დაკარგავს. პოპულისტსა და ოპორტუნისტ სააკაშვილს, ბევრი ქართველი ზედმეტად იმპულსურად მიიჩნევს და ამიტომ მის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს გეგმავს.
ედუარდ შევარდნაძის გადაყენების შემდეგ 2003 წელს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ახლა 40-ისაა, მილიონობით უცხოური დაფინანსება მოიზიდა. ის დასავლეთის აღქმაში პროდასავლელი რეფორმატორი და დემოკრატი იყო. აგვისტოს ომის დროს ამერიკამ მას 22 მილიონი დოლარი გამოუყო და კიდევ 1 მილიარდს სექტემბერში შეპირდა. ეს 2007-ში მიღებულ საგარეო ინვესტეციას, 1.6 მილიარდ დოლარს დაემატება. თანხის უმეტესობა აშშ-დანაა, ყველაფერი ერთად კი 40%-თ მეტია, ვიდრე წინა წელს. ალექსანდრეს აზრით, მთელი ეს არეულობა უცხოელების ბრალია, ისინი უმაგრებენ ზურგს საეჭვო რეჟიმებს. ”ჩვენი ხელისუფლება უფრო კორუმპირებულია, ვიდრე რომელიმე სხვა მსოფლიოში. აშშ და დიდი ბრიტანეთი კი კორუფციაში ხელს უწყობენ”.
ამერიკული ფული ალექსანდრეს მსგავს ადამიანებმადე ვერ აღწევს. საერთაშორისო აეროპორტიდან სომხურ უბნამდე მხოლოდ ბუშის ქუჩა მოდის. პრეზიდენტ ბუშის პორტრეტებით მორთული ერთადერთი გზა ქალაქში, რომელზეც ორმოებს არ შეხვდები. მაგრამ ალექსანდრეს უცხოეთში წასვლა არ შეუძლია, არც იმის იმედი აქვს, რომ მოკლე დროში რაიმე ფულს მოიძიებს, ამიტომ ამ მარშრუტით არასდროს სარგებლობს.
ადგილობრივი ხელისუფლება უცხოურ დახმარებას იმისთვის იყენებს,რომ საუკეთესო ადგილები შეისყიდოს და იქიდან ღარიბები გააძევოს - ამბობს ალექსანდრე. მის სახლსაც ემუქრება საფრთხე. ის დიდი, დიდი ბებიისგან მემკვიდრეობით მიიღო, მისი ოჯახის ყველა წევრი აქ დაიბადა. ალექსანდრე ყვება, რომ ბევრი მისი ნაცნობი თავს ქურდობით ირჩენს: პურს ერთგან მოიპარავს, სუპერმარკეტში - კიდევ რაღაცას. იმასაც ამბობს, რომ მისი პატიმარი ნაცნობები ციხეში დარჩენას თავგამოდებით ცდილობენ, რადგან იქ არ შიათ.
44 წლის ბიოლოგი ნანა თავის 4 წლის შვილთან ერთად პარლამენტის შენობის მახლობელ პარკში სეირნობს. სწორედ აქ ზეიმობდნენ 2003-ში სააკაშვილის მომხრეები შევარდნაძის გადადგომას. ”ახლა ყველაფერი ისე არაკომფორტულია” - ამბობს ნანა - ”შეშინებული ამ მომენტში არ ვარ, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ არასწორი მიმართულებით მივდივართ”.
მას თავისი შვილის მომავალი აწუხებს. ინტელიგენციის 80 პროცენტმა სამსახური დაკარგა, გვიყვება ნანა, მეცნიერები აღარავის სჭირდება, როგორც საბჭოთა დროს სჭირდებოდათ. ”მე ბედმა გამიღიმა, სამსახური დღემდე მაქვს. იმ ადამიანთა უმეტესობა, ვისაც ვიცნობ, უმუშევარია. არა მგონია პრობლემები რუსეთთან მშვიდობიანად მოგვარდეს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან შემაშფოთებელია. სააკაშვილს ძალა არ უნდა ეხმარა (სეპარატისტული პროვინციისა და აფხაზეთის წინააღმდეგ). ეს არ იყო სწორი. ასე მგონია, რაღაც ფაქტებს გვიმალავენ. ვიღაც ამ სიტუაციით სარგებლობს, მაგრამ ვინ, ვერ გაიგებ. მე ვეთანხმები იმას, რომ ამ ტერიტორიებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ისინი ჩვენია და არა რუსეთის. მაგრამ ეს ბრძოლა დიპლომატიური უნდა იყოს და არა სამხედრო. რატომ უნდა მოკლან მსგავსი პრობლემების გამო ადამიანები?”.
ერთადერთი იმედი, ამბობს ნანა, პოპულარული პოლიტიკოსი ქალი ნინო ბურჯანაძეა, 44 წლის დემოკრატი, რომელმაც მანამდე, სანამ სააკშვილი თანამდებობას დაიკავებდა, ცოტა ხანს პრეზიდენტის ფუქნციას ასრულებდა. ბურჯანაძემ უკვე განაცხადა, რომ ამ ზაფხულის ქმედებების გამო სააკაშვილის წინააღმდეგ პროტესტს უერთდება და არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ამბობენ, რაღაც შეიძლება ამ თვის ბოლოს მოხდეს ”მაგრამ არავინ იცის რა” - ამბობს ნანა, და თავის ვაჟს ეფერება. რაც უფრო მეტს ლაპარაკობს, მით უფრო ცუდ გუნებაზე დგება. ”უკაცრავად, კარგად ვერ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ მეშინია”.
მიწისქვეშა გადასასვლელს მთავარ ქუჩაზე, რუსთაველზე გავყავართ. ოთხი პირქუში გარეგნობის ახალგაზრდა იატაკზე დაგდებულ ქუდთან ჩაკუზულა. უცებ პირს აღებენ და გარშემო წმინდა წყლის ქართული ჰანგი ისმის. მათ გვერდზე საშინაო ხალათში და ფოსტლებში გამოწყობილი ქალი ფარდებს ყიდის. რამდენიმე მოხუცებულ კაცს გადმოყირავებულ მუყაოს ყუთზე პამიდვრითა და პურით პიკნიკი გაუმართავათ. გარეთ ქუჩაში უამრავი უპატრონო ძაღლი და კატაა. გზადაგზა კარგად ჩაცმულ შუა ხნის ადამიანებს ხვდები. ისე სხედან თითქოს რაღაცას ან ვიღაცას ელოდებიან. მერე მათ გამოწვდილ ხელებს ამჩნევ, დარცხვენილ სახეებს და ხვდები, რომ მათხოვრობენ. ქუჩის ლამპიონებთან ვიღაც კაცი ბუშტების გაყიდვას ცდილობს.
რუსეთთან აგვისტოს ომამდე საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. 2007 წელს ეკონომიკური ზრდა, EurasiaNet-ის მონაცემებით 12.4 პროცენტს შეადგენდა. სტაბილურობის ნიშნები ახლაც მრავლდაა: BP-ს, PricewaterhouseCoopers-ს, პეპსის, კოკა-კოლას და სხვათა ოფისები. თბილისში კაფეების ბუმია - ბოლო თვეებშიც ლიტერატურული კაფეების მთელი წყება გაიხსნა. ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც რამდენიმე ენაზე ლაპარაკობს (ასეთი კი ბევრია) პერსპექტივა არც თუ ისე ცუდი უნდა იყოს. ამოქმედდა ახალი სასტუმროები, მომსახურების სფერო ფართოვდება. მათ, ვისაც დასავლურ კომპანიაში მუშაობის შანსი მიეცემა, მაღალი ხელფასის, თვეში 2000 დოლარის, იმედი შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ ეს მხოლოდ პრივილიგირებულ უმცირესობას ეხება. მასწავლებლებისა და ექიმების ხელფასები ამის მეათედია. ხოლო ალექსანდრეს მსგავი ადამიანები საერთოდ ჩამოწერეს.
თბილისის ყველაზე მდიდრულ უბანში, შარდენზე უფრო საბრძოლო განწყობილება სუფევს. 50 წლის ბესარიონ დარჯანი გალერეის თავაზიანი მფლობელი გვეუბნება, რომ არსებულ რეჟიმს მხარს უჭერს. ამერიკული მხარდაჭერის გარეშე საქართველოში უარესი ვითარება იქნებოდა.
”ყველაფერი ფულის გამო ხდება, ნავთობსადენი და რუსეთის იმპერიული პრეტენზიები” - ამბობს ბესარიონი - ”პუტინს უნდოდა, რომ სადღაც ღვთით დავიწყებულ ციმბირულ ქალაქში, გადაკარგულში ახალ ამბებში დაბომბვა ენახათ, გულში მჯიღი დაეკრათ და ეთქვათ ”ეს ჩვენი ტერიტორიაა!”. სააკაშვილი ვალდებული იყო გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. რუსებისგან ჩვენი ტერიტორია უნდა დაეცვა. მას პროვოკაცია მოუწყეს”.
მის გალერეაში 50-მდე ადგილობრივი მხატვრის ნამუშევარი იყიდება. თითოეულ მათგანს ათამდე ადამიანი ყავს შესანახი. ნამუშევრებს ძირითადად უცხოელები ყიდულობენ, ამბობს ბესარიონი, ასე რომ მას უცხოელების და მათი ფულის დანახვა უხარია. უკანა ეზოში, გალერეასთან ამერიკელთა ჯგუფი ბოთლ ქართულ ღვინოს სვამს. გასულ თვეში საქართველოს სავაჭრო პალატა ბრიტანელ ტუროპერატორთა მოზრდილ ჯგუფს მასპინძლობდა. მაგრამ გადაუჭრელი კრიზისის პირობებში, როდესაც შესაძლოა კონფლიქტმა ისევ იფეთქოს, უცხოელები ნაკლებად ჩამოვლენ.
სიტუაცია რუსეთთან სწრაფად ვერ გადაწყდება, ამბობს დარჯანი, მისი ბიზნესი შეიძლება გაჩერდეს: ”რუსეთი ყველას ემტერება, ყველას, ვინც იმპერიას გზაზე გადაეღობება. ახლანდელმა რუსულმა ხელისუფლებამ საქართველოსა და რუსეთის მეგობრობა არად ჩააგდო. მე რიგით რუსებს არ ვადანაშაულებ. ლენინგრადში და მოსკოვში ბევრი მეგობარი მყავს. მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მცხოვრებლები ქართველები არიან. მათ ეროვნება რუსეთმა ხელოვნურად შეუცვალა, პასპორტები დაურიგეს, ფული და დამოუკიდებლობას შეპირდნენ. მაგრამ იმ ფაქტს რას მოუხერხებენ, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა და იქ ქართველები ცხოვრობენ?”
ბევრმა სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან თავშესაფარი თბილისში, ჰოსპიტალებსა და სკოლებში ჰპოვეს. მათი რაოდენობა 20 000-დან 60 000-მდე აღწევს. (გაეროს მონაცემებით, კიდევ 20 000 რუსეთშია გაქცეული).
ხელისუფლება რეგულარულად აწყობს გასართობ ღონისძიებებს. როდესაც შაბათ ღამით თეატრში თავმოყრილ ასობით ადამიანს უყურებდი, უცნაური განცდა გეუფლებოდა - ახალი ტიპის ლტოლვილები: უზადოდ ჩაცმული ბავშვები, რომლებიც ერთმანეთს მობილურით სურათებს უღებდნენ.
საღამოს თბილისელებიც ესწრებოდნენ. აივანზე ქალების ჯგუფს შევხვდი. ატლასის ბლუზები და ტყავის შარვლები ეცვათ. საქართველოს ბედზე შეწუხებულებს არ გავდნენ. ”აგვისტოში თბილისში ბევრს ვერაფერს შენიშნავდი” - მითხრა ერთ-ერთმა ”საწყენია, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე მგონია, რაც არ უნდა მოხდეს, ევროკავშირი და ნატო დაგვიცავს, განსაკუთრებით, თუ მართლა ცუდად წავა საქმე”.
მაგრამ უფროსი თაობის წარმომადგენლებმა იციან, როგორ წყდებოდა კონფლიქტები წარსულში. ამ თეატრის ბევრი მსახიობი 1990-იანებში აფხაზეთის ომში დაიღუპა. ”პატარა ბიჭები იყვნენ, თოფის ჭერაც კი არ იცოდნენ” - გვეუბნება თეატრის დირექტორი რობერტ სტურუა - ”მე ვუთხარი: ”თუ ომში წახვალთ, უკან აღარ დაბრუნდეთ, მკვლელები თეატრში არ მჭირდება”.
თეატრს მთავრობა ძუნწად აფინანსებს, მაგრამ საქმეს უცნობი ბიზნესმენის შემოწირულობები შველის - აქედან იხდიან დირექტორისა და მსახიობების ხელფასს. სახელმწიფოსგან ბევრს არაფერს უნდა ველოდეთ, ამბობს სტურუა. ”ჩვენ ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ძალიან ბევრ შეცდომას სჩადის. თუმცა, ეს ნორმალურია. ესაა თავისუფლება, როგორც ჯეფერსონი ამბობდა: ”თავისუფლება ის ხეა, რომელიც სისხლით უნდა მოირწყას. სასტიკად ჟღერს, მაგრამ ასეა. საქართველომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ყველაზე მეტი გადაიტანა. მთელი თაობაა ისეთი ადამიანების, რომლებმაც იმედი ბოლომდე დაკარგეს”.
ყველაზე მეტად ზაფხულის ომმა საქართველოს უდიდესი კულტურული მიღწევები დაჩრდილა, ამბობს სტურუა. ედინბურგის ფესტივალზე საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა დიდი მიწონება დაიმსახურა - ყველაზე ცნობილმა ქართველმა ბალერინამ ნინო ანანიაშვილმა ”ჟიზელი” წარმოადგინა. მეორე ქართველი მოცეკვავე დავით მახათელი ლონდონის სამეფო თეატრის ამომავალი ვარსკვლავია.
სტურუას მიაჩნია, რომ ცხოვრება აგვისტოს შემდეგ ნელ-ნელა ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება: არ ჩანან სამხედროები და ტურისტებიც ბრუნდებიან. კულტურულ და ისტორიულ ტურიზმს ბევრი საქართველოს გადარჩენის შესაძლებლობად მიიჩნევს. სტურუა ოპტიმისტია: არ ესმის რატომ არ უნდა აყვავდეს საქართველო მას შემდეგ, რაც რუსეთთან ტერიტორიულ პრობლემებს გადაწყვეტს.
ასეთი მოსაზრებები ალექსანდრეს მსგავს ადამიანებს ვერაფრით ამშვიდებს. მას რეჟიმის შეცვლა უნდა და სულ არ ანღვლებს ვინ გახდება პრეზიდენტი, თუ ის ანტიკორუფციულ პოზიციას დაიკავებს. ”აქ ნორმალური ცხოვრება არა გვაქვს” - ამბობს ალექსანდრე - ყველაფერი დანგრეულია. გინდაც მუშაობდე, შეიძლება ხელფასი არ გადაგიხადონ. მაგრამ როგორ არსებობენ ადამიანები? კარგი კითხვაა” - იცინის - ”რატომ არ ეკითხებით ჩვენს ხელისუფლებას როგორ გააქვთ თავი ჩემნაირებს? მათ ეს არ ანაღვლებთ”.

No comments:
Post a Comment