ფრენკ ჯორდანსი
20 ნოემბერი 2008
ჟენევა (AP) - მედიატორებმა ოთხშაბათს რუსეთი და საქართველო პირდაპირ მოლაპრაკებებზე დაითანხმეს. მათ ორ მეზობელს კავკასიაში აგვისტოს ომის გამო წარმოქმნილი ლტოლვილთა და უსაფრთხოების საკითხების მოგვარება მოსთხოვეს.
ჟენევაში, გაეროს ევროპულ შტაბ-ბინაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარე ერთდღიან მოლაპარაკებებში რვა მხარე მონაწილეობდა. გადაწყდა, რომ მორიგი შეხვედრა შემდეგ თვეში გაიმართება - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა პიერ მორელმა.
”დღეს ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით” - თქვა მორელმა - ”მოლაპარაკებების მონაწილე ყველა მხარემ გააცნობიერა, რომ უსაფრთხობის საკითხები კვლავინდებურად არადამაკმაყოფილებელია”.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ აღრიცხა 30 000-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც დღემდე ვერ ბრუნდებიან შინ, ხოლო სიტუაცია რეგიონში კვლავ ძალიან დაძაბულია.
”აქ კიდევ რჩება ადგილები, სადაც ეთნიკურ შეჯახებებსა და ეთნიკურ ზიზღს ისევ აქვს ადგილი” - აღიარა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.
მისმა კომენტარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგა ბოკერიას რეპლიკაშიც ჰპოვა ასახვა. ის შეშფოთებულია: ”ეთნიკური წმენდების გამო იმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობენ ეთნიკური ქართველები”.
მორელმა განაცხადა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ყველა მხარე ერთმანეთს უშუალოდ შეხვდა. მოლაპარაკებების პირველი მცდელობა გასულ თვეში ჩაიშალა. მაშინ მხარეები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა მოლაპარაკებებში საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებმა.
მაქსიმ ღვინჯიშიამ აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მისი და სამხრეთ ოსეთიდან მისი კოლეგების დელეგაციები მოლაპარაკებებში არაფორმალურ მონაწილეობაზე დათანხმდნენ იმისთვის, რომ პროცესი არ ჩაშლილიყო.
სხვა მონაწილეთა შორის იყვნენ: ევროკავშირი, გაერო, რუსეთი, საქართველო, აშშ, ეუთო.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დენიელ ფრიდმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა ”ბევრად უფრო უკეთ” ჩაიარა, ვიდრე პირველად.
”წარიმართა ნაყოფიერი დისკუსია რამდენიმე რთულ საკითხზე” - ამბობს ფრიდი - ”(მაგრამ) რჩება ფუნდამუნტურ განსხვავებათა ფართო სპექტრი”.
”იქ იყო და დღემდე რჩება უამრავი შეიარაღებული ადამიანი... რომელთაც სროლის გარდა არაფერი უნდათ” - თქვა მან.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა შონ მაკკორმაკმა მოლაპარაკებებს” პოზიტიური ნაბიჯი უწოდა.
რუსეთმა შეხვედრის მიმდინარეობისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე თავდაუსხმელობის პირობა უნდა დადოს და სხვა სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ საქართველოსთვის თავდასხმითი შეიარაღების მიწოდებისგან.
კარასინმა თქვა, რომ შეხვედრიდან წინააღმდეგობრივი შთაბეჭდილებებით გამოვიდა, მაგარამ აღნიშნა, რომ ”იმედის განცდა” გაუჩნდა.
იოჰან ვერბეკემ, გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მხარეები საზღვრების დემარკაციის მეთოდზე შეთანხმდნენ და უსაფრთხოებისა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხებზე მუშაობა დაიწყეს.
”მე ამას სერიოზულ ნახტომს ვუწოდებდი” - ამბობს ვერბეკე - ”თითოეული დელეგაცია გამოთქვამდა აზრს და ყველა ერთმანეთს უსმენდა”.
160 000-ზე მეტი ადამიანი გამოექცა საბრძოლო მოქმედებებს, რომლებიც 7 აგვისტოს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად შეტევა განახორციელეს. რუსულმა არმიამ შეტევა მოიგერია და ღრმად შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც კვირეების განმავლობაში რჩებოდა.
რუსეთს დღემდე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ათასობით მეომარი ჰყავს დატოვებული. მან ორივე ანკლავის დამოუკიდებლობა აღიარა.
Amnesty Internationale-მა ორივე მხარე ომის მსვლელობის დროს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა.
No comments:
Post a Comment