ჩარლზ კინგი
ნოემბერი 2008
დასავლეთს ის დრო დაუდგა, როდესაც უნდა გააცნობიეროს, რომ მიხელ სააკშვილი წმინდანი არ არის და არც საქართველოა უმანკო მსხვერპლი.
მედიამებრძოლი, მიხეილ სააკაშვილი პროპაგანდის ოსტატია.
აგვისტოს წარსული ხანმოკლე ომი საქართველოსა და რუსეთს შორის, მხოლოდ სამხრეთ ოსეთის დამრეც მთებზე როდი მიდიოდა, მეორე ფრონტი საერთაშორისო ბეჭდურ და სამაუწყებლო მედიაში იყო გახსნილი. თუ ქართულმა ჯარმა პირველ ფრონტზე თავი მანცდამაინც ვერ გამოიჩინა, მისი ხელიუსფლება, კონკრეტულად კი პრეზიდენტი აბსოლუტურად დომინირებდა მეორეზე.
ომის დაწყების პირველსავე საათებში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეთერი დაიპყრო, რათა მსოფლიოს თანაგრძნობა და დახმარება მიეზიდა. საერთო ჯამში, მისმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და დასავლურმა პუბლიკამ ირწმუნა ისტორია პატარა დემოკრატიაზე, რომელსაც ნაძირალა სუპერიმპერია ებრძვის. რუსულ ვერსიას, რომლის თანახმადაც გაუწონასწორებელი და ძალაუფლების მოყვარული საქართველოს პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთში გენოციდისთვის ემზადებოდა, შინ, რუსეთში კარგად
იყიდებოდა, მაგრამ საერთაშორისო ბაზარზე ცუდად რეზონირებდა. 
ამ ბოლო თვეებში მანამდე ორივე მხარის მიერ გავრცელებულ კარიკატურულ ვერსიებზე უფრო რთულმა სურათმა იწყო ამოტივტივება. არც ერთი მონაწილე მხარე უდანაშაულო არ აღმოჩნდა. ახლად მოძიებული ინფორმაციის შუქზე გაირკვა, რომ არჩეული პრეზიდენტისთვის, ბარაკ ობამასთვის საქართველოს ალაგმვა რუსეთის ალაგმვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება.
დაპირისპირების დასრულების და რუსეთის ჯარის საქართველოდან გასვლის შემდეგ რუსეთი და საქართველო ომის დასაწყისისა და მისი წარმოების მეთოდების შესახებ ერთმანეთს ექიშპებიან. კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები კვლავინდებურად შავ-ბნელ შუქში მოჩანს. ორივე მხარე ისტორიულ ანალოგიებს არგუმენტებად იყენებს - ეს ხან სუდეტების წინააღმდეგ ჰიტლერის 1938 წლის აგრსიაა, ხან 1979-ში საბჭოთა კავშირის დახმარება ავღანეთის არალეგიტიმური ხელისუფლებისადმი, მაგრამ ერთი რამ ყველასთვის ცხადია: დასავლეთმა და კერძოდ კი შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლეს მაჩხუბარა ქართული ხელისუფლების შეკავება და ამიტომ შიდა ტერიტორიული პრობლემა რეგიონალურ ომამდე მივიდა.
რუსეთის პასუხი გადაჭრაბებული, სამარცხვინო იყო და აბსოლუტურად სამართლიანად დაიგმო, მაგრამ აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ უნდა გააცნობიეროს, რომ კონფრონტაციული თამაშები შესაძლოა როგორც მტრის, ასევე მეგობრის მიმართ გამოიყენო. აშშ-ს წარმომადგენლები აფრთხილებდნენ თბილისს, რომ სამხედრო ძალის გამოყენება სახიფათოა, მაგრამ სააკაშვილი თავისი რიტორიკით დაძაბულობის ესკალაციას განაგრძობდა. დასავლელების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ინტეგრაცია დემოკრატიულ სივრცესა და ნატოში უკვე გარანტირებულია, ის სათავისოდ იყენებდა. წინააღმდეგობრივმა მესიჯებმა, რომელსაც საქართველო ამერიკიდან იღებდა, მას ისეთი განცდა გაუჩინა, რომ სწრაფ და წარმატებულ ომს აშშ გაამართლებდა.
ომის დაწყების შესახებ ახლად მოპოვებულმა მასალამ საქართველოს მონაცემები ეჭვქვეშ დააყენა. ნიუ-იორკ ტაიმსის ორი ვეტერანი კორესპონდენტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მშვიდობიანი რაიონების დაბომბვა ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ამას საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა. ემნესტი ინტერნეიშენალმა დაგმო ორივე მხარე იმისთვის, რომ მათ ვერ შეძლეს ომის მსვლელობისას მშვიდობიანი მოსახლეობის ადეკვატურად დაცვა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს განცხადებებით სამხრეთ ოსეთის მილიციის მიერ ქართულ სოფლებში ჩატარებულ სისტემატურ ეთნიკურ წმენდებთან შედარებით, ყველა სხვა სახის დარღვევა ფერმკრთალდება, ახლად მოპოვებულ ინფორმაციას მაინც მნიშვნელოვნი განსხვავები შეაქვს დასავლური მედიის საწყის პოზიციაში, რომელიც ძირითადად ქართველების პი-არ მცდელობებით გავრცელდა.
სამწუხაროდ, პრეზიდენტ სააკაშვილის უპირობო მხარდამჭერები ვაშინგტონში ომის მიზეზებს კვალვინდებურად გამარტივებულად ხსნიან. ისინი საქათველოს ინტერესებს მხოლოდ რუსეთის მიერ ევრაზიული სტატეგიული უწესო თამაშების კონტექსტში განიხილავენ. ქართველებს უფრო ნიუანსირებული ხედვა აქვთ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქართველთა უმეტესობის აზრით, ქვეყანა უფრო სწორედ იმართება, ვიდრე ომამადე. მაგრამ კითხვაზე ”რისი ეშინიათ ყველაზე მეტად, ქართველების მხოლოდ 8% გასუხობს, რომ ”რუსეთის აგრესიის”. 48%-ს მიაჩნია, რომ კონფლიქტის განახლება მათში საფრთხის განცდის მთავარი მიზეზია. უფრო მეტიც, ევროკავშირისა და ნატოს წევრობა უმეტესი ქართველების აზრით, ნაკლებად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნასთან შედარებით.
სააკაშვილმა და მისმა პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ უფრო დიდი მხარდაჭერა მოიპოვეს, ვიდრე ოდესმე. დაღმავლობის გზაზე მდგომმა, ათასგვარ მითქმა-მოთქმაში ჩათრეულმა პარტიამ, დღეს 50%-ზე მეტი ხმა მოაგროვა. მაგრამ დაძაბულობა ნელ-ნელა მატულობს. რამდენიმე პოლიტიკური ფიგურა, ვინც თავდაპირველად სააკაშვილს უჭერდა მხარს, ახლა საჯაროდ სვამს მკაცრ კითხვებს. ნოემბრის დასაწყისში ოპოზიციის 15000-ზე მეტმა მხარდამჭერმა თბილისში საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვდნენ და სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი საპროტესტო ტალღის აგორების დაპირებას იძლეოდნენ.
დასავლელმა სახელმწიფოებმა ქართველების აზრი უნდა გაითვალისწინონ. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდაჭერა და საქართველოს de jure საზღვრების, ქართული დემოკრატიის მხარდაჭერა აღარაა ერთი და იგივე და შესაძლოა პირიქით, ურთიერთ გამომრიცხავი პროცესებიც იყოს. საქართველოს მეგობრებმა უნდა შეისმინონ ის, თუ როგორ აღიქვამენ ქვეყნის მოქალააქეები საქართველოს ინტერესებს - ბევრად უფრო რაფინირებულად, ბევრად უფრო დიფერენცირებულად, ბევრად უფრო პრაგმატულად, ვიდრე ეს მათ პრეზიდენტს მოეწონებოდა.
მიხეილ სააკაშვილმა სერიოზულ რეფორმებს უხელმძღვანელა და ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ მისი ქვეყანა ევროპულ დემოკრატიას მიახლოვებოდა, მაგრამ აშშ-მ ახლა თავისი პოლიტიკა ორივე ქვეყნის ერთობლივ ინტერესებს უნდა დააფუძნოს და არა მხლოდ იმ კაცს, ვინც მარკეტინგულ კამპანიას საზრიანად ატარებს.
 
No comments:
Post a Comment