ლადა ევგრაშინა
15 ნოემბერი 2008
ბაქო (როიტერი) – მიმდინარე კვირას კასპიის ენერგო-რესურსების მფლობელი ქვეყნების შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ ისინი კვლავ მოსკოვის გავლენის სფეროში რჩებიან, რადგან ზოგიერთმა საკვანძო მწარმოებელმა უარი თქვა ხელი მოეწერა დეკლარაციაზე, რომელიც დასავლეთში ექსპორტის მარშრუტებზე რუსეთის მონოპოლიისთვის ზღვარის დაწესებას ითვალისწინებდა.
ყოველწლიურ სამიტზე, პარასკევს, მოსკოვის ენერგეტიკული მარშრუტების ყველაზე მკაცრი კრიტიკოსები, ევროპაში გაზის მიწოდების მარშრუტებისა და ნავთობის რესურსების მეტი დივერსიფიკაციისკენ მოუწოდებდნენ. სამიტში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, პოლონეთი და აშშ-ს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მაგრამ გადამწყვეტმა ქვეყნებმა ყაზახეთმა და თურქმენეთმა პარასკევს საბოლოო დეკლარაციას ხელი არ მოაწერეს, მაშინ როდესაც მასპინძელმა აზერბაიჯანმა, რომელიც ასევე კასპიის ენერგიის მარაგის სერიოზული წილის მფლობელია, განაცხადა, რომ კონკურენტუნარიან პროექტებს მიესალმება.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ განვაგრძობთ ძალისხმევას... ერთობლივი პროექტების რეალიზაციისკენ, რომლებიც ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას განამტკიცებს, განსაკუთრებით გაზის ტრანზიტის პროექტებს, იმ პროექტებსაც, რომლებიც საქართველოს და თურქეთის ტერიტორიაზე გადის”, ნათქვამია საბოლოო დეკლარაციაში.
როიტერს და ზოგიერთ სხვა უცხოურ მედია საშუალებას სამიტზე დასწრების საშუალება არ მიეცათ. შეხვედრას, აზერბაიჯანის, საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის, თურქეთის და ლიტვის, ასევე აშშ-ს მაღალი რანგის ჩინოვნიკები, ყაზახეთის, ბულგარეთის, უნგრეთის და ესტონეთის, საბერძნეთის, რუმინეთის, და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგანტოების ცნობით, რუსეთის ენერგეტიკული პოლიტიკა ყველაზე მკაცრად საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ რუსეთს კასპიის ზღვის ენერგეტიკული რეგიონის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევა 2013 წლისთვის სურდა. ნავთობსადენს, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთისკენ საქართველოს ტერიტორიის გავლით გადის, აგვისტოს კონფლიქტის დროს საბრძოლო მოქმედებებს 60 კილომეტრი აშორებდა.
"მონოპოლიზმი გაზის სფეროში დაუშვებელია", გადმოსცა სახელმწიფო ტელევიზიამ ლიტვის პრეზიდენტის ვალდას ადამკუსის სამიტზე გაკეთებული განცხადება.
აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრმა სემუელ ბოდმანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ომმა "ენერგეტიკის დივერსიფიკაციის მნიშვნელობა დაგვანახა". "მიმაჩნია, რომ ამერიკის ახალი მთავრობა ენერგეტიკის სფეროში ქვეყნებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს”, თქვა ბოდმანმა.
აზერბაიჯანი ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელიც მსოფლიო ბაზრებს ნედლეულის და გაზის დიდი რაოდენობით ამარაგებს – რუსეთის გვერდის ავლით (BP) თურქეთისკენ მიმავალი ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენით და ასევე თურქეთთან დაკავშირებული BP-ის და Statoil Hidro გაზით.
სხვა ალტერნატიული პროექტები, რომლებსაც მოსკოვის ენერგეტიკული მარშრუტებისთვის გვერდი უნდა აევლოთ, რეგიონში გასულ დეკადაში დაიგეგმა, მაგრამ დაფინანსების პრობლემების და მათი მშენებლობისთვის არასაკმარისი რესურსების გამო, მათი განხორციელება ვერ ხერხდებოდა.
"კასპიის ზღვის პროექტები თანამშრომლობისთვის ღიაა. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია მასში მონაწილეობა. ისინი არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, მათ უბრალოდ ერთმანეთს კონკურენცია უნდა გაუწიონ", განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
მოსკოვის ოპონენტების და ამერიკელების მხარდაჭერილ პროექტებს შორისაა ნაბუკოს გაზსადენი, რომელიც ევროპას რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით მოამარაგებდა. მაგრამ დღესდღეობით აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს მართავს – გაზი ევროპას მიჰყიდოს, თუ რუსეთს, რომელიც აზერბაიჯანს გაზის შესყიდვას საბაზრო ფასებში პირდება და ამტკიცებს, რომ ნაბუკო ვერასდროს აშენდება, რადგან აზერბაიჯანს მისთვის საკმარისი გაზის მარაგი არ გააჩნია.
თურქმენეთი და ყაზახეთი თავიანთი ნავთობის და გაზის დიდ ნაწილს რუსეთზე ყიდიან ან ექსპორტს რუსეთის ტერიტორიის გავლით ეწევიან. უახლოეს მომავალში მათ შეზღუდეს საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციის პერსპექტივა.
უკრაინა რუსეთის ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებას გეგმავს - ოდესა-ბროდის ნავთობსადენის პროექტის ამუშავებით, რომელიც აზერბაიჯანის ნავთობს პოლონეთის და ცენტრალური ევროპისკენ გაატარებს. აზერბაიჯანმა პირობა დადო, რომ ნავთობსადენს მრავალი წლის განმავლობაში მოამარაგებდა, მაგრამ საბოლოო ხელშეკრულება ჯერ ხელმოწერილი არ არის.
No comments:
Post a Comment