Wednesday, April 16, 2008

მედვედევი ობამას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

ap_logo3

ლინ ბერი
16 ნოემბერი 2008

ვაშინგტონი (AP) - დიმიტრი მედვედევი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის სტატუსში პირველად ეწვია ვაშინგტონს, სულ არ წააგავდა იმ კაცს, ვისაც რუსები აქამდე იცნობდნენ.

თვითდარწმუნებული, უფრო მეტიც მომხიბვლელი და თანამშრომლობის სულით განმსჭვალული ის შაბათს  ბარაკ ობამას ადმინისტრაციისთვის ხმის მიწვდენას ცდილობდა.

ის არც იმუქრებდა, არც ხისტ გამოთქმებს ხმარობდა, ისე, როგორც ამას ამ ბოლო თვეებში აკეთებდა, როდესაც თავისი წინამორბედსა და მენტორს, რუსეთის დღევანდელ რეალურ ლიდერს, პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს მოუხეშავად ბაძავდა.

როდესაც ამ წლის დასაწყისში პუტინმა თავის მემკვიდრედ დიმიტრი მედვედევი აირჩია, ეს თითქოს იმაზე მიანიშნებდა, რომ რუსეთმა დასავლეთთან და დასავლელ ინვესტორებთან ურთიერთობების გაუმჯობესება გადაწყვიტა.

მაგრამ საქართველოსთან, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკასთან, რომელიც თავს ვაშინგტონის მოკავშირედ მიიჩნევს, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა კურსი შეცვალა.  მაშინ მედვედევი დასავლეთს აგრესორად მოიხსენიებდა, ხოლო მის გამოსვლებს მყისიერად მიეცა პუტინისეული ჟღერადობა.

4 ნოემბრის არჩევნებმა, ობამას მოსვლამ ხელისუფლებაში რუსეთსა და შეერთებულ შტატებს თითქოს ახალი სტარტის შესაძლებლობა მისცა. მაგრამ იმის მაგივრად ობამას გამარჯვებას მისალმებოდა, მედვედევმა მას  ახალი გამოწვევა გაუგზავნა.

5 ნოემბრის გამოსვლაში, ის აცხადებდა, რომ რუსეთის ნატოს საზღვრებთან მოკლე დამიზნების რაკეტების განთავსებას იმისთვის გეგმავს, რომ აშშ-ს მიერ აღმოსავლეთ ევროპაში სარაკეტო თავდაცვითი სისტემების დაყენება გაანეიტრალოს.

მას შემდეგ მედვედევმა ტონი შეარბილა. მაგალითად, შაბათს განაცხდა, რომ რუსეთი აღარ იმოქმედებს ამ მიმართულებით, თუ შეერთებული შტატები პირველ შემხვედრ ნაბიჯს გადადგამს. მან ამავე დროს, იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტარცია ღია იქნება მოლაპარაკებებისათვის.

მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ნდობის დეფიციტია, მაგრამ დაამატა, რომ პარტნიორული ურთიერთობების დამყარება ”ჩვენს ხელშია”.

მან ობამას შეხვედრისკენ მოუწოდა. მას შემდეგ, რაც 20 იანვარს არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს, ეს შეხვედრა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შედგეს, ხოლო სარაკეტო თავდაცვითი სისტემები მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი სასტარტო საკითხია.

”მე ვიმედოვნებ, რომ ახალი პრეზიდენტი, ახალი ადმინისტრაცია მოინდომებს ამ თემის განხილვას”-უთხრა მედვედევმა საგარეო ურთიერთობების საბჭოს წევრებს-”როგორც მინიმუმ, პირველი სიგნალი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მიგვანიშნებს, რომ ჩვენი პარტნიორები ფიქრობენ პრობლემებზე და არ აპირებენ თავის გეგმების პირდაპირ აღსრულებას”.

რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც ვაშინგტონში გლობალური ფინანსური კრიზისადმი მიძღვნილ სამიტზე ჩამოვიდა, მოკლე სიტყვა წარმოთქვა, შემდეგ ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მარგარეტ ოლბრაიტის გვერდით სავარძელში თავის ადგილს დაუბრუნდა და მასთან დისკუსია განაგრძო. ოლბრაიტის არჩევაც ნიშნეული იყო, რადგან სამიტზე ის ობამას შემცვლელის როლს ასრულებდა.

სარაკეტო თავდაცვითი სისტემას ბუშის ადმინისტრაცია ძალიან უჭერდა მხარს და მას ირანისგან ევროპის .დასაცავად აუცილებელ პირობად ასახელებდა. რუსეთმა კი ის ”ცივი-ომის” ტიპის პროექტად აღიქვა.

ობამას ღიად არ გამოუხატავს პროექტისადმი თავისი დამოკიდებულება. მან განაცხადა, რომ უფრო გონივრული იქნებოდა, თუ ”შევისწავლიდით შესაძლებლობებს” და აშშ-ს სარაკეტო თავდაცვითი სისტემების ტექნიკური შესაძლებლობებისადმი ეჭვი გამოთქვა.

ანდრიუ პიერი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დიპლომატიის სპეციალისტი, ამბობს, რომ მედვედევი ახალ დამინისტრაციაში უფრო ფაქიზი აღქმის აუდიტორიას ჰპოვებს.

”მისი ამოცანა ის არის, რომ გააგებინოს ამერიკის ახალ ადმინისტრაციას - რუსეთის შეშფოთება ლეგიტიმურია”-თქვა პიერმა.

მან ისიც თქვა, რომ აშშ-ს საგარეო პოლტიკურ საკითხებზე მომუშავე საზოგადოებისთვის, რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში, სარაკეტო სისტემები სულაც არ არის მნიშვნელოვანი.

”ჩვენთვის ეს საკითხი სულაც არ არის გადამწყვეტი, რუსეთისთვის კი ის საკვანძოა. ეს მათ საზღვრებთან ხდება”-ამბობს პიერი.

მედვედევმა განაცხადა, რომ 5 ნოემბრის მიმართვაში, სულაც არ აპირებდა შანტაჟსა და აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტზე ზეწოლას.

მან მიმართვა ორჯერ გადადო, რადგან სულაც არ იყო კმაყოფილი მასალით, რომელიც მომზადდა. როცა ბოლოსდაბოლოს მიმართვის გავრცელების თარიღი დაინიშნა, აშშ-ს არჩევნები არც კი ახსოვდა. ”არაფერი პირადი”-ამბობს მედვედევი.

ორიგინალი

No comments: